ა(ა)იპ დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1778 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება |
თარიღი | 12 აპრილი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მე-23 მუხლი : „ამ დადგენილებით დამტკიცებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 915-ე და 916-ე ქვეთავების მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1 იანვრამდე იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს“. ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მე-23 მუხლი: „ამ დადგენილებით დამტკიცებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 915-ე და 916-ე ქვეთავების მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1 იანვრამდე იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
. საქართველოს კონსტიტუცია, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მუხლი 60-ის მე-4-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი და 31-ე და 311 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არმიღების საფუძველი, კერძოდ:
1) საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19-ე მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა: საქართველოს ორგანული კანონის
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად ჩვენ უფლებამოსილნი ვართ სარჩელით მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39
მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს.
3) საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტთან შესაბამისობა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
4 ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31 1 მუხლთან შესაბამისობა:
ჩვენი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ის შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩვენს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადავო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მისი მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული გვაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:
1. საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს არ უმსჯელია.
2. კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
3. სადავო საკითხი ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან.
სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე კანონში გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, კერძოდ მუხლი: 23-ის შინაარსი განისაზღვრა შემდეგნაირად: „ამ დადგენილებით დამტკიცებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 915-ე და 916-ე ქვეთავების მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1 იანვრამდე იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს.“
მაშინ როდესაც 915-ე ქვეთავი განსაზღვრავს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობანაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარების მნიშვნელოვან დებულებებს, ხოლო 916-ე ქვეთავი მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობას აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირების წესების მოქმედების შეჩერება 2024 წლის 1 იანვრამდე ეწინაარმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1 პუნქტით დაცულ ადამიანის ღირსების ხელშეუვაობასა და მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტით ყველა ადამიანი თანასწორია. აღნიშნულ კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებამ არსებითად დისკრიმინაციული მოპყრობა განაპირობა იმ სუბიექტთა ჯგუფის მიმართ, რომელიც 2024 წლის 1 იანვრამდე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად ფართის გადაცემის მოლოდინშია, ამასთანავე მათი ღირსებისა და თანასწორობის უფლების აშკარა დარღვევაც იკვეთება. დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი ასევე მშენებლებთან მიმართებით, ვიანიდან 2024 წლის 1 იანვრამდე სამშენებლო დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებს ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოუწევთ უსაფრთხოების წესების გათვალისწინების გარეშე მშენებლობა, ხოლო აღნიშნული ვადის შემდგომ სამშენებლო პირებს კანონი ავალდებულებს მთელი რიგი უსაფრთობის სტანდარტების მიხედვით განახორციელოს მშენებლობა და როგორც ობიექტის შიგნით პერიმეტრი, ისე ობიექტის გარეთა ნაწილიც უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით უზრუნველყოს.
ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე დადგენილებით დამტკიცებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 915-ე და 916-ე ქვეთავების მოქმედების შეჩერება 2024 წლის 1 იანვრამდე იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს ლახავს ადამიანთა ღირსებასა და თანასწორობის უფლებას არღვევს, ვინაიდან 915-ე ქვეთავი განსაზღვრავს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობანაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარების მნიშვნელოვან დებულებებს, ხოლო 916-ე ქვეთავი მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობას. აღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირების წესების მოქმედების შეჩერება 2024 წლის 1 იანვრამდე ეწინაარმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1 პუნქტით დაცულ ადამიანის ღირსების ხელშეუვაობასა და მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, რადგან იმ სუბიექტებს, რომელთა მშენებლობაც 2024 წლის 1 იანვრამდე დაიწყება/დასრულდება ჩაბარდებათ საკუთრებაში ფართი, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან ფართი არ იქნება კეთილმოწყობილი სახანძრო-სამაშველო დებულებებიდან გამომდინარე აუცილებელი კრიტერიუმების მიხედვით და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისათვის იქნება ხელსაყრელი პირობები, განსხვავებით 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ აშენებული ფართებისა.
2024 წლის პირველ იანვრამდე მნიშვნელოვანი ქვეთავების შეჩერებით არათანასწორ მდგომარეობაში არიან ის სუბიექტები, რომელთა მშენებლობა უკვე მიმდინარეობს ან 2024 წლის 1 იანვრამდე დაიწყება და ელოდებიან ფართის მიღებას, რომელიც არ იქნება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი კომპონენტებით აღჭურვილი, ხოლო 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ როდესაც შეჩერებული ნორმა ამოქმედდება მშენებლობები კვლავ დადგენილი ქვეთავების მოთხოვნათა დაცვით დაიწყება, რაც არღვევს თანასწორობასა და ადამიანის ღირსებას.
რაღა თქმა უნდა დისკრიმინაციას აქვს ადგილი, როდესაც დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. შესაბამისად აღნიშნული დადგენილება, რომელიც თანასწორ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ, შესაბამისი გამართლების გარეშე, არღვევს თანასწორობის პრინციპს.
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2/1/536 „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, 2014 წლის 4 თებერვლი. პარაგრაფი II-10)
„თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30).
შედეგად, ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების - ადამიანის თავისუფლების საფუძველია, ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა. „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
ღირსება არის ის უფლება და, ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები... ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-31). „ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრეს იმპერატივს, ადამიანის ღირსების დაცვას, რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში…“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციასა და დაცვას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ღირებულებათა სისტემა: „ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენენ ადამიანის ღირსების დაცვის სამართლებრივ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3), კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების რეალიზაციისა და გამოყენების პრაქტიკული შედეგები კი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილებასთან: ეს პრინციპები „[...] მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართალი უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარებასა და მათი დაცვის ყველა საჭირო გარანტიის შექმნას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო მუხლის საფუძველზე ხორციელდება ღირსებისა და თანასწორობის უფლებაში ჩარევა, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა