საქართველოს მოქალაქე ნოდარი გოგიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/1284 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 11 მაისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2018 16:25 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნოდარ გოგატიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1284) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნოდარ გოგატიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 11 მაისს.
2. №1284 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლი არეგულირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირების ხანგრძლივი პაემნის უფლებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მისი მე-2 ნაწილი განსაზღვრავს მსჯავრდებულთან ხანგრძლივი პაემნის უფლების მქონე პირთა წრეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დეკლარირებულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, მე-16 მუხლის თანახმად კი, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.
5. №1284 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, სისხლისსამართლებრივი სასჯელის მოხდის მიზნით, იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. იგი თვითიდენტიფიცირებას ახდენს როგორც ჰომოსექსუალი და სადავო ნორმა საშუალებას არ აძლევს, ისარგებლოს მის პარტნიორ მამაკაცთან ხანგრძლივი პაემნის უფლებით.
6. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს სახელმწიფოს მიერ თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების თანასწორად მოპყრობის გარანტირება წარმოადგენს, ხოლო სადავო ნორმა არღვევს აღნიშნულ პრინციპს, ვინაიდან ხანგრძლივი პაემნის უფლებას აძლევს მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს და დისკრიმინაციულად ზღუდავს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს.
7. მოსარჩელე სადავო ნორმის დისკრიმინაციული ხასიათის მტკიცებისას გამოყოფს ორ შესადარებელ ჯგუფს. ერთი მხრივ, იგი თავს მიიჩნევს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მყოფად იმ ჰეტეროსექსუალ პირებთან მიმართებით, რომლებიც წარმოადგენენ მეუღლეებს და გააჩნიათ ხანგრძლივი პაემნის უფლება. იგი მიუთითებს, რომ რამდენადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს არ გააჩნიათ ქორწინების უფლება, ისინი ავტომატურად გამოირიცხებიან სადავო ნორმის მოქმედებიდან და, შესაბამისად, იმყოფებიან უთანასწორო მდგომარეობაში თანასწორ პირებთან მიმართებით. მეორე მხრივ, მოსარჩელის მითითებით, დისკრიმინაციულ მოპყრობას აქვს ადგილი მას და იმ პირებს შორის, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება მათი შვილის მეორე მშობელთან. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, ადგილი აქვს არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, ვინაიდან სადავო ნორმა ერთნაირსქესიან წყვილებს განუსაზღვრავს იმავე სამართლებრივ რეჟიმს, როგორსაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს, რომელთაც საერთო შვილი არ ჰყავთ, მაშინ, როდესაც მათ არ გააჩნიათ ბიოლოგიური შესაძლებლობა იყოლიონ შვილი და არც შვილის აყვანის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ დიფერენცირებას საფუძვლად არ უდევს კლასიკური ნიშანი, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სადავო ნორმის მიერ უფლების შეზღუდვის ინტენსივობიდან გამომდინარე, კონსტიტუციური განხილვის დროს გამოყენებული უნდა იქნეს შეფასების მკაცრი ტესტი. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილ განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური გამართლება და ის არ ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა არსებობა გარდაუვალს გახდიდა ლგბტ თემის წევრი პატიმრის გარკვეული უფლებების შეზღუდვას.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, მათ შორის, იცავს პირის ოჯახურ და სხვა პერსონალურ (მათ შორის ინტიმურ) კავშირებს საზოგადოების გარკვეულ წარმომადგენლებთან. გამომდინარე აქედან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ ხანგრძლივი პაემნის გამოყენების უფლება სწორედ აღნიშნული ნორმითაა დაცული. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ პატიმრობა, მართალია, გულისხმობს გარკვეული, მათ შორის, პირადი ცხოვრების უფლებების შეზღუდვას, თუმცა არ შეიძლება მისი აბსოლუტური შეზღუდვა. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ექვემდებარება პროპორციულობის პრინციპით შემოწმებას.
10. მოსარჩელის პოზიციით, ჰომოსექსუალი პირისთვის მის პარტნიორთან ხანგრძლივი პაემნის უფლების შეზღუდვას არ გააჩნია ის ლეგიტიმური მიზნები, რაც გაამართლებდა კონსტიტუციის მე-16 მუხლით განსაზღვრულ უფლებაში ჩარევას. კერძოდ, იგი არ ემსახურება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთას, სხვათა უფლებების დაცვას, კონსტიტუციურ წესრიგსა და სხვა ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილი მას აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ლახავს მისი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. სასარჩელო არგუმენტაციის გამყარების მიზნით იგი იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიის პრაქტიკას და სხვადასხვა საერთაშორისო აქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმების და შესაბამისი კონსტიტუციური დებულებების შინაარსს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება“. სადავო ნორმის შინაარსის გააზრებისთვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ხანგრძლივი პაემნის არსი და ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტთა კონტროლის აუცილებლობის განმაპირობებელი ფაქტორები.
3. პირის უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნისას ისარგებლოს პაემნის უფლებით, წარმოადგენს პატიმრობის კოდექსით აღიარებულ უფლებას. ამ კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ იზოლაციას და ბრალდებულს/მსჯავრდებულს აძლევს გარესამყაროსთან კონტაქტის, სოციალური კავშირების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესაძლებლობას. ამ ინსტიტუტის ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას წესრიგის დაცვას როგორც უშუალოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ისე მის მიღმა. მაგალითად, გამოყენებულ იქნეს ინფორმაციის მიმოცვლისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის, აკრძალული საგნების გადასატანად და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განსახორციელებლად. დასახელებული და სხვა რისკები განსაკუთრებით მაღალია ხანგრძლივი პაემნის დროს, ვინაიდან იგი ხანმოკლე პაემნისგან განსხვავებით (რომელის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს), შეიძლება გაგრძელდეს 47 საათამდე. ამდენად, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მსჯავრდებულს მხოლოდ კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ პირთა წრესთან ენიჭება. კერძოდ, შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან.
4. სადავო ნორმაში დასახელებულ პირთა წრიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ჩამონათვალში მოხვდნენ მსჯავრდებულთან იმგვარ სოციალურ კავშირში მყოფი პირები, რომლის სამართლებრივი დადასტურება შესაძლებელია. აღნიშნულზე მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც მოითხოვს, რომ სადავო ნორმაში ჩამოთვლილმა პირებმა უნდა წარადგინონ შესაბამისი სოციალური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობის მტკიცებას. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ერთსქესიან პირებს ერთმანეთთან შვილის გაჩენის შესაძლებლობა არ აქვთ, რის გამოც, ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის, რომელთაც ჰყავთ საერთო შვილი, ხანგრძლივი პაემნის უფლების მინიჭება წარმოადგენს არსებითად უთანასწორო პირების თანასწორ მოპყრობას.
6. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, ვინაიდან ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო რეგულაცია მიემართება არა უშუალოდ მსჯავრდებულს, მის სექსუალურ ორიენტაციას ან პიროვნებასთან დაკავშირებულ რაიმე სხვა გარემოებას, არამედ პირის სოციალური კავშირის სამართლებრივად დადასტურების შესაძლებლობას. მაგალითად, სადავო ნორმის საფუძველზე, ჰომოსექსუალ პირს შეუძლია ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს მშობლებთან, ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან. აღსანიშნავია, რომ ჰეტეროსექსუალი პირები, ჰომოსექსუალი პირების მსგავსად, ვერ შეძლებენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლონ ადამიანთან, ვისთანაც გააჩნიათ მტკიცე, თუმცა სამართლებრივად დაუდასტურებელი სოციალური კავშირი. წარმოდგენილი არგუმენტები ასევე ვრცელდება საერთო შვილის ყოლაზეც. ბუნებრივია, ამ დროს განცალკევებით არსებობს ბავშვის ინტერესები, თუმცა საერთო შვილის ყოლა აგრეთვე არის მტკიცე სოციალური კავშირის დადასტურების ერთ-ერთი გარემოება. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ჰეტეროსექსუალთა მსგავსად, ჰომოსექსუალ პირებს შეუძლიათ რომელიმე იდენტური სოციალური კავშირის სამართლებრივად დადასტურება და, მიუხედავად ამისა, მათ არ გააჩნიათ ხანგრძლივი პაემნის უფლება. ბუნებრივია, მოსარჩელე არ არის შეზღუდული, ცალკე იდავოს რომელიმე სოციალური კავშირის სამართლებრივი აღიარების თაობაზე, თუმცა ხსენებული საკითხი არ წარმოადგენს განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის დავის საგანს.
7. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილი არ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის და პირიქით. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს. მოსარჩელის განმარტებით, ჰომოსექსუალი პირები ვერ სარგებლობენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით, რაც არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი. ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები, ის ამავდროულად მოიცავს პირის ინტიმური ცხოვრების სფეროებსაც, საკუთარი სქესის თუ სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრის უფლებამოსილებას და სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-56,57).
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი თავისი შინაარსით მატერიალური უფლებაა. ამ უფლებასთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული ნორმატიული წესი ზღუდავს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით დაცულ სფეროს. სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის მიმართების დასაბუთებისთვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ სადავო ნორმა ადგენს შეზღუდვას მატერიალური უფლების რომელიმე კომპონენტით ეფექტურ სარგებლობაზე.
11. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლი ჩამოთვლის პირთა წრეს, რომლებთანაც მსჯავრდებულს შეუძლია გამოიყენოს ხანგრძლივი პაემნის უფლება. აღნიშნული ნორმა, თავისი არსით, აღმჭურველი ხასიათისაა და იგი არ ადგენს აკრძალვებს ხანგრძლივი პაემნის გამოყენებასთან დაკავშირებით. სხვაგვარად, სადავო ნორმას არ გააჩნია მატერიალური უფლების შემზღუდავი სამართლებრივი ბუნება.
12. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელე მხარეს არასწორად ესმის სადავო ნორმის შინაარსი და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1284 („საქართველოს მოქალაქე ნოდარ გოგატიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი