ლაშა ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1774 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა ჩხვიმიანი |
თარიღი | 14 მარტი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონი
ბ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის N36299 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: „მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი:“ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის N36299 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი: „სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი:“ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
ლაშა ჩხვიმიანი სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის (შემდგომში - დმანისის თეატრი) სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, 2017 წლის 29 აგვისტოს ბრძანებით დაინიშნა 2017 წლის 5 სექტემბრიდან 4 წლის ვადით(დანართ 1). საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, 2021 წლის 2 ივლისის ბრძანებით, მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2022 წლის 1-ლ იანვრამდე. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნა ეფუძნებოდა ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის / დეპარტამენტის დირექტორის - იამზე გვათუას მოხსენებით ბარათსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს (შემდგომში - სარეკომენდაციო საბჭო) წარდგინებას(დანართი 2).
2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა. მან, როგორც თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კონკურსის ფარგლებში სხვა დოკუმენტებთან ერთად მინისტრს მისი დანიშვნისას წარდგენილი სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში და სამომავლო გეგმაც წარუდგინა. ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თეატრის მიღწევების შესახებ. თუმცა, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა(დანართი 3).
იმავე დღეს, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძე დაინიშნა(დანართი 4). თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე ბრძანების გამოცემისას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდოების მინისტრი დაეყრდნო „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს და საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნა ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე. მინისტრის მიერ გასაჩივრებული ნორმის გამოყენებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ ახლადდანიშნული სამხატრო ხელმძღვანელი - გიორგი სიხარულიძე. ამდენად, გასაჩივრებული ნორმის პრაქტიკაში გამოყენებით მოსარჩელეს დაერღვა კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლება და იგი წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს წინამდებარე საქმისთვის.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტთან ერთად არ არის საჭირო გასაჩივრდეს მასზე ნორმატიული აქტების იერარქიაში მაღლა მდგომი ნორმა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული ნორმა და სადავო ნორმატიული შინაარსი
პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პროფესიული თეატრების საქმიანობის წესს და პროფესიული თეატრების სახელმწიფო მხარდაჭრის ფორმებს. კანონის მიხედვით პროფესიული თეატრი სტატუსიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ა) სახელმწიფო; ბ) მუნიციპალური; გ) შერეული; დ) კერძო. კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად თეატრი შედგება ა)თეატრის დასისგან; ბ) სამხატვრო ხელმძღვანელისგან; გ) სამხატვრო საბჭოსგან; დ) დამდგმელი რეჟისორიგსან ან/და რეჟისორებისგან; ე) მთავარი რეჟისორისგან ან სარეჟისორო კოლეგიისგან, მთავარი მხატვრისგან (დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში და სხვ.); ვ) მთავარი რეჟისორისა და მთავარი დირიჟორისგან (მუსიკალურ თეატრში), თუ სამხატვრო ხელმძღვანელი პროფესიით არ არის შესაბამისად რეჟისორი ან/და დირიჟორი; ზ) მთავარი ბალეტმაისტერის, დამდგმელი ბალეტმაისტერისა და მთავარი ქორმაისტერისგან (მუსიკალურ თეატრში); თ) თეატრის დირექტორისგან; ი) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე.
სადავო ნორმატიული შინაარსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროცედურა. პროფესიული თრატრების შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების მე-6 მუხლის თანახმად, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატი შეირჩევა კონკურსის საფუძველზე. კონკურსს აცხადებს სამინისტრო, თავისი ოფიციალური ვებგვერდის ან/და ფეისბუქ (Facebook) გვერდის მეშვეობით. თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას, თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის, თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა. თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას. თუ კანდიდატი მოცემული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია ან სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელსაც სურს, ახალი ვადით იქნეს დანიშნული იგივე თანამდებობაზე, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, მან საკონკურსო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისი დანიშვნისას წარდგენილი სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში, ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თეატრის მიღწევების შესახებ. სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეული კანდიდატების სია კი წარდგინება სარეკომენდაციო საბჭოს. სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს შერჩეული კანდიდატი. პროფესიული თეატრების შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მინისტრი უფლებამოსილია ა) დანიშნოს შესაბამის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი; ბ) მოსთხოვოს სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურის წარდგენა; გ) სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.
განსახილველი დავის ფარგლებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც მინისტრი უფლებამოსილია სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებისამებრ. თავის მხრივ სარეკომენდაციო საბჭოს დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კონკურსის გამოცხადების შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. აქედან გამომდინარე, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა ორგვარია: 1. პირი მონაწილეობს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში, მის კანდიდატურას მინისტრს წარუდგენს სარეკომენდაციო საბჭო და მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას მისი დანიშვნის შესახებ; 2. პირი სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება მინისტრის პირადი შეხედულებისამებრ. სარჩელის მიზნებისთვის პრობლემას წარმოადგენს მინისტრის უფლებამოსილება ჩაშლილად გამოაცხადოს კონკურსი საკუთარი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და ამის შემდგომ დანიშნოს ხელმძღვანელი საკუთარი შეხედულებისამებრ. სარეკომენდაციო საბჭოს დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი როგორც უკვე აღინიშნა მინისტრს აძლევს უფლებამოსილებას ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც კონკურსანტი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა მისი არჩევა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. არც საბჭოს დებულება და არც პროფესიული თეატრების შესახებ კანონი არ განსაზღვრავს იმ დისკრეციული უფლებამოსილების განმსაზღვრელ სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მინისტრმა კონკურსის საკუთარი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ჩაშლის შემთხვევაში. საბოლოო ჯამში ერთი მხრივ სამინისტროს უფლებამოსილება კონკურსი ჩაშალოს საკუთარი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ მინისტრის უფლებამოსილება სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას და იძლევა დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის N36299 ბრძანების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც მინისტრი უფლებამოსილია საკუთარი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ჩაშალოს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებრივი სფერო და უფლებაში ჩარევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“[1].
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას საჭიროა შემოწმდეს: 1. არის თუ არა სახეზე დიფერენცირებული მოპყრობა; 2. არის თუ არა დიფერენცირება დისკრიმინაციული?
მოცემული დავის ფარგლებში სადავო ნორმების თანასწორობის უფლებასთან გასაჩივრების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბსოლუტური დისკრეციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი თანასწორობის უფლებასთან შეაფასა. სწორედ აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ წინამდებარე საქმეშიც სადავო ნორმებით დადგენილი აბსოლუტური დისკრეციის კონსტიტუციურობის საკითხი მე-11 მუხლთან მიმართებით უნდა შეფასდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირებული მოპყრობა სახეზეა, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს კანონი ეპყრობა განსხვავებულად ან პირიქით: „ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა და ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით - არა.”[2]
განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები აწესრიგებს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. როგორც უკვე აღინიშნა, სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევა შესაძლოა მოხდეს ორგვარი პროცედურით. ერთ შემთხვევაში პირი მონაწილეობს კონკურსში და საბოლოო გადაწყვეტილება ხდება მინისტრის მიერ სარეკომენდაციო საბჭოს წარდგინების შემდგომ. ამ დროს ფასდება კანდიდატის კომპეტენცია და მისი კანდიდატურის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მეორე შემთხვევაში კი სამხატვრო ხელმძღვანელს ირჩევს მინისტრი საკუთარი შეხედულებისამებრ. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი - მოსარჩელე ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა. მოსარჩელემ, როგორც თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კონკურსის ფარგლებში სხვა დოკუმენტებთან ერთად მინისტრს მისი დანიშვნისას წარდგენილი სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში და სამომავლო გეგმაც წარუდგინა. ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თეატრის მიღწევების შესახებ. თუმცა, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა(დანართი 3). იმავე დღეს, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძე დაინიშნა(დანართი 4). მნიშვნელოვანია ისიც, რომ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძის დანიშვნის შესახებ ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით გიორგი სიხარულიძეს კანონმდებლობით გათვალისწინებული თეატრის განვითარების კონცეფციისა და 4 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა დანიშვნის შემდგომ დაევალა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებმა მინისტრს მისცა უფლებამოსილება, სამხატვრო ხელმძღვანელი დაენიშნა პირადი შეხედულებით, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა კონკურენციაში შესულიყო იმ კანდიდატთან, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. მეტიც, აღნიშნული უფლებამოსილების მიხედვით მინისტრი უფლებამოსილია ჯერ დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი და შემდგომ მოსთხოვოს მას კანონმდებლობით გათვალისწინებული 4 წლიანი სამოქმედო გეგმისა და თეატრის განვითარების კონცეფციის წარდგენა. ასეთი უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელეს ერთმევა შეჯიბრებით კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა და შესაბამისად საკუთარი კანდიდატურის უპირატესობის წარმოჩენა.
ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე შესადარებელ ჯგუფებად შეგვიძლია გამოვყოთ ერთი მხრივ მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებმაც მონაწილეობა მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში, ხოლო მეორე მხრივ ის პირები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობის გარეშე დაინიშნენ სამხატვრო ხელმძღვანელად მინისტრის პირადი შეხედულებით. აღნიშნულ პირებს შორის დიფერენცირება კი იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები სამხატვრო ხელმძღვანელად არ ინიშნებიან იმის გამო, რომ მინისტრი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე არ მიიჩნევს მათ დანიშვნას მიზანშეწონილად და გამოცხადებულ კონკურსს ჩაშლილად აცხადებას, ამის პარალელურად მინისტრის პირადი შეხედულებით დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი კი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ვინაიდან მას არ უწევს სხვა კანდიდატებთან კონკურენციაში შესვლა და მისი კანდიდატურის შერჩევისას მხედველობაში არ მიიღება თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს - სამხატვრო ხელმძღვანელის მსურველის კანდიდატებს, აყენებს განსხვავებულ სასტარტო პირობებში, რაც საბოლოოდ აისახება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე - მინისტრის პირადი შეხედულებით შერჩეული პირები ინიშნებიან სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო ის ვინც კონკურსში მიიღო მონაწილეობა ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას სარეკომენდაციო საბჭოს წინაშე და ვერ იკავებს თანამდებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, რის გამოც ხდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
უფლებაში ჩარევის შეფასების ტესტი
სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, „თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“[3]. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, გაირკვეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ემყარება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის.
აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმიდან მომდინარე დიფერენცირება არ უკავშირდება რაიმე გამოკვეთილ ნიშანს, იგი დამოკიდებულია მინისტრის პირად შეხედულებაზე და არა კანონიდან მომდინარე რაიმე კრიტერიუმზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისიწინებული ნიშნით. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“[4]. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ საქმეში დიფერენცირება გამოიხატება სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის დროს მინისტრის აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, რაც კონკურსში მონაწილე პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამხატვრო ხელმძღვანელად მინისტრის პირადი შეხედულებით დანიშნულ პირებთან მიმართებით. პროფესიული თეატრების შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით. შესაბამისად, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს მინისტრის მიერ სადავო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში ერთმევათ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სადავო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პირობებში მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად სცილდებიან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით თანამდებობაზე დანიშნულ პირებთან მიმართებით. ამდენად, სახეზეა დიფერენცირების მაღალი ინტენსივობა და სადავო ნორმები უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის გამოყენებით.
უფლებაში ჩარევის გამართლება
4.1. ლეგიტიმური მიზანი
დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“[5].
მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია პარალელები გავავლოთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის N2/7/667 გადაწყვეტილებასთან. მოცემულ საქმეზე სადავო ნორმა არეგულირებდა დასაბეგრი ქონების ღირებულების გამოთვლის წესს. კერძოდ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გადამხდელებისათვის დგინდებოდა განსხვავებული საგადასახადო ტვირთი, რომელიც დამოკიდებული იყო გადასახადის გამოთვლის საგადასახადო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ქონების ღირებულების გამოთვლის წესის არჩევაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების კონსტიტუციურობის შესაბამისობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 55-ე პუნქტში ვკითხულობთ: „ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭებას, ხშირ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას. აღსანიშნავია, რომ, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მას წვდომა აქვს სახელმწიფოს ხელთ არსებულ ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებზე, აღჭურვილია სამართლებრივ ინსტრუმენტთა ფართო სპექტრით, რომელთაც იყენებს მისი საქმიანობის პროცესში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებური, მიკერძოებული მოქმედების მეტი რისკი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის“.
განსახილველ საქმეშიც გასაჩივრებული ნორმები მინისტრს ანიჭებს აბსოლუტურ დისკრეციას სამხატვრო ხელმძღვანელის საკუთარი შეხედულებით დანიშვნის თვალსაზრისით. როგორც უკვე აღინიშნა, სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსის გამოცხადების შემდგომ მინისტრი ორ შემთხვევაშია უფლებამოსილი ჩაშალოს კონკურსი: 1. თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს; 2. შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. პირველ შემთხვევაში ნათელია რა შემთხვევაში ხდება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება. თუმცა, მეორე შემთხვევა წარმოადგენს ისეთ მოცემულობას, როდესაც შესაძლოა კანდიდატები აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ჩაშალოს სამინისტრომ კონკურსი. კანონმდებლობა კი არ განსაზღვრავს აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებს. ეს კი იძლევა შესაძლებლობას მინისტრმა კონკურსის ჩაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე, რაც ცხადია იძლევა დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას. იგივეს თქმა შეგვიძლია მინისტრის მიერ კონკურსის ჩაშლის შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკუთარი შეხედულებით შერჩეული კანდიდატის დანიშვნაზეც. არც ამ შემთხვევაში განსაზღვრავს კანონმდებლობა იმ კრიტერიუმებს თუ როგორ უნდა გამოიყენოს მინისტრმა მოცემული დისკრეციული უფლებამოსილება. მოცემული დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას ადასტურებს ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის 31 ოქტომბრის N13-3/10868 ზოგადი წინადადებაც, რომელშიც მოსარჩლე ითხოვდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხრიდან დისკრიმინაციული ფაქტის დადგენას. კერძოდ „ზემოთ განხილულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო თეატრების
სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის კუთხით შესაბამის პერიოდში გამოვლენილი პრაქტიკა ხელს უწყობს იმგვარი პირობების შექმნას, რომლებმაც, შესაძლოა, კონკრეტული კანდიდატები, მათი განსხვავებული შეხედულებების ან დისკრიმინაციისგან დაცული სხვა ნიშნის გამო, კონკურსის მონაწილე სხვა პირებთან თუ მინისტრის მიერ საკუთარი შეხედულებით დანიშნულ კადრებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს შრომითი უფლებებისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებითა და აზრისა და გამოხატვის და შემოქმედების თავისუფლებებით სარგებლობისას და, ამგვარად, პირდაპირი დისკრიმინაციის შემადგენლობა შექმნას“(დანართი 5, გვ.13).
2022 წლის 8 თებერვალს დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძის დანიშვნის შემდეგ მოსარჩელესა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს - თეა წულუკიანს შორის შედგა კომუნიკაცია სოციალურ ქსელში. მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციული მოტივით გამოყენებას ადასტურებს უშუალოდ მოსარჩელესა და მინისტრს შორის არსებული კომუნიკაციაც. ლაშა ჩხვიმიანმა იმავე დღეს მიმართა მინისტრს სოციალურ ქსელ Facebook-ში, რათა გაეგო კონკურსის ჩაშლისა და ახალი ხელმძღვანელის ერთპიროდვნულად დანიშვნის მიზეზები, რაზეც თეა წულუკიანისგან შემდეგი პასუხი მიიღო: „დმანისის თეატრის განვითარებისთვის ამ მასშტაბის რეჟისორია საჭირო. მის პირობებში გაჩნდება დასი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება დარბაზს და იმედი მაქვს, უკეთეს თეატრს დაუტოვებს დმანისს, ვიდრე ახლაა. მისი კრიტიკითა და ლანძღვით შორს ვერ წახვალთ. დაწყნარდით და დამშვიდდით. თუ რაიმე გქონდათ სამინისტროსთან სასაუბრო, როგორც სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ამისთვის გქონდათ ათი თვე. ეს ფეისბუქი მქონდა მაშინაც. სამხატვრო ხელმძღვანელი ერთხელ მაინც უნდა დაელაპარაკოს საკუთარ სამინისტროს და აუხსნას, რა გეგმები აქვს და რით სუნთქავს. წარმატებებს გისურვებთ!“(დანართი 6).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ არის ერთჯერადი და არ შემოიფარგლება მოსარჩელის საქმით. ზემოთხსენებული სახალხო დამცველის რეკომენდაცია მოსარჩელის გარდა ასევე აერთიანებს გიორგი სავანელისა და მიხეილ ჩარკვიანის საქმესაც, სადაც დისკრეციული უფლებამოსილების პირადი შეხედულებით გამოყენების იდენტური პრობლემები ჩანს.
გ. ს-ს საქმე
გ-ს-მ განაცხადი წარადგინა სსიპ „სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა“ და სსიპ „გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსებზე. მეორე მათგანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 24 იანვრის N00001683 ბრძანებით, ჩაშლილად გამოცხადდა, რასაც ამ შემთხვევაშიც, საფუძვლად დაედო სარეკომენდაციო საბჭოს დებულების მე-6 მუხლი. სენაკის დრამატული თეატრის შემთხვევაში კი, სამინისტრომ სარეკომენდაციო საბჭოს ორი კანდიდატურა წარუდგინა, რომელთა შორის არ იყო გ.ს.
სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილია გ.ს.-ს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის სოციალური ქსელის მიმოწერა, რომელშიც მინისტრი აღნიშნავს: „გამარჯობა, ბატონო გიორგი! რა პროფესიული და სხვა თვისებებიც გამოავლინეთ, არ მგონიხართ სახელმწიფო თეატრისთვის შესაბამისი კანდიდატი და, რასაც თქვენ ოპონირებას უწოდებთ, უბრალოდ უარგუმენტო ლანძღვაა“.
გ.ს. აღნიშნულს უკავშირებდა იმ გარემოებას, რომ იგი ღიად საუბრობდა კულტურის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებსა და გამოწვევებზე, რომელთაც სამინისტრო და, ზოგადად, ხელისუფლება ვერ უმკლავდება. გარდა ამისა, იგი იყო დამდგმელი რეჟისორი პიესისა „ხალხის მტერი“, რომელსაც მოგვიანებით დმანისის მუნიციპალიტეტის უკმაყოფილება მოჰყვა და დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსის ჩაშლა დაუკავშირდა. ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ იგი განსხვავებული შეხედულებებისა და კრიტიკული პოზიციის გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას დაექვემდებარა.
მ.ჩ.-ს საქმე
მ.ჩ-მ განაცხადი წარადგინა სსიპ „ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსზე. თუმცა, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და განიმარტა, რომ კანდიდატთა შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორი იყო, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლეოდა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებდნენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციების მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ინფორმაცია სარეკომენდაციო საბჭომდე მიტანილი არ ყოფილა და მინისტრმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს სფეროს წარმომადგენლები და საბჭოს წევრები მხარს უჭერდნენ. ამასთან, განმცხადებელი ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობდა სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სახელმწიფო თეატრებში, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა არაერთ პროექტს და მისი ნამუშევრები დადებითად ფასდებოდა სამხატვრო ხელმძღვანელებისა და კონკურსის საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ.
გარდა ამისა, ამჟამად მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა იმის მიუხედავად, რომ მას მილიონიანი პროექტის მართვის გამოცდილება არ აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ჩ. მიიჩნევდა, რომ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას დაექვემდებარა.
როგორც მოსარჩელის, ასევე ზემოთ მითითებული ინდივიდუალური შემთხვევები აჩვენებს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილება ხშირად პირადი შეხედულებებისა და სიმპათიების მიხედვით გამოიყენება.
დამატებით, სადავო ნორმა არ იძლევა რაიმე დამცავ მექანიზმს, რაიმე სახის გარანტიას, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველთა კანდიდატებს დაიცავდა მინისტრის გადაწყვეტილებიდან მომდინარე დისკრიმინაციული ტენდენციებისგან. ამავე დროს, არ არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მისცემდა უშუალოდ ნორმით დადგენილ დისკრეციასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო, ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს მინისტრის კონკრეტული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისათვის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილება ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, რომლის განხორციელებით გამოწვეული დიფერენცირება არ უკავშირდება რაიმე გონივრულ კრიტერიუმს და იძლევა ნორმის დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას. არ არსებობს რაიმე ლეგიტიმური ინტერესი, რომელსაც სადავო ნორმით დადგენილ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობას გაამართლებდა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის N36299 ბრძანების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც მინისტრი უფლებამოსილია საკუთარი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ჩაშალოს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი.
[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II -1.
[2] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, 2010 წლის 27 დეკემბერი, პარ. II-2.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8
[4] საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება, II-25.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი