ლაშა ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/22/1774 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2023 14:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლაშა ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის №36299 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1774) მომართა ლაშა ჩხვიმიანმა. №1774 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 17 მარტს. №1774 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 16 ივნისს.
2. №1774 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია, რომ პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით. თავის მხრივ, „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის №36299 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ, როგორც ერთადერთმა განმცხადებელმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის (შემდგომში - დმანისის თეატრი) სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარადგინა საკუთარი სამოქმედო გეგმა და პროგრამა თეატრის სამომავლო ფუნქციონირებასა და მის განვითარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით, ზემოაღნიშნული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და იმავე დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, „პროფესიული თეატრების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა არა მოსარჩელე, არამედ სხვა პირი.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, გასაჩივრებული სადავო ნორმები საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს ანიჭებს აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიზანშეუწონლობის კრიტერიუმზე დაყრდნობით, ნებისმიერ ვითარებაში, ერთი მხრივ, ჩაშლილად გამოაცხადოს გამოცხადებული კონკურსი და არ დანიშნოს სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემოთავაზებული კანდიდატი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ასეთი მოწესრიგება იძლევა თვითნებობისა და დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან ნორმატიულ დონეზე არ არსებობს ზემოხსენებული დისკრეციული უფლებამოსილების განმსაზღვრელი სახელმძღვანელო კრიტერიუმები.
7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში, ხოლო, მეორე მხრივ, ის პირები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობის გარეშე დაინიშნენ სამხატვრო ხელმძღვანელად საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირადი შეხედულებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პირებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა ვლინდება იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები სამხატვრო ხელმძღვანელად არ ინიშნებიან იმის გამო, რომ მინისტრი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე არ მიიჩნევს მათ დანიშვნას მიზანშეწონილად და გამოცხადებულ კონკურსს ჩაშლილად აცხადებს. ამის პარალელურად, მინისტრის პირადი შეხედულებით დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი კი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ვინაიდან მას არ უწევს სხვა კანდიდატებთან კონკურენციაში შესვლა და მისი კანდიდატურის შერჩევისას მხედველობაში არ მიიღება, თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, სადავო ნორმებიდან მომდინარე დიფერენცირება არ უკავშირდება რაიმე გამოკვეთილ ნიშანს, იგი დამოკიდებულია მინისტრის პირად შეხედულებაზე და არა კანონიდან მომდინარე რაიმე კრიტერიუმზე, თუმცა მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს მინისტრის მიერ სადავო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, ერთმევათ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა. ამასთანავე, სადავო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პირობებში მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად სცილდებიან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას, რაც უთანასწორო მოპყრობის ინტენსიურობას განაპირობებს და ქმნის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასების საჭიროებას მკაცრი ტესტის ფარგლებში.
9. მოსარჩელის აღნიშვნით, ერთი მხრივ, არ არსებობს რაიმე ლეგიტიმური ინტერესი, რომელსაც სადავო ნორმებით დადგენილ უკონტურო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების არსებობას გაამართლებდა, ხოლო მეორე მხრივ, კანონმდებლობა არ ადგენს გარანტიებს, რომლებიც ამ დისკრეციულ უფლებამოსილებას გონივრულ ჩარჩოებში მოაქცევდა და ამით პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველ კანდიდატებს დაიცავდა მინისტრის გადაწყვეტილებიდან მომდინარე დისკრიმინაციული ტენდენციებისგან.
10. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. ამასთანავე, მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმისა და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
2. №1774 კონსტიტუციურ სარჩელის ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის №36299 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმების წინააღმდეგობას განაპირობებს სადავო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მინიჭებული აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება კონკურსში მონაწილე ან კონკურსით შერჩეული კანდიდატის დანიშვნის მიზანშეუწონლობის საფუძვლით, ჩაშლილად გამოაცხადოს პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი და ასეთი დისკრეციული უფლებამოსილების დამაბალანსებელი საკანონმდებლო მექანიზმის არარსებობის ფონზე, საკუთარი შეხედულებით, პირად პრეფერენციებზე დაყრდნობით, დანიშნოს პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციების ამ შინაარსით მოქმედების პირობებში ირღვევა სამართლის წინაშე მისი თანასწორობის უფლება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან პირიქით, ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას. სხვაგვარად, გასაჩივრებული რეგულაცია უნდა მიემართებოდეს და გამოკვეთდეს პირთა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად წრეს და ადგენდეს შესადარებელ პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად იქნება მიჩნეული.
4. სადავო ნორმებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვისა და შესაძლო დიფერენცირებული მოპყრობის სათანადოდ იდენტიფიცირებისათვის, მნიშვნელოვანია მათ საფუძველზე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის გაანალიზება. სადავო ნორმები, ერთი, მხრივ ითვალისწინებს საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს აღჭურავს უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებით დანიშნოს პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
5. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირებებით არ ხდება პირთა რომელიმე წრის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში საქმე საერთოდ არ შეეხება პირთა გარკვეული ჯგუფებისადმი განსხვავებულ მოპყრობას. მათ შორის, არცერთი სადავო ნორმა არათუ პირდაპირ, ირიბადაც არ ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობის რომელიმე მხარის განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებას გასაჩივრებული რეგულაციების მოქმედების პირობებში. კერძოდ, ნებისმიერი პირი შეიძლება მონაწილეობდეს გამოცხადებულ კონკურსში და მისი შედეგების გათვალისწინებით, დაიკავოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა; ისევე როგორც, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი პირი, მისი ამა თუ იმ ჯგუფისადმი კუთვნილების მიუხედავად, დაინიშნოს ამ პოზიციაზე მინისტრის პირადი შეხედულებით. ამგვარად, ამ ურთიერთობის მიზნებისთვის, საერთოდ ირელევანტურია პირის რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილება ორივე მიმართულებით - თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს კონკურსის გზით და ვინ - მის გარეშე. ამ კონტექსტში, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართება მაშინ იქნებოდა ლოგიკურად რელევანტური, თუკი სადავო ნორმებით დადგენილი იქნებოდა ანალოგიურ ან მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა ამა თუ იმ ჯგუფისადმი მათი კუთვნილების გამო. კერძოდ, თუ სადავო ნორმების საფუძველზე, კონკურსის ჩაშლის შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები ამა თუ იმ ნიშნით წინასწარ იდენტიფიცირებადი პირთა ჯგუფების მიმართ იქნებოდა სხვადასხვაგვარი - მეტად ან ნაკლებად კეთილმოსურნე - სწორედ შესაბამისი ჯგუფებისადმი კუთვნილების გამო. ასევე მაშინ, თუ ამა თუ იმ ნიშნით წინასწარ იდენტიფიცირებადი ჯგუფის წარმომადგენლებს მხოლოდ კონკურსის გზით ექნებოდათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, ხოლო სხვა ნიშნით წინასწარ იდენტიფიცირებად ჯგუფის წევრებს - როგორც კონკურსის გზით, ისე მინისტრის პირადი შეხედულების საფუძველზე.
6. ზემოაღნიშნული, იმავდროულად მიუთითებს, რომ გამოკვეთილი არ არის იდენტიფიცირებული ჯგუფები, რომელთა მიმართ მოპყრობაც ერთმანეთს უნდა შედარდეს თანასწორობის მოთხოვნების ჭრილში. მოსარჩელე ვერ ასახელებს ვერცერთ ნიშანს, რომლითაც მოხდებოდა შესადარებელი ჯგუფების განსაზღვრა, ვერც კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილთაგან, და ვერც რაიმე სხვას. მოსარჩელის აზრით, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ისინი, ვინც დაინიშნა კონკურსით და, მეორე მხრივ, ისინი, ვინც დაინიშნა მინისტრის შეხედულებით. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის კონტექსტში შესადარებელი ჯგუფები შეიქმნა საკუთრივ განსხვავებული მოპყრობის შედეგად, post factum. ამასთან, მან ვერ მიუთითა განსხვავებული მოპყრობის ვერცერთი საფუძველი, ნიშანი, რის გამოც ამ პირებს განსხვავებულად მოეპყრნენ. ეს კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ სახეზე არ არის ამა თუ იმ ნიშნით წინასწარ იდენტიფიცირებადი ჯგუფები, რომელთა მიმართაც თანასწორი მოპყრობის ვალდებულება იარსებებდა და, ამასთანავე - რაიმე ნიშანი, მახასიათებელი თუ კუთვნილება (სქესი, ასაკი, პოლიტიკური შეხედულება, ხელისუფლებისადმი ლოიალობა თუ სხვა), რომელთა არსებობა სარწმუნოს გახდიდა, რომ კონკრეტულ პირებს (თუნდაც არა როგორც წინასწარ იდენტიფიცირებადი ჯგუფის წარმომადგენლებს), სწორედ ამ კუთვნილების გამო მოეპყრნენ განსხვავებულად. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაცია გულისხმობს რაიმე ნიშნის, რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილების გამო კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფისადმი გაუმართლებელ განსხვავებულ მოპყრობას და საკონსტიტუციო სასამართლოს როლიც იმაში მდგომარეობს, რომ შეაფასოს, არსებობს თუ არა კონკრეტული ნიშნის გამო განსხვავებული (მეტად ან ნაკლებად კეთილმოსურნე) მოპყრობის გონივრული და ობიექტური გამართლება.
7. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტაცია მითითებულ შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირებასთან დაკავშირებით ემყარება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სასამართლო იმეორებს, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი მოქმედებს მსგავსი ფაქტობრივი ურთიერთობების მიმართ, რომელთა შედარებაც უნდა მოხდეს დიფერენცირების განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ერთი მხრივ, განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელია სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ჩაშლა. მეორე მხრივ კი, საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, კონკურსის ჩაშლის შემთხვევაში ანიჭებს პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის საკუთარი შეხედულებით დანიშვნის კომპეტენციას. სადავო ნორმა არ ახდენს პირთა რომელიმე ჯგუფის გამოყოფას და რაიმე ნიშნით მათ განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებას. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმები ნეიტრალურია პირთა ჯგუფების მიმართ და თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე მათი ამა თუ იმ კუთვნილების მიუხედავად. შესაბამისად, იგი აწესებს ერთგვაროვან უფლებრივ რეჟიმს სადავო ნორმების ყველა პოტენციური ადრესატისთვის, არ გამოყოფს რომელიმე იდენტიფიცირებად პირთა ჯგუფს და გააჩნია გენერალური მოქმედების ეფექტი ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ კონკურსში ან რომელიც დაინიშნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მინისტრის პირადი შეხედულებით.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა უპირატესად მიმართულია იმის დემონსტრირებაზე, რომ სადავო ნორმები შეიცავს თვითნებობის რისკს. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, ის გარემოება, რომ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს გააჩნია მეტისმეტად ფართო დისკრეციული უფლებამოსილება - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ჩაშალოს პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი და საკუთარი შეხედულებით დანიშნოს პირი ამ თანამდებობაზე - წარმოშობს დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების რისკს, რისი დამზღვევი ეფექტიანი მექანიზმიც რეალურად არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. სწორედ ამ კონტექსტს უკავშირებს იგი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას მე-11 მუხლთან მიმართებით.
9. მოსარჩელის ამ არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ამ სარჩელის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას იმის აუცილებლობის წინაშე, ყოველმხრივ შეაფასოს სადავო ნორმების ღირსება-ნაკლოვანებები. უფრო მეტიც, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, კონსტიტუციის მე-11 მუხლის კონტექსტის გარდა, სხვა კონტექსტშიც შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა და არსებითად იმსჯელოს იმაზე, რამდენად გონივრული და გამართლებულია საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისთვის კონკურსის ჩაშლისა და საკუთარი შეხედულებით სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთა დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭება, ხომ არ წარმოადგენს ეს გაუმართლებელ დაბრკოლებას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების საკითხში ან ხომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის რომელიმე სხვა ნორმას და საერთოდ რამდენად პასუხობს სადავო კანონმდებლობა კანონის ხარისხის მოთხოვნებს. სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართების შეფასებით.
10. რაც შეეხება საერთო მითითებას, ნორმის თვითნებობის რისკებთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით მის შეფასებასთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტებით, კიდევაც რომ შეიცავდეს სადავო ნორმა სახელისუფლო თვითნებობის გარკვეულ პოტენციალს, ეს ავტომატურად არ გულისხმობს მისდამი კონსტიტუციის მე-11 მუხლის გამოყენებადობის რელევანტურობას. სახელისუფლო თვითნებობა აუცილებლად არ გულისხმობს დისკრიმინაციულ მიდგომების გამოყენებას და მრავალი სხვადასხვა სახის დარღვევით შეიძლება გამოიხატებოდეს შინაარსობრივად. საზოგადოდ, სახელისუფლებო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებური და მიკერძოებული მოქმედების რისკი. უდავოა, რომ ამა თუ იმ აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ დამოუკიდებელი ორგანოს მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კონსტიტუციური უფლების დარღვევა და ამას ვერ გამორიცხავს, მათ შორის, კანონმდებლობით სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილების ფარგლების, ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებისათვის რელევანტური კრიტერიუმებისა და წინაპირობების ზედმიწევნით ზუსტად გაწერა. საზოგადოდ, ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დარღვევის გარკვეული ალბათობა ყოველთვის არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. უფრო მეტიც, ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს უფლებამოსილების დამდგენი ნორმა, რომლის ბოროტად გამოყენებაც გამორიცხული იყოს პრაქტიკულად. ეს რომ ასე არ იყოს, საჭირო აღარ იქნებოდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების არსებობა. სწორედ ამ ორგანოთა ფუნქციაა, მოახდინონ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებათა კანონიერებისა და კონსტიტუციურობის შეფასება და აღმოფხვრან კონსტიტუციისა და კანონის დარღვევის ფაქტები. მოსარჩელეს, ისევე როგორც სადავო ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ პირს, გასაჩივრებული რეგულაციების საფუძველზე მიღებული საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თითოეული გადაწყვეტილება გამოცხადებული კონკურსის ჩაშლისა თუ მათ ნაცვლად პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის თაობაზე, შეუძლიათ გაასაჩივრონ საერთო სასამართლოში, თუკი მიიჩნევენ, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად ედო დისკრიმინაციული მოტივი. ამ მხრივ, საერთო სასამართლოების მიერ განხორციელებული სასამართლო კონტროლი საკმარისი იქნება იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა ხელისუფლების ორგანომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი დისკრეციული უფლებამოსილება ბოროტად, სამსახურებრივი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, დისკრიმინაციული მოტივით და დაირღვა თუ არა სამართლის წინაშე ყველას თანაბარი მოპყრობის კონსტიტუციური მოთხოვნა. თუმცა, როდესაც საუბარია კონსტიტუციის მე-11 მუხლის გაგებით შინაარსობრივად ნეიტრალურ ნორმაზე, ამავე მუხლთან მიმართებით მისი არაკონსტიტუციურობის საჩვენებლად საკმარისი არ არის მითითება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ჰიპოთეტურ რისკებზე, მით უფრო შესადარებელი, წინასწარ იდენტიფიცირებადი ჯგუფებისა და დისკრიმინაციის ამა თუ იმ კონკრეტული ნიშნის გამოკვეთის გარეშე.
11. საკონსტიტუციო სასამართლო, საზოგადოდ, არ უარყოფს, რომ შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმაც შეიძლება პრაქტიკაში გამოყენებულ იქნას დისკრიმინაციულად. თუმცა, ცალკეული ფაქტები, ცხადია, საკმარისი არ არის საკუთრივ ნორმის არაკონსტიტუციურად მისაჩნევად. საგულისხმოა, რომ თავად მოსარჩელესაც არ წარმოუდგენია რაიმე ფაქტები, მტკიცებულებები და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციული მიზნით გამოყენებას სისტემური ხასიათი აქვს, რომ ამგვარი პრაქტიკა მყარად არის დანერგილი და რომ უფლებათა დარღვევის მიზეზი სწორედ სადავო ნორმების შინაარსიდან მომდინარეობს. როგორც სასამართლომ ზემოთ განმარტა, მოსარჩელეს მასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებითაც კი არ აუღნიშნავს, რომ კონკურსის ჩაშლა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად სხვა პირის განწესება რაიმე დისკრიმინაციული მოტივით მოხდა. ამგვარად, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ სადავო ნორმით დაწესებული რეგულაცია რაიმე ფორმით, თუნდაც ირიბად, მიმართულია გარკვეული კატეგორიის პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ ან რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მიუხედავად მათი შინაარსობრივად ნეიტრალური ხასიათისა, სწორედ ასეთი პრაქტიკა არის დანერგილი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოჩენილი ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას შორის. შესაბამისად, №1774 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1774 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე