საქართველოს მოქალაქე ნოდარი გოგიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1284 |
ავტორ(ებ)ი | ნოდარ გოგატიშვილი |
თარიღი | 14 დეკემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი’’
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი’’ მუხლი 172 -ის მე-2 ნაწილი: „მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.” |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ'' ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე'' ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის მე-18 მუხლს და დასაშვებია რადგან:
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსის მუხლი 172 -ის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.’’
ფ ა ქ ტ ე ბ ი მ ო ს ა რ ჩ ე ლ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ:
მოქალაქე ნოდარ გოგატიშვილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა (იხ. „სხვა დოკუმენტები“ დანართი 1). ამჟამად, აღნიშნული პირი იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 14 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იხდის სასჯელს. მოსარჩელე ნოდარ გოგატიშვილი პატიმრობაში იმყოფება 2014 წლიდან.
მოქალაქე ნოდარ გოგატიშვილი წარმოადგენს ლგბტ თემის წევრს. სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, იგი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს როგორც ჰომოსექსუალი და აქვს ინტიმური ხასიათის ურთიერთობა სხვა მამაკაცთან. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ნოდარ გოგატიშვილი იხდის სასჯელს, მას არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით თავის პარტნიორთან.
საქართველოს კანონის - პატიმრობის კოდექსის - თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე კანონის თანახმად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.[1]
ს ა ს ა რ ჩ ე ლ ო მ ო თ ხ ო ვ ნ ი ს დ ა ს ა ბ უ თ ე ბ ა:
გასაჩივრებული ნორმა საქართველოს პატიმრობის კოდექსიდან -
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-172 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
„მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.“
სადავო ნორმის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით -
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრვი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა აღნიშნული კონსტიტუციური ნორმაპრინციპი. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია უზრუნველყოს კანონის წინაშე თანასწორობა, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-14 მუხლი ზოგადად გულისხმობს ადამიანის სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართვლოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების „მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვლის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში..”[2] საკონსტიტუციო სასამართლო კონსიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლი ხაზს უსვამს ადამიანის ბუნებით თავისუფლებას და მიუთითებს დისკრიმინაციის აკრძალვის მნიშვნელობაზე ადამიანის თავისუფლებისათვის- ადამიანის უფლებები არის თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ხელმისაწვდომობა მათზე.
ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავდა მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან .[3] ამიტომ თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ამა თუ იმ სფეროში ადამიანის თვითრეალიზაციის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. [4]
მაშინ, როდესაც სადავო ნორმის შესაბამისად ჰეტეროსექსუალი პატიმრები სარგებლობენ მეუღლესთან ხანგრძლივი პაემნის უფლებით, ჰომოსექსუალი პატიმრები, მოკლებულნი არიან ამ უფლებას, რაც არღვევს ლგბტ თემის წარმომადგენელ პატიმართა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
ამ რეგულაციის შინაარსით გათვალისიწნებულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ობიექტური გამართლება და გონივრული დასაბუთება. სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან ვერ სარგებლობს ჰეტეროსექსუალი პატიმრების მსგავსი, თანაბარი უფლებით და ამ განსხვავებული მოპყრობის საფუძველი გახლავთ სექსუალური ორიენტაცია.
კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს ანალოგიურ, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყრას ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით.[5]
როგორც უკვე აღინიშნა, ამ შემთხვევაში, კომპარატორები ერთი მხრივ ჰეტეროსექსუალი პატიმრები არიან (მეუღლეები). გამომდინარე იქედან, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლება, ისინი ვერ მოექცევიან პატიმრობის კოდექსის მე-17 (სეკუნდა) მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილ პირებს შორის და შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. ერთნაირსქესიანი წყვილები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით, რომლებმაც ისარგებლეს ქორწინების უფლებით. ვინაიდან, ერთნაირსქესიან წყვილების ურთიერთობის სამართლებრივი რეგულაცია მოქმედ სამართლებრივ გარემოში არ არსებობს, ავტომატურად, აღნიშნული პირები ეთიშებიან სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებით სარგებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთნაირსქესიან წყვილებს. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას.
მეორე მხრივ, პატიმრობის კოდექსის სადავო ნორმაში მითითებულია, მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემანი პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს.
ამ შემთხვევაშიც, გამომდინარე იქედან, რომ ერთნაირსქესიან პირებს ერთმანეთთან შვილის ყოლის შესაძლებლობა არ აქვთ, ასევე პირები, რომლებსაც საერთო შვილი ყავთ ერთმანეთთან და არ იმყოფებიან მეუღლეთა მსგავს სამართლებრივ ურთიერთობაში, მათთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების მინიჭება და ერთნაირსქესიანი წყვილების ამ უფლებით სარგებლობისგან გამორიცხვა, წარმოადგენს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას. კერძოდ, კანონმდებელი ერთნაირსქესიან წყვილებს, რომლებიც არ იმყოფებიან ქორწინებაში, ასევე არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ ხანგრძლივი პაემნის უფლებით, ამ შემთხვევაში, ვინაიდან ერთნაირსქესიან წყვილებს არც საერთო შვილის აყვანის ან ბიოლოგიურად გაჩენის შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი ექცევიან უთანასწორო მოპყრობის ქვეშ, ვინაიდან არ არიან თანასწორები იმ ჰეტეროსექსუალ პირებთან შედარებით, რომლებიც არ არიან ქორწინებაში, თუმცა ყავთ საერთო შვილი. დისკრიმინაციად ასევე ჩაითვლება კანონმდებლის მიერ შექმნილი ისეთი პირობები, როცა არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ხორციელდება თანასწორი მოპყრობა.
პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, აკრძალულია ბრალდებული/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჩანაწერს იმის თაობაზე რომ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ასევე იმ პირთან, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
როგორც აღნიშნული მუხლიდან იკვეთება, ერთნაირსქესიან პარტნიორს ამ მუხლზე დაყრდნობით, შეუძლიათ ისარგებლონ ხანმოკლე პაემნის უფლებით. თუკი ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის დროს შესაძლებელია, რომ დადგენილ იქნას პირთა კავშირი, კერძოდ კი მათი თანაცხოვრების ფაქტი და მიეცეთ მათ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, იგივენაირად შესაძლებელია მათთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭება, თუკი დადგინდება მათი თანაცხოვრების ფაქტი.
სადავო ნორმის მატერიალური შინაარსი არ არის ნეიტრალური, იგი ადგენს განსხვავებულ მოპყრობას, ვინაიდან უფლებით ავტომატურად გამორიცხულია ერთნაირსქესიანი წყვილები.
დისკრიმინაციად არ ჩაითვლება განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება არსებითად ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, ითვალისწინებს საჯარო ინტერესს და ამყარებს სამართლიან ბალანსს საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის უფლებებს შორის. განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ ლეგიტიმურ მიზანს შორის.
სადავო ნორმის შემთხვევაში, განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური გამართლება და ის არ ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა არსებობა გარდაუვალს გახდიდა ლგბტ თემის წევრი პატიმრის გარკვეული უფლებების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში, საუბარია ისეთ ლეგიტიმურ მიზნებზე, როგორებიცაა: უსაფრთხოების, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთა, სხვათა უფლებების დაცვა, კონსტიტუციური წესრიგი, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი და ა.შ. ასევე, იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული მიზნები არ გამოირიცხება მათ მიერ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შემთხვევასი, დაუსაბუთებელია საფრთხე ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობისას. არსებული რეგულაცა დისკრიმინაციულია და წარმოადგენს თანასწორობის უფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას.
კონსტიტუციური უფლების შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკონონმდებლო რეგულაცია უნდა წარმოადგენდეს ღირებული (ლეგიტიმური) საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამ დროს უფლის შეზღუდვის ინტენსივობა მისარწევი მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნას შეფასების მკაცრი ტესტი. ვინაიდან არსებული სადავო ნორმით არ საბუთდება დიფერენცირების საჭიროება, ერთნაირსქესიანი წყვილები მოწყვეტილი არიან გარკვეული უფლებით სარგებლობას და ამავდროულად, ასევე, არ ჩანს, თუ რა მიზნის მიღწევას შეიძლება ისახავდეს, არსებული რეგულირების პირობებში, ერთნაირსქესიანი წყვილების არმოქცევა ხანგრძლივი პაემნის უფლებით მოსარგებლე პირების ჩამონათვალში, მაშინ, როცა ჰეტეროსექსუალ მეუღლეებს აქვთ უფლება ისარგებლონ აღნიშნული უფლებით.
მართალია განსხვავებულ მოპყრობას საფუძვლად არაკლასიკური ნიშანი უდევს, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ როგორც განმარტა, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კლასიკური ნიშნის მატერიალური გაგება, ,,დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხე პირთა კონკრეტულ ჯგუფებთან მიმართებით იცვლება საზოგადოებრივი განვითარების კვალდაკვალ, რაც შეფასების მიღმა არ უნდა დარჩეს. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, მიემართება მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, სექსუალურ უმცირესობებს''. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციის კლასიკურ ნიშნად იქნეს დანახული და ამ ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაცია შეფასდეს მკაცრი ტესტის მიხედვით.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
სადავო ნორმით არ იკვეთება შინაარსობრივი ურთიერთმიმართება სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვასა (ის, რომ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მქონე პირთა ჩამონათვალში არ იგულისხმება ერთნაირსქესიანი წყვილების უფლება ისარგებლონ ხანგრძლივი პაემნით) და ლეგიტიმურ მიზანს შორის. მიგვაჩნია რომ, ერთნაირსქესიანი წყვილები არ განეკუთვნებიან მოცემული მუხლის მიზნებისთვის გარკვეულ რისკ ჯგუფს, ან საფრთხის წყაროს, რომელსაც შეეძლო გაემართლებინა კანონმდებლის განსხვავებული მოპყრობა.
აღნიშნულ საქმესთან მიმართებით საყურადღებოა კოლუმბიის რესპუბლიკის გამოცდილება, სადაც კოლუმბია 2001 წლამდე უშვებდა ხანგრძლივ პაემნებს მხოლოდ დაქორწინებული და ზოგიერთი დაუქორწინებელი ჰეტეროსექსუალი წყვილისთვის.
კოლუმბიაში მკვლელობისთვის გასამართლებული კოლუმბიელი ლესბოსელი ქალი, მარტა ალვარესი (Marta Alvarez), “ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიის”[6] (Inter-American Commission on Human Rights) წინაშე დავობდა, რომ ეს იყო თანასწორობასა და პირად ცხოვრებაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, რომლებსაც კოლუმბიის რესპუბლიკის კონსტიტუცია და ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორიცაა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტი (ICCPR) იცავდა.
1995 წელს ომბუდსმენის ოფისმა საჩივრით მიმართა მინიციპალურ სასამართლოს, რომელშიც დავობდა, რომ ქალბატონი ალვარესის უფლებები პიროვნულ განვითარებაზე, თანასწორობასა და პირად ცხოვრებაზე იყო უარყოფილი.
ლესბოსელი პატიმრი დავობდა, რომ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების არარსებობა კონსტიტუციით განმტკიცებულ კანონის წინაშე თანასწორობაზე მის უფლებას არღვევდა.
მოსამართლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საპატიმროში ლესბოსელი ქალებისთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭება „პირადი სივრცის“ (privacy) და უსაფრთხოების ისეთივე პირობებში, როგორიც ეს ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის იყო დაშვებული - საპატიმრო დაწესებულების რეჟიმისთვის ან სხვა პატიმრებისა და ვიზიტორთა ხელშეუხებლობისთვის არ წარმოადგენდა რაიმე საფრთხის შემცველს.
კომისიის მიმართ საკუთარ მიმართვაში ქალბატონი ალვარესი აღნიშნავდა, რომ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობაზე უარი ლახავდა მის უფლებებს თანასწორობაზე.
„პენიტენციის და საპატიმროების ეროვნული ინსტიტუტი“ (The National Institute for Penitentiaries and Prisons (INPEC)) ხანგრძლივი პაემნის ნებას რთავდა საპატიმროში მყოფ ქალებსა და კაცებს, რომელთაც საპირისპირო სქესის პარტნიორი ჰყავთ. (კაცები ნებადართულნი არიან ჰქონდეთ ვიზიტი ქალისგან, რომელზეც არ არიან დაქორწინებული; ქალები შეზღუდულები არიან ქმრების ვიზიტებისგან. ერთნაირსქესიან წყვილებს კოლუმბიაში არ აქვთ ქორწინების უფლება).
1999 წელს კოლუმბიის მთავრობამ „ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიის“ წინაშე აღიარა, რომ ხანგრძლივ პაემანზე უარი წარმოადგენდა არაადამიანურ და დისკრიმინაციულ მოპყრობას. მიუხედავად ამისა, მთავრობა მაინც განაგრძობდა აღნიშნული უფლების მინიჭებაზე უარის თქმას და აღნიშნავდა, რომ არაადამიანური და უთანასწორო მოპყრობა გამართლებული იყო, თუკი ასეთი უარი ემსახურებოდა უსაფრთხოების, დისციპლინის და მორალის საკითხებს საპატიმრო დაწესებულებაში.
2001 წელს, კოლუმბიის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა პრეცედენტი, როდესაც ლესბოსელ პატიმარს - ალბა ნელი მონტოიას (Alba Nelly Montoya) მიეცა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება პარტნიორთან, რომელიც იმავე სქესის წარმომადგენელი იყო.[7]
ბუნებრივია, პატიმრისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას შესაძლებელია იქნას გამართლებული, თუმცა, შეზღუდვების დაწესებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა კონკრეტული გარემოება. უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების, სხვათა უფლებების დაცვისა თუ დანაშაულის შემდგომი აღკვეთის მიზნების და არ უნდა იყოს დისკრიმინაციული რომელიმე ნისნის გამო.
ამდენად, ჰომოსექსუალი წყვილებისთვის საპატიმროში ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების არარსებობა ცალსახად არღვევდა კანონის წინაშე პირთა თანასწორობას ჰეტეროსექსუალ პატიმრებთან შედარებით.
სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით -
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი აღიარებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი. ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები, ის ამავდროულად მოიცავს პირის ინტიმური ცხოვრების სფეროებსაც, საკუთარი სქესის თუ სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრის უფლებამოსილებას და სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლებას. მე-16 მუხლის მიზანია დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებსი, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს.''[8]
კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ოჯახურ ურთიერთობებს, ისვე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნვესაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი საგანგებოდ ითავლისწინებს თავისუფალი განვითარების უფლებას,[9]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში „ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” (Hirst v. the United Kingdom) მიუთითებს, “პატიმრები ზოგადად აგრძელებენ კონვენციით გარანტირებული ყველა ფუნდამენტური უფლებით სარგებლობას გარდა თავისუფლებისა, სადაც კანონიერი დაკავება ხდება კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითად, პატიმრები...აგრძელებენ საოჯახო ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობას... რაიმე შეზღუდვა ამ უფლებების უნდა იქნეს დასაბუთებული, თუმცა გამართლების პოვნა ნამდვილად შესაძლებელია უსაფრთხოების, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთის მიზნებიდან გამომდინარე, რაც გარდაუვლად უკავშირდება პატიმრობის გარემოებებს.”[10]
მიუხედავად ამისა, თავისუფლების აღკვეთა თავისთავად არ იწვევს პირადი ცხოვრების უფლების აბსოლუტურ შეზღუდვას, პირის კანონიერი დაპატიმრება ვერ გამოდგება პატიმრის პირადი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში შეუზღუდვად ჩარევის საფუძველად. პატიმრობაში მყოფი ადამიანი ინარჩუნებს უფლებას პირად ცხოვრებაზე, თუმცა მისი ოჯახური ან სოციალური ურთიერთობები, ისევე როგორც პირადი ცხოვრების სხვა ასპექტები, კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს ექვემდებარება. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-10 მუხლთან (დაკავებულ პირთა უფლებები) დაკავშირებულ ზოგად კომენტარში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიუთითებდა, რომ “თავისუფლებაშეზღუდული პირები სარგებლობენ ყველა უფლებით, რაც გათვალისწინებულია პაქტში, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით რაც გარდაუვალია ჩაკეტილ გარემოში.” (General Comment 21/44, par.3)
საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას, ადამიანთა გარკვეულ წრესთან პერსონალურ კავშირებს იმ ინტენსივობით, რაც აუცილებელია მისი პიროვნული სრულყოფისა და განვითარებისათვის.[11]
მართალია კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ ის ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთა, სხვათა უფლებების დაცვა, კონსტიტუციური წესრიგი და ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესები, - მაგრამ ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალი პატიმრისთვის ამ უფლების შეზღუდვის გასამართლებლად ლეგიტიმურ მიზნად ვერ გამოდგება ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლები. ჰომოსექსუალი პირებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების მინიჭებით საფრთხე არ ემუქრება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთას, სხვათა უფლებების დაცვას, კონსტიტუციურ წესრიგსა და რაიმე სახის ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესებს. ამდენად, აღნიშნული უფლების შეზღუდვა მითითებული პირთა ჯგუფის წარმომადგენლებისთვის გაუმართლებელია.
ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პირადი ცხოვრება ფართო კონცეფციაა და ის არ არის ამოწურვადი ცნება.[12] ეს კონცეფცია ფართოა და ის, ასევე, მოიცავს სფეროს, რომელშიც ყველას შეუძლია თავისუფლად განავითაროს საკუთარი პიროვნება.[13]
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლომ აღნიშნა: „...მეტისმეტად შემზღუდველი იქნებოდა პირადი ცხოვრების შეზღუდვა „შიდა წრის“ მიხედვით, რომელშიც ინდივიდს თავისი შეხედულლებისამებრ შეეძლება იცხოვროს საკუთარი პირადი ცხოვრებით და ამ შიდა წრიდან მთლიანად გამორიცხოს გარე სამყარო. პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, გარკვეულწილად, ასევე უნდა მოიცავდეს უფლებას დაამყარო და განავითარო ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. [14] ამრიგად, პირადი ცხოვრება უცილობელად მოიცავს უფლებას განავითარო ურთიერთობები სხვა პირებსა და გარე სამყაროსთან.[15] ურთიერთობებმა, რომლებიც არ ექცევიან ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული ოჯახური ცხოვრების სფეროში, მაინც შეიძლება დაიმსახურონ აღნიშნული მუხლით დაცვა, იქ, სადაც ეს ურთიერთობები პირად ცხოვრებას წარმოადგენს.[16] ეს შემთხვევები მოიცავს: ურთიერთობას პირებს შორის, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან ქორწინებაში;[17] ურთიერთობები ჰომოსექსუალ პირებში, პარტნიორებს შორის, რომელთაც ჰყავთ ან არ ყჰავთ შვილები.[18]
სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობით ჰომოსექსუალი პირი ახდენს ამ კონკრეტული ურთიერთობის პრაქტიკულ რეალიზებას და უზრუნველყოფს პერსონალური კავშირის განვითარებას, რაც, უდავოდ, პიროვნების თვითრეალიზაციისა და განვითარების შემადგენელ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და, შესაბამისად, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით.
სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არასათანადო და არათანაზომადი შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა.
პირებს ეკისრებათ თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის თმენის ვალდებულება იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვა ხდება უპირატესად დაცული, საყოველთაო ინტერესებიდან ან მესამე პირების კონსტიტუციურად დაცული ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე.[19]
თუ ჰომოსექსუალი წყვილებისთვის უფლების შეზღუდვას საფუძვლად უსაფრთხოების ინტერესები უდევს, მაშინ იქამდე არსებობს უფლებით სარგებლობის შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, ვიდრე არსებობს რეალური, გამოკვეთილი საფრთხე იმისა, რომ პირი ამ უფლებით სარგებლობისას დაარღვევს საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორის მონახულება და ხანგრძლივი პაემნის უფლების არსებობა სხვა ჯგუფებისთვის, კერძოდ, ჰეტეროსექსუალ მეუღლეთათვის, გამრიცხავს აღნიშნული მიზნის არსებობას და უფლებას დაუსებუთებლად არღვევს. ამდენად, სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეზღუდვა ახდენს ისეთი პირის დისტანცირებას პაემნით სარგებლობისგან, როცა ამ უფლებით სარგებლობის მინიჭება არ შეიცავს რაიმე საფრთხეს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა თუ სახელმწიფოს ინტერესებისთვის.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სადავო ნორმის შინაარსი გაუმართლებლად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, შესაბამისად, ის არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
გაეროს პატიმართა მოპყრობის შესახებ მინიმალური სტანდარტული წესების (UN Standard minimal rules) შესაბამისად, 37-ე მუხლი განამტკიცებს პატიმრის გარე სამყაროსთან კავშირის უფლებას. კერძოდ, -
“პატიმრებს ნება უნდა მიეცეთ, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ზედამხედველობის პირობებში, იქონიონ კომუნიკაცია მათ ოჯახსა და ახლობლებთან რეგულარული ინტერვალებით, როგორც მიმოწერით, ისე ვიზიტების სახით.”
პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლება უნდა განიხილებოდეს, როგორც მათი უფლება და არა პრივილეგია. ამიტომ ასეთი კონტაქტები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც წახალისების ან დასჯის ფორმა. პატიმრებს, სასჯელის შესაბამისად, ეზღუდებათ მხოლოდ თავისუფალი გადაადგილების უფლება (რაც თავისუფლების აღკვეთაში გამოიხატება). სხვა უფლებები, რითაც საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრები სარგებლობენ, პატიმრებსაც გააჩნიათ. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობის უფლება, რითაც უნდა სარგებლობდნენ როგორც პატიმრები, ასევე, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ხელი შეუწყოს მსჯავრდებულს ოჯახთან, ნათესავებსა და სხვა ახლობლებთან ურთიერთობაში. დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია. პატიმრის კონტროლი ამ უფლებათა რეალიზაციისათვის უნდა განხორციელდეს მათი პატივისა და ღირსების შეულახავად. ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების ან დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით. [20]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როდესაც ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა ხდება მისი დაპატიმრების გზით, ეს არ განიხილება მისთვის ძირითად უფლებებზე უარის თქმად. მიუხედავად პირის პატიმრობაში ყოფნისა, მას კვლავაც უნარჩუნდება ადამიანის ძირითადი უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა განმტკიცებული.
ამდენად, თავისუფლების აღკვეთა თავისთავად არ იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების აბსოლუტურ შეზღუდვას.
„პატიმრობაში მყოფი პირი განაგრძობს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, გარდა იმ უფლებებისა, რომელთა აბსოლუტურ შეზღუდვას თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლი), თუმცა განსხვავებულია ამ უფლებებით სარგებლობის ხარისხი. ასე მაგალითად, პატიმარი უზრუნველყოფილია უფლებით შექმნას ოჯახი, მაგრამ შეზღუდულია შესაძლებლობაში რომ შეხვდეს ოჯახის წევრებს.
პატიმრობაში მყოფი ადამიანი ინარჩუნებს ძირითად უფლებებს, მათ შორის უფლებას პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე, თუმცა, ამ უფლებით მოცული სოციალური ურთიერთობები შეიძლება დაექვემდებაროს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-10 მუხლთან (დაკავებულ პირთა უფლებები) დაკავშირებულ ზოგად კომენტარში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიუთითებდა, რომ “თავისუფლებაშეზღუდული პირები სარგებლობენ ყველა უფლებით, რაც გათვალისწინებულია პაქტში, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც გარდაუვალია დახურულ გარემოში” (General Comment 21/44, par.3).[21]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში „ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“[22] მიუთითებს: “პატიმრები ზოგადად აგრძელებენ კონვენციით გარანტირებული ყველა ფუნდამენტური უფლებით სარგებლობას, გარდა თავისუფლებისა, სადაც კანონიერი დაკავება ხდება კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითად, პატიმრები არ შეიძლება დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას, არაადამიაურ და ღირსების შემლახველ სასჯელს ან პირობებს, კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ. პატიმრები განაგრძობენ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით, გამოხატვის თავისუფლებით, რელიგიის თავისუფლებით, სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ადვოკატის ყოლის უფლებით, მიმოწერის პატივისცემის უფლებითა და ქორწინების უფლებით სარგებლობას. ნებისმიერი შეზღუდვა ამ უფლებებისა უნდა იყოს დასაბუთებული. ასეთი დასაბუთება შესაძლებელია უკავშირდებოდეს უსაფრთხოების საკითხის გათვალისიწნებას, კერძოდ კი, დანაშაულისა და არეულების პრევენციას, რაც გარდაუვლად გამომდინარეობს ისეთი ვითარებიდან, როგორიცაა პატიმრობა. (მაგალითად, როგორც ეს ერთ-ერთ საქმეში იყო, პატიმართათვის მიმოწერის თავისუფლების ზოგადად აკრძალვა არღვევდა მე-8 მუხლს, თუმცა მათთვის მხოლოდ კონკრეტული ხასიათის კორესპოდენციის აკრძალვა უკვე გამართლებული იყო არეულობისა და დანაშაულის პრევენციის მიზენებიდან გამომდინარე).“
შესაბამისად, პატიმრობისას რაიმე შეზღუდვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა უნდა იქნეს დასაბუთებული. თუმცა შეზღუდვის გამართლების პოვნა ნამდვილად შესაძლებელია უსაფრთხოების, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთის მიზნებიდან გამომდინარე, რაც გარდაუვლად პატიმრობას, როგორც მოცემულ ვითარებას უკავშირდება.
პირის კანონიერი პატიმრობა, რასაკვირველია, იწვევს კონსტიტუციით დაცული ზოგიერთი უფლების შეზღუდვას. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლით გათვალისწინებული პირადი მიმოწერის და ჩანაწერების ხელშეუხლებლობის უფლება ვერ იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი, ვინაიდან შეზღუდულია თავად შეტყობინების მიიღების და გავრცელების შესაძლებლობა. შეზღუდულია პატიმრობაში მყოფი პირის უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, გაავრცელოს ინფორმაცია, განახორციელოს შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან ერთად, ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც ჩვეულებრივად ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი იქნებოდა, საპატიმრო ცხოვრების თანმდევი შედეგია. საპატიმრო წესებს და რეგულაციებს ექვემდებარება პირის ინტიმური ცხოვრება, პირადი ნივთებით, მათ შორის, პირადი ჰიგიენის ნივთებით სარგებლობაც კი. [23]
ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის თავისუფლებას, მისი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას. პიროვნებისთვის თავისუფლების აღკვეთით იზღუდება არა მხოლოდ პიროვნების გადაადგილების თავისუფლება, არამედ მისი თავისუფალი ნებაც აწარმოოს და განავითაროს ურთიერთობები ახლობლებთან.[24]
მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „დიკსონი (Dickson) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ.“ [25]
საქმე უკავშირდებოდა ხელოვნური განაყოფიერების საშუალებების ხელმისაწვდომობაზე უარს პატიმრისათვის, რომელიც კონვენციის მე-8 მუხლს არღვევდა.
განმცხადებელი დავობდა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ხანგრძლივი პაემნისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართ განსხვავებული იყო და ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეს პოლიტიკა კონვენციის მე-8 მუხლს ეწინააღმდეგებოდა.
ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები მოქმედებს თავისუფლების აღკვეთისასაც, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გამართლებული იმ საფუძვლით, რომ ის იყო აუცილებელი ან თავისუფლების აღკვეთის განუყოფელი შედეგი, ან უნდა არსებობდეს ადეკვატური კავშირი შეზღუდვასა და პატიმრის გარემოებებს შორის. დაუშვებელია შეზღუდვის დამყარება მხოლოდ იმაზე, თუ რამ შეიძლება შელახოს საზოგადოებრივი აზრი. გადამწყვეტი იყო, არსებობდა თუ არა სამართლიანი ბალანსი კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრის ძირითადი უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გამართლებული და დასაბუთებული.. ასეთი დასაბუთება ვერ იქნება დამყარებული მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებაზე, თუ რა იქნება შეურაცხმყოფელი საზოგადოებრივი აზრისთვის. [26]
სასამართლო ადგენს, რომ მართალია კონვენციის მე-8 მუხლის მიზანი არსებითად ის არის, რომ დაიცვას ინდივიდი საჯარო ხელისუფლების თვითნებური ჩარევისაგან, მაგრამ სახელმწიფოს ის მხოლოდ ჩარევისაგან თავშეკავებას არ ავალდებულებს. ამ ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად, შესაძლებელია ასევე პოზიტიური ვალდებულებაც არსებობდეს სახელმწიფოს მხარეზე, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის თანმდევია. ეს ვალდებულებები შესაძლებელია მოიცავდეს ისეთი ზომების მიღების საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვას ისეთ სფეროშიც კი, როდესაც ეს ინდივიდებს შორის ერთმანეთში ურთიერთობას შეეხება. .. ყურადღება უნდა მიექცეს ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ინტერესების სამართლიან დაბალანსებას.[27]
ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფოს მხარეზე ასევე შეიძლება არსებობდეს პოზიტიური ვალდებულება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთი ზომების მიღების საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე უფლების დაცვას.
ამავე გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ, „როდესაც სასწორზე ინდივიდის არსებობის ან მისი იდენტობის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაწილი დევს (როგორიც, მაგალითად, არის არჩევანი, რომ გახდე გენეტიკური მშობელი), მაშინ სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვიწროვდება.. (პგ. 78) საკითხის შეფასების არარსებობის პირობებში (გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს დღის წესრიგში არ დაუყენებია კონკურენციაში მყოფი ინტერესების აწონ-დაწონვის (დაბალანსების) ან შეზღუდვის პროპორციულობის საკითხი), რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა განმცხადებლებისთვის, ეს უნდა ჩაითვალოს, როგორც მიხედულების ფარგლების გადაცდომა სახელმწიფოს მხრიდან იმგვარად, რომ საჯარო ინტერესებსა და კერძო ინტერსებს შორის სამართლიანი ბალანსი არ იყო უზრუნველყოფილი.“ (პგ. 85)
ამრიგად, ის, რომ ჰომოსექსუალი პატიმრები ვერ სარგებლობენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით პარტნიორთან, ირღვევა პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე მათი უფლება.
ს ა ს ა რ ჩ ე ლ ო მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-172 მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი და მისი გამოყენების პრაქტიკა არღვევს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე–14 და მე–16 მუხლებით აღიარებულ უფლებებს.
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად სცნოთ გასაჩივრებული ნორმის, - საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-172 მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსი.
[1] საქათველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი,“ მუხლი 1-ლი, ნაწილი 1-2.
[2] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II.2).
[3] (საქატთველოს საკონსტიტუციო სასამარტლს 2008 წლის 31 მარტის N3/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინაარმდეგ'' II.2.)
[4] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება N1/3/534 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ''.II,3.)
[5] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ '' II.2)
[6] ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანო ამერიკის ქვეყნებისთვის.
[7] წყარო: https://www.outrightinternational.org/content/colombia-discrimination-prisons-must-end
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება ,,საქართველოს მოქალაქეები-ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთლელობის და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ'' II.56.57.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება, საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ.
[10] Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC], no. 74025/01, ECHR 2005-IX.
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” საქმე N2/1/536, 2014 წლის 4 თებერვალი.
[12] “კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Costello-Roberts v. the
United Kingdom), გადაწყვეტილება 25 მარტი 1993, პგ. 36.
[13] „უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემაზე,“ სახელმძღვანელო ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის აღსრულებაზე, ევროპის საბჭო, 2001, გვ. 11.
[14] „ნიმიეცი გერმანიის წინააღმდეგ“ (Niemietz v. Germany), გადაწყვეტილება 16 დეკემბერი 1992.
[15] „უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემაზე,“ სახელმძღვანელო ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის აღსრულებაზე, ევროპის საბჭო, 2001, გვ. 11.
[16] „უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემაზე,“ სახელმძღვანელო ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის აღსრულებაზე, ევროპის საბჭო, 2001, გვ. 11.
[17] განაცხადი. No. 15817/89,
1 ოქტომბერი 1990, 66 DR
251.
[18] განაცხადი. No. 15666/89
„კერხოვენი ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ“ (Kerkhoven v. the Netherlands),
19 მაისი 1992, გამოუქვეყნებელი.
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” საქმე N2/1/536, 2014 წლის 4 თებერვალი, პგ. 67.
[20] წყარო: https://article42.ge/media/1001447/2017/10/23/6a095983e499599f443b7a5760eede0c.pdf
[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე № 1/2/458, 2009 წლის 10 ივნისი, პგ. 9.
[22] CASE OF HIRST v. THE UNITED KINGDOM, 30/03/2004, N 74025/01.
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე № 1/2/458, 2009 წლის 10 ივნისი, პგ. 8.
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე № 1/2/458, 2009 წლის 10 ივნისი, პგ. 7.
[25] განაცხადი N 44362/04, 4 დეკემბერი 2007.
[26] განაცხადი N 44362/04, 4 დეკემბერი 2007, პგ. 68.
[27] განაცხადი N 44362/04, 4 დეკემბერი 2007, პგ. 70.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა