გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/1759 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ივლისი 2023 16:46 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1759) მომართა გიორგი ცააძემ. №1759 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 5 ივლისს.
2. №1759 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესს. ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის უფლებას.
5. №1759 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი წვდომა გააჩნია, ერთი მხრივ, ამ ინფორმაციის მომპოვებელ და დამმუშავებელ სახელმწიფო ორგანოს, მეორე მხრივ კი, მოსამართლეს. ამ პირობებში, პროცესის მონაწილე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ამგვარი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შემთხვევაში, არ გააჩნია შესაძლებლობა, დეტალურად შეისწავლოს, გააანალიზოს და შეაფასოს იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში საქმის სამართლიან განხილვას, რამდენადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებისას, პროცესის ერთ-ერთი მხარის მსგავსი ტიპის ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გამო, შეუძლებელია მისი რელევანტურობის, ავთენტურობისა და იმის გადამოწმება, თუ რამდენად სამართლიანად დაეყრდნო მას მოსამართლე. ამასთან, ამგვარმა მოცემულობამ შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს თავად სასამართლო, რამდენადაც სასამართლო პროცესზე ნახსენები ტიპის ინფორმაციის ადეკვატური შეფასების შესაძლებლობის არარსებობის გამო, არსებობს შანსი, გადაწყვეტილება დაეფუძნოს არასანდო მტკიცებულებას. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს იმას, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, იგი მხოლოდ უნდა აღწერდეს საქმის ზოგად, ფაქტობრივ გარემოებებს და არ უნდა გააჩნდეს მტკიცებულების სახე.
6. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არ შეესაბამება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის ფუნდამენტური ელემენტია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის შეფასებით, სადავო ნორმა პრაქტიკულ შინაარსს უკარგავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციული წარმოების მხარეებისთვის საქმის მასალების გაცნობის უფლებას.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა იწვევს არაპირდაპირ დისკრიმინაციას წოდებრივი ნიშნის მიხედვით, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ მხარეს, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის შედეგის მიმართ ინტერესის არსებობისას, მისი სამართლებრივი მდგომარეობისა და ინსტიტუციური ბერკეტების გამოყენებით, შეუძლია გრიფი დაადოს კონკრეტულ, მათ შორის, დაუდასტურებელ, გამოუკვლევ ან კანონდარღვევით მოპოვებულ ინფორმაციას და ამგვარი ფორმით გამოიყენოს მტკიცებულებად იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის გამოკვლევას და შეფასებას. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ საიდუმლოების შემცველი ოპერატიული ან სხვაგვარი ტიპის ინფორმაციის სანდოობისა და რეალურობის შემთხვევაშიც, დაუშვებელია მისი მტკიცებულებად გამოყენება, მისადმი მეორე მხარის წვდომის შეზღუდვიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნული, მოსარჩელის მოსაზრებით, იწვევს დისბალანსს მხარეთა შორის.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ ხდება კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება. მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაიდუმლოება დემოკრატიული საზოგადოებისათვის, აუცილებელი ინტერესების დასაცავად, ლეგიტიმურია, თუმცა ამგვარი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება იწვევს ადამიანის უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის მე-3 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1759 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არღვევს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ეძლევა, მოიპოვოს კონკრეტული ინფორმაცია, მიანიჭოს მას საიდუმლოს სტატუსი და შემდგომ, გამოიყენოს მტკიცებულებად, რაც, ამ ტიპის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პირობებში, მოწინააღმდეგე მხარეს ართმევს შესაძლებლობას, ადეკვატურად შეაფასოს და გამოიკვლიოს მტკიცებულების სანდოობა და ავთენტურობა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულმა, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს სასამართლოს გადაწყვეტილების დაფუძნება არასანდო მტკიცებულებაზე.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლი არეგულირებს სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესს. უფრო კონკრეტულად, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით, საქმის დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე განხილვის ნორმატიულ მოცემულობას. უშუალოდ სადავოდ გამხდარი მე-3 ნაწილი კი ექსპლიციტურად განსაზღვრავს განსახილველი მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში იმ მონაცემის მითითების აკრძალვას, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას. შესაბამისად, მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მისი რეგულირების სფერო შემოიფარგლება იმ საპროცესო-სამართლებრივი წესრიგის დადგენით, რომლის ფარგლებშიც ხდება გასაიდუმლოებული ინფორმაციის სასამართლო განხილვა. უშუალოდ სადავო დებულება კი მიმართულია გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების თაობაზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში იმგვარი მონაცემის მითითების აკრძალვისაკენ, რომელიც გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას გამოიწვევს. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო დებულებას არ გააჩნია ნორმატიული რესურსი, მოაწესრიგოს უშუალოდ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების საკითხი, მით უფრო, შექმნას ნორმატიული ჩარჩო, რომელიც განაპირობებს ამგვარი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაშვებას ან/და მის გამოკვლევაში მხარეთა მონაწილეობის შეზღუდვას. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარე აპელირებს არა უშუალოდ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მონაცემების მითითების/შინაარსობრივი სტრუქტურის განსაზღვრის პრობლემურობაზე, არამედ მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება, ზოგადად, ამგვარი ინფორმაციის სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად გამოყენების საკითხს, რომელიც, როგორც აღინიშნა, სცილდება სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სადავო ნორმიდან მის მიერ მითითებული პრობლემური წესის ამოკითხვის შესაძლებლობას დაადასტურებდა.
4. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1759 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1759 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ცააძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში