ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/1294 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 24 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მაისი 2019 12:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ილია ჭუმბაძე; მოსარჩელეების - ილია ჭუმბაძის, ხათუნა გრიგალაშვილისა და გიორგი მამუკელაშვილის წარმომადგენლები - დიმიტრი გეგენავა და სერგი ჯორბენაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლები - ბექა პატარაია და ნათია ნოღაიდელი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1294) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ზურაბ იჩქიტიძემ, ილია ჭუმბაძემ, ხათუნა გრიგალაშვილმა, გიორგი მამუკელაშვილმა, თეონა კახიანმა და ნათია კახაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 23 იანვარს. №1294 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 26 სექტემბერს.
2. №1294 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანების (შემდგომში №01-42/ნ ბრძანება) დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როდესაც უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა.
4. №1294 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-16 მუხლი განსაზღვრავდა რომ „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. კონსტიტუციის მე-12 მუხლი მიუთითებს, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
6. №1294 კონსტიტუციურ სარჩელზე დართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა დიპლომისშემდგომი განათლება მიიღეს კლინიკური ორდინატურის ფორმატში ბელარუსსა და უკრაინაში. თუმცა მათ მიერ მიღებული პროფესიული მზადების ხანგრძლივობა ნაკლები აღმოჩნდა საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, რის გამოც დაუდგინდათ დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულება.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვენ №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად დამატებითი სასწავლო კურსის გავლას ავალდებულებს პირს, რომელმაც კლინიკური ორდინატურის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა ან რომელიც ბრძანების ამოქმედებამდე მსგავს პროგრამაზე ჩაირიცხა უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სამართლებრივი პოზიციის დაზუსტებისას მოსარჩელეებმა გააფართოვეს სასარჩელო მოთხოვნა და, დამატებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად დამატებითი სასწავლო კურსის გავლას ავალდებულებს პირს, რომელმაც კლინიკური ორდინატურის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა ან რომელიც ბრძანების ამოქმედებამდე მსგავს პროგრამაზე ჩაირიცხა უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
8. მოსარჩელეთა პოზიციით, სწორედ სადავო ნორმა იწვევს მათ სამართლებრივ პრობლემას. კერძოდ, №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია დიპლომისშემდგომი სწავლებისათვის აუცილებელი წინაპირობა. ხოლო უშუალოდ დამატებითი დიპლომისშემდგომი სწავლების ვალდებულება ხსენებული ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითაა დარეგულირებული. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამავე ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველი და აუცილებელი წინაპირობაა, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ავტომატურად გამოიწვევს დამატებითი სწავლების ვალდებულების გაუქმებას და მოსარჩელეთა პრობლემის აღმოფხვრას.
9. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რამდენადაც ის უკუძალით გავრცელდა მის ამოქმედებამდე მიმდინარე/დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სხვაგვარად, №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ წესს მიეცა უკუქცევითი ძალა და ის გავრცელდა იმ პირებზეც, რომლებმაც ბრძანების ამოქმედებამდე კლინიკური ორდინატურის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარეს ან მსგავს პროგრამაზე ჩაირიცხნენ უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შედეგად, სახელმწიფო ასეთ პირებს არ უღიარებს უცხოეთში მიღებულ დიპლომისშემდგომ განათლებას სრულად და უდგენს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულებას საქართველოში. ხსენებული კურსის გავლის გარეშე კი მოსარჩელეები არ დაიშვებიან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე და ვერ მოიპოვებენ საექიმო საქმიანობის ლიცენზიას. ამდენად, სადავო ნორმის უკუქცევითი ძალით გამოყენებამ, ზემოხსენებულ პირთა ჯგუფი და ის პირები, რომლებმაც ასეთივე დიპლომისშემდგომი სწავლება გაიარეს, თუმცა სადავო ბრძანების ამოქმედებამდე, შეძლეს ყოველგვარი დამატებითი სწავლების გარეშე, დაუბრკოლებლად, სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლა, განსხვავებულ მდგომარეობაში ჩააყენა. მოსარჩელე მხარე შესადარებელ სუბიექტთა წრეს სხვა მიმართულებითაც გამოკვეთს, მიიჩნევს რა, რომ სადავო ნორმა უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების აღიარების საკითხს უკავშირებს მხოლოდ სახელმწიფოს, სადაც ეს განათლებაა მიღებული. შესაბამისად, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც დიპლომისშემდგომი სწავლება გაიარეს უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ის პირები, რომელთაც ასეთი სწავლება გაიარეს საქართველოსა და იმ სახელმწიფოებში, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლება, ყოველგვარი დამატებითი კურსის დაწესების გარეშე, აღიარებულია ავტომატურად.
10. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაცია განათლების მიღების ადგილმდებარეობის მიხედვით ხორციელდება. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დამატებითი სწავლების ვალდებულების დადგენით ვერ მიიღწევა კვალიფიციური ექიმის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმა მხედველობაში იღებს უცხოეთში მიღებული განათლების მხოლოდ ხანგრძლივობას (ფორმა) და არა თავად ამ განათლების შინაარსს. დამატებითი სწავლების ვალდებულების დადგენა არაეფექტური ღონისძიებაა, თუკი პირს უცხოური დიპლომისშემდგომი განათლების ფარგლებში საჭირო დისციპლინები სრულად აქვს გავლილი, თუმცა დროის უფრო მცირე პერიოდში. დამატებით, მითითებულია, რომ, თუკი მოსარჩელეთა მიერ მიღებული განათლება ნაწილობრივ არ არის თავსებადი ქართულ მოთხოვნებთან, დამატებით რამდენიმეთვიანი კურსის გავლა მას ასეთად ვერ აქცევს. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არაკონსტიტუციურია.
11. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სადავო ნორმა, დამატებითი სწავლების ვალდებულების დადგენით, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლს განათლების უფლების თვალსაზრისით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პირებს, რომელთაც №01-42/ნ ბრძანების ამოქმედებამდე გაიარეს (გადიან) დიპლომისშემდგომი სწავლება უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გააჩნდათ ლეგიტიმური მოლოდინი მათი განათლების აღიარების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ამ უფლებით, ასევე, დაცულია საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება, მათ შორის, პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებული საკითხები.
12. მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეებს, ვინაიდან მათ არ აქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
13. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ №1294 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმა არასწორადაა გასაჩივრებული, რადგან მას მოსარჩელეთა მიერ მითითებული სადავო შინაარსი არ გააჩნია. კერძოდ, №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება მხოლოდ დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარება საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის გაცემას იწვევს. აღნიშნული მუხლი არ შეეხება დამატებითი დიპლომისშემდგომი სწავლების ვალდებულებას, რომელსაც მოსარჩელე ხდის სადავოდ. ეს უკანასკნელი №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლითაა მოწესრიგებული.
14. მოპასუხე მხარემ, ალტერნატიული დასაბუთების სახით, ყურადღება გაამახვილა სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებს შორის მიმართებაზე.აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით, სადავო ნორმა ნეიტრალური ბუნებისაა.დასახელებული მუხლის მიზნებისათვის არ არსებობს პირთა მყარად იდენტიფიცირებადი ორი ჯგუფი, რომელთა მიმართაც იქნებოდა სხვადასხვა უფლებრივი რეჟიმი. სადავო რეგულირება ადგენს ერთნაირ უფლებრივ რეჟიმს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველი თითოეული პირისათვის. სადავო ნორმა მიმართულია არა პირთა მიმართ განსხვავებული უფლების დადგენის, არამედ გამოცდაზე გასვლის მსურველ პირთა მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებისაკენ. განათლების მიღების ადგილმდებარეობის მიხედვით დისკრიმინაციაზე კი აღინიშნა, რომ დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის განსაზღვრა ხდება არა ქვეყნების მიხედვით, არამედ მხედველობაში მიიღება უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა მეტია თუ ნაკლები საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე. ამასთან, მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის სუბსიდიურ ხასიათზე და მიუთითა, რომ, მოცემული დავის ფარგლებში, რელევანტურია განათლების უფლება როგორც სპეციალური უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარემ №1294 კონსტიტუციურ სარჩელზე, მისი რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული პოზიცია. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, მოსარჩელეებმა გააფართოვეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვეს №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად დამატებითი სასწავლო კურსის გავლას ავალდებულებს პირს, რომელმაც კლინიკური ორდინატურის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა ან რომელიც ბრძანების ამოქმედებამდე მსგავს პროგრამაზე ჩაირიცხა უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოსარჩელეს აღჭურავს შესაძლებლობით, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობა ან/და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა არ ითვალისწინებს მოსარჩელე მხარის უფლებამოსილებას, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, საკონსტიტუციო სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, II-3). გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით შემოტანილი ახალი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე.
3. №1294 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით. დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს იდენტური/მსგავსი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ დებულებებთან მიმართებით შეაფასებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით განმტკიცებული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. ხსენებული უფლება აისახა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმადაც, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით”. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლი აცხადებდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მოქმედი კონსტიტუციით შესატყვისი უფლება დაცულია მე-12 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებთან მიმართებით შეაფასებს.
5. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთანავე, „სარჩელში მოყვანილი არგუმენტები უნდა ცხადყოფდეს, რომ მოსარჩელის კონკრეტული უფლების სავარაუდო დარღვევა სწორედ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია მხოლოდ დამატებითი სწავლების ვალდებულების დადგენა და არა საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობის ან მის ასაღებად საჭირო დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საკითხი. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმა პირებს, რომელთაც უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება მიღებული აქვთ კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, უდგენს დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულებას. მოსარჩელეთა განმარტებით, მართალია, სადავო ნორმა პირდაპირ მხოლოდ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობაზე მიუთითებს, თუმცა მას ასევე გააჩნია დამატებითი სწავლების ვალდებულების განმსაზღვრელი ნორმატიული შინაარსი. კერძოდ, გასაჩივრებული წესით დადგენილია დამატებითი სწავლებისათვის აუცილებელი წინაპირობა - საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა. შესაბამისად, დიპლომისშემდგომი სწავლების ვალდებულების საფუძველს სწორედ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი წესი ქმნის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ავტომატურად გამოიწვევს, დამატებითი სწავლების ვალდებულების გაუქმებას და მოსარჩელეთა პრობლემის აღმოფხვრას.
7. მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია და მიუთითა, რომ №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება მხოლოდ დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარება საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის გაცემას იწვევს. აღნიშნული მუხლი არ შეეხება დამატებითი დიპლომისშემდგომი სწავლების ვალდებულებას, რასაც მოსარჩელე ხდის სადავოდ. ეს უკანასკნელი საკითხი ამავე ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლითაა მოწესრიგებული.
8. №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როდესაც უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა.
9. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის პრობლემურობას უკავშირებს მხოლოდ უცხოეთში მიღებული განათლების სრულად არაღიარებასა და საქართველოში დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის ვალდებულების დადგენას. როგორც აღინიშნა, სადავოდ არ არის გამხდარი უშუალოდ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობის ან/და მასთან დაკავშირებული დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სწორედ გასაჩივრებული წესი ქმნის დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის საფუძველს. „დასახელებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, II-4).
10. №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ტექსტიდან გამომდინარე, პირები, რომელთაც უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება მიღებული აქვთ კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით აუცილებელია, ფლობდნენ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობას. „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანების მე-6 მუხლის შესაბამისად, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა გაიცემა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად. აღნიშნული დოკუმენტი უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულს ანიჭებს უფლებას, მიიღოს მონაწილეობა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსში ან რეზიდენტურის ალტერნატიული გზით დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) რომელიმე საექიმო სპეციალობის დასაუფლებლად. შესაბამისად, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა არის დიპლომისშემდგომი განათლების (მათ შორის, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსი) მიღების აუცილებელი წინაპირობა. თუმცა სადავო ნორმა არ შეიცავს სიტყვასიტყვით მითითებას უშუალოდ დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების ვალდებულების თაობაზე. ამდენად, გასაჩივრებული წესის ტექსტობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება დიპლომისშემდგომი განათლების მიღებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი პროცედურული წინაპირობის დადგენას, იმ ქმედებას, რომელიც პირმა უნდა განახორციელოს დიპლომისშემდგომი სწავლებისათვის, თუმცა არ არეგულირებს უშულოდ დამატებითი დიპლომისშემდგომი სწავლების სავალდებულოობის საკითხს.
11. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმის ნორმატიული შინაარსის განსაზღვრისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, მხედველობაში იღებს სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკას. უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების აღიარებისა და დამატებითი სწავლების ვალდებულების საკითხს წყვეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. როგორც სამართალშემფარდებელმა განმარტა, დამატებითი დიპლომისშემდგომი სწავლების ვალდებულების დადგენის საფუძველია №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლი. დასახელებული მუხლი არეგულირებს უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების აღიარების საკითხს. ხოლო მისი მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, პირის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხი განიხილება აღნიშნული პირის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის დასრულების შემდგომ. ამდენად, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულებას ადგენს №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და არა ამავე ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს.
12. ის, რომ სადავო ნორმის გაუქმების შედეგად ვერ აღმოიფხვრება მოსარჩელეთა პრობლემა, დასტურდება, აგრეთვე, სხვა მტკიცებულებით. პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის №7 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარდამავალ ეტაპზე, კლინიკურ ორდინატურადამთავრებულ მაძიებლებს მიეცათ უფლება დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების კურსით მომზადება დაეწყოთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე, შესაბამისად, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობის გარეშე. საბჭოს მიერ სადავო ნორმის გაუვრცელებლობის თაობაზე დადგენილი საგამონაკლისი წესი შეეხო, ასევე, მოსარჩელეებს, თუმცა ამას არ გამოუწვევია მოსარჩელეთა გათავისუფლება დამატებითი დიპლომისშემდგომი კურსის გავლის ვალდებულებისგან. აღნიშნულით დასტურდება, რომ მოსარჩელეთათვის დამატებითი დიპლომისშემდგომი კურსის გავლის ვალდებულება არ ეფუძნება სადავო ნორმას და ის არსებობს გასაჩივრებული წესისგან დამოუკიდებლად.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №01-42/ნ ბრძანების დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. გასაჩივრებული წესის ტექსტობრივი ანალიზი, ისევე როგორც სამართალშემფარდებლის მიერ სადავო ნორმასთან მიმართებით გაკეთებული განმარტება, არ მიუთითებს გასაჩივრებული ნორმის მოსარჩელეთა მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობაზე. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1294 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1294 („ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე