„შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს პოულტრი ჯორჯია“, „შპს კუმისი XXI“ და „შპს ნუტრიმაქსი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1402 |
ავტორ(ებ)ი | „შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს პოულტრი ჯორჯია“, „შპს კუმისი XXI“, „შპს ნუტრიმაქსი“ |
თარიღი | 20 თებერვალი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-61 პუნქტი: საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 (ხორბალი და მესლინი) სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 (ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი) სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით |
26-ე მუხლის მე-4 პუნქტი: მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ;
მოსარჩელეები ახორციელებენ ხორბლისა და მესლინის იმპორტს/ექსპორტს და რეექსპორტს:
შ.პ.ს „ქეი ბი ლოჯისთიქს“ არის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ახორციელებს ხორბლის იმპორტ/ექსპორტს და რეექსპორტს. შ.პ.ს „ფორტუნა“ არის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ახორციელებს ხორბლის იმპორტ/ექსპორტს და რეექსპორტს.
მოსარჩელეები არიან ხორბლის და მესლინის პოტენციური ექსპორტ-იმპორტიორები ავტოსატრანსპორტო საშუალებით:
შ.პ.ს „ჩირინა“ არის ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს. კომპანია დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს მარცვლეულის შრობის სერვისს. კომპანიის წარმოებისთვის საჭირო ძირითადი პროდუქტი არის მარცვლეული (როგორც ფრინველის საკვები), მათ შორის, ხორბალი. შ.პ.ს „კუმისის XXI” არის ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ასევე აწარმოებს კვერცხს. კომპანიის წარმოებისთვის საჭირო ძირითადი პროდუქტი არის მარცვლეული (როგორც ფრინველის საკვები), მათ შორის, ხორბალი. შ.პ.ს „პოულტრი ჯორჯია“ არის ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. კომპანიის წარმოებისთვის საჭირო ძირითადი პროდუქტი არის მარცვლეული (როგორც ფრინველის საკვები), მათ შორის, ხორბალი. შ.პ.ს „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით. კომპანიის წარმოების ძირითადი ნედლეული არის მარცვლეული, მათ შორის, ხორბალი.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე პუნქტით მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. სარჩელი ემყარება იმ პოზიციას რომ სადავო ნორმა, “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ფინანსთა მინისტრის #290-ე ბრძანების მე-6 პრიმა მუხლი, ზღუდავს (გადამზიდავ მძღოლთა), იმპორტიორთა და მეწარმეთა (მეწარმეები ვინც ახორციელებს ან მომავალში შეიძლება განახორციელოს ხორბლის იმპორტ/ექსპორტი ან რეექსპორტი, როგორც საკუთარი წარმოებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი ან ნედლეული) 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლებას.
მოსარჩელეთა ერთი კატეგორია (იმპორტიორები) ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის იმპორტს/ექსპორტს ან/და რეექსპორტს. სადავო ნორმის საფუძველზე მათ ეკრძალებათ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტი/ექსპორტი ან/და რეექსპორტი. რეგულაცია ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით იმპორტიორებს უქმნის ხელოვნურ ბარიერს და განდევნის მათ ბაზრიდან. რეგულაცია ქვეყანაში ქმნის ხორბლის იმპორტის/ექსპორტისა ან/და რეექსპორტის მონოპოლიას იმ მსხვილი მეწარმეებისთვის, ვინც მარცვლეულის იმპორტის/ექსპორტისა ან/და რეექსპორტს საზღვაო და სარკინიგზო გზებით ახორციელებენ.
მოსარჩელეთა მეორე კატეგორია (მეწარმეები) ხორბალს იყენებენ საკუთარ წარმოებაში. ისინი, მარცვლეულს ძირითადად შეისყიდიან ადგილობრივი იმპორტიორებისგან, მათ შორის, სუბიექტი იმპორტიორებისგან. ასევე, ნაწილი მათგანი თავად ახორციელებს მარცვლეულის (მათ შორის, ხორბლის) იმპორტს. სხვა სუბიექტების მიმართ ირღვევა კონსტიტუციური უფლებები, ვინაიდან, სურვილის შემთხვევაში ერთმევათ შესაძლებლობა თავად განახორციელონ ხორბლის ექსპორტი/იმპორტი ან/და რეექსპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
ამასთან , უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ბრძანება მეწარმეებს საქონელბრუნვის ახალ წესრიგს უდგენს, რომლის მიხედვითაც, ისინი ვეღარ შეძლებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შემოტანილი ხორბლის შეძენას, რაც მათ ხარჯებს პროდუქციის წარმოებისას 25-30%-ით აძვირებს. ხორბლის სიძვირე კი მათი პროდუქციის ღირებულებაზე აისახება.
მესამე კატეგორიის სუბიექტები არიან მძღოლები, რომლებიც იმპორტიორ კომპანიებთან შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მარცვლეულის, მათ შორის, ხორბლის იმპორტს, ექსპორტს და რეექსპორტს. სადავო რეგულაცია ზღუდავს მათი მეწარმეობის თავისუფლებას.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო აქტები ექცევიან კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ სფეროში, რის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთების ქვეთავში. ამასთან, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი კონსტიტუციით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, კერძოდ კი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება არ საჭიროებს სხვა ზემდგომი ნორმატიული აქტის, გასაჩივრებას, სასამართლოს მიერ სადავო ნორმაზე სრულფასოვანი მსჯელობისთვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმის განმარტება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს #314 ბრძანებით[1], 2018 წლის 15 სექტემბერს ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში. №290 ბრძანების პირველ მუხლს დაემატა მე-6 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვითაც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 (ხორბალი და მესლინი) სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 (ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი) სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით. თავდაპირველად ბრძანების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 სექტემბერი. რაც, შემდგომ ორჯერ, პირველად ფინანსთა მინისტრის ახალი, 2018 წლის 14 სექტემბრის, №346-ე ბრძანებით[2], 2018 წლის 01 ოქტომბრამდე, ხოლო, შემდგომი, 2018 წლის 20 სექტემბრის, №357-ე ბრძანებით[3] 2019 წლის 01 ოქტომბრამდე გადავადდა. შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ საქონლის იმპორტი/ექსპორტი და რეექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით. ხოლო, ავტო-სატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტი/ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოს ყველა საბაჟო პუნქტიდან იკრძალება.
სადავო ნორმის შეუსაბამობა კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე პუნქტთან მიმართებით. (საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის განმარტებისას ვეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით დადგენილ სასამართლო პრაქტიკას).
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სფერო შესაძლოა ორ ნაწილად დაიყოს: (1) სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება-ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებასა და კონკურენციის წესების დაცვას; (2) მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა. თავის მხრივ, სამეწარმეო საქმიანობა აერთიანებს საქმიანობათა მრავალ სახეობას, რომლებიც შესაძლებელია არსობრივად, საქმიანობის შინაარსით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თუმცა მათ აე რთიანებთ ერთი ძირითადი საერთო ნიშანი – მოგებაზე ორიენტირებულობა (კომერციული მიზანი). ერთ-ერთ ასეთ საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა. სავაჭრო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობის სახეა, რომელიც საქონელბრუნვას, საქონლის მიმოქცევას, მის ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესში მყიდველთა მომსახურებას გულისხმობს. ამდენად, სამეწარმეო თავისუფლება, inter alia, მოიცავს ვაჭრობის თავისუფლებასაც.“ (საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017). სავაჭრო საქმიანობის თავისუფლება მრავალასპექტიანი უფლებაა და მასში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა სახის აკრძალვებით/შეზღუდვებით, რომელთაგანაც ერთ-ერთი პროდუქციის გადაადგილების ცალკეული ფორმის აკრძალვაა. სადავო ნორმა მოსარჩელეების მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ღირებულებას აძვირებს 20-25%-ით. მეწარმეებს, რომლებიც ავტოსატრანსპორტო მომსახურებას ყიდიან, აღნიშნულ სფეროს სრულიად უკეტავს. მოგების შემცირება შეეხება ყველა იმ სფეროს, რომლის წარმოებისთვის გამოყენება ხორბალი და მესლინი. შეზღუდვას აქვს პირდაპირი და უშუალო გავლენა მეწარმეების, იმპორტიორთა და ავტო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლთა საქმიანობაზე, შეზღუდვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მათ ეკონომიკურ საქმიანობას, რიგ შემთხვევაში კი იწვევს მათი საქმიანობის პარალიზებას. მეწარმე სუბიექტების შემთხვევაში მათ უძვირდებათ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ხარჯები, რასაც ეფექტი აქვს მომხმარებლებზეც. ფინანსურ საკითხებში ექსპერტთა შეფასებით და დასკვნით, სადავო ნორმის მოქმედება მოსარჩელე მეწარმე სუბიექტთა წარმოებულ პროდუქტზე ფასს 20-25%-ით გააძვირებს. მეორე მხრივ, შეზღუდვა იმპორტიორებს ართმევს შესაძლებლობას თვითონ აირჩიონ სამეწარმეო საქმიანობის ფორმები, სამეწარმეო საქმიანობა წარმართონ იმ საშუალებებით რაც მათთვის ყველაზე მეტად მომგებიანი და მოსახერხებელია, ამასთან, რეგულაცია იჭრება ავტო-სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების სამეწარმეო საქმიანობის სფეროშიც. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ რეგულაცია პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ხორბლის იმპორტიორების, საწარმოებისა და ავტო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მეწარმეობის თავისუფლებას. კერძოდ:
● რეგულაციით სახელმწიფო იჭრება მოსარჩელეთა სამეწარმეო ინიციატივის თავისუფლებაში;
● რეგულაციით მხოლოდ მსხვილი, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით ხორბლის იმპორტიორები მიიღებენ სარგებელს. ხოლო, მოსარჩელეების საქმიანობა (განსაკუთრებით იმპორტიორების და მძღოლების) ფაქტიურად პარალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ რეგულაცია ემსახურება მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის ხელოვნურ ჩახშობას და ხორბლის იმპორტ/ექსპორტისა და რეექსპორტის საქმიანობაში პრივილეგირებული მეწარმე სუბიექტების შექმნას;
● მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გაუგებარია რა ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება სადავო შეზღუდვა. ამასთან, სახელმწიფოს დაინტერესებულ პირთათვის არ წარუდგენია რაიმე სახის გაანგარიშება/ანალიზი რაც დაადასტურებდა, რომ სადავო შეზღუდვით დაწესებული სიკეთე აღემატება მოსარჩელეთათვის ამავე შეზღუდვით გამოწვეულ ზიანს;
● მოსარჩელეებს ასევე მიაჩნიათ, რომ საკითხის მინისტრის ბრძანებით რეგულირება სახელმწიფოს ანიჭებს ამ საქმიანობაში ჩარევის შეუზღუდავ შესაძლებლობას, რაც ქმნის არაჯანსაღ და არასტაბილურ გარემოს ბაზარზე, ამ საქმიანობის სფეროში.
6. მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმა ბლანკეტურად კრძალავს ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის იმპორტს/ექსპორტს და რეექსპორტს საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ხოლო მეორე მხრივ ფინანსთა სამინისტროს ანიჭებს ძალიან ბუნდოვან და განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას, დაუშვას გარკვეულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალებით აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა. დისკრეციულ უფლებამოსილებაზე კრიტერიუმების არ არსებობა კიდევ ერთი არგუმენტია, იმისა, რომ იქმნება მონოპოლიური საქმიანობის რისკები, გარკვეული მეწარმე სუბიექტების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით.
სამეწარმეო ინიციატივის თავისუფლება თავისუფალი ბაზრის პირობებში
კონსტიტუციის 30-ე მუხლზე (მოქმედი რედაქცია მუხლი 26) მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რაც გულისხმობს, არა მხოლოდ მეწარმეების ასპარეზის თავისუფლებას, არამედ, თავად მეწარმეობაა თავისუფალი. კონსტიტუციის ნორმიდან გამომდინარე ყველას აქვს უფლება თავად თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის სახე და დაუბრკოლებლად განახორციელოს ის (შპს “პატარა კახის” საქმე, თავი II, პ.2). იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათ გაჯანსაღებაზე. სახელმწიფოს მიერ გაცხადებულმა ნორმატიულმა სანდოობამ სუბიექტი სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ უნდა დატოვოს, არამედ გაუძლიეროს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესი. სახელმწიფო იცავს ადამიანის და ორგანიზებული წარმონაქმნის არსებობას. თავისუფალი მეწარმეობა შეუძლებელია თუ არ არის დაცული მისი სუბიექტის „სიცოცხლე“. სასამართლო უშვებს, რომ შესაძლოა სუბიექტის დასასრულის საკითხი დადგეს, თუმცა ეს ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით. ის [მეწარმე სუბიექტი] შეუცვლელი და ხელშეუხებელია (დაცულია) მანამ, სანამ თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი შეჯიბრებით (კონკურენციით), მზადაა გამოავლინოს თვისი სარგებლიანობა ამ ფუნქციებისათვის (თავი II, პ.3) საკონსტიტუციო სასამართლოს ამ განმარტებების კვალდაკვალ, მიგვაჩნია, რომ სადავო რეგულაცია აშკარად ზღუდავს მოსარჩელეთა მეწარმეობის თავისუფლებას. მათ ართმევს შესაძლებლობას თავისუფლად შეარჩიოს მეწარმეობის სახე და დაუბრკოლებლად განახორციელოს ის. მოსარჩელეებს ერთმევა შესაძლებლობა აირჩიოს ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანა - როგორც მეწარმეობის სახე. და, ამასთან, რეგულაცია აიძულებს მეწარმე სუბიექტებს გამოიყენონ წარმოების შედარებით ხარჯიანი გზა (ხორბალი შემოიტანონ საზღვაო ან სარკინიგზო გზებით), რაც უნდა განვიხილოთ, როგორც ალტერნატივების შეზღუდვის გზით სახელმწიფოს მხრიდან იძულება მეწარმემ განახორციელოს წამგებიანი საქმიანობა. კანონმდებლის ჩარევის ფარგლები მთავრდება იქ, სადაც ბაზრის ბუნებრივი კანონებით წესრიგდება ესა თუ ის ურთიერთობა. როცა [...] კომპანიები შემოდიან ბაზარზე ისინი თავისუფლად ირჩევენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიას და იქ მიდიან სადაც მომგებიანი იქნება მათი საქმიანობა. კომპანიის ამ არჩევანში ნებისმიერი ადმინისტრაციული ჩარევა მიჩნეულ უნდა იქნეს მათი სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვად. არავის არ აქვს უფლება აიძულოს მეწარმე განახორციელოს არამომგებიანი საქმიანობა. მეწარმის საქმიანობა არ შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც აუცილებელია კერძო ინტერესების ნორმალური ფუნქციონირებისთვის - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შპს “პატარა კახი” საქმეზე, თავი II, პ.17. მნიშვნელოვანია რომ მეწარმეებს შეეძლოთ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა მოქნილი საშუალებებით წარმართონ. მეწარმეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლისა და სიმინდის ექსპორტი აძლევს ბევრად უფრო მოქნილ ბერკეტს მომხმარებლის მოთხოვნილების შესაბამისად, განსაზღვრული დროის მონაკვეთში შემოიტანონ, კონკრეტული მასის ხორბალი და სიმინდი. გარდა იმისა რომ მეწარმეებს უძვირდებათ ტრანზაქციის ხარჯები, შეზღუდვა ასევე უდგენს მათთვის არახელსაყრელ, მოუქნელ საბაზრო პირობებს. სარკინიგზო და საზღვაო გზებით შემოტანისას მეწარმეებს მოუწევთ დიდი რაოდენობით ხორბლისა და სიმინდის შემოტანა, რომლის შესანახადაც არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები, რაც იმპორტის განხორციელებას აზრს უკარგავს. აღსანიშნავია რომ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იმპორტ/ექსპორტის განხორციელებას უფრო დიდი ხანი სჭირდება, რაც გარდაუვლად აჩენს ხორბლის დასაწყობების საჭიროებას, რომელიც დამატებით ხარჯად აწვება მეწარმეებს. შესაბამისად, საზღვაო და სარკინიგზო გზებით იმპორტის დროის მატებასთან ერთად იზრდება ხორბლის გაფუჭების რისკი, სატრანსპორტო საშუალებით მის იმპორტ/ექსპორტთან შედარებით.
თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის ვალდებულება
შპს “პატარა კახის” საქმეში სასამართლომ თავისუფალი ბაზრის პირობებში კონკურენციაზე მსჯელობისას ხაზი გაუსვა, რომ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანმიმართულებაა თავისუფალი, კონკურენტული ბაზარი. თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საძირკველს. კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა, ბუნებრივად მონოპოლიზებულ სფეროებშიც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. დემონოპოლიზაცია ხელს უწყობს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას და მომხმარებელთა მხრიდან არჩევანის თავისუფლებას. კონკურენტული ბაზრის პირობებში თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი და ზედმეტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა რეგულირების გზით (თავი II, პ.5) ამავე საქმეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ბუნებრივი მონოპოლიების სფეროშიც კი არსებობს მცირე თუმცა თავისუფალი კონკურენცია. ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, ასეთი მცირე შესაძლებლობის პირობებშიც კი მოქმედებდეს მისი განვითარებისთვის. გაუმართლებელია შეზღუდვა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მსურველ სუბიექტს, ამ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას ურთულებს. ნებისმიერი არაბუნებრივი ჩარევები ამ მიმართულებით ხელშემწყობი იქნება ხელოვნური მონოპოლიებისთვის (თავი II, პ.8). განსახილველ შემთხვევაშიც სადავო რეგულაცია არ არის ორიენტირებული მოსარჩლე სუბიექტების გაჯანსაღებასა და გაძლიერებაზე. რეგულაცია, მოსარჩელეებს, როგორც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მსურველ სუბიექტებს, ურთულებს მარცვლეულის (ხორბლის) იმპორტის/ექსპორტისა და რეექსპორტის ბაზარზე ოპერირებას და კონკურენციის ტვირთის ზიდვას, ან რიგ შემთხვევაში, საერთოდ გამორიცხავს მათ ბაზრიდან. ამიტომ, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეგულაცია არის გაუმართლებელი შეზღუდვა და ის ხელს უწყობს ხელოვნური მონოპოლიების შექმნას ხორბლის მსხვილი, საზღვაო და სარკინიგზო გზებით გადამზიდავი კომპანიების სახით.
სფეროს რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
შპს “პატარა კახის” საქმეში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. სამართლებრივი წესრიგისადმი ის დამოკიდებულება, რაც სადავო ნორმებიდან იკითხება, უნდობლობით განაწყობს არა მარტო იმ მეწარმეებს, რომლებიც ელექტრობაზრიდან განიდევნნენ, არამედ იმათაც, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებენ. მათ არა აქვთ სტაბილურობის გარანტია, ახალი ცვლილებებისადმი. ამასთან, სასამართლო უთითებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ნორმატიულად ადგენს ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულო პირობას, ამით იგი ხელს უნდა უწყობდეთ როგორც სტაბილური და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ისე ამ ურთიერთობის ასეთივე სუბიექტის არსებობას. სახელმწიფოს აქვს აბსოლუტური თავისუფლება შეზღუდვების დაწესების ნაწილში. ასეთ პირობებში ადვილი შესაძლებელია, საკანონმდებლო ჩარევები გაუცხოებული აღმოჩნდეს ბაზრის კანონებისგან. სადავო ნორმების არარსებობის შემთხვევაში, არასტაბილური სუბიექტების ბაზრიდან გასვლა მოხდება ამ ბაზრის ბუნებრივი კანონების საფუძველზე და არა ხელოვნურად, როგორც ამას ადგილი აქვს ამ ნორმების მოქმედების შემთხვევაში (შპს “პატარა კახის” საქმე, თავი II, პ.11). მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საზღვარზე ხორბლის ექსპორტ/იმპორტის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით რეგულირება, ბაზარზე საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიებს. სახელმწიფოს მსგავსი, ბუნდოვანი და არასტაბილური დამოკიდებულება იგრძნობა თავად მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა დროის ინტერვალში - სადავო რეგულაცია დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა (გადავადდა მისი ამოქმედება). სამართლებრივი წესრიგისადმი ის დამოკიდებულება, რაც სადავო ნორმებიდან იკითხება, უნდობლობით განაწყობს, არა მხოლოდ, მოსარჩელე მეწარმე სუბიექტებს, არამედ, ყველა იმ სუბიექტს, ვინც ხორბლის და ზოგადად მარცვლეული იმპორტ/ექსპორტისა და რეექსპორტის ბაზარზე ოპერირებს საქართველოში. რადგან, არავინაა დაზღვეული, რომ ფინანსთა მინისტრის შემდგომი გადაწყვეტილებები, სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტით ხორბლის ან სხვა სახის მარცვლეულის, ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის იმპორტს არ შეეხება. ფინანსთა მინისტრის ქმედებებით გამოწვეული არასტაბილურობის განცდა უკვე აისახა საქართველოში მარცვლეულის ბაზარზე - რაც ადგილობრივ წარმოებულ ხორბალსა და სიმინდზე ფასის მკვეთრ ზრდაში გამოიხატა.
შეზღუდვის გაუმართლებლობა
„კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით, რეგლამენტირებული მეწარმეობის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის უფლებას და შესაძლებელია, ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად დაექვემდებაროს თანაზომიერ შეზღუდვას.“ (საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017). შესაბამისად მნიშნელოვანია შეზღუდვა ემსახურებოდეს მკაცრად განსაზღვრული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევას. შეზღუდვა ამავდროულად უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. „სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება, რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის. თანაზომიერების პრინციპით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შედარებისთვის გასაანალიზებელია შეზღუდვის დასაშვებობის, აუცილებლობის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობის საკითხები.“ (საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007)
ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საჯარო გაჟღერებული პოზიციის თანახმად შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად სახელდება ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კრიზისის განმუხტვა, რაც მინისტრის განცხადებით ხელს უშლიდა ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას საზღვარზე და იწვევდა მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს ტურიზმის სფეროდან. სანამ უშუალოდ შეზღუდვას თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შევაფასებთ გვსურს აღვნიშნოთ რომ სამინისტროს პოზიციის გასამყარებლად არ წარმოუდგენია რაიმე სახის სტატისტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა საბაჟოზე წარმოქმნილი დაბრკოლებების ანალიზსა და მოგცემდა პასუხის მინისტრის მიერ დაწესებული შეზღუდვის გონივრულობასა და რეალურობაზე. სახელმწიფოს მიერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა გამოდგეს ლეგიტიმური მიზანად, რომელიც კანონმდებელს აძლევს გარკვეულ უფლებათა შეზღუდვის დისკრეციას. მიუხედავად ამისა მიგვაჩნია რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის საფუძველზე მოსარჩელეთა მეწარმეობის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს თუ შეზღუდვა არ არის გამოწვეული მკაცრად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, საზოგადოებრივი საჯარო ინტერესით.
გამოსადეგობა
„კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაციით ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს, ანუ ის (რეგულაცია) რეალურად უნდა იყოს ორიენტირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე, უფლების შემზღუდავი ღონისძიება მიზნის მიღწევის ვარგის, მისაღებ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. მას გარდაუვლად, ნამდვილად უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების, ინტერესების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთნაირად მიადგება ზიანი როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებს.“ (საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/534, 11 ივნისი, 2013) შესაბამისად, მნიშნელოვანია განვსაზღვროთ თუ რამდენად არსებობს ხორბლისა და მესლინის იმპორტ/ექსპორტის აკრძალვასა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე დაბრკოლებების აღმოფხვრას შორის ლოგიკური კავშირი. მიგვაჩნია რომ მსგავს რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს მისი შემოღების გაცხადებულ მიზანს, რადგან, როგორც წესი, გამშვებ პუნქტებზე სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების გამშვები ხაზები, ცალ-ცალკეა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრთა დაბრკოლების ხარისხს საქართველოში შემოსვლისა და გასვლისას. ამასთან, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია, და დიდი ალბათობით, არ გაუანალიზებია თუ რამდენია ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის წილი, ზოგადად, სახმელეთო გზებით ტვირთბრუნვაში. ამიტომ, სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ემყარება პრობლემის ანალიზსა და მისი გადაჭრის გათვლებს. ამიტომ, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო შეზღუდვა არ არის, სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. „თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, გამოსადეგობასთან ერთად, შერჩეული ღონისძიება აუცილებლობის მოთხოვნასაც უნდა აკმაყოფილებდეს.“ (საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/659, 15 თებერვალი, 2017)
აუცილებლობა
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ შეზღუდვა არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სრულიადბუნდოვანია თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ უფლებაში აღნიშნული ფორმით ჩარევა და გამოყოფილად ხორბლისა და მესლინის იმპორტ/ექსპორტის ბაზარზე განსხვავებული საბაზრო წესრიგის დადგენა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი სხვა პროდუქტის იმპორტი ხორციელდება ყოველდღიურად. ცალსახაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელია არ არის უფლებაში მსგავსი ფორმით ჩარევა, როდესაც შესაძლოა საგზაო დაბრკოლებები მოწესრიგდეს გამარტივებული საბაჟო წესების გამოყენებით, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფითა და მოწესრიგებით თუ სხვა საშუალებით, რომელიც არ შეზღუდავს, ან ნაკლებად შეზღუდავს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს და მეორე მხრივ მოაგვარებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ საგზაო დაბრკოლებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მოცემული შეზღუდვა არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
პროპორციულობა
„თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორეს არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე“. სადავო ნორმის არაკონსტიტუციური ბუნება სწორედ „ვიწრო პროპორციულობის“ ნაწილში ჩანს ყველაზე ნათლად. შეზღუდვა არ წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებისათვის გამოყენებულ პროპორციულ საშუალებას. ნორმის არაპროპორციულობაზე მიუთითებს შეზღუდვის ბლანკეტური ბუნება, კერძოდ კი, ის გარემოება, რომ იგი არ უკავშირდება ტურისტულ სეზონს და ყველა სეზონზე თანაბრად ვრცელდება, მათ შორის იმ პერიოდზე, როდესაც საგზაო დაბრკოლებების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. თავად სამინისტროს პოზიცია იყო რომ ტურისტული რიგების პრობლემა არსებობდა მხოლოდ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ხოლო შეზღუდვა არის აბსოლუტური და თანაბრად ვრცელდება საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. შესაძლოა სადავო ნორმით გათვალისწინებული ყოფილიყო მხოლო ის საბაჟო პუნქტები, რომელზეც აღინიშნებოდა საგზაო რიგების პრობლემა და დაწესებულიყო ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული შეზღუდვები, სანამ მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, რაც იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემდა რიგების შექმნის გარეშე დამოუკიდებლად მიეღოთ საბაჟო მომსახურება. მნიშნელოვან გარემოებას წარმოადგენს რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს საზღვაო და სარკინიგზო გზებით ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელებას, რის გამოც მეწარმეები დამატებით სირთულეებს აწყდებიან იმპორტ/ექსპორტის ალტერნატიული გზებით განხორციელებისას.
ზემოთ განვითარებული მსჯელობის საფუძველზე მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეგულაცია ზღუდავს მათ მეწარმეობის თავისუფლებას, განდევნის მათ ბაზრიდან და ახალისებს ხელოვნურ მონოპოლიებს ხორბლის იმპორტ/ექსპორტის სფეროში, ამასთან, სადავო რეგულაციის მოწესრიგების ფორმა, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიებს. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხდება უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. შესაბამისად, სადავო რეგულაციით არ არის უზრუნველყოფილი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსი, რის საფუძველზეც ვთხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმა სცნოს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4307557?publication=0
[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4325067?publication=0
[3] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4328570?publication=0
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა