ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1294 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი, ნათია კახაძე |
თარიღი | 17 იანვარი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისისის №01-42/ნ ბრძანება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც სადაოდ ხდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს პირს, რომელსაც რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა ბრძანებით განსაზღვრულ სახელმწიფოთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2017 წლის 28 ივნისს მიიღო N01-42/ნ ბრძანება იმ პირთა შესახებ, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლების (კლინიკური ორდინატურა, კლინიკური ასპირანტურა) კურსი გაიარეს უცხო ქვეყანაში.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე; ბ) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
მინისტრის ბრძანების თანახმად, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, ასევე, აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება), მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით. (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისს N01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე- 2 პუნქტი).
იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, პირის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხი განიხილება აღნიშნული პირის მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის დასრულების შემდგომ. დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის მიერ, კონკრეტული ქვეყნებისა და სპეციალობების მიხედვით, უნიფიცირებულად (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისს N01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
აღნიშნული სიახლე ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან, 2017 წლის 28 ივნისიდან, 30-ე დღეს (იხ., საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისს N01-42/ნ ბრძანების მე-2 მუხლი). მაშასადამე, დიპლომის აღიარების ახალ მოწესრიგებას უკუძალა მიეცა და იმ პირებზეც გავრცელდა, ვისაც ბრძანების გამოცემის დროისათვის უკვე დასრულებული ჰქონდა უცხოეთში განათლების მიღება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები და ის პირები, რომელთაც მათ მსგავსად შესაბამისი პროგრამები ხსენებულ სახელმწიფოებში დაამთავრეს, თუმცა ბრძანების გამოცემამდე ჩვეულებრივად უღიარეს მიღებული განათლება, შესაბამისად, თავისუფლად დარეგისტრირდნენ და მიიღეს საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზია, წარმოადგენენ შესადარებელ სუბიექტებს. ისინი არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა მათ მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით თვითნებურად ხდება არათანაბარი პირობების შექმნა და უთანასწორო სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბება. მოსარჩელეებს მხოლოდ იმის გამო მოუწევთ რამდენიმე ათეულ ათასი ლარის დახარჯვა და დამატებით რამდენიმეწლიანი სწავლა (იმ პროგრამაზე, რომელზეც უკვე ისწავლეს და შესაბამისი კვალიფიკაციაც მიიღეს), რომ არ გაუმართლათ და ბრძანების ამოქმედებამდე ვერ მოასწრეს სალიცენზიო გამოცდაზე რეგისტრაცია.
ამდენად, სახეზეა მოსარჩელეთათვის კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორობის ძირითად უფლებაში ჩარევის გაუმართლებელი ფაქტი და არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი არსებითად განსახილველად მიღებისად და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ერევა პირის თავისუფალი განვითარების, პიროვნული თავისუფლების უფლებაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლითაა დაცული და რომელიც იცავს, მათ შორის, საქმიანობის თავისუფლებასაც, რასაც მოსარჩელეები ვერ ახორციელებენ ბრძანების გამო.
მოცემულ შემთხვევაშიც, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლების გაუმართლებელი დარღვევის ფაქტი და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
მინისტრის გასაჩივრებული ბრძანება ასევე არ პასუხობს ნორმატიული აქტის მიმართ არსებულ მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც ის უნდა პასუხობდეს განჭვრეტადობის პრინციპს. „საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა, რომლის ცალკეული ელემენტები გამოხატულებას პოვებს საქართველოს კონსტიტუციის მრავალ დებულებაში. გარდა ამისა, არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. `განჭვრეტადობის პრინციპი. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება #2/3/406,408 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“
ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძელი და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის დადგენისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საკვანძო ელემენტის განხილვა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება უშუალოდ ნორმის შინაარსისა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობების ხასიათის სრულყოფილი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. აღნიშნული ნორმა-პრინციპი ერთ-ერთი ამოსავალია მთლიანად სახელმწიფო მართლწესრიგისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, თანასწორობის უფლებაზე დავისას აუცილებელია დადგინდეს: 1. შესადარებელ პირთა კატეგორია; 2. ჩარევის ინტენსივობა და განმასხვავებელი ნიშანი და აქედან გამომდინარე, 3. შესაბამისი მეთოდით, ტესტის მისი საკონსტიტუციოსამართლებრივი გამართლება.
შესადარებელ სუბიექტებს შორის თანასწორობის საკითხის კვალიფიკაციისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებას, შესადარებელ ჯგუფებს, ამ უკანასკნელსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის #2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე, „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 6).
მოცემულ შემთხვევაში არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გულისხმობს სამედიცინო განათლებასა და შესაბამისი კვლაფიციკაციისა და სტატუსის მოპოვებას, რაც თავის მხრივ იდეურ საფუძველს ჰპოვებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე და 37-ე მუხლებში, რომელთა მიხედვითაც, განათლებისა მიღებისა და ფორმის არჩევის შესაძლებლობას ემატება ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული მოწესრიგება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ხაზს უსვამს საექიმო პროფესიის განსაკუთრებულ სტატუსსა და მნიშვნელობას, ასევე, მასთან დაკავშირებული საკითხებზე სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის დაწესებას.
ევროსასამართლოს შეფასებით, თანასწორობის უფლებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც განისაზღვრება შესადარებელ პირთა კატეგორია, რომელთაც საერთო ნიშანი ან საერთო ცნება გააერთიანებთ (Sunday Times v. the United Kingdom, [ECtHR]). მსგავს პოზიციას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომლის მიხედვითაც თანასწორობის ძირითადი უფლების მოქმედების ფარგლებისთვის მნიშვნელოვანია შესადარებელ პირთა ჯგუფი, რომლებიც არსებითად თანასწორები ან უთანასწოროები უნდა იყვნენ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II,9).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპია, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.1).
მოსარჩელეები და ის პირები, რომელთაც მათ მსგავსად ორდინატურის პროგრამები ხსენებულ სახელმწიფოებში დაამთავრეს, თუმცა ბრძანების გამოცემამდე ჩვეულებრივად უღიარეს მიღებული განათლება, შესაბამისად, თავისუფლად დარეგისტრირდნენ და მიიღეს საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზია, წარმოადგენენ შესადარებელ სუბიექტებს. ისინი არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა მათ მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით თვითნებურად ხდება არათანაბარი პირობების შექმნა და უთანასწორო სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბება. მოსარჩელეებს მხოლოდ იმის გამო მოუწევთ რამდენიმე ათეული ათასი ლარის დახარჯვა და დამატებით რამდენიმეწლიანი სწავლა (იმ პროგრამაზე, რომელზეც უკვე ისწავლეს და შესაბამისი კვალიფიკაციაც მიიღეს), რომ არ გაუმართლათ და ბრძანების ამოქმედებამდე ვერ მოასწრეს სალიცენზიო გამოცდაზე რეგისტრაცია. ამასთან, შესადარებელ ჯგუფებად მოაზრებულ უნდა იქნეს იმ სახელმწიფოთა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული განათლების მქონე პირები, რომლებსაც ბრძანება დამატებით ვადას არ უწევს და მოსარჩელეები, რომელთა კონკრეტულ სახელმწიფოებში სწავლის შემდეგ ავტომატურად უწესდებათ სწავლის დრო. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, მართალია, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს, ფაქტებისადმი დიფერენციული მიდგომის აკრძალვას და არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ერთგვარად უნდა შეფასდეს, მაგრამ თანასწორობის პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არსებითად ერთნაირი საქმის გარემოებების შემთხვევაში მიღებულ იქნეს ერთნაირი გადაწყვეტილება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის №ბს-246-243(კ-14) გადაწყვეტილება). იმის გათვალისწინებით, რომ შესადარებელი პირებისთვის აუცილებელია, რომ კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში ანალოგიურ გარემოებებში ხვდებოდნენ, ამასთან, არსებითად თანასწორნი იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2), შესაძლებელია მარტივი დასკვნის გაკეთება: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი შესადარებელი სუბიექტები განსაზღვრულია.
სამართალშემოქმედება განსაკუთრებული ფუნქციაა და მას, რა თქმა უნდა, მხოლოდ კანონშემოქმედი - პარლამენტი არ ახორციელებს, არამედ ნებისმიერ საჯარო ხელისუფლების ორგანო, აღჭურვილი შესაბამისი სამართლებრივი უფლებამოსილებით, შექმნას, დაადგინოს სამართლებრივი ნორმა. ნებისმიერ სამართალშემოქმედს აკისრია საკითხთა განსაზღვრისა და მოწესრიგებისას ამ ყოველივეს არადისკრიმინაციულად განხორციელების ვალდებულება, რომელიც სამართალშემოქმედების პროცესის ყოველ ეტაპს თან სდევს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, 21) შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის არსებობს უშუალო მიზეზშედეგობრივი კავშირის, რომელიც შესადარებელ პირებს განსხვავებულ საწყის პოზიციას უქმნის, რითაც მათ განვითარების განსხვავებული შესაძლებლობით აღჭურავს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ერევა პირის თავისუფალი განვითარების, პიროვნული თავისუფლების უფლებაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლითაა დაცული და რომელიც იცავს პიროვნების ავტონომიურობას, თავისუფლებას, პირმა საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს როგორც შინაგანი სამყარო, ისე პირადი გადაწყვეტილები დაამყაროს განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის #2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3) ამასთან, აღნიშნული უფლება პირის მოქმედების თავისუფლების უმთავრესი გარანტია, ვინაიდან გარეგანი ქცევის თვალსაზრისით, იგი უშუალოდ უზრუნველყოფს პირის საქმიანობის თავისუფლებას, საკუთარი მომავლის დაგეგმვასა და განვითარებას. გასაჩივრებული ნორმა ერევა მე-16 მუხლით დაცულ სფეროშიც.
დიფერენცირებულად მოპყრობის მასშტაბისა და კონსტიტუციურობის შემოწმებისას აუცილებელია დადგინდეს, თუ რომელი ტესტი უნდა გამოიყენოს სასამართლომ შეფასებისთვის. სასამართლო მკაცრ ტესტს იყენებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოცემული რომელიმე „კლასიკური ნიშნის“ ან დიფერენციაციის მაღალი ინტენსივობის არსებობისას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის #1/1539 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 20). შესადარებელი ჯგუფების ერთმანეთისგან განსხვავება მათ მიერ განათლების მიღების ადგილმდებარეობის მიხედვით საჭიროებს სწორედ მკაცრი ტესტის გამოყენებას, ვინაიდან, დაცულ სფეროში ჩარევა მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. ინტენსივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება და ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის გარემოება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად იმყოფებიან განსხვავებულ პირობებში და დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააშორებს შესადარებელ სუბიექტებს კონკრეტულ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის #1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,25) პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, მიიღეს კვალიფიკაცია და სურთ ექიმის სასერთიფიკატო გამოცდაზე გასვლა, ეზღუდებათ საქმიანობის თავისუფლება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და იძულებულები ხდებიან დამატებით გაიარონ ის კურსები, რომლებშიც კვალიფიკაცია უკვე მოპოვებული აქვთ. მათ ძირითად უფლებაში ჩარევის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ არა მხოლოდ მათი თანასწორობა, არამედ პიროვნული თავისუფლება და ფაკულტატურად განათლების უფლება ეზღუდებათ. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში აუცილებელია უფლებაში ჩარევის შესაფასებლად გამოყენებულ იქნეს მკაცრი ტესტი - თანაზომიერების პრინციპი.
თანაზომიერების პრინციპის მთავარი მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი აქტი უნდა იყოს ღირებული ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე, „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ“, II, 60). ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომელიც გასაჩივრებულ აქტს შეიძლება ჰქონდეს შრომის ბაზარზე კვალიფიციური ექიმების არსებობის უზრუნველყოფა და ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვაა, რომელიც ავტომატურად კვლავაც პირველ მიზანს უკავშირდება. სხვა თვლადი, შეფასებადი მიზანი, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ჰქონდეს, ნაკლებად სავარაუდოა. ექიმი პასუხისმგებელია პაციენტთა ჯამრთელობასა და სიცოცხლეზე, შესაბამისად, სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალდებულია, უზრუნველყოს მკურნალის შესაბამისი კვალიფიკაცია, მათ შორის, შესაბამისი გამოცდებითა და ცოდნის შემოწმების ოფიციალური პროცედურებით.
ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი საშუალება უნდა იყოს გამოსადეგი, დასაშვები, ანუ კონკრეტულად ამ მექანიზმით ფაქტობრივად უნდა მიიღწეოდეს დასახული მიზანი, პრაქტიკულად შესრულებადი უნდა იყოს. ბრძანების გასაჩივრებული ნორმის თანახმად, მხედველობაში მიიღება მხოლოდ უცხოეთში მიღებული განათლების ხანგრძლივობა და არა შინაარსი. შინაარსი თუ არ შეესაბამება ქართულ ანალოგიურ პროგრამას, რეზიდენტურა ისედაც არ იქნება აღიარებული. გაუგებარია, როგორ იქნება მიღწეული დასახული მიზანი სწავლის პერიოდის გახანგრძლივებით, თუკი იგივე პროგრამა, იგივე შინაარსი, იგივე დატვირთვა პირს უკვე გავლილი და შესრულებული აქვს ერთი სარეზიდენტურო პროგრამის ფარგლებში. შინაარსობრივად, დატვირთვისა და შესრულებული სამუშაოს მხრივ პროგრამები შეესაბამება ერთმანეთს, ვადა კი განსხვავებულია, ამის გამო კი პირს უდგინდება დამატებითი ვალდებულება ფორმალურად ისწავლოს ის, რაც უკვე ნასწავლი აქვს, რათა ფორმალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რეზიდენტურის პროგრამის შემდეგ ცალკე გამოცდაა გათვალისწინებული, რომლის შედეგებიც აღიარებულია, შესაბამისად, კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განათლების დადასტურება უკვე შესაძლებელია, არსებობს შესაბამისი კვალიფიკაცია კონკრეტულ სფეროში. შეუძლებელია სწავლის ხანგრძლივობა განსაზღვრავდეს სწავლის ხარისხს. ამ უკანასკნელის შეფასებისთვის შესაბამისი სტანდარტი და მექანიზმები გამოიყენება, რომელიც დადგენილია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სტანდარტით. შესაბამისად, თუკი აღმასრულებელი პოლიტიკაა, რომ სახელმწიფოთა ნაწილში მიღებული განათლება არაკვალიფიციურია, იგი საერთოდ არ უნდა იქნეს აღიარებული, ვინაიდან ზოგიერთი პროგრამის შემთხვევაში დამატებით გასავლელი 3, 6 ან 8 თვეა, რომელთა განმავლობაშიც ადრე მიღებული ცუდი განათლება ფიზიკურად ვერ გამოსწორდება. აქედან გამომდინარე, არასერიოზულია სამინისტროს პოზიცია, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ეს საშუალება შეიძლება გამოსადეგი იყოს, რადგან ამით ფიზიკურად ვერ მიიღწევა ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მსგავსი მოწესრიგების შემუშავების განმაპირობებელი იყო.
გასაჩივრებული ნორმა პრობლემურია თანაზომიერების პრინციპის შემდეგ ელემენტთან - აუცილებლობასთან, მიმართებითაც. საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული აქტი, შესაბამისი საშუალება ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად არა მხოლოდ საჭიროა, არამედ აუცილებელი უნდა იყოს. ამასთან, არ უნდა არსებობდეს რაიმე სხვა, მასზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნება მიზნის მიღწევა. () ნორმა ვერ იქნება აუცილებლობით გამართლებული, რადგანაც მისით ვერ მიიღწევა დასახული ლეგიტიმური საჯარო მიზანი და არსებობს უამრავი სხვა საშუალება, რომლითაც შესაძლებელია აღმასრულებელი პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და აღმასრულებელი ძალაუფლების მართებული ფორმით განხორციელება ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე თვიანი დამატებითი კურსის ვალდებულების განსაზღვრა არაეფექტურია, ვინაიდან გათვლილია დროით კომპონენტზე, ხანგრძლივობაზე და არა შინაარსზე. ბრძანებით განსაზღვრული სახელწმიფოების ნაწილში შესაძლებელია პროგრამის კორექტირება და სტუდენტის ინტერესებზე მორგება დროის თვალსაზრისით, თუმცა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი მაინც უნდა შესრულდეს, უბრალოდ სტუდენტს ეზრდება დატვირთვა. ნაკლებად მზღუდავი და გაცილებით ეფექტური ფორმაა - პროგრამების შინაარსობრივი შედარება და ურთიერთთავსებადობის შეფასება, კერძოდ, უნდა განისაზღვროს პროგრამით დასახული მიზანი, მეთოდოლოგია, სწავლის კომპონენტები, სტუდენტის მიერ დახარჯული დრო, დატვირთვა და ა.შ. ის თვლადი და შეფასებადი კომპონენტები, რომელთა გაზომვა და შედარებაც შესაძლებელი და აღიარებულია განათლების აკრედიტაციის ზოგადი თუ სპეციალური სტანდარტით. ამასთან, რეზიდენტურის პროგრამის დასრულების შემდეგ დადგენილია გამოცდა, რომელიც ამოწმებს მიღებული ცოდნის დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პირი ექიმის სტატუსის მაძიებელი. ამასთან, აღსანიშნავია, ექიმის სასერთიფიკატო გამოცდა სწორედ ის ხარისხის უზრუნველყოფის საშუალება და ღონისძიებაა, რომელიც ამოწმებს პირის კვალიფიკაციას, მომზადების ხარისხსა და გავლილი რეზიდენტურის შედეგებს. თუკი სახელმწიფოს სურდა ექიმთა კვალიფიკაციის გაუმჯობესება და კვალიფიციური კადრების წინ წამოწევა, მთავარი ყურადღება სწორედ გამოცდის შინაარსზე უნდა გადაიტანოს, რაც სრულიად შესაძლებელი და გამართლებულიც იქნება, ვიდრე კონკრეტული სახელმწიფოების ამორჩევა და ამ სახელმწიფოებში რეზიდენტურაგავლილი სტუდენტების გამორჩევა სწავლის ადგილისა და სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით.
სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმა და მოწესრიგება, რომლითაც უნდა მიღწეულიყო კვალიფიციური ექიმების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მინიმალურ სტანდარტსაც კი. ფაქტობრივად შეუძლებელია დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შერჩეული მექანიზმით და პროგრამის ხანგრძლივობათა მექანიკური შედარებით, ყოველგვარი შინაარსობრივი კომპონენტის გამოყენების გარეშე. მით უმეტეს, საშუალება არაა აუცილებელი, არსებობს სხვა, გამოცდილი, აპრობირებული საშუალებები ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რომლითაც არ მოხდება უფლებათა გაუმართლებელი შეზღუდვა. შესამისად, მოსარჩელეთა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებელია და შეუსაბამო.
საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოყენების პრაქტიკული შედეგია, ასევე, კანონის განჭვრეტადობის პრინციპის საფუძველზე ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტის შემოღება. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა, რომლის ცალკეული ელემენტები გამოხატულებას პოვებს საქართველოს კონსტიტუციის მრავალ დებულებაში. გარდა ამისა, არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება #2/3/406,408 საქმეზე, “საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სამართალშემოქმედი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 11.). „ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II, 6).
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, რეგულაცია უნდა იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისი წარმართვა, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 11.), ადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რაც მოითხოვს მისგან ნორმა და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II, 6). აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები“. (იხ.,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება #2/3/406,408 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თნახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გასაჩივრებული ბრძანება არავითარ მსგავს დათქმას არ შეიცავს. თუმცა, გასაჩივრებული ბრძანებით შემოღებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 28 ივნისიდან, 30-ე დღეს თავისი შინაარსით ეხება აღნიშნულ თარიღამდე არსებულ ურთიერთობებს, იმ პირებს, ვისაც ბრძანების გამოცემის დროისათვის უკვე დასრულებული ჰქონდა უცხოეთში განათლების მიღება.
შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ბუნდოვანია, მოსარჩელეთათვის რთულია განჭვრეტა მინისტრის ბრძნებით განსაზღვრული სამართლებრივი მხარის, შედეგების, ნორმა არ არის იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისი წარმართვა.
ნორმის ბუნდოვანების გამო სამინისტრო ბოროტად იყენებს შესაძლებლობას და ნორმის მოქმედებას ავრცელებს იმ პირებზეც, რომლებმაც ლეგიტიმური მოლოდინის არსებობის გამო (ვინაიდან 26 წლის განმავლობაში, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდის მანძილზე, მსგავსი რეზიდენტურის შედეგები უპრობლემოდ იყო აღიარებული), უკვე გაიარა რეზიდენტურა სხვა სახელმწიფოებში ან ჩააბარა ასეთ პროგრამაში ბრძანების ამოქმედებამდე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა