ა(ა)იპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/1778 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ივლისი 2023 16:55 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების 23 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1778) მომართა ა(ა)იპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებამ“. №1778 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 14 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 5 ივლისს.
2. №1778 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების 23 მუხლის თანახმად, „ამ დადგენილებით დამტკიცებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 915-ე და 916-ე ქვეთავების მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1 იანვრამდე იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ხოლო, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპს.
5. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო დებულების შესაბამისად, 2024 წლის პირველ იანვრამდე შეჩერდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 915-ე და 916-ე ქვეთავების მოქმედება იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს. თავის მხრივ, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების 915-ე ქვეთავი განსაზღვრავს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარების მნიშვნელოვან დებულებებს, ხოლო 916-ე ქვეთავი შეეხება მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობას.
6. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, იმ სუბიექტებს, რომელთა საკუთრებაში მისაღები შენობა-ნაგებობების მშენებლობაც 2024 წლის 1 იანვრამდე დაიწყება/დასრულდება, გადაეცემათ ფართი, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მათთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან ფართი არ იქნება კეთილმოწყობილი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისათვის. აღნიშნული კი განაპირობებს ამ პირების ღირსებისა და თანასწორობის უფლების დარღვევას.
7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე ხდება ასევე, დისკრიმინაცია სამშენებლო კომპანიების მიმართ, ვინაიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ისინი ზედმეტი დანახარჯების გარეშე განახორციელებენ საქმიანობას, ხოლო აღნიშნული ვადის შემდგომ მათ კანონი ავალდებულებს როგორც ობიექტის შიგნითა პერიმეტრის, ისე ობიექტის გარეთა ნაწილის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რაც გაზრდის მათ ფინანსურ ხარჯებს.
8. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში actio popularis შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი ... რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
2. №1778 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების იმ ნორმას, რომელიც 2024 წლის პირველ იანვრამდე, ადგენს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების გარკვეული წესების შეჩერებას იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნებიან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებს.
3. მოსარჩელის აღნიშვნით, იმ სუბიექტებს, რომელთა საკუთრებაში მისაღები შენობა-ნაგებობების მშენებლობაც 2024 წლის 1 იანვრამდე დაიწყება/დასრულდება, გადაეცემათ ფართი, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მათთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან ფართი არ იქნება კეთილმოწყობილი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისათვის. აღნიშნული კი განაპირობებს ამ პირების ღირსებისა და სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
4. №1778 კონსტიტუციური სარჩელის სულისკვეთებიდან აშკარად იკითხება, რომ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს იმ პირთა ინტერესების დასაცავად, რომელთა საკუთრებაში მისაღები შენობა-ნაგებობების მშენებლობაც 2024 წლის 1 იანვრამდე დაიწყება/დასრულდება. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აპელირებს ფიზიკური პირებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი მშენებლობებით მათი ღირსებისა და თანასწორობის უფლებების დარღვევაზე. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომ მან საკუთრებაში მიიღო ან უნდა მიიღოს ობიექტი, რომელზეც სადავო ნორმის მოქმედებით, შეჩერდება შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების გარკვეული წესების გავრცელება. შესაბამისად, იგი არ ასაბუთებს, რომ ირღვევა მისი, როგორც იურიდიული პირის რაიმე უფლება. ამდენად, აშკარაა, რომ იგი დავობს არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე. საკონსტიტუციო სასამართლოში თითოეულმა პირმა შესაძლოა იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე, იურიდიული ან ფიზიკური პირი სასამართლოს ვერ მიმართავს მისი წევრების ან/და იმ პირთა უფლებებისათვის, რომელთა დაცვის მიზნითაც საქმიანობენ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №2/6/1381 განჩინება საქმეზე „ააიპ „ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ უმცირესობათა, ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება გუშაგი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/9/1336 განჩინება საქმეზე „ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის №1/8/669 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
5. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1778 კონსტიტუციური სარჩელი არის actio popularis და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1778 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში