საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/6/1684 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/6/1684 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 11 მაისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 მაისი 2023 14:19 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/6/1684 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/6/1684 განჩინებასთან დაკავშირებით. განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1684 კონსტიტუციური სარჩელი.
2. საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმის შესაბამისად, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.
3. №1684 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმას გააჩნია უფლებამზღუდავი შინაარსი. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე პირების წრიდან გამორიცხავს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ასევე ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, თუ ისინი არ ექცევიან „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიებში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმა დასახელებულ ჯგუფებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ პირებთან, საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, რომლებიც სარგებლობენ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით და, შესაბამისად, არათანაზომიერად ზღუდავს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
4. №1684 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ნორმა ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირების შესაძლებლობას, ისარგებლონ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით. სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს ისეთ მოწესრიგებას, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ დასახელებულ პირთა დიფერენცირებას. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პირები არ არიან სრულად მოკლებულნი შესაძლებლობას, ისარგებლონ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით და მათი, ისევე როგორც სხვა ბენეფიციარების პროგრამაში მონაწილეობის ფარგლები, განსაზღვრულია „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, იმის განსაზღვრა, თუ რომელ პირთა კატეგორია ხვდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა მიღმა, შესაძლებელია მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სადავოდ ქცევის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/6/1684 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-8 პუნქტი).
5. განსხვავებული აზრის ავტორები ვერ გავიზიარებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის აღნიშნულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დამოუკიდებლად არ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას. სადავოდ გამხდარი ნორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს ანიჭებს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლებას. ჩვენი პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა წრეს - საქართველოში მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, რამდენადაც ამ უკანასკნელთ აღჭურავს განსხვავებული უფლებით, აძლევს რა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
6. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე პირების ამომწურავი ჩამონათვალი. კერძოდ, ესენი არიან: (ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები; (ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად; (გ) „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა) HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები; (დ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; (ე) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა) თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე (ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი) ბენეფიციარები; (ვ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს და (ზ) ვეტერანები.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ განმარტა, რომ სადავო ნორმას დამოუკიდებლად არ გააჩნია უფლებაშემზღუდველი ხასიათი და კონკრეტული პროგრამით მოსარგებლე პირთა წრის განსაზღვრა, ისევე როგორც პირთა შორის დიფერენცირების შეფასება, შესაძლოა, მოხდეს მხოლოდ 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სრულად გასაჩივრების შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია კი ემყარება იმ გარემოებას, რომ ერთი პირი, შესაძლოა, სხვადასხვა საფუძვლით გახდეს პროგრამით მოსარგებლე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული პირი შეიძლება ვერ ხვდებოდეს „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიაში, მან მაინც შეიძლება, ისარგებლოს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით, თუკი დააკმაყოფილებს ამავე მუხლის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კრიტერიუმებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/6/1684 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-3 - მე-8 პუნქტები).
8. განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ გასაჩივრებული ნორმა, სხვა ქვეპუნქტებისაგან დამოუკიდებლადაც, განსაზღვრავს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა წრეს და, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული თანაკვეთა სადავო ნორმასა და 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებს შორის, აღნიშნული ხელს არ უშლის იმ პირთა ჯგუფის მკაფიო იდენტიფიცირებას, რომლებიც, მხოლოდ სადავო ნორმაზე დაყრდნობით, სარგებლობენ ან ვერ სარგებლობენ ხსენებული პროგრამით.
9. №1684 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს აღჭურავს უფლებით, ისარგებლონ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით. ამ, შედარებით უფრო, ზოგადი წესის მიღმა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტები ადგენენ უფრო კონკრეტულ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც პირმა შეიძლება, ისარგებლოს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით იმისდა მიუხედავად, ფლობს თუ არა იგი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მაგალითად, მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები ითვლებიან C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებად იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არ ფლობენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
10. უფრო კონკრეტულად, პირებს, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, აქვთ უფლება, ისარგებლონ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით, იმისდა მიუხედავად, აკმაყოფილებენ თუ არა დამატებით სხვა რაიმე კრიტერიუმს, მაგალითად, არიან თუ არა ვეტერანები. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა წრეს - საქართველოში მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ასევე ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს - ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებულ „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე კრიტერიუმს. შესაბამისად, სადავო ნორმით, დადგენილია განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისთვის და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირების, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის.
11. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მხარე საერთოდ არ დავობს იმ საკითხზე, როდესაც საქართველოში მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირები, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმავდროულად ექცევიან „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში და ეძლევათ ამ პროგრამით სარგებლობის უფლება. მოსარჩელისათვის პრობლემურია სწორედ ის გარემოება, რომ დასახელებული პირთა წრე, განსხვავებით საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისაგან, ზოგადად, ვერ სარგებლობს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის უფლებით და მათ მოეთხოვებათ სხვა, დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მოსარჩელე მხარემ საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე სწორედ იმგვარად დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომ მოითხოვა სადავო ნორმის საფუძველზე არსებული განხილული უფლებააღმჭურველი წესის, რომელიც მოქალაქეობის ნიშნის მიხედვით ახდენს არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირებას, არაკონსტიტუციურად მიჩნევა და, იმავდროულად, გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გადავადება, რათა აქტის მიმღებს, საქართველოს მთავრობას მისცემოდა შესაძლებლობა, აღმოეფხვრა დისკრიმინაციული მოპყრობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/6/1684 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-3 პუნქტი).
12. განსხვავებული აზრის ავტორები ვთვლით, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პირები, რომლებიც, იმავდროულად, არ ექცევიან 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევაში, ვერ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამით სწორედ იმის გამო, რომ ისინი არ ფლობენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამგვარი წესი კი გამომდინარეობს სწორედ სადავო ნორმიდან. ამდენად, გასაჩივრებული ნორმა მოქალაქეობის ნიშნის მიხედვით განსაზღვრავს უფლებააღმჭურველ წესს და ამ წრიდან, იმთავითვე, გამორიცხავს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა ჯგუფიდან საქართველოში მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ასევე ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ იმ პირებს, რომლებიც, ამავე დროს, არ ექცევიან პროგრამით მოსარგებლეთა სხვა კატეგორიაში.
13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული დებულებით, განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
14. „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის საყოველთაო პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო - არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმეს ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო რეჟიმში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №2/6/1609 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
15. კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს მაშინ, როდესაც არსებითად თანასწორი პირები ჩაყენებულნი არიან განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში. არსებითად თანასწორ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება შესაძლოა გამოიხატოს, როგორც რომელიმე ერთი ჯგუფისათვის რაიმე აკრძალვის დაწესებით, ისე მათთვის კონკრეტული პრივილეგიის, უფლების მინიჭებით. პირობითად, შესაძლებელია, კანონმდებელმა არსებითად თანასწორი რამდენიმე პირთა წრიდან რომელიმე მათგანს შეუზღუდოს ესა თუ ის უფლება ანდა პირიქით, მხოლოდ ცალკეულ ჯგუფს მიანიჭოს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში, იქნება ეს თანასწორ პირთა ცალკეული ჯგუფის უფლების შეზღუდვა თუ მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი სხვა პირებისათვის პრივილეგიის მინიჭება, შეიძლება, შეიზღუდოს თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელე მხარეს არ მოეთხოვება a priori მისი უფლების შემზღუდველი ნორმის გასაჩივრება, მას შეუძლია, სადავოდ გახადოს იმ ნორმის კონსტიტუციურობაც, რომელიც არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფებს შორის მხოლოდ ერთი კატეგორიის ჯგუფს აღჭურავს გარკვეული უფლებებით და ამით ქმნის უთანასწორო რეჟიმს.
16. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა სწორედ ის ნორმა, რომელიც ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისათვის, კერძოდ, მათ ანიჭებს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლებას იმისდა მიუხედავად, ამავდროულად, განეკუთვნებიან თუ არა 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ რომელიმე სხვა კატეგორიას. ამგვარი უფლება კი არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფს.
17. განსხვავებული აზრის ავტორთა პოზიციით, მოსარჩელე მხარის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არის სწორედ იმ უფლებააღმჭურველი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობა, რომელიც უთანასწორო რეჟიმის საფუძველია. ამასთან, გამოკვეთილია აშკარა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1684 კონსტიტუციური სარჩელი და არსებითი განხილვის ფორმატში შეეფასებინა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში