სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/1728 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 11 მაისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 მაისი 2023 14:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 475 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1728) მომართა სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2022 წლის 16 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 11 მაისს.
2. №1728 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტი განმარტავს იმას, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მითითებული კანონის მიზნებისთვის ტერმინს - „აკადემიური ხარისხი“. აღნიშნული კანონის 475 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება აქვს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი კი განამტკიცებს, რომ პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დიპლომის დანართი, რომლის ფორმას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. №1728 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც სურს, რომ დააფუძნოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სტუდენტები ისწავლიან თეოლოგიას, ღვთისმსახურებასა და მსგავსი შინაარსის მქონე პროგრამებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან, მას არ ეძლევა უფლება, დააარსოს საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და მითითებული დაწესებულების სტატუსით განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საქმიანობის უფლებამოსილება მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ აქვს, რისი საკანონმდებლო საფუძველიც სწორედ გასაჩივრებული ნორმებია.
6. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ მოცემული ურთიერთობის მიზნებისთვის არსებითად თანასწორი პირები არიან, რადგან მათ აქვთ თანასწორი ინტერესი, დააარსონ შესაბამისი დაწესებულება, შეასწავლონ საღვთისმეტყველო პროგრამები და გასცენ დიპლომები, რომლებიც აღიარებული იქნება სახელმწიფოს მიერ. გასაჩივრებული ნორმები კი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს შესადარებელ პირებს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირების ნიშანი არის რელიგია.
7. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის შესაბამისი პროგრამების შესწავლაა შესაძლებელი, რადგან, მოსარჩელის აზრით, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც აქვთ ინტერესი, შეასწავლონ ის პროგრამები, რომელთა თემატიკა და შინაარსი მორგებული იქნება თავიანთ რელიგიურ რწმენასთან. ამ მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას შეასწავლოს მის რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებული პროგრამები, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნაა სახელმწიფომ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც უღიაროს ანალოგიური პროგრამების სწავლების შესაძლებლობა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმება, კერძოდ კი, ამ შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა არ შეიძლება იყოს საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების ექსკლუზიურად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭება, რადგან მითითებული დებულება, მათ შორის, განმარტებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან მიმართებით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტისა და ამავე კანონის 475 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების და მისი სტატუსით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებას, ასევე, მითითებული კანონის 475 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს მისი რელიგიის შესაბამისი საღვთისმეტყველო პროგრამების სწავლების შესაძლებლობას, დისკრიმინაციულია და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 475 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი „აკადემიური ხარისხი“ გულისხმობს კვალიფიკაციას, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის იმ პროგრამებს, რომელთა სწავლებაც შეიძლება მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მაგალითად, თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა, ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა, საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა და სხვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ დასახელებული პროგრამების გავლის შემდეგ, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დიპლომის დანართი, რომლის ფორმას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსებისა და ამ სტატუსით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, რამდენადაც სახელმწიფო მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას, დააარსოს საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, შემდგომ შეასწავლოს მის რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებული პროგრამები და ანალოგიურ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის. №1728 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მკაფიოდ მიუთითებს, რომ მისი პოზიციით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონდეთ საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსებისა და მათ რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებული პროგრამების სწავლების უფლება.
4. №1728 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმებით, ერთი მხრივ, განისაზღვრება ტერმინ „აკადემიური ხარისხის“ შინაარსი, ხოლო, მეორე მხრივ, დადგენილია იმ პროგრამათა ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებაც აქვს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ამ პროგრამათა გავლის შემდგომ დიპლომის გაცემის წესი. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული სადავო ნორმები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ აღმჭურველი ხასიათისაა, კერძოდ, ადგენს, თუ რა ფორმით შეუძლია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობა და რომელი პროგრამების სწავლების უფლებამოსილება გააჩნია. აღნიშნულის მიღმა, სადავო ნორმებს არ აქვს რაიმე სხვა შინაარსი, რომელიც შეზღუდავდა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისა თუ სასწავლო პროგრამათა განსაზღვრის კუთხით.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სადავო ნორმების რომელიმე ნაწილის/რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს მხოლოდ სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებით მოსარგებლე პირის, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობის (შეასწავლოს ცალკეული სპეციფიკის პროგრამები, გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დიპლომის დანართი) შემცირება, რასაც მოსარჩელე მხარე №1728 კონსტიტუციურ სარჩელში არ ითხოვს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმჭურველი ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების აღმოფხვრა და არა სადავო ნორმის შინაარსის გაფართოება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 30 აპრილის №1/12/1456 განჩინება საქმეზე „ვახტანგ ბარნაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამ მხრივ, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ იგი ითხოვს არა, ზოგადად, დიფერენცირებული მოპყრობის აღმოფხვრას და აღმჭურველი ნორმის გაუქმებას, არამედ მისი სურვილია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც ჰქონდეთ საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისა და მათ რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებული პროგრამების სწავლების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილების განსაზღვრის მიღმა, არ გააჩნია ისეთი შინაარსი, რომელიც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს რაიმე შეზღუდვას დაუწესებდა. შესაბამისად, ერთი მხრივ, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას არ წარმოადგენს სადავო ნორმის გაუქმება და ამ გზით თანასწორობის აღდგენა, ხოლო, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასაჩივრებულ აქტს დაუკარგოს ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მას არ გააჩნია და დაადგინოს ახალი საკანონმდებლო რეგულაცია.
7. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებს, მათ შორის, ადგენს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამ მხრივ, არც ზემოხსენებული ნორმისა და არც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი არ მიუთითებს, რომ ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება და სწავლების განხორციელება. სწორედ ამაზევე მეტყველებს, №1728 კონსტიტუციურ სარჩელზე დართული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 21 აპრილის წერილი (MES 1 20 00343055), რომლითაც მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ, მართალია, საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება შეუძლია მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცაღა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, დააფუძნონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ასწავლონ შესაბამისი პროგრამები.
8. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ისევე როგორც მათ მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი განათლების სფეროს რეგულაციებსა და სამართლებრივ მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე შესაძლოა, არ ეთანხმებოდეს ამა თუ იმ საკანონმდებლო რეგულაციას და მიიჩნევდეს, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ეზღუდება საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობა. ამ მხრივ, თუკი მას პრობლემას უქმნის რომელიმე კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნის მასზე გავრცელება, მან უნდა გაასაჩივროს სწორედ ის ნორმები, რომლებიც ადგენს, თუ რა ტიპის სუბიექტებმა შეიძლება დააარსონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი, რათა მოიპოვოს სავალდებულო ავტორიზაცია და შემდგომში განახორციელოს მოპოვებული სტატუსის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობა. სწორედ ამგვარი დებულებები შეიძლება იყოს მოსარჩელე მხარის უფლების შემზღუდველი.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1728 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1728 კონსტიტუციური სარჩელი („სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში