„შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს პოულტრი ჯორჯია“, „შპს კუმისი XXI“ და „შპს ნუტრიმაქსი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/1402 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 5 ივლისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 5 ივლისი 2019 17:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს პოულტრი ჯორჯია“, „შპს კუმისი XXI“ და „შპს ნუტრიმაქსი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის 61 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1402) მომართეს იურიდიულმა პირებმა - „შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს პოულტრი ჯორჯია“, „შპს კუმისი XXI“ და „შპს ნუტრიმაქსი“. №1402 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 25 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 5 ივლისს.
2. №1402 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის 61 პუნქტის თანახმად, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 (ხორბალი და მესლინი) სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 (ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი) სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება, აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. ამავე დებულების თანახმად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეთა ერთი ნაწილი (იმპორტიორები) თავად ახორციელებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის იმპორტს/ექსპორტს ან/და რეექსპორტს. მოსარჩელეთა მეორე კატეგორია (მეწარმეები) სადავო ნორმით განსაზღვრულ პროდუქციას იყენებენ საკუთარ წარმოებაში და მარცვლეულს შეისყიდიან ადგილობრივი იმპორტიორებისგან. მოსარჩელეთა მესამე კატეგორიად დასახელებული არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები, რომლებიც იმპორტიორ კომპანიებთან შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მარცვლეულის, მათ შორის, ხორბლის იმპორტს, ექსპორტს და რეექსპორტს. ზემოაღნიშნულ სუბიექტებს, ამა თუ იმ ფორმით, შეეზღუდებათ მეწარმეობის თავისუფლება სადავო ნორმის ამოქმედების შემდგომ (2019 წლის პირველი ოქტომბრიდან).
6. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა მეწარმეების ეკონომიკურ საქმიანობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რადგან მათ უძვირდებათ პროდუქციის წარმოების ხარჯები, რაც, თავის მხრივ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ღირებულების ზრდას იწვევს 20-25%-ით. სადავო რეგულირება იმპორტიორებს ართმევს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ სამეწარმეო საქმიანობის ფორმები, იგი წარმართონ იმ საშუალებებით, რაც მათთვის ყველაზე მეტად მომგებიანი და მოსახერხებელია. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სრულად ერთმევათ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, იკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხსენებული საქონლის იმპორტი/ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ამავე დროს, ცალკეულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება და დასახელებული საქონლის შემოტანა/გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით. შესაბამისად, სადავო რეგულირება ფინანსთა სამინისტროს ანიჭებს ბუნდოვან და განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს გარკვეული მეწარმე სუბიექტების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებისა და მონოპოლიური საქმიანობის ხელშეწყობის მაღალ რისკზე.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საჯაროდ გაჟღერებული პოზიციით, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კრიზისის განმუხტვა, რაც ხელს უშლიდა ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას საზღვარზე. მოსარჩელეთა მითითებით, მინისტრს არ წარმოუდგენია შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც დაადასტურებდა ზემოხსენებული პრობლემის რეალურობას. მიუხედავად ამისა, დასახელებული ლეგიტიმური მიზანი უნდა ჩაითვალოს ღირებულ საჯარო სიკეთედ, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვას.
9. მოსარჩელეთა განმარტებით, არ არსებობს ლოგიკური და რაციონალური კავშირი სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს შორის, რადგან, როგორც წესი, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების გამშვები ხაზები ერთმანეთისგან განცალკევებულია, შესაბამისად, რთული წარმოსადგენია, ლეგიტიმურ მიზანსა და შეზღუდვას შორის ლოგიკური კავშირის არსებობა. ამასთან, დასახელებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია გამარტივებული საბაჟო წესების გამოყენებით, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით თუ სხვა საშუალებებით, რაც ნაკლებად შეზღუდავს მოსარჩელეთა კონსტიტუციურ უფლებებს და, იმავდროულად, უზრუნველყოფს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამდენად, სადავო რეგულირება ვერ ჩაითვლება უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ ღონისძიებად.
10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის ბლანკეტური ხასიათი მიუთითებს, რომ არ არის დაცული გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. კერძოდ, სადავო რეგულირება ვრცელდება ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ამავე დროს, შეზღუდვა მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში და დაკავშირებული არ არის ტურისტულ სეზონთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 და 313 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეთა ერთ ნაწილს წარმოადგენენ იმპორტიორები, რომლებიც თავად ახორციელებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის იმპორტს/ექსპორტს ან/და რეექსპორტს. სადავო რეგულირება მათ ართმევს ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, რაც ზღუდავს მათი მეწარმეობის თავისუფლებას. სადავოდ გამხდარი ნორმა კონკრეტული ტიპის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქონლის იმპორტის/ექსპორტის განხორციელება რამდენად არის დაცული საქართველოს 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკუთრების ობიექტის იმპორტი წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცულ სიკეთეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ”, II-8). ამავე დროს, „მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებულ ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირისა, ხსენებული კონსტიტუციური ნორმების დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ცალკეულ, ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლებისა თუ თავისუფლების კონტექსტში. საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ”, II-77).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზანი ვერ იქნება საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების აკრძალვა მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით. ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საკუთრების უფლებით დაცული სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და რაიმე ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას. მეწარმე სუბიექტის საკუთრების უფლების დარღვევა იმთავითვე კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას ვერ განაპირობებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „„სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63). მოსარჩელე იმპორტიორებს არ წარმოუჩენიათ რაიმე დამატებითი, საკუთრების უფლების სფეროს მიღმა არსებული, მეწარმეობის თავისუფლებით დაცული უფლებრივი ასპექტი, რომელსაც შესაძლოა ზღუდავდეს სადავო ნორმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებას შორის.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა მეორე კატეგორიას წარმოადგენენ მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქციას, რომლის წარმოებისთვისაც აუცილებელია სადავო ნორმით განსაზღვრული მარცვლეულის გამოყენება. სადავო რეგულირების ამოქმედება კი გამოიწვევს მარცვლეულის ფასის გაზრდას, რაც, თავისთავად, გავლენას იქონიებს აღნიშნულ პირთა საწარმოო პროცესზე და მეწარმეებს მოუწევთ მაღალი ფასის გადახდა წარმოებისათვის აუცილებელი პროდუქტის შესაძენად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მეწარმე სუბიექტები მიიჩნევენ, რომ იზღუდება მათი მეწარმეობის თავისუფლება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, როგორ და რამდენად იქონიებს გავლენას სადავო ნორმის ამოქმედება მოსარჩელე მეწარმეთა საწარმოო პროცესის ფინანსურ მხარეზე. ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის რომელიმე ფორმით განხორციელების შეზღუდვა უკავშირდება საწარმოო პროცესისა და, შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის ფასის ზრდას, თუმცა მხოლოდ ამ გარემოების არსებობას სასამართლო ვერ მიიღებს საწარმოო პროცესის ფასის ზრდისა და მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვის თვითკმარ წინაპირობად. მსგავსი საფუძვლით უფლების შეზღუდვის დასაბუთებისას მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება მყარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც ნათლად დაანახვებს სასამართლოს, ერთი მხრივ, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის შედეგად წარმოების ფასის გაზრდის რისკის რეალურობას და გარდაუვალობას, მეორე მხრივ კი წარმოაჩენს ნედლეულის ფასის ზრდასა და საწარმოო პროცესის შეფერხებას შორის რეალური კავშირის არსებობას. კონსტიტუციურ სარჩელში რამდენჯერმე არის ნახსენები, რომ ფინანსურ საკითხებში ექსპერტთა შეფასებით, სადავო რეგულირების ამოქმედება გამოიწვევს მეწარმეთა მიერ წარმოებულ პროდუქტზე ფასის 20-25%-ით გაზრდას, თუმცა აღნიშნულ მტკიცებას თან არ ახლავს რაიმე მყარი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა შეფასების რეალურობაში. ამასთან, მსგავსი შეფასების რეალურობის მტკიცება განსაკუთრებით მყარ დასაბუთებას მოითხოვს ისეთ შემთხვევაში, როდესაც სადავო რეგულირებას არ უმოქმედია დროის არც ერთ მონაკვეთში. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული, იმ პირობებში, როდესაც ნედლეულზე ფასი ყველა მეწარმისათვის ერთნაირად ძვირდება, წარმოებულ პროდუქტზე ფასის თუნდაც 20-25%-ით გაზრდა რატომ შეაფერხებს საწარმოო პროცესს და რა თვალსაზრისით შეზღუდავს თავისუფალ მეწარმეობას. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს ფასის ზრდა რატომ და რა მოცულობით გამოიწვევს წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირებას, რომელი პროდუქციის მწარმოებლებთან მიმართებით აღმოჩნდებიან არაკონკურენტულ პირობებში ან/და სხვა გარემოებაზე, რომელიც ნათლად წარმოაჩენდა ნედლეულის გაძვირებასა და თავისუფალ მეწარმეობას შორის კავშირს. სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა არ გამოდგება მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვის თვითკმარ არგუმენტად.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1402 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსარჩელე იმპორტიორთა და მეწარმეთა მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვას, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
10. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებისას მოსარჩელე მხარე არაერთხელ მიუთითებს, რომ, გარდა ზემოთ დასახელებული პირებისა, სადავო ნორმა ასევე ზღუდავს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მეწარმეობის თავისუფლებას, რადგან მათ ეკრძალებათ სადავო რეგულირებით განსაზღვრული მარცვლეულის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ექვსი იურიდიული პირი, რომელთა ნაწილი თავად ახორციელებს დასახელებული პროდუქციის იმპორტს/ექსპორტს, ხოლო მეორე ნაწილი დაკავებულია სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობით, რომლის განსახორციელებლად იყენებს სადავო ნორმით განსაზღვრულ პროდუქციას. შესაბამისად, არც ერთი მოსარჩელე არ ახორციელებს, მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესაბამისი პროდუქციის იმპორტს/ექსპორტს. ამგვარად, ისინი არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები. ამრიგად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვა პირთა უფლებების დასაცავად და მიუთითებს მათ სავარაუდო დარღვევაზე. ამდენად, №1402 კონსტიტუციური სარჩელი არის ”actio popularis“.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლთა მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვას, შემოტანილია არაუფლებამოსილ პირთა მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1402 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს პოულტრი ჯორჯია“, „შპს კუმისი XXI“ და „შპს ნუტრიმაქსი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი