ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/1494 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 6 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ივლისი 2023 18:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1494) მომართეს ლენა სვანაძემ და ზურაბ ინაშვილმა. №1494 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 23 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 6 ივლისს.
2. №1494 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311-ე მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი ნოტარიუსის უმოქმედობის შედეგად. კერძოდ, ნოტარიუსი უარს აცხადებს სამკვიდროს გახსნაზე და მოსარჩელე სრულყოფილად ვერ ეუფლება სამკვიდრო ქონებას. სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ნოტარიუსის მიერ, მისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანი, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონსტიტუციურ გარანტიას. ასევე, ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება სამოქალაქო კანონმდებლობით, შესაბამისად აღნიშნული ტიპის საქმეებზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველი - ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიათა განსჯადობა, რაც შეუსაბამოა სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის და სასამართლო იურისდიქციის კონსტიტუციურ სტანდარტებთან.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, ნოტარიატის შესახებ კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ნოტარიატის შესახებ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ ნოტარიუსი არის კერძო პირი, რომელსაც დელეგირებული აქვს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
7. მოსარჩელის პოზიციით, ნოტარიუსი წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისთვის ადმინისტრაციული ორგანოს და მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მიყენებულ ზიანზე უნდა ვრცელდებოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, სადავო ნორმა საერთოდ გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევებში.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რის საფუძველზეც სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გავრცელდეს ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანის შემთხვევებზე და მოპასუხეს სამართალწარმოების პროცესში წარმოადგენდეს სახელმწიფო. მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს ზემოაღნიშნული კატეგორიის საქმეებზე სასამართლო იურისდიქცია ჰქონდეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებსა და პალატებს. აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია რომ ირღვევა მისი საპროცესო უფლება სასამართლოს იურისდიქციის თაობაზე.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ განსჯად სასამართლოზე უფლების დარღვევა ასევე იწვევს მისი სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლების დარღვევას. მისი პოზიციით, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაც (Nბს-638-624(გ-14)), რომლის საფუძველზე განსჯად სასამართლოზე უფლების დარღვევა განიმარტა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად. ანალოგიურ უფლებას კი იცავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამდენად, მოსარჩელე ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ მიემართება მის მიერ იდენტიფიცირებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1494 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების გავრცელებას ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევებზე. ასევე, განსჯად სასამართლოზე უფლების დარღვევა იწვევს მისი სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლების დარღვევას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, როგორც ინსტრუმენტული უფლების მდგენელი დებულება, „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ სადავო ნორმა მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ სახეზეა არა უფლების დაცვის საპროცესო მექანიზმების შეზღუდვა, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური შინაარსის რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის №2/11/716 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). როგორც აღნიშნა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავს, რომ „სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის“. სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის არიდება უკავშირდება მატერიალური უფლების შეზღუდვას. სადავო ნორმა არ არეგულირებს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცედურულ საკითხებს. ამ ნორმის საფუძველზე არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა, ისევე როგორც, ნორმის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს საქმეზე განსჯადი სასამართლოს დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთება და არგუმენტაცია იმ მატერიალურ უფლებასთან მიმართებით, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე ნეგატიური შედეგი.
5. ამდენად, №1494 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1494 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1494 კონსტიტუციური სარჩელი („ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1494 კონსტიტუციური სარჩელი („ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებას.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში