საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1758 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 21 დეკემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც პირის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი: „ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.“ |
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც პირის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი: „ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პრობლემის არსი და სადავო ნორმები
2020-2021 წლებში სახალხო დამცველმა შეისწავლა ადვოკატების მ.ზ.-მ და ი.კ.-ს განცხადებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ი.ო.-ს, ბ.ჩ-ს, ა.ი.-ს და თ.ე.-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირის ექსტრადიციის საკითხის არსებითად შესწავლა, უმეტეს შემთხვევაში, იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული მსჯავრდებული პირი თავისუფლდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.[1]
ამრიგად, ამჟამად არსებული პრაქტიკით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება ქართულ ციხეში და საქართველოს პროკურატურა იღებს უცხო ქვეყნისგან მოთხოვნას ამ პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა ელოდება, სანამ აღნიშნული პირი სრულად არ მოიხდის სასჯელს და მხოლოდ შემდგომ იწყებს საექსტრადიციო საქმისწარმოებას. საქმისწარმოების ფარგლებში პროკურატურა ითხოვს პირისთვის დამატებითი პატიმრობის შეფარდებას, რასაც საერთო სასამართლოები აკმაყოფილებენ. მაგალითისთვის, თუ პირს სასჯელის სახით დარჩენილი აქვს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, პროკურატურა საქმისწარმოებას იწყებს ამ ვადის ამოწურვის და პირის გათავისუფლების შემდგომ, რაც პირისთვის პატიმრობის დამატებით შეფარდებას იწვევს. თუ პროკურატურა დაუყოვნებლივ დაიწყებდა საექსტრადიციო საქმისწარმოებას, მაშინ პირის გათავისუფლების შემდგომ მისი ხელახალი დაპატიმრება საჭირო არ გახდებოდა - რაკი ექსტრადიციის საკითხი მისი ციხიდან გათავისუფლებამდე იქნებოდა შესწავლილი.[2]
მომავალში საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების დროს პირის თავისუფლების უფლების გათვალისწინების მიზნით, 2021 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.[3] წინადადებაში კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2020-2021 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა თურქეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ და მათმა ადვოკატმა.
განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ მათი დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა მას შემდეგ, რაც მათ მოიხადეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის და განთავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმის მასალების თანახმად, დასტურდება, რომ განმცხადებლის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოს პროკურატურის ორგანოებისათვის ცნობილი იყო განმცხადებლების მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ. თუმცა, მათ მიერ სასჯელის მოხდის პერიოდი საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ არ იქნა გონივრულად გამოყენებული და არ დაწყებულა მათი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების საკითხის განხილვისათვის ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. მოცემულ პერიოდში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, ძირითადად მიმოწერას აწარმოებდნენ პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს იხდიდნენ მსჯავრდებული პირები, მათი განთავისუფლების დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის საქართველოს პროკურატურისთვის დროულად მიწოდების თაობაზე.[4]
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ მითითებული პირები, როგორც თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები, საექსტრადიციო სამართალწარმოების მიზნით დაკავებულ იქნენ იმავე დღეს, როდესაც გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ. მათ მიმართ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოყენებულ/გაგრძელებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა და საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის მნიშვნელოვანი მასალების მოპოვება დაიწყო მხოლოდ პატიმრობის გამოყენების შემდეგ.[5]
სახალხო დამცველის წინადადების თანახმად, პირის მიმართ საექსტრადიციო საქმისწარმოებისას საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, საექსტრადიციო პროცედურების გათვალისწინებით.[6] „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ასევე ადგენს საექსტრადიციო პატიმრობის ზღვრულ ვადას - 9 თვეს.
როგორც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ კრძალავს საექსტრადიციო პროცედურების დაწყებას იქამდე, სანამ პირი სასჯელს მოიხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის. შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნის საქმის განხილვა შესაძლებელია პირის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში და არ არის აუცილებელი, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის შესწავლა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როცა პირი დაასრულებს სასჯელის მოხდას.
ამასთან ერთად, მხედველობაშია მისაღების ის, რომ პროკურატურისა და საერთო სასამართლოების მიერ საექსტრადიოციო პროცედურების წარმოების მიმდინარეობის მიმართ არსებობს განსხვავებული პრაქტიკა და შესაძლებელია იმგვარი საქმეების მოძიებაც, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს პირის მიმართ ექსტრადიციის საკითხის დასაშვებობის განხილვასა და ექსტრადირების განხორციელებასაც კი, არათუ სასჯელის მოხდამდე, არამედ, პირის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის ბრალდებულად ყოფნის განმავლობაში, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე. მაგალითად, 2019 წელს საექსტრადიციო საქმისწარმოება სრულად განხორციელდა და მოხდა იმ პირის ექსტრადირება მომთხოვნ სახელმწიფოში, რომლის მიმართ საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. მოგვიანებით, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობით. ბრალმდებელი მიუთითებდა, რომ ბრალდებულის „ექსტრადირების შემდგომ საქმეზე შეიქმნა სხვა ობიექტური გარემოება, კერძოდ, ვერ ხერხდება სასამართლო პროცესების წარმართვა“. სახელმწიფო ბრალმდებელი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობაში ასევე ითვალისწინებდა, რომ ბრალდებული იყო მომთხოვნი სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის) მოქალაქე და შეუძლებელი იყო მისი საქართველოსთვის გადმოცემა.[7]
ამრიგად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის შემოწმება დაიწყოს და განხორციელდეს მოთხოვნის მიღებისთანავე. თუმცა, ამასთანავე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამის ვალდებულებას, რაც ქმნის საექსტრადიციო პატიმრობის უსაფუძვლოდ გამოყენების შესაძლებლობას. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან გამოირკვა, საექსტრადიციო პატიმრობის ასეთი ფორმით გამოყენება არ არის გამონაკლისი შემთხვევა - პირები, რომლებიც იხდიან სასჯელს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში და რომლებზეც მიღებულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, ამთავრებენ საპატიმრო სასჯელს და ტოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას. მათ მხოლოდ ამის შემდეგ აკავებენ საექსტრადიციო წესით და უფარდებენ 9 თვიან საექსტრადიციო პატიმრობას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ უნდა შეისწავლოს მათი ექსტრადიციის მიზანშეწონილობა. გამოდის, რომ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის თავიდანვე ცნობილია ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ, ამასთან, შესაძლებელია ამ საკითხის დროულად შესწავლა და გადაწყვეტა, თუმცა, ეს პროცესი იწყება და მიმდინარეობს ისე, რომ პირმა ჯერ სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი, ხოლო შემდეგ კი, დაექვემდებაროს საექსტრადიციო პატიმრობას.[8]
საგულისხმოა, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.“.[9]
საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განმარტა, რომ თუკი პირი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში და პარალელურად ბრალდებულია სხვა საქმეზე, ანდა არსებობს მისთვის პატიმრობის შემდგომ შეფარდების შესაძლებლობა, საგამოძიებო ორგანო ამ სხვა საქმის შესწავლისთვის არ უნდა დაელოდოს სასჯელის ვადის გასვლას და პირის განთავისუფლებას, რათა იგი ხელახალ პატიმრობას დაექვემდებაროს. პატიმრობის ამგვარი გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო.
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ: ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა; ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა; გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. ხოლო, მე-5 პუნქტი კი, მიუთითებს, რომ მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. შესაბამისად, საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლების საფუძველზე, რაზეც მიუთითებს შესაბამისი განჩინებების ანალიზი.
ამრიგად, სადავოდ მიგვაჩნია, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც პირის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საექატრადიციო პატიმრობის გამოყენების ამომწურავ პირობებს და ამავე დროს, უშვებს პატიმრობის სადავო ნორმატიული შინაარსის საფუძველზე გამოყენების შესაძლებლობას. იგივე შეიძლება ითქვას იმავე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმატიულ შინაარსზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადამიანის თავისუფლება დაცულია“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მისი მიზანია, არ დაუშვას თავისუფლების უკანონოდ, დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვა. კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, „ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.“ კონსტიტუციის მე-13 მუხლი შეიცავს ადამიანის თავისუფლების დაცვის როგორც მატერიალურ ისევე პროცესუალურ გარანტიებს. „...ადამიანის თავისუფლება გარანტირებულია არა მხოლოდ მატერიალური ნორმით, არამედ კონსტიტუციურ რანგში აყვანილი პროცესუალური ნორმების ერთობლიობით...“.[10] შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ერთი მხრივ გამორიცხავს პირის თავისუფლების მყარი, კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო უფლებების გარანტირებას.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტებით, კონსტიტუციის მე-18 მუხლის (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება.[11]
ასევე, „სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ამ მიზნის უზრუნველყოფას სახელმწიფო იძულების მექანიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კანონმდებლობით (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ნორმებით) მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ახდენს. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მე-18 მუხლი პროცესუალურ გარანტიებს იმ პირის მიმართ ადგენს, რომელსაც სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლწესრიგის უზრუნველყოფის, საზოგადოების ან/და მისი კონკრეტული წევრის დაცვის მიზნით უპირისპირდება.“[12]
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio“.[13] სწორედ ამიტომ, „საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს სამოქმედო არეალი მკაცრად შემოფარგლა, მისი ძალაუფლების საპირწონედ კი ინდივიდი ისეთი პროცესუალური უფლებებით აღჭურა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებას გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისაგან დაიცავს“.[14]
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი თავისუფლების უფლების შეზღუდვის სტანდარტი, საპროცესო გარანტიებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მკაცრი კონსტიტუციური ჩარჩოთი შემოსაზღვრავს მას. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს საექსტრადიციო პატიმრობის 9 თვეზე მეტი დროით გაგრძელების კონსტიტუციურობის საკითხი.
საქართველოს კონსტიტუციის მიერ დაწესებული საპროცესო ჩარჩო
საქართველოს კონსტიტუციის მიერ მკაცრად დადგენილი საპროცესო ჩარჩოს კუთხით, საყურადღებოა, გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", რომლის თანახმადაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავო ნორმები, რომლებიც ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ იღებდა ბრალდებულის (დაცვის მხარის) მიერ მასალების გაცნობისათვის გათვალისწინებულ ვადას. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. აღნიშნული დებულება ერთმნიშვნელოვანია და იმპერატიულ ხასიათს ატარებს“.[15]
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ იმსჯელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ პატიმრობის ვადაზე, რომელის მიხედვითაც „ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“. სასამართლოს განცხადებით, ერთი შეხედვით, სადავო ნორმა ადგენს პატიმრობის ზღვრულ ვადას, იმავე ხანგრძლივობით, რასაც მოითხოვს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი (კონსტიტუციის ძველი რედაქცია). თუმცა, მიუხედავად ფორმალური მსგავსებისა, კონსტიტუციური დანაწესის შინაარსი შესაძლებელია განსხვავდებოდეს კანონის ნორმის შინაარსისაგან. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ სადავო ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციის დანაწესთან, არამედ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლების არსის დაცვას.“[16]
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს“. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა მოახდინოს სადავო ნორმის შინაარსობრივი შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.[17]
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ, აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი ცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც უშვებდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული ჰქონდა 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის ფარგლებში.[18]
აღნიშნულ საქმეში, წარმოდგენილი იყო საერთო სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები, რომელიბიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის პრაქტიკულ გამოყენებაზე მოუთითებდნენ. საქმეში წამორდგენილი „განჩინებების თანახმად, მოსარჩელეს, როგორც ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით განმეორებით შეეფარდა პატიმრობა, რის შედეგადაც, წინასწარ პატიმრობაში გატარებულმა ვადამ გადააჭარბა 9 თვეს.“[19]
შესაბამისად, აღნიშნული საქმე რელევანტურია კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებშიც და მოსარჩელე მხარე იხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით.
საექსტრადიციო პატიმრობის პრაქტიკაში გამოყენება
2020-2021 წლებში სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს საექტრადიციო პატიმრობაში მყოფმა თურქეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ და მათმა ადვოკატმა. განმცხადებელები განმარტავდნენ, რომ მათი დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა მას შემდეგ, რაც მათ მოიხადეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის და გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან.[20] სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმის მასალებისან იკვეთება, რომ განმცხადებლების მიმართ ადგილი ქონდა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას და შესაბამისი ორგანოების - პროკურატურისა და სასამართლოს - არაერთგვაროვან პრაქტიკას, რაც გამოწვეულია საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების არაერთგვაროვანი ხასიათით.
საქმის მასალების თანახმად, დასტურდება, რომ განმცხადებლის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოს პროკურატურის ორგანოებისათვის ცნობილი იყო განმცხადებლების მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.[21] თუმცა მათ მიერ სასჯელის მოხდის პერიოდი საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ არ იქნა გონივრულად გამოყენებული და არ დაწყებულა მათი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების საკითხის განხილვისათვის ქმედითი ღონისძიებები. მოცემულ პერიოდში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, ძირითადად მიმოწერას აწარმოებდნენ პენიტენციური დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს იხდიდნენ მსჯავრდებული პირები, მათი გათავისუფლების დროსთან დაკავშირებით ინფორმაციის პროკურატურისათვის დროულად მიწოდების თაობაზე.[22]
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ მითითებული პირები, როგორც თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირები, საექსტრადიციო სამართალწარმოების მიზნით დაკავებულ იქნენ იმავე დღეს, როდესაც გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდით.[23] მათ მიმართ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოყენებულ/გაგრძელებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა,[24] ხოლო მათ მიმართ საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის მნიშვნელოვანი მასალების მოპოვება დაიწყო მათ მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემდეგ.[25]
შესაბამისად, შესწავლილი საქმეებით დასტურდება, რომ პრაქტიკაში საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებისას, შესაბამისი ორგანოები სცდებიან კონსტიტუციით მკაცრად შემოსაზღვრულ 9 თვიან ვადას.
საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი შეფასება
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეაფასა ორი მნიშვნელოვანი საკითხი:
სისხლის სამართლებრივი დევნის რა პერიოდს უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული „წინასწარი პატიმრობა“ და რამდენად გულისხმობს იგი პატიმრობის გამოყენებას პირის ბრალდებიდან სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე პერიოდში; დასაშვებია თუ არა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პატიმრობის 9 თვიანი ვადის განმეორებით გამოყენება ერთი და იმავე პირის მიმართ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „სასამართლოს მიერ პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განაჩენის მიღებამდე, თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს პირის ბრალეულობის თაობაზე. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტმა გაითვალისწინა კონკრეტული პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც პირი აღარ შეიძლება იმყოფებოდეს პატიმრობაში მხოლოდ (დასაბუთებული) ვარაუდის საფუძველზე, რომ მან ჩაიდინა (ან შესაძლოა ჩაიდინოს) დანაშაული, ან შესაძლოა განახორციელოს სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. კონსტიტუცია და მოქმედი სსსკ იმპერატიულად ადგენს, რომ პირის პატიმორბა უნდა დასრულდეს, როდესაც დაპატიმრების მომენტიდან გასულია 9 თვე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი სისხლისსამართლებრივი დევნის ინტერესებიდან გამომდინარე.[26]
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, ზემოთ აღნიშნულ პირველ საკითზე განაცხადა, რომ სიტყვა „წინასწარი“ მიუთითებს პატიმრობის დროებით ხასიათზე, განასხვავებს მას პატიმრობისგან, რომელიც პირს სასჯელის ან სახდელის სახით შეიძლება დაეკისროს. სწორედ ამიტომ, აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ეტაპზე იმყოფება სისხლისსამართლებრივი დევნა. კონსტიტუციის მიზნებისთვის ასეთი პატიმრობა წინასწარ პატიმრობას წარმოადგენს. ამდენად, წინასწარი პატიმრობა (განაჩენამდე პატიმრობა) წარმოადგენს ბრალდებულის თავისუფლების დროებით შეზღუდვას, რომელიც განპირობებულია არა სისხლისსამართლებრივი დევნის რომელიმე ეტაპით, არამედ ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ჯერ არ არსებობს სასამართლოს განაჩენი, მისი ბრალეულობა და მისგან მომდინარე საფრთხე შესაძლოა მხოლოდ (დასაბუთებული) ვარაუდის საფუძველზე იყოს დადასტურებული, კონსტიტუციამ წინასწარი პატიმრობის ვადა მკაცრად შემოფარგლა.[27]
სასამართლოს მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში წინასწარი პატიმრობის შესახებ დადგენილი სტანდარტი ასევე უნდა გავრცელდეს საექსტრადიციო პატიმრობაზე, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიერ მკაცრად დადგენილი პატიმრობის ვადა ვრცელდება ყველა ტიპის სისხლისსამართლებირივ საქმეზე, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიუთითებს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, პატიმრობის განმეორებით გამოყენებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცავს კონკრეტულ პროცესუალურ გარანტიას - ადგენს ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადას. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი შეიძლება, გარკვეულ პირობებში, არ კრძალავდეს კონკრეტული პირის მიმართ პატიმრობის 9 თვიანი ვადის განმეორებით შეფარდებას. კონსტიტუციამ დასაშვებად ჩათვალა პირის თავისუფლების შეზღუდვა 9 თვის ვადით მანამ, სანამ მის მიმართ გადაწყვეტილებას მიიღებს პირველი ინსტანციის სასამართლო. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის დადგენის მიზანია, გამოირიცხოს ბრალდებულის განუსაზღვრელი ან არაპროპორციულად ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნა.[28]
ასევე, სასამართლოს განცხადებით, წინასწარი პატიმრობის ზღვრული 9 თვიანი ვადის განსაზღვრის მიზანი თითოეულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით თანაბრად მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ ერთდროულად წარდგენილია რამდენიმე ბრალდება. იმ პირობებში, როდესაც პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი თანაბრად ავალდებულებს სახელმწიფოს, განახორციელოს სწრაფი მართლმსაჯულება. ბრალდებულ პირზე ზემოქმედების თვალსაზრისით, პატიმრობას უფლების შეზღუდვის ერთნაირი ეფექტი აქვს, განურჩველად იმისა, თუ რომელ დანაშაულში ბრალდებისათვის არის იგი მოთხოვნილი. შესაბამისად, ერთდროულად წარდგენილი რამდენიმე ბრალდების პირობებში მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველყოფისას ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადით დაწესების მიზნები თანაბრად მიემართება თითოეულ საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ დანაშაულში ბრალდებისათვის იმყოფება პირი პატიმრობაში.[29]
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა ერთდროულად რამდენიმე ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რელევანტურია საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების ნაწილში, რადგან ზემოთ აღნიშნული საქმეებიდან ნათელია, რომ ერთდოროულად პირის დაკავება ხდება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის ასევე, სხვა ქვეყანაში მიმდინარე საექსტრადიციო სამართალწარმოების მიზნითაც. სასამართლოს მიერ დაწესებული კონსტიტუციური სტანდარტის მიხედვით, ნათელია, რომ საექსტრადიციო სამართალწარმოებაც სწორედ იმ ვადაში უნდა წარიმართოს, როდესაც (პარალელურად) პირი დაკავებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის.
სასამართლომ ასევე დაკონკრეტა, რომ „კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგო იქნება, თუ ბრალის წარდგენა ან/და პატიმრობის მოთხოვნა ხელოვნურად ჭიანურდება და გამოიყენება წინასწარი პატიმრობის ვადის ხელოვნურად გასაგრძელებლად, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც გამოძიებისთივს ცნობილი იყო ის ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ახალი სისხლსისამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა, და ბრალის წაყენების საკმარის საფუძველს იძლეოდა, თუმცა, ამის და მიუხედავად, არ მოახდინა პირისათვის ბრალის წაყენება.“[30]
როგორც, ზემოთ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურისათვის ცნობილი იყო განმცხადებლების მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ორგანოების მიერ ფიქსირდება „პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება“ და საექსტრადიციო სამართალწარმოების გვიან დაწყების შედეგად ხელოვნურად ჭიანურდება საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებული პროცესები.
საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი უგულავას საქმეზე დაადგინა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი, ამავე მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში, დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადით მანიპულირებას, 9 თვიანი ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა თუ საფუძვლებით, რადგან ის (გაგრძელება) წინააღმდეგობაში მოდის იმ სიკეთესთან, რის დაცვასაც კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ისახავს მიზნად.
„კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების შეუსაბამოა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეზე პირისათვის ბრალდების წარსადგენად საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. კონსტიტუცია არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, ამავე დროს, კონსტიტუციური უფლების ეფექტიანობისთვის აუცილებელია, რომ სისხლის სამართლის დევნის მწარმოებელ პირს/ორგანოს არ მიეცეს განუსაზღვრელი დისკრეცია, თავად დაადგინოს როდის ცნობს პირს ბრალდებულად და რა მომენტიდან იმოქმედებს კონსტიტუციური გარანტია.“[31]
შესაბამისად, საექსტრადიციო პატიმრობის ნაწილში, საქართველოს პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს განუსაზღვღვრელი დისკრეცია თავად განსაზღვროს თუ როდის წარმართავს საექსტრადიციო სამართალწარმოების მიზნით კონკრეტულ პროცედურებს, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც საქმე თავისუფლების უფლების შეზღუდვის განსაკუთრებულ ინტესიურ ფორმას დაკავებასა და პატიმრობას ეხება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საექსტრადიციო პატიმრობის ორაზროვნებასა და მსგავს მიდგომის შესაძლებლობას, შესაბამისი ორგანოების მხრიდან, თავად საკანონმდებლო მოწესრიგება უშვებს.
პირის მიმართ საექსტრადაციო საქმისწარმოებისას, საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, საექსტრადიციო პროცედურების გათვალისწინებით.[32] საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ ითვალისწინებს საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას, ასევე ადგენს საექსტრადიციო პატიმრობის ზღვრულ ვადას - 9 თვეს.[33]
როგორც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონი, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ კრძალავს საექსტრადიციო პროცედურების დაწყებას იქამდე, სანამ პირი სასჯელს მოიხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის. შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნის საქმის განხილვა შესაძლებელია პირის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში და არ არის აუცილებელი, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის შესწავლა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როცა პირი დაასრულებს სასჯელის მოხდას.[34]
ამასთან, პროკურატურისა და საერთო სასამართლოების მიერ საექსტრადიციო პროცედურების წარმოების მიმდინარეობის მიმართ არსებობს განსხვავებული პრაქტიკა და შესაძლებელია იმგვარი საქმეების მოძიებაც, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს პირის მიმართ ექსტრადიციის საკითხის დასაშვებობის განხილვასა და ექსტრადირების განხორციელებასაც კი არათუ სასჯელის მოხდამდე, არამედ პირის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულად ყოფნის განმავლობაში, საქმის განხილვის დასრულებამდე. მაგალითად, 2019 წელს საექსტრადიციო საქმისწარმოება სრულად განხორციელდა და მოხდა პირის ექსტრადირება მომთხოვნ სახელმწიფოში იმ პირის მიმართ, რომლის მიმართ საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. მოგვიანებით, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე.[35] ბრალმდებელი მიუთითებდა, რომ ბრალდებულის „ექსტრადირების შემდგომ საქმეზე შეიქმნა სხვა ობიექტური გარემოება, კერძოდ ვერ ხერხდება სასამართლო პროცესის წარმართვა".[36] სახელმწიფო ბრალმდებელი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობაში ასევე ითვალისწინებდა რომ ბრალმდებელი იყო მომთხვონი სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაცია) მოქალაქე და შუძლებელი იყო მისი საქართველოსთვის გადმოცემა.[37]
ამრიგად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის შემოწმება დაიწყოს და განხორციელდეს მოთხოვნის მიღებისთანავე, თუმცა, ამასთანავე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამის ვალდებულებას, რაც ქმნის საექსტრადიციო პატიმრობის უსაფუძვლოდ გამოყენების შესაძლებლობას. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან გამოირკვა, საექსტრადიციო პატიმრობის ასეთი ფორმით გამოყენება არ არის მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა - პირები, რომელებიც იხდიან სასჯელს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში და რომლებზეც მიღებულია მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, ამთავრებენ საპატიმრო სასჯელს და ტოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას. მათ მხოლოდ ამის შემდეგ აკავებენ საექსტრადიციო წესით და უფარდებენ 9-თვიან საექსტრადიციო პატიმრობას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ უნდა შეისწავლოს მათი ექსტრადიციის მიზანშეწონილობა. გამოდის, რომ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსათვის თავიდანვე ცნობილია ექსტრადიციის მოთხვონის შესახებ, შესაძლებელია აღნიშნული საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა, თუმცა ეს პროცესი იწყება და მიმდინარეობს ისე, რომ პირმა ჯერ სრულად მოიხადოს სასჯელი, შემდეგ კი დაექვემდებაროს დამატებით 9 თვიან პატიმრობას.
როგორც, უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამრთლო განმარტებით, როდესაც პირი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში და პარალელურად ბრალდებულია სხვა საქმეზე, ანდა არსებობს მისთვის პატიმრობის შემდგომ შეფარდების შესაძლებლობა, საგამოძიებო ორგანო ამ სხვა საქმის შესწავლისათვის არ უნდა დაელოდოს სასჯელის ვადის გასვლას და პირის გათავისუფლებას, რათა იგი ხელახალ პატიმრობას დაექვემდებაროს. პატიმრობის ამგვარი გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია, შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ანალოგიური სტანდარტი უნდა გავრცელდეს საექსტრადიციო პატირობის შეფარდების შემთხვევაშიც.
ამ გადაწყვეტილების სულისკვეთებით, თუ საქართველოს პროკურატურის ორგანოებისათვის ცნობილია ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ და მას გააჩნია შესაძლებლობა, აწარმოოს საექსტრადიციო პროცედურები, პროკურატურა არ უნდა დაელოდოს აღნიშნული პირის მიერ სასჯელის სრულად მოხდას და შემდგომ მიმართოს სასამართლოს მისი საექსტრადიციო პატიმრობის შუამდგომლობით. ასეთ შემთხვევაში საერთო სასამართლოების მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება და პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება შეეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას.[38]
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი მასალების თანახმად, დაცვის მხარე საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/გაგრძელების საწინააღმდეგო არგუმენტად სწორედ პროკურატურის უმოქმედობაზე მიუთითებდა ბრალდებულთა მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში. მიუხედავად ამისა, სასამართლოები არ აქცევდნენ ყურადღებას ბრალდებულთა მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში პროკურატურის უმოქმდეობას და პატიმრობის გამოყენების საფუძვლად ბლანკეტურად უთითებდნენ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შესაძლებელობაზე.[39]
რაკი კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ არ ითვალისწინებს შესაბამისი ორგანოების მიერ საექსტრადიციო საქმისწარმოების დაწყებასა და პირის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდის გონივრულად გამოყენების ვალდებულებას საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის საჭირო მასალებისა და დოკუმენტაციის მოპოვებისა და განხილვისათვის, ზემოხსენებული ადამიანის უფლებების საწინააღდეგო პრაქტიკის გაგრძელება დღემდე შესაძლებელია.
ასეთი პრაქტიკა იძლევა შესაძლებელობას, პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვა გაგრძელდეს ხელოვნურად დამატებით 9 თვემდე ვადით. მიუხედავად იმისა, რა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა საფუძვლით და პროკურატურას შეეძლო თუ არა ამ პერიოდში შეესწავლა მისი საექსტრადიცო საქმე. საკითხის ამგავრი გადაწყვეტა ეწინააღდეგება ადამინის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების მიზანი არის ის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა (პროკურატურა, სასამართლო) მოახერხონ საკითხის შესწავლისათვის საჭირო მასალების მოპოვება და საკითხის გადაწყვეტა, ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის მიერ მისთვის არასასურველი საექსტრადიციო საქმისწარმოებისა და გადაცემისთვის თავის არიდების აღკვეთის გარანტიით. ამასთან, პირის პატიმრობაში ყოფნა უნდა იყოს აუცილებელი აღნიშნული მიზნის მისაღწევად და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთს ღონისძიების გამოყენებით აღნიშნული მიზნის მიღწევა ვერ უნდა ხერხდებოდეს.[40]
ამაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომელიც პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებაში ჩარევის შემთხვევებშიც აუცილებლად მიიჩნევს, დაცული იყოს პირის თავისუფლების უფლება და მის მიმართ პატიმრობა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია ობიექტური მიზეზებით და კანონით განსაზღვრული მიზენბის მისაღწევად, მათ შორის, პირის ექსტრადირებისათვის სხვა სახელმწიფოში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაში დაადგინა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა მსგავს გარემოებებში - როდესაც საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ხელოვნურად ჭიანურდება და პირის თავისუფლების შეზღუდვას სახელმწიფო ორგანოები ჯეროვნად არ იყენებენ.[41] საქმის გონივრულ ვადაში განხილვისა და შესაბამისად, პირის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის მაქსიმალურად აუცილებელი ვადებით შეზღუდვის, ასევე გამოყენებული შიდასამართლებრივი ნორმების განჭვრეტადობის მნიშვნელობაზე ევროპული სასამართლო ასევე მიუთითებდა წინა წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებშიც.[42]
ასეთ შემთხვევებში, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელმოხდილი პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება და გაგრძელება, მაშინ, როდესაც მის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ არ ხდებოდა ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო მასალების მოპოვების მცდელობაც კი, რაც უზრუნველყოფდა პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვას გონოვრულ ვადაში, არ შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისად.
ვინაიდან 1. საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად არ კრძალავს საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას მას შემდეგ რაც პირმა მოიხადა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ამასთან 2. შესაძლებელია, რომ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ გამოყენებული პირის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისათვის, მოსალოდნელია, რომ ამგვარი არაერთგაროვანი და დამაზიანებელი პრაქტიკა კვლავ გაგრძელდეს და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიმართაც დაადგინოს კონვენციის მე-5 მუხლის დართვევა.[43]
რამდენადაც მითითებული საკითხი პირდაპირ არ არის დარეგულირებული კანონით, იგი წყდება მხოლოდ საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით. აღნიშნული კი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან გამომდინარე არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მომავალშიც ქმნის ადამიანის თავისუფლების დარღვევის საფრთხეს.[44]
შესაბამისად, მომავალში ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების უსაფუძვლო დარღვევის და შესაბამისი ორგანოების (პროკურატურა, სასამართლო) უმოქმედობის ან დაგვიანებული მოქმედების გამო პირის თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია კანონმდებლობით იქნეს დარეგულირებული იმ პირების მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების ან/და გაგრძელების საკითხი, რომელთა მიმართაც გამოყენებული იყო პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის და დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მათ მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან გაგრძელება, თუ მათ მიერ სასჯელის მოხდის პერიოდი შესაბამისმა ორგანოებმა არ გამოიყენეს გონივრულად პირის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისას.
თანაზომიერების შეფასება
„ადამიანის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. როდის, როგორ და რა ინტენსივობით შეუძლია სახელმწიფოს, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში ისე, რომ ეს ჩაითვალოს აუცილებელ ჩარევად დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამისთვის სამართლებრივ საფუძველს და შეფასების მასშტაბს კონსტიტუცია იძლევა, პირველ რიგში, ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები და თავად უფლებების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური ნორმები. სწორედ აქ არის მოცემული კერძო და საჯარო ინტერესების თანაფარდობის განსაზღვრის დასაშვები ფარგლები.“[45]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით: „სადავო ნორმა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სწორედ თანაზომიერების პრინციპი ადგენს მატერიალურ მასშტაბებს კანონმდებლისათვის ძირითადი უფლებების შეზღუდვისას. თუ ნორმა ამ პრინციპებს არ შეესაბამება, ის დაუშვებს თვითნებობის შესაძლებლობას. სახელმწიფოს თვითნებობა ადამიანის თავისუფლების სფეროში კი ავტომატურად ნიშნავს ადამიანის ღირსების, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმაღლესი პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას და ადამიანის ... ძირითადი უფლების არაკონსტიტუციურ ხელყოფას”[46]
აღსანიშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის პატიმრობა შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თანმდევ მოვლენას, რომლის მიზანს მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ბრალდებულის მიმალვის, მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, ან მტკიცებულებების განადგურების, ისევე როგორც ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვისა და მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უკავშირდება. შესაბამისად, უშუალოდ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა და მისი განხანგრძლივების შესაძლებელობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს. მაგრამ აქ მნისვნელოვანია დავაკონკრეტოთ, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები ემსახურება კონსტიტუციით გათვალისწინებული გარანტიების მიღწევას, მის მიერ დაწესებული პროცესუალური ჩარჩოს ფარგლებში.
უფლების შეზღუდვისას აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა, რა დროსაც უნდა არსებობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, ხოლო შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. გარდა ამისა, მნიშნელოვანია, რომ უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მიზნის პროპორციული იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.”[47]
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მიზნებისთვის ტერმინი „დაკავება“ უკავშირდება პირის თავისუფლების ფიზიკურ შეზღუდვას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 72 საათს და სრულდება პირის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებით ან პირის გათავისუფლებით. ხოლო ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვა შედარებით ფართო შინაარსისაა და მოიცავს არა მხოლოდ „დაკავებას“, არამედ ასევე თავისუფლების სხვაგვარ ფიზიკურ შეზღუდვას, ისეთს, როგორიცაა პირის საპატიმროში (ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში) მოთავსება (დაპატიმრება), ასევე შინაპატიმრობა ან პირის გადაადგილების თავისუფლების სხვაგვარი მკაცრი შეზღუდვა.[48]
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებით, „დაპატიმრება წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ (ინტენსიურ) ჩარევას. ზოგადად, სისხლის სამართლებრივი დევნა, განსაკუთრებით, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ბრალდებულისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მას უპირისპირდება სახელმწიფო, რომლის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი მიმართულია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასამტკიცებელად. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა ამარტივებს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას, შესაბამისად, შესაძლოა, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს პირის პატიმრობის მიმართ გარკვეული ინტერესიც ჰქონდეთ. ამავე დროს, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ვერ გამოირიცხება როგორც უფლების ბოროტად გამოყენების, ასევე შეცდომის შედეგად პირის დაუსაბუთებელი დაპატიმრების ალბათობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია მკაფიო პროცესუალურ გარანტიებს აწესებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისას. პროცესუალური გარანტიების კონსტიტუციურ რანგში აყვანა სახელმწიფოს აქცევს მკაცრ ჩარჩოში ადამიანის თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ნორმების დადგენისას და გამოყენებისას.[49]
შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება თავისუფლების უფლებაში ჩარევის განსაკუთრებით ინტენსიურ ფორმას, სახელმწიფო ვალდებულია მაქსიმალურად მკაფიოდ განსაზღვროს უფლების შეზღუდვის ფარგლები და კონსტიტუციის სტანდარტის შესაბამისად მოაწესრიგოს კანონმდებლობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სასამართლომ განცხადა, რომ „რაც უფრო ხანგრძლივია თავისუფლების შეზღუდვა, მით უფრო ინტენსიურია უფლებაში ჩარევა.“[50]
ლეგიტიმური მიზნების არსებობა თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის აუცილებელ, თუმცა არასაკმარის წინა პირობას წარმოადგენს. შეზღუდვა ასევე მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს.[51] ამავე დროს, კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული და განჭვრეტადი კრიტერიუმები, რომლებიც პატიმრობას, როგორც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმას, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაუშვებს და მას სასამართლოს მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარებს. „კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ერთი მხრივ მოქმედებს როგორც ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცვის გარანტი, ხოლო მეორე მხრივ მისი შეზღუდვის უფლებამოსილებით აღჭურვილი ლეგიტიმური ორგანო“[52]
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა წარმოდგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსად საშუალებას, მაგრამ ის ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის შემდგომ საფეხურებს, რადგან შეზღუდვა წარმოდგენს მკაცრ და თავისუფლების უფლებაში ჩარევის ყველაზე ინტენსიურ ფორმას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, წინასწარი პატიმრობის მიზანია, მოახდინოს მართლმსაჯულების ხელშემშლელი გარემოებების აღმოფხვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვა. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, პირის დაპატიმრება წარმოადგენს მის უფლებებში მაღალი ინტენსივობის ჩარევას. შესაბამისად, კონსტიტუცია თავადვე ავლებს ზღვარს, რომლის შემდგომაც მართლმსაჯულების პროცესის ხელშეშლის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით (საბაბით) პირის პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის იმ პირობებში, როდესაც პირი პატიმრობაში იმყოფება, სახელმწიფო ვალდებულია, 9 თვის განმავლობაში ან უზრუნველყოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღება ან გაათავისუფლოს იგი. ამრიგად, კონსტიტუცია ერთგვარად საკმარისად აცხადებს 9 თვიან ვადას ბრალდებულის მიმართ განაჩენის დასაყენებლად.[53]
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ გამოირიცხოს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილების მიღების, ხოლო, მეორე მხრივ - პატიმრობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ხელახალი პატიმრობის განუსაზღვრელი ოდენობით გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტით აღიარებულ თავისუფლების პრეზუმფციის ფუძემდებლურ პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც არსებობს განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი და არჩეული გზა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულია. ამასთან, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც ადგენს უშუალოდ პატიმრობის გამოყენების დასაშვებ მაქსიმალურ ვადას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადა, კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა საპროცესო გარანტიებთან ერთად, წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის საწინააღმდეგო გარანტიას.
სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს, პირის თავისუფლების უფლაბაში ჩარევის საპროცესო სტანდარტის დაცვას, რაც გულისხმობს, რომ მისი საექსტრადიციო პატიმრობა შესაძლოა გაგრძელდეს უფრო დიდხანს ვიდრე ამას თავად კონსტიტუცია განსაზღვრავს, ანუ 9 თვეს. საპროცესო ჩარჩოს დარღვევა კი, ავტომატურად ზღუდავს თავისუფლების უფლების მატერიალურ ნაწილს და იძლევა უფლებაში ინტენსიური ჩარევის შესაძლებლობას.
სასამართლოს განცხადებით, ერთი მხრივ, ადამიანის საზოგადოებისგან იზოლირება შეიძლება აუცილებელი იყოს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ლეგიტიმურ მიზნებს უპირისპირდება რა ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთე, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება, კანონმდებელი ვერ გაამართლებს შეუზღუდავი ვადით პატიმრობას.[54]
როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების საფუძველზე პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას. სისხლისსამართებრივი დევნა, რომელიც პატიმრობაში მყოფი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იმდენად, რამდენადაც ბრალდებულის თავისუფლება შეზღუდულია მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, მოითხოვს დევნის განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან პრიორიტეტულ მიდგომას, იმისთვის რომ დროის გაჭიანურების გარეშე მოხდეს პატიმრობის არსებული საფუძვლების აღმოხვრა ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირს წაყენებული აქვს ორი (ან მეტი) ბრალი, პატიმრობა მოთხოვნილია მხოლოდ ერთ-ერთზე, დაუშვებელია მეორე საქმესთან დაკაშირებით ხელახლა 9 თვიანი ვადით პატიმრობის შეფარდება იმდენად, რამდენადაც წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწყებს მოქმედებას ორივე ბრალდებასთან/საქმესთან მიმართებით, განურჩევლად იმისა, მოთხოვნილია თუ არა ის ერთ საქმეზე, თუ ორივეზე ერთდროულად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებდა პირის პატიმრობაში ყოფნას კონსტიტუციის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.[55]
ზემოთ აღნიშნული განმარტების ანალოგიურად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებული სადავო ნორმა უშვებს იმაზე მეტი ვადით პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების სადავო ნორმატიული შინაარსი (რომელიც უშვებს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც პირის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების დაწყების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში, გვ. 83 (ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/res/docs/2022040420075286303.pdf);
[2] იხ.: იქვე;
[3] ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/res/docs/2022031616312418743.pdf;
[4] იხ.: საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 7 დეკემბრის N15-2/11520 წინადადება. გვ. 2;
[5] იხ.: იქვე, გვ. 2-3;
[6] „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 4-9 პუნქტები;
[7] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 7 დეკემბრის N15-2/11520 წინადადება. გვ. 3-4;
[8] იხ.: იქვე;
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის #3/2/646 გადაწყვეტილება, III-2;
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება, II-1
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება, II-2.
[12] იქვე, II-3.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება, II-15.
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება, II-4.
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის N1/5/193 გადაწყვეტილება.
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება, II-2.
[17] იქვე, II-2.
[18] იქვე, II-2.
[19] იქვე, II-3.
[20] მსგავსი შემთხვევები ასევე იკვეთება სხვა საქმეებშიც ა.ი-სა და თ.ე-ს მიმართ საექტრადიციო საქმის მასალებში.
[21] 2019 წლის 6 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილი და 2019 წლის 23 აპრილის საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი.
[22] 2019 წლის 17 ივნისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წერილი და 2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი.
[23] ერთ-ერთმა მათგანმა მოიხადა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო მეორე მათგანმა - 6 თვის ვადით.
[24] 2020 წლის 2 აპრილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმე N1/გ-231-20 და 2020 წლის 23 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმე N1გ/896-2020. ასევე, 2021 წლის 16 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინება.
[25] 2020 წლის 30 მარტის საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი. ასევე, 2020 წლის 23 დეკემბრის საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი.
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება, II-19.
[27] იქვე, II-20.
[28] იქვე, II-29.
[29] იქვე, II-33.
[30] იქვე, II-34.
[31] იქვე, II-38.
[32] სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის 30-ე მუხლის 4-9 პუნქტები.
[33] სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის 30-ე მუხლის 11-12 პუნქტები.
[34] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 7 დეკემბრის №15-2/11520 წინადადება, გვ 3.
[35] 2020 წლის 14 თებერვლის შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, სისხლის სამართლის N1/4157 საქმე.
[36] 2020 წლის 14 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით.
[37] „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის (ე.წ. „მინსკის კონვენციის“) 57-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „გადაცემა არ ხდება, თუ პირი, რომელის გადასემასაც მოითხოვენ, არის თხოვნის მიმღები მხარის მოქალაქე“. თავისი მოქალაქეების გადაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილებას ითვალისწინებს ასევე „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. კონვენციების აღნიშნული წესებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ ვერ/არ განხორციელდებოდა საქართველოს მხარის მიერ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიზნით დროებითი გადმოცემის მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ სახელმწიფოს მიერ (რუსეთის ფედერაცია) რომლის მოქალაქეც იყო ექსტრადირებული პირი.
[38] საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოების მიერ ძებნილი პირების მიერ სასჯელის მოხდის პერიოდი არ იქნა გამოყენებული საექსტრადიციო საქმისწარმოებისათვის საჭირო მოქმედებების განსახორციელებლად და საექსტრადიციო წარმოება დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებებიდან.
[39] 2020 წლის 21 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების თაობაზე, N18-20.
[40] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
[41] Case of Shiksaitov v Slovakia paras 72, 76-83.
[42] Case of Abdolakhani and Karina v. Turkey paras 130, 135; Case of McFarlane v. Ireland para 152.
[43] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 7 დეკემბრის №15-2/11520 წინადადება, გვ 7.
[44] იქვე, გვ 7.
[45] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/1/574 გადაწყვეტილება, II-29.
[46] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება, II-13.
[47] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება, II-65.
[48] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება, II-15.
[49] იქვე, II-4.
[50] იქვე, II-18.
[51] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება, II-60.
[52] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება, II-2.
[53] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება, II-31.
[54] იქვე, II-26.
[55] იქვე, II-47.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა