გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/19/1779 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 1 ივნისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 ივნისი 2023 13:20 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა და 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1779) მომართა გიორგი ცააძემ. №1779 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 14 აპრილს. №1779 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 1 ივნისს.
2. №1779 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სხვა ქმედუნარიან პირებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ მხარეების წარმომადგენლები მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
5. №1779 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე №4/12998-19 ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოადგენდა ადმინისტრაციული სარჩელის ავტორის მინდობილ/რწმუნებულ პირს. საქმე დასრულდა მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა, ვინაიდან საკუთრივ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ადვოკატი არ არის და სადავო ნორმით მას შეზღუდული აქვს ადმინისტრაციული საქმის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში განხილვისას კვლავ მონაწილეობა მიიღოს როგორც რწმუნებულმა პირმა, მისი აზრით, ლეგიტიმური საფუძვლისა და მიზნის გარეშე ხდება მის უფლებებში ჩარევა. კერძოდ, მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, გაუმართლებლად ირღვევა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში თანასწორობის პრინციპი მოსარჩელის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატსა და მინდობილ/რწმუნებულ პირს შორის მათი თანამდებობრივი პოზიციისა და ნიშნის მიხედვით, რაც წარმოადგენს ირიბი ფორმით დისკრიმინაციას და გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება გამორიცხავს სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების დროს, მოსარჩელე მხარის მიერ მიცემული მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე, მისმა წარმომადგენელმა შეძლოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობა მარწმუნებლის ინტერესთა დაცვის მიზნით.
7. მოსარჩელის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების სიტყვები „ყველა ინსტანციის სასამართლოში“ არარსებობა არღვევს თანასწორობის უფლების პრინციპს წოდებრივი ნიშნის მიხედვით ადვოკატსა და მინდობილ პირს შორის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს იმ თვალსაზრისით, რომ წარმოიშობა გამოუსწორებელი სამართლებრივი დისბალანსი ადვოკატის მიერ განსახორციელებელ ვალდებულებასა და მინდობილი პირის მიერ განსახორციელებელ ვალდებულებას შორის, რადგან არაპირდაპირი (ირიბი) ფორმით დისკრიმინაციით ხდება მინდობილი პირის პროფესიულ უფლებაში გაუმართლებელი და არათანაზომიერი ჩარევა. მოსარჩელისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ უნდა შეეძლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელ მინდობილ/რწმუნებულ, თუნდაც არაიურისტ პირს, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მონაწილეობა მიიღოს როგორც მარწმუნებლის უფლებადამცველმა.
8. №1779 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ქმედუნარიანი პირები შეიძლება იყვნენ წარმომადგენლები მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა წოდებრივი ნიშნის მიხედვით, კანონის წინაშე არათანაბარ საპროცესო უფლებრივ სიტუაციაში აყენებს ადვოკატსა და მინდობილ პირს, მიუხედავად მოსარჩელის დიდი სურვილისა და ნების არსებობისა, რომ მისი ინტერესები ზედა ინსტანციებშიც დაიცვას არა ადვოკატმა, არამედ მის მიერ არჩეულმა მინდობილმა პირმა. ამ მოცემულობით არაიურისტი ან თუნდაც იურისტი, თუმცა ადვოკატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობის არმქონე მოსარჩელე და ადვოკატი სააპელაციო და უზენაეს ინსტანციებში გათანაბრებულია ერთმანეთთან, კერძოდ, ორივეს შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები როგორც არაიურისტმა მოსარჩელემ, ისე მის მიერ წარმოდგენილმა ადვოკატმა. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ერთგვარი სამართლებრივი ბალანსი ადვოკატსა და მოსარჩელის არაიურისტ მინდობილ პირს შორის, რაც განაპირობებს კონსტიტუციურსამართლებრივ უთანასწორობას დასახელებულ სუბიექტებს შორის წოდებრივი ნიშნის მიხედვით.
9. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს აქვს მხოლოდ ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის შეცვლის უფლება. მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება ბრალდებულის და მსჯავრდებულის მინდობილ/რწმუნებულ პირს ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის უფლება სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, ნებისმიერ ინსტანციაში, თუ თავად ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს საკუთარი თავის, უფლებებისა და ინტერესების დაცვის უფლება.
10. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით საფრთხე ემუქრება ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას წოდებრივი მდგომარეობის გამო.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმისა და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
2. №1779 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს ბრალდებულის უფლებამოსილებას, აირჩიოს და ჰყავდეს ადვოკატი, ასევე ნებისმიერ დროს შეცვალოს მის მიერ არჩეული ადვოკატი, ხოლო თუ ის უქონელია - დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმებით დადგენილი წესის არაზუსტ აღქმას. სადავო ნორმების ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ მათი შინაარსი ბრალდებულის მიმართ არის აღმჭურველი ბუნების. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადება ბრალდებულს აღჭურავს ადვოკატის არჩევის, ყოლისა და ნებისმიერ დროს მისი შეცვლის უფლებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორს კი წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც არ არის არც ადვოკატი და არც ბრალდებული. მოსარჩელეს სურს, რომ მას, როგორც ფიზიკურ პირს, ჰქონდეს უფლებამოსილება, დაიცვას ბრალდებულის ინტერესები სისხლისსამართლებრივ საქმეზე მაშინ, როდესაც, მიუხედავად ადვოკატის სტატუსის არარსებობისა, ეს საკუთრივ ბრალდებულის სურვილიც არის. სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ დასახელებული უფლებაშემზღუდველი ნორმატიული შინაარსი. სადავო ნორმის საფუძველზე განსაზღვრულია აღმჭურველი წესი მხოლოდ ბრალდებულის მიმართ და მას, კონკრეტული უფლების დადგენის გარდა, სხვა შინაარსი არ გააჩნია. ამდენად, მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსსა და მისგან მომდინარე უფლების შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1779 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
4. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მხარეთა უფლებამოსილება, სასამართლოში საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით, მიემართება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან დაიცვან მარწმუნებლის ინტერესები მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მას, როგორც რწმუნებულ პირს სხვა მინდობილ პირებთან შედარებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, ამგვარი გაუმართლებელი დიფერენციაცია გამომდინარეობს წოდებრივი მდგომარეობიდან.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოში მხარეთა ზოგად და დამატებით უფლებამოსილებას, საქმე აგრეთვე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული დებულება წარმოადგენს უფლებააღმჭურველ წესს და მას, კონკრეტული უფლების დადგენის გარდა, სხვა შემზღუდველი შინაარსი არ გააჩნია. ამდენად, მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსსა და მისგან მომდინარე უფლების შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1779 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1779 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ქმედუნარიანი პირისთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მინიჭებით, გაუმართლებლად ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენციაცია წოდებრივი მდგომარეობის გამო. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ადვოკატის სტატუსის არარსებობა არ უნდა წარმოადგენდეს ქმედუნარიანი პირისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გარდა, განახორციელოს წარმომადგენლის უფლებამოსილება როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო სასამართლოში. მოსარჩელის აზრით, შესადარებელი ჯგუფები არიან, ერთი მხრივ, ქმედუნარიანი პირები ადვოკატის სტატუსით და ადვოკატის სტატუსის გარეშე, ასევე მარწმუნებელი და მინდობილი პირი. დიფერენციაციის ნიშანს კი წარმოადგენს წოდებრივი მდგომარეობა, რომელიც მოსარჩელის აღქმით, ადვოკატის სტატუსით გამოიხატება.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, თანასწორობის უფლების „მოთხოვნა ვერ იქნება პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენის აკრძალვა რაიმე ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობის გამო, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ამ პირებს ან მათ ამა თუ იმ კუთვნილებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
9. თანასწორობის უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში სადავო ნორმით დადგენილია გაუმართლებელი დიფერენციაცია ქმედუნარიან პირებს შორის მათი წოდებრივი მდგომარეობის გამო, რაც უშუალოდ ადვოკატის სტატუსით გამოიხატება.
10. მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა თავისი შინაარსით ადგენს გამონაკლისს ზოგადი ამკრძალავი წესისგან. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაცია მოსარჩელეს კი არ უზღუდავს უფლებას წარმომადგენლობაზე, არამედ ანიჭებს მას ამ უფლებას გამონაკლის შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება იყვნენ მხარეთა წარმომადგენლები სასამართლოში. ესენი არიან: ადვოკატები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები - ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე, სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე, ერთ-ერთი თანამონაწილე - დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით, ხოლო უშუალოდ სადავო ნორმის მიხედვით კი - სხვა ქმედუნარიანი პირები - მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
11. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, რაც გულისხმობს, რომ კანონით დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო – არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, იდავოს თანასწორობის უფლების დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე, იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს უფლებრივ რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმე უფლებას ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო მდგომარეობაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, დიფერენცირების არსებობის დასაბუთებისათვის მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოაჩინოს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან მომდინარეობს.
12. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის ანალიზიდან დგინდება, რომ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ იმ ქმედუნარიან პირებს, რომლებიც არ არიან ადვოკატები ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამის ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სპეციალური სუბიექტები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლი განსაზღვრავს ქმედუნარიანობის შესაბამის წინაპირობებს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების თვალსაზრისით, თანაბრად მიემართება ყველა ქმედუნარიან პირს მისი პროფესიის, სტატუსისა და კვალიფიკაციის განურჩევლად. ამდენად, ცალსახაა, რომ უშუალოდ სადავო ნორმით არ ხდება განსხვავებული სამართლებრივი საპროცესო წესრიგის დადგენა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ჯგუფების მიმართ. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ დასახელებულ შესადარებელ პირთა ჯგუფსა და დიფერენციაციის ნიშანს - წოდებრივ მდგომარეობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე დავობს სადავო ნორმის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების დარღვევაზე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის იგი ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად არიან შესადარებელი პირები კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის თანასწორი სუბიექტები და რატომ არის შესადარებელ ჯგუფებს შორის განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებელი. ამისათვის კი უნდა დასაბუთდეს, რომ უშუალოდ სადავო ნორმიდან მომდინარეობს მოსარჩელის მიერ დასახელებულ შესადარებელ პირთა დიფერენცირება შესაბამისი ნიშნის მიხედვით. მოსარჩელემ ვერ დაასახელა საამისოდ აუცილებელი არგუმენტები, ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება იმისთვის, თუ ქმედუნარიან პირთათვის წარმომადგენლობის უფლების მინიჭება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში რატომ აყენებს არაკონსტიტუციურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში შესადარებელ სუბიექტებს მოსარჩელესთან მიმართებით.
13. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, სადავო ნორმიდან გამომდინარე, იგი ვეღარ შეძლებს წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელებას სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის სტატუსის არარსებობის გამო. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტაცია არ მიემართება იმის დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე, რომ მის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფების მიმართ განსხვავებული მოპყრობა სწორედ სადავო ნორმებიდან მომდინარეობს. მოსარჩელის ზემოხსენებული დასაბუთება ასევე არ მიემართება დიფერენცირების არსებობას. ამდენად, ცალსახაა, რომ არც ამ შემთხვევაში ხდება განსხვავებული სამართლებრივი საპროცესო წესრიგის დადგენა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული განსხვავებული ჯგუფების მიმართ.
14. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, თუ, ზოგადად, რამდენად სწორად მომდინარეობს მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა გასაჩივრებული სადავო ნორმის შინაარსიდან. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი მიემართება იმ ქმედუნარიან პირებს, რომელთაც უფლება აქვთ იყვნენ მხარეთა წარმომადგენლები მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ზემოხსენებული სადავო ნორმა არ გამორიცხავს იმ სუბიექტთა წრეს, რომელსაც უფლება არ აქვს იყოს მხარის წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ან სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო პროცესში წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სხვა ნორმით რეგულირდება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა შესაძლოა მომდინარეობდეს არა გასაჩივრებული რეგულაციებიდან, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმებიდან. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, №1779 კონსტიტუციური სარჩელი, ამ მხრივაც, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1779 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1779 („გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე