სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/1403 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 17:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1403) მომართა საქართველოს მოქალაქე სულხან გველესიანმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2019 წლის პირველ მარტს. №1403 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 24 ოქტომბერს.
2. №1403 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“.
5. №1403 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 22 იანვარს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ვიდეო კამერის მეშვეობით დაფიქსირდა სამართალდარღვევის ფაქტი. სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს, როგორც პირს, რომელზედაც გაცემული იყო სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, დაეკისრა ჯარიმის გადახდა. მოსარჩელის მტკიცებით, სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში, იგი ავადმყოფობის გამო სახლში იმყოფებოდა, ხოლო მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მისი მეგობარი.
6. მოსარჩელის პოზიციით, სადავო რეგულაცია არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, მიუხედავად იმისა, სამართალდარღვევის ჩადენის დროისათვის მართავდა თუ არა იგი რეალურად ამ სატრანსპორტო საშუალებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგებით ფაქტობრივად ადმინისტრაციული სახდელი ეკისრება პირს, სხვა პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. ამასთან, ნორმა არ ემსახურება სამართალდამრღვევის აღზრდისა და ახალი სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციის მიზნებს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებით ილახება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის სამართლიანად განხილვის კონსტიტუციური უფლება.
7. №1403 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში თანაბრად ეკისრება პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, ხოლო, მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელსაც რეალურად კანონმდებლობა არ დაურღვევია. შედეგად, სახეზეა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა.
8. მოსარჩელის პოზიციით, სადავო რეგულაციის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე რეაგირება, თუმცა პასუხისმგებლობის ავტომატურად სატრანსპორტო საშუალების მფლობელისათვის დაკისრება დასახელებული უფლებების დაუსაბუთებლად მკაცრ შეზღუდვას იწვევს. მისი აზრით, საგზაო კამერების სწორად განთავსების შემთხვევაში, შესაძლებელია არა მხოლოდ ავტომობილის სანომრე ნიშნების, არამედ - მძღოლის ამოცნობაც. ისეთ შემთხვევებში კი, როდესაც მძღოლის ამოცნობა შეუძლებელია, პოლიციამ წერილობით უნდა მიმართოს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს და გაარკვიოს, ვინ მართავდა მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირების მომენტში. მოსარჩელის მტკიცებით, მსგავსი მოწესრიგება არის უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებას და გამორიცხავს იმ პირისათვის ჯარიმის დაკისრებას, რომელსაც რეალურად კანონი არ დაურღვევია.
9. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული უფლებით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/3/617 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
2. №1403 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. სადავო ნორმის თანახმად, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული. ამდენად, სადავო ნორმა განსაზღვრავს სუბიექტს, რომელსაც ამავე ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ცალკეული სამართალდარღვევებისათვის ეკისრება ჯარიმის გადახდა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას დასახელებული ძირითადი უფლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. ამ უფლების ფარგლები და მოცულობა განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკის კვალდაკვალ. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საქმე განიხილოს სამართლიანად და გონივრულ ვადაში, შესაბამისი პროცედურული მოთხოვნების დაცვით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას. აღნიშნული გარანტია არ მოიცავს პირის უფლებას, მოითხოვოს მატერიალური უფლების შექმნა ან ფარგლების გაფართოება. იგი მხოლოდ არსებული უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს. შესაბამისად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართების არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, იწვევს თუ არა ეს ნორმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.
6. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გადახდაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში მისი ფაქტობრივი მონაწილეობის და ბრალეულობის გარეშე. აღნიშნული არგუმენტაცია შესაძლოა, მიემართებოდეს კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც მოითხოვს, რომ პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს სამართალდარღვევაში ფაქტობრივი მონაწილეობისა და ბრალეულობის გარეშე. ამავდროულად, მოსარჩელემ ვერ წარმოაჩინა, რა კავშირი აქვს სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების დამდგენ ნორმას ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის დროულ და სამართლიან განხილვასთან. სადავო ნორმა არეგულირებს არა ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესუალურ საკითხებს, არამედ განსაზღვრავს, ვის უნდა დაეკისროს ჯარიმის გადახდა კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის გამო. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის მოთხოვნა შესაძლოა, რელევანტური იყოს მაშინ, როდესაც არასწორად ხდება საქმეში არსებული ფაქტობრივი მონაცემების შეფარდება და ადმინისტრაციული აქტის მიღება და არა იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემურია თავად კანონი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული აქტის მიღების ფაქტობრივ საფუძვლებს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გადახდაზე ვალდებულ სუბიექტს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ მოუყვანია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროული და სამართლიანი განხილვის უფლებას შორის.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1403 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლება. თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, თანასწორობის უფლების „მოთხოვნა ვერ იქნება პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენის აკრძალვა რაიმე ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობის გამო, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ამ პირებს ან მათ ამა თუ იმ კუთვნილებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
12. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო რეგულაცია იწვევს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას. კერძოდ, თანასწორობის უფლების შეზღუდვას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შესაბამისი ჯარიმის გადახდა თანასწორად ეკისრებათ არსებითად უთანასწორო პირებს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენ პირს და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მფლობელს, რომელსაც რეალურად სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
13. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) მიიჩნევა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პასუხისმგებლობის დამდგენი ყოველი ნორმა ქმნის სამართალდარღვევის დამოუკიდებელ შემადგენლობას. თითოეული სამართალდარღვევისათვის კანონმდებელი პასუხისმგებელ სუბიექტს სახდელის სახეს და ზომას თავად ამ სამართალდარღვევისთვის დამახასიათებელი თავისებურების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად განსაზღვრავს.
14. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ ნორმაში მითითებული სამართალდარღვევების თავისებურებების გათვალისწინებით, სამართალდარღვევის ფაქტი ფიქსირდება არა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, არამედ ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის მეშვეობით. ასეთ შემთხვევებში ჯარიმის გადახდა ეკისრება იმ პირს, რომელზეც ეს სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. მაშასადამე, სადავო ნორმაში გამოხატულია კანონმდებლის ნება, რომ განსხვავებით ზოგადი წესისაგან, როდესაც ჯარიმას იხდის უშუალოდ სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი, ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში ჯარიმის გადახდა იტვირთოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ, მიუხედავად იმისა, მართავდა თუ არა იგი ფაქტობრივად სატრანსპორტო საშუალებას სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში.
15. სხვადასხვა სახის სამართალდარღვევისათვის სამართალდარღვევაზე ჯარიმის გადახდაზე ვალდებული სუბიექტის განსაზღვრის განსხვავებული წესის არსებობა თავისთავად არ არის საკმარისი თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასადგენად. როგორც აღინიშნა, თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია, სახეზე იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა ან პირიქით - არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დავობს არსებითად უთანასწორო პირებს შორის თანასწორ მოპყრობაზე. თანასწორობის უფლების ამ ფორმით შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ იგი თავისი ბუნებით განსხვავდება სხვა შესადარებელი პირებისაგან და ეს განსხვავება იმდენად არსებითია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პირთა შორის განსხვავებული მოპყრობის ვალდებულებას წარმოშობს. ამდენად, შესადარებელ პირებს შორის არსებითად უთანასწორობის მტკიცება შესაძლებელია უკავშირდებოდეს მხოლოდ პირების განსხვავებულობის წარმოჩენას და არა სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოების გამო სხვადასხვა შედეგის დადგომაზე მითითებას. მოსარჩელის მოსაზრებით, ჯარიმის თანაბრად დაკისრება სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენი პირისთვის და იმ ავტომობილის რეგისტრირებული მესაკუთრისთვის, რომლითაც სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი თანასწორობის უფლებას არღვევს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს არა შესადარებელი პირების არსებითად განსხვავებულობაზე, არამედ იმაზე, რომ ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებულობის მიუხედავად, სხვადასხვა პირების მიმართ მსგავსი შედეგები დგება. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას შორის.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1403 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1403 კონსტიტუციური სარჩელი („სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი