ააიპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/1462 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 29 ივნისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ივლისი 2023 11:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა და 193-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1462) მომართა ა(ა)იპ „ერთობა 2013-მა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინებით №1462 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად. №1462 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 8 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 29 ივნისს.
2. №1462 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი არეგულირებს კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენების შემთხვევებს. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს სასამართლოსადმი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვისა და სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის წესს, ხოლო ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებად ითვალისწინებს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულია გაფიცვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლებას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი გარანტირებულია დაცვის უფლება.
5. №1462 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებული განჩინებების საფუძველზე, მოსარჩელე პროფესიულ კავშირში გაერთიანებული პირების, თბილისის მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეების (შემდგომში - მეტროპოლიტენის მემანქანეები) დაგეგმილი გაფიცვა, პირველ ჯერზე, გადაიდო 30 კალენდარული დღით, ხოლო შემდგომში, სასამართლომ აღნიშნულ პირებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სრულად აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვა და, სანაცვლოდ, ნება დართო გაფიცულიყვნენ არასამუშაო დროს.
6. მოსარჩელის განმარტებით, გაფიცვის უფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დასაქმებულთათვის, სამუშაოს შესრულებაზე უარით აიძულონ დამსაქმებელი, შექმნას სამართლიანი სამუშაო გარემო. შესაბამისად, გაფიცვის უფლების ეფექტურად რეალიზებისათვის უმნიშვნელოვანესია მისი გამოყენება სწორედ სამუშაო საათებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მეტროპოლიტენის მემანქანეებს უვადოდ შეუზღუდა გაფიცვის უფლება სამუშაო საათებში და შეზღუდვის დასაბალანსებლად ნება დართო, გაფიცულიყვნენ არასამუშაო დროს. მოსარჩელის განმარტებით, არასამუშაო დროს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებები ისედაც არ მოქმედებს, შესაბამისად, დროის ამ მონაკვეთში გაფიცვა აზრს მოკლებულია, რადგან გავლენას ვერ მოახდენს დამსაქმებელზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გაფიცვის უფლების იმგვარი განმარტება, რომ იგი მოიაზრებს არასამუშაო საათებში პროტესტის შესაძლებლობას, უგულებელყოფს გაფიცვის უფლების ძირითად არსს და შეუსაბამოა კონსტიტუციით დადგენილ წესრიგთან.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ფაქტობრივად უვადოდ აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება.
8. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ გაფიცვის უფლების მსგავსი ინტენსივობით შეზღუდვა მოხდეს სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, გაფიცვის უვადოდ აკრძალვა მოხდა არა სპეციალური, არამედ ზოგადი საპროცესო კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, გაფიცვის უფლების შეზღუდვა მოხდა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის პირობებში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადი საფუძვლებით ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა ვერ პასუხობს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გაფიცვა უნდა ჩაითვალოს კანონიერად, ვიდრე მისი უკანონობა არ დამტკიცდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც დადგენილი არ არის გაფიცვის კანონიერება, გაფიცვის წინასწარი, უვადო აკრძალვა, გაფიცვის უკანონობის თაობაზე, სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, თვისობრივად გაუმართლებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეები არ მიეკუთვნებიან იმ პირთა კატეგორიას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის მოტივით, ეკრძალებათ გაფიცვა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში არ უმსჯელია გაფიცვის კანონიერებაზე და სადავო გადაწყვეტილებამდე არ მისულა შეპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსების შედეგად. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ პოტენციურ საფრთხეებზე, რაც გაფიცვას შეიძლება მოჰყოლოდა.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ სადავო ნორმები, გაფიცვის უკანონოდ გამოცხადებამდე, იძლევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ, გაფიცვის ინტენსიური შეზღუდვის, კერძოდ, უვადო აკრძალვის შესაძლებლობას, მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზე დაყრდნობით, დასაქმებულისათვის მიყენებული ზიანისა და უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობის გარეშე, რაც ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
11. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს გაფიცვის 30 დღით გადადების მექანიზმს, რომელიც გამოიყენა კიდეც სასამართლომ მათ წინააღმდეგ. თავის მხრივ, გაფიცვის 30 დღით გადადება, გაფიცვის უვადოდ აკრძალვასთან შედარებით, უფლებაში ნაკლები ინტენსივობით ჩარევას წარმოადგენს. ამ ფონზე, როდესაც არსებობს უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, მოსარჩელისათვის გაუგებარია, ზოგადი საპროცესო ნორმების საფუძველზე, ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლების გაფართოება და მისი გამოყენება სამუშაო საათებში გაფიცვის განუსაზღვრელი ვადით ასაკრძალად.
12. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ ითვალისწინებს გაფიცვის უფლების უვადო აკრძალვას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლითა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
13. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გაფიცვის გადადებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ გაფიცვის უვადოდ აკრძალვის შესახებ განჩინებები სასამართლომ მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლს, ხოლო გაფიცვის გადადების შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობდა მსგავს საკითხზე განცხადების განხილვის საპროცესო წესი, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე, მიმართა კანონის/სამართლის ანალოგიას და განცხადებები განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად.
14. მოსარჩელის განმარტებით, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, რისთვისაც აუცილებელია ზეპირი მოსმენის გამართვა. ამასთან, გაფიცვის გადადებით და აკრძალვით ხდება პირის უფლებაში ინტენსიური ჩარევა, რაც დამატებით მიუთითებს, სასამართლოს მხრიდან, საკითხის სკრუპულოზურად შესწავლისა და ზეპირი მოსმენის ფორმატში მხარეთა პოზიციების სრულყოფილად გამოკვლევის საჭიროებაზე.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც: ა) სპეციალური საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობისას უშვებს ზეპირ მოსმენაზე უფლების შეზღუდვას კანონის/სამართლის ანალოგიაზე დაყრდნობით და ბ) ანალოგიით გამოსაყენებელი ორი წესის შემთხვევაში, უშვებს უფლების მეტად მზღუდავი საშუალების გამოყენებას კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლის შექმნისთვის და ამავე კოდექსის 193-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გაფიცვის უვადოდ აკრძალვის გამოყენების შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის მოპასუხე მხარისათვის შეუტყობინებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
16. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებსა და იურიდიულ დოქტრინაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1462 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე, მათ შორის, სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია, მიმართოს კანონის/სამართლის ანალოგიას და განჩინება, გაფიცვის გადადების შესახებ, მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი არეგულირებს კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენების საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი იძლევა, კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენებით, სადავო ურთიერთობის გადაწყვეტის შესაძლებლობას. სადავო ნორმა ერთგვარი სახელმძღვანელო სტანდარტია სასამართლოსთვის ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც სახელდებით არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას არ წარმოადგენს სადავო საკითხის კანონის/სამართლის ანალოგიის გზით გადაწყვეტა, არამედ მისთვის პრობლემურია სასამართლოს მიერ კანონის/სამართლის ანალოგიის გზით საკითხის იმგვარი გადაწყვეტა, რომელიც იძლევა გაფიცვის გადადების შესახებ განჩინების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი არ აწესრიგებს სასამართლოს მიერ გაფიცვის გადადების შესახებ სარჩელის განხილვის საკითხს (ზეპირი მოსმენით თუ მის გარეშე). ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე, სასამართლო, დავის გადაწყვეტისას, ეყრდნობა ან სადავო ურთიერთობის მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპს. შესაბამისად, შემზღუდველი წესი შესაძლებელია, მომდინარეობდეს იმ ნორმიდან თუ ზოგადი პრინციპიდან, რომელსაც სასამართლო გამოიყენებს სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას და არა იმ ნორმიდან, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, მიმართოს კანონის/სამართლის ანალოგიას.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1462 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. №1462 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია, სადავო ნორმების საფუძველზე, მეტროპოლიტენის მემანქანეებისათვის სამუშაო საათებში გაფიცვის უფლების აკრძალვა.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის „მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არიან მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ უფლებრივ კომპონენტებს, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა მუხლებით დაცულ სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ - იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი საგანგებოდ იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების ისეთ კომპონენტს, როგორიც არის გაფიცვის უფლება. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად შემოიფარგლება სამუშაო საათებში გაფიცვის უფლების აკრძალვაზე მითითებით. მოსარჩელეს, დამატებით, არ მოჰყავს არგუმენტაცია გაფიცვის უფლების მიღმა სხვა ისეთი უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვის თაობაზე, რომელიც დაცული იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1462 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1462 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
10. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას სურს, ყურადღება გაამახვილოს, რომ პროფესიული კავშირი, როგორც მოსარჩელე სუბიექტი, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს იცავს, მისი კონსტიტუციური ფუნქციისა და როლის გათვალისწინებით, განსხვავდება სხვა არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირებისგან, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ მათი დამფუძნებლებისა თუ წევრი პირების ინტერესების დასაცავად და, შესაბამისად, სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, არ მიიჩნევიან კონსტიტუციური სარჩელის შემოტანაზე უფლებამოსილ სუბიექტებად. №1462 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარე პროფესიული კავშირის გაერთიანებაა, რომელშიც გაერთიანებული არიან თბილისის მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეები. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი საგანგებოდ ხაზს უსვამს, რომ ყველას აქვს, ორგანული კანონის შესაბამისად, პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია პროფესიულ კავშირს მოიაზრებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სუბიექტად, რომელიც იქმნება დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, რაც, ბუნებრივია, მათ შორის, ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სამართალწარმეობის გზით, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1462 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1462 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე