საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/23/1758 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 29 ივნისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ივლისი 2023 11:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1758) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1758 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 29 ივნისს.
2. №1758 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. კერძოდ, სადავო ნორმით დადგენილია, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ (ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა; (ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა; (გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, „უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით ბრალდებულის პატიმრობის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 9 თვე.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2020-2021 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართა საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა თურქეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ. საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ ექსტრადირების მიზნით მათი დაკავება განხორციელდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის და გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ პრაქტიკაში, უმეტეს შემთხვევაში, ექსტრადიციის საკითხის არსებითად შესწავლა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული მსჯავრდებული პირი გათავისუფლდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება ისიც, რომ განმცხადებლების მიერ, სასჯელის მოხდის პერიოდში, საქართველოს პროკურატურისთვის ცნობილი იყო განმცხადებლების მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის გამოყენების ამჟამინდელი პრაქტიკით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იხდის სასჯელს და ამ პერიოდში მიღებულია მოთხოვნა უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისგან პირის ექსტრადიციის თაობაზე, საქართველოს პროკურატურა ელოდება მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას და შემდეგ იწყებს საექსტრადიციო საქმის წარმოებას. კერძოდ, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ, საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/ხელახლა გამოყენების ან გამოყენებული სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ იწყებს საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის მნიშვნელოვანი მასალების მოპოვებას. მსგავსი პრაქტიკა, მოსარჩელე მხარის შეფასებით, იწვევს პირის პატიმრობის გაგრძელებას იმაზე მეტი ვადით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, თუკი საქართველოს პროკურატურა განცხადებით მიმართვიდან დაუყოვნებლივ დაიწყებდა საექსტრადიციო საქმისწარმოებას, პირის გათავისუფლების შემდგომ, მისი ხელახალი დაპატიმრების საჭიროება აღარ იარსებებდა, რამდენადაც ექსტრადიციის საკითხი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მის გათავისუფლებამდე იქნებოდა შესწავლილი.
7. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება წარმოადგენს ინდივიდის პირადი თავისუფლების უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, რასაც საქართველოს კონსტიტუცია მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და იმპერატიულად ადგენს 9 თვეს, როგორც პატიმრობის მაქსიმალურ ვადას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საექსტრადიციო პატიმრობაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტები, რომლებიც გულისხმობს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ვადის გაგრძელების აკრძალვას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, თუ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე.
8. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმასაც, რომ საექსტრადიციო პროცედურის ინიცირებასთან დაკავშირებით, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და პროკურატურის პრაქტიკა არაერთგვაროვანია. კერძოდ, პრაქტიკაში არსებობს საქმეები, რომლებიც ითვალისწინებს პირის მიმართ ექსტრადიციის საკითხის დასაშვებობის განხილვასა და ექსტრადიციის განხორციელებას არა მხოლოდ ინდივიდის მიერ სასჯელის მოხდამდე, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის ბრალდებულად ყოფნის განმავლობაში, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდეც კი. ამრიგად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შემოწმებისა და ექსტრადიციის განხორციელების შესაძლებლობას მოთხოვნის მიღებისთანავე, თუმცა იგი არ განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანოების მსგავს ვალდებულებას, რაც ქმნის საექსტრადიციო პატიმრობის უსაფუძვლოდ გამოყენების რისკებს.
9. მოსარჩელის განმარტებით, საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენცია წარმოადგენდეს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი და პროპორციული საშუალება. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, გათავისუფლებული პირისათვის პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს გააჩნდა საექსტრადიციო საქმისწარმოების დაწყების შესაძლებლობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის მოხდის პერიოდში, არის თავისუფლების დაცულობის უფლების საჭიროზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების რეალიზაციისათვის.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც, საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, პირს პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს.
11. №1758 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1758 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო კანონმდებლობა არ ავალდებულებს პროკურატურის ორგანოებს, დაიწყოს საექსტრადიციო საქმის წარმოება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, მაშინაც კი, თუ არსებობს ექსტრადიციის მოთხოვნა. შედეგად, სადავო ნორმების საფუძველზე, შესაძლებელია, პირს შეეფარდოს საექსტრადიციო პატიმრობა იმ პირობებში, როდესაც, საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, პირს პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე. თავის მხრივ, აღნიშნული დასაბუთების სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
4. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისა და მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ზოგად სამართლებრივ საფუძვლებს. კერძოდ, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა ან უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები.
5. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ საექსტრადიციო წარმოების პროცედურას, მათ შორის, პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადასა და ექსტრადიციის გადავადების წესს განსაზღვრავს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და 33-ე მუხლები. კერძოდ, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც, საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. ხსენებული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ, თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე.
6. ამრიგად, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების რეგულირების სფერო შემოიფარგლება უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავების, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, ისევე, როგორც საექსტრადიციო პატიმრობის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობის უფლებამოსილი ორგანოებისათვის მინიჭებითა და საამისოდ აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრით. შესაბამისად, სადავო ნორმების გრამატიკული ანალიზის საფუძველზე, ნათელია, რომ გასაჩივრებული რეგულაციები საექსტრადიციო პროცედურების ინიცირების მომენტს, ისევე, როგორც საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალურ ვადას expressis verbis არ აწესრიგებს. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უშუალოდ ტექსტიდან არ გამომდინარეობს სადავო ნორმების მოსარჩელე მხარის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმატიული შინაარსი, რადგან ის საერთოდ არ ეხება საექსტრადიციო პატიმრობის პირობებს იმ შემთხვევაში, თუ პირი სასჯელს იხდის საქართველოში.
7. პარალელურად, იმ პირობებში, როდესაც №1758 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი გასაჩივრებული რეგულაციების ტექსტიდან არ გამომდინარეობს, მოსარჩელე მხარეს არც საქართველოს საერთო სასამართლოების ან/და სხვა ავტორიტეტული ორგანოს პრაქტიკა წარმოუდგენია, რომელიც სადავო დებულებების საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პრობლემურად მიჩნეული შინაარსით განმარტებას/გამოყენებას დაადასტურებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, რატომ გააჩნია სადავო ნორმებს ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც, პირის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1758 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1758 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე