სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1403 |
ავტორ(ებ)ი | სულხან გველესიანი |
თარიღი | 25 თებერვალი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
მუხლი 2901. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას 1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; |
„მუხლი 18 . 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.. |
მუხლი 2901. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას 1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; |
მუხლი 11 . 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელს თან ერთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ვიდეო ჯარიმა. ვიდეო ჯარიმის ელექტრონული საჯარიმო ქვითრით Nავ003056975 ირკვევა, რომ მე, სულხან გველესიანი დავჯარიმდი 2019 წლის 22 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6-ე პუნქტის მეორე ნაწილის მიხედვით. 2019 წლის 22 იანვარს ავადმყოფობის გამო მთელი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი სახლში და ჩემს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ჩემი მეგობარი.
კონსტიტუციური სარჩელით მოგმართავთ მე, სულხანი გველესიანი ფიზიკური პირი, და მიმაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 -ე მუხლის პირველი პუნქტით და ა) ქვეპუნქტით დაირღვა ჩემი უფლებები, იქედან გამომდინარე, რომ ამ მუხლის შესაბამისად მოხდა ჩემი, როგორც ავტო-სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმება (იხ. დანართი N2), მიუხედავად იმისა რომ სამართალდარღვევის მომენტში მე სატრანსპორტო საშუალებას არ ვმართავდი (იხ. დანართი N3). ამდენად, ვთვლი რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 -ე მუხლით დაირღვა ჩემი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და ასევე არსებობს საფრთხე ამ უფლებების განმეორებით დარღვევისა, როგორც ჩემს, ისე სხვა პირების მიმართაც.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხის რეგულირება გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 11-18 მუხლების მოთხოვნით
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვასაჩივრებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 -ე მუხლის პირველი პუნქტს და ა) ქვეპუნქტს.
მიმაჩნია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დაირღვა ჩემი უფლებები, იქედან გამომდინარე, რომ ამ მუხლის შესაბამისად მოხდა ჩემი, როგორც ავტო-სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმება (იხ. დანართი №2). მიუხედავად იმისა, რომ დაჯარიმების მომენტში ავტო-სატრანსპორტო საშუალებას არ ვმართავდი და შესაბამისად არც სამართალდამრღვევი არ ვყოფილვარ.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 -ე მუხლის პირველი პუნქტი და ა) ქვეპუნტი, რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევისთვის შესაბამისი ჯარიმის, სატრანსპორტო საშუალების მფლობელისთვის გადახდის დაკისრებას, გამოცემულია კანონის დარღვევით. კერძოდ:
აღნიშნული კანონის პირველი პუნქტის და ა) ქვეპუნქტის თანახმად, “თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; “
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10-ე მუხლის მიხედვით: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.“
ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ითვლება, პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით ან უმოქმედობით არღვევს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს.
საკუთრების ფლობა და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ფლობა გარანტირებულია საქართველოს კოსტიტუციით (მე-19-ე მუხლი) და ის არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად.
საკუთრების უფლება ასევე მოიცავს თავისუფლებას, მოძრავი ან უძრავი ნივთის გასხვისების, გაქირავების, ჩუქების ან მესამე პირისთვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაქირავება ან მესამე პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ არც სატრანსპორტო საშუალების ფლობა და არც მისი სხვაზე გადაცემა არ არის სამართალდარღვევა და შესაბამისად, პირს, რომელსაც არ ჩაუდენია სამართალდარღვევა არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით: „ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.“
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901-ე მუხლის პირველი პუნქტი და ა) ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სახდელის მიზანს, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად და სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის ასაცილებლად.
პირი რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ფლობს და ასევე მესამე პირებს სარგებლობაში გადასცემს, არ შეიძლება დაექვემდებაროს აღზრდას, კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით. აღნიშნული სახდელი ასევე არ არის პრევენციის მექანიზმი იმ პირების მიმართ, რომელიც ფლობენ ან მესამე პირებს სარგებლობაში გადასცემენ სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან მათი მხრიდან სამართალდარღვევის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
სადაო ნორმის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-18-ე მუხლთან
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2901-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ა) ქვეპუნქტის მოთხოვნა როგორც მე, ისე ყველა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც დაჯარიმდნენ სატრანსპორტო საშუალების ფლობისთვის, ულახავს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ ნაწილში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული. კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ყველასთვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
სამართლიანად განხილვა შეიძლება ეწოდოს, ქმედებების ერთობლიობას, რომელსაც სახელმწიფო ორგანო ახორციელებს, რათა კონსტიტუციის და კანონის დაცვით განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება. კერძოდ: ადმინისტრაციულ ჯარიმას აქვს ორი მიზანი ერთი, რომ სამართალდამრღვევმა მომავალში ისევ არ დაარღვიოს კანონი და მეორე, რომ სხვებმა ვისაც ჯერ არ დაურღვევია, თავი შეიკავონ მისი დარღვევისგან.
სამართლიანად განხილვა არ შეიძლება ეწოდოს, პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას სხვისი სამართალდარღვევისთვის. აღნიშნული, არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცას, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ ზოგად სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან დაუშვებელია სხვისი პასუხისმგებლობისთვის სანქცია დაუწესდეს პირს, რომელსაც კანონი არ დაურღვევია.
სადაო ნორმის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-11-ე მუხლთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-11-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.“
სახელწიფოს მხრიდან უთანასწორო მოპყრობა მაშინ ხდება, როდესაც ის არსებითად თანასწორს – უთანასწოროდ, ხოლო არსებითად უთანასწოროს თანასწორად ეპყრობა. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მიუხედავად შესადარებელი პირების თუ სიტუაციების საერთო ნიშ-ნით მსგავსებისა, საჯარო ხელისუფლება მათ მაინც განსხვავებულად აფასებს. უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება თანაზომირების პრინციპის საფუძველზე უნდა განხორციელდეს: (1) განსხვავე-ბა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს; (2) განსხვავებისთვის შერჩეული ნორმატიული აქტის საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დასაშვები და გამოსადეგი უნდა იყოს; (3) განსხვავებისთვის შერჩეული საშუალების ინტენსი-ვობა უნდა იყოს აუცილებელი, ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი მიზნის მისაღებად.[1]
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვიათ, “სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 208-ე და 2082 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დაჯარიმებისას − დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე, გარდა ამ მუხლის 15 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული კანონის მიხედვით ჯარიმის გადახდა ეკისრება სამართალდამრღვევს, პირს რომელმაც დაარღვია ადმინისტრაციული კანონმდებლობა. ამ კანონს თუ შევადარებთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901-ე მუხლის პირველ ნაწილს და ა) ქვეპუნქტს, დავინახავთ, რომ განსხვავება არის დაჯარიმებულ სუბიექტში. ანუ, თუ 290-ე მუხლით ჯარიმის გადახდა ეკისრება სამართალდამრღვევს, 2901-ე მუხლით კი ჯარიმის გადახდა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
ამდენად, ადგილი გვაქვს ორ არსებითად უთანასწორო სიტუაციასთან. კერძოდ: პირველი სამართალდამრღვევი, ანუ პირი, რომელმაც დაარღვია კანონმდებლობა და მეორე, პირი, რომელსაც არ დაურღვევია კანონმდებლობა.
შესაბამისად, მივიღეთ ორი არსებითად უთანასწორო პირი და სიტუაცია.
უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება თანაზომირების პრინციპის საფუძველზე უნდა განხორციელდეს:
ა) ლეგიტიმური მიზანი
კანონის მიზანია, ადმინისტრაციული სახდელი დააკისროს სამართალდამრღვევ პირებს. შესაბამისად მიზანი ლეგიტიმურია.
ბ) განსხვავებისთვის შერჩეული ნორმატიული აქტის საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დასაშვები და გამოსადეგი უნდა იყოს;
ავტო-სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დასაშვები და გამოსადეგია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს სხვა პიროვნება მართავდა, მფლობელს შეუძლია გადახდილი ჯარიმის თანხა მას მოთხოვოს, რაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევას შესაძლებელს გახდიდა.
გ) განსხვავებისთვის შერჩეული საშუალების ინტენსივობა უნდა იყოს აუცილებელი, ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი მიზნის მისაღებად.
საეჭვოა, რამდენად არის განსხვავებისთვის შერჩეული საშუალების ინტენსივობა აუცილებელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით დაამონტაჟა სათვალთვალო კამერები, რომლის მეშვეობითაც ის ახდენს გზებზე წესრიგის დაცვის მიზნით კონტროლს. კამერები ისე არის დამონტაჟებული, რომ შესაძლებელია ამოცნობილ იქნეს ავტო-სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნები, მარკა და მძღოლიც კი. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რატომ არის აუცილებელი, დაჯარიმდეს ავტომობილის მფლობელი სამართალდარღვევისთვის, როდესაც პოლიციას შეუძლია, კამერების მეშვეობით ავტომობილის მძღოლის ამოცნობა. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მძღოლის ამოცნობა შეუძლებელია, პოლიციას შეუძლია წერილობით მიმართოს ავტომობილის მფლობელს და გაარკვიოს, მართავდა თუ არა ის დაჯარიმების მომენტში სატრანსპორტო საშუალებას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია ასევე თხოვოს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომ მან დაასახელოს პირი, რომელიც სამართალდარღვევის მომენტში სატრანსპორტო საშუალებას მართავდა. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს საკმაოდ ბევრი და ეფექტური ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გამოავლინოს სამართალდამრღვევი. ამდენად, განსხვავებისთვის შერჩეული საშუალების ინტენსივობა არ იყო აუცილებელი.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ამოცნობა და შესაბამისად სამართალდამრღვევის დაჯარიმება ნაცვლად სატრანსპორტო საშუალების მფლობელისა უნდა იყოს ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი მიზნის მისაღწევად.
თუ მიზანი არის სამართალდამრღვევის დაჯარიმება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება მოხდეს. ამისათვის საჭიროა კამერების ისე განლაგება, რომ მძღოლის სახე კარგად გამოჩნდეს. კადრის გადაღების შემდეგ უნდა მოხდეს ავტომობილის მფლობელის ფოტოსთან შედარება ან გარკვევა იმისა თუ ვინ მართავდა ავტომობილს. შესაბამისად მიზნის მიღწევა ნაკლები დანაკარგებით ნამდვილად შესაძლებელია.
ნაკლები ზიანის მომტანია ასევე, თუ საპატრულო პოლიცია შეეცდება თავად ავტომობილის მფლობელთან გაარკვიოს, თუ ვინ მართავდა ავტომობილს სამართალდარღვევის მომენტში. მითუფრო, რომ კანონის მიხედვით მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს ეკისრება.
ამდენად, უნდა ითქვას, რომ ერთნაირად ჯარიმდება, როგორც სამართალდამრღვევი ასევე პირი, რომელსაც კანონი არ დაურღვევია. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს.
სადაო ნორმის შეუთავსებლობა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს რა, რომ ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას, კანონს და მთლიანად სამართალს.
ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. სადაო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებებას.
აღნიშნული პრობლემა, ჯერ კიდევ 1989 წელს, გერმანიის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს (BVerfG, Beschluss vom 1. Juni 1989 – 2 BvR 239/88) განსჯის საგანი გახდა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ჯარიმა დააკისრო პირს, რომელსაც სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ეწინააღმდეგება პრინციპს „არ არის დანაშაული არ არის სასჯელი (nulla poena sine lege)“.
გერმანიის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა გამონაკლისი, რომელიც ეხება დაჯარიმებას არასწორი პარკინგისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში, ობიექტურად შეუძლებელია დადგინდეს თუ ვინ იჯდა საჭესთან, რადგან მძღოლი სატრანსპორტო საშუალებაში აღარ იმყოფება. ასეთ სიტუაციაში, ხდება ავტომობილის მფლობელის გამოკითხვა და შეთავაზება, რომ მან დაასახელოს პირი, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება არასწორად გააჩერა.
განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს, კამერების და სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლიათ მძღოლი სამართალდარღვევის მომენტში დააფიქსირონ, მოახდინონ მისი იდენტიფიცირება და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება.
მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901-ე მუხლის პირველი პუნქტის და ა) ქვეპუნქტის მიხედვით, სამართალდამრღვევის დადგენის მცდელობაც კი არ არის გათვალისწინებული, არამედ ყოველგვარი მოქმედების გარეშე, ჯარიმის გადახდა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901-ე მუხლის პირველი პუნქტის და ა) ქვეპუნქტის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების მფლობელს იმის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა, რომ დაასახელოს პირი, რომელიც სამართალდარღვევის მომენტში მართავდა სატრანსპორტო საშუალებას. კანონი პირდაპირ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას, რითაც შეილახა ჩემი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ასვე საფრთხე ექმნება სხვა კანონმორჩილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების უფლებებსაც.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ საკონსტიტუციო სარჩელით.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სარჩელი წარმოებაში, ბათილად ცნოთ კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი.
მოვითხოვ:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნიოს და ბათილად ცნოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901-ე მუხლის პირველი პუნქტი და ა) ქვეპუნქტი
დასაბუთება: მოთხოვნილით აღდგენილი იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული ჩემი უფლება სამართლიანი ადმინისტრაციული სამართალწარმოების კუთხით. ამასთან ერთად, აღდგება სამართლის ნორმა, კანონთა შესაბამისობა და ნორმატიული აქტების თანხვედრა საქართველოს უზენაეს კანონთან.
[1] Dreier, in: Grundgesetz-Kommentar, ders. (Hrsg.), 2. Aufl., 2004, S. 132.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა