საქართველოს მოქალაქე ზურაბ დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1283 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ დგებუაძე |
თარიღი | 14 დეკემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 19.04. 2011 მუხლი 2. პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. |
- მუხლი 19. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება; - მუხლი 39. საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან; - მუხლი 42 1. პუნქტი ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად იმართოს სასამართლოს. 9. პუნქტი ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმართველობის სახსრებიდან |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის
1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს:
1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
2. შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული
უფლებების დარღვევის გამო;
3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა
გადაწყვეტილება;
5. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით;
6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან
დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე
სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითი განხილვისთვის არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა მიჩნეულ უნდა იქნას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ, რაც აიძულებს სახელმწიფოს:
I. უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეუზღუდავად განხორციელება.
II. აღმოფხვრას ყოველგვარი უკანონობა და ძალადობა, რომელიც მომდინარეობს სახელმწიფოს (სახელმწიფოს სახელით მოქმედი ნებისმიერი თანამდებობის პირის) მხრიდან, მუხედავად ამ უკანონობისა და ძალადობის ჩადენის დროისა და სახელმწიფო რეჟიმის (წეს-წყობილებისა).
III. შესაძლებლობა მისცეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების აღსადგენად და რეაბილიტაციისათვის, თუ სავარაუდოა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული იძულებითი ფორმები.
IV. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ არ წაერთვას საშუალება, მომავალშიც ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციითა და "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებებით.
V. მოთხოვნის არსი - სადავო ნორმის გაუქმებით :
აღდგენილი იქნება ანტიკონსტიტუციურად გაუქმებული 1997 წლის 11 დეკემბრის უმნიშვნელოვანესი კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ საშუალება მიეცემათ ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული უფლებებით;
შეწყდება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფაქტიური დევნა;
შეიქმნება სამართლებრივი და საკანონმდბლო სივრცე - საფუძველი და წინაპირობა, (მომავლში) მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან ასაცილებლად.
I. მოთხოვნის არსი - სადავო ნორმის გაუქმებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეუზღუდავად განხორციელება.
დასაბუთება
ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი გარანტირებულია:
1. საქართველოს კონსტიტუციით
მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
მუხლი 7
სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
მუხლი 19
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
მუხლი 39
საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.
მუხლი 42
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
2. 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციით
მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
1. სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა.
მუხლი 13. სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება
ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.
მუხლი 14 . დისკრიმინაციის აკრძალვა
ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.
3. 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 2
1. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო.
2. თუ ეს უკვე გათვალისწინებული არ არის არსებული საკანონმდებლო ან სხვა ღონისძიებებით, ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი თავისი საკონსტიტუციო პროცედურებისა და ამ პაქტის შესაბამისად, რათა მიიღოს საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელებისათვის.
3. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:
a) ყველა პირი, რომლის ამ პაქტით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა დაუშვეს ოფიციალურმა პირებმა;
b) უზრუნველყოს, რომ თითოეული პირის სამართლებრივი დაცვის უფლებას, ვინც კი ასეთ დაცვას მოითოვს, ადგენენ კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლებანი ან სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული ყოველი სხვა კომპეტენტური ორგანო და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობანი;
c) უზრუნველყოფის კომპეტენტურ ხელისუფლებათა მიერ მათთვის მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალებათა გამოყენება.
მუხლი 5
1. ამ პაქტში არ შეიძლება არაფრის განმარტება ისე, თითქოს ნიშნავდეს, რომ რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე ჯგუფს ან რომელიმე პირს ჰქონდეს უფლება ეწეოდეს რაიმე საქმიანობას ან სჩადიოდეს რაიმე მოქმედებას, რომელთა მიზანია ამ პაქტით აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ თავისუფლების მოსპობა ან მათი შეზღუდვა უფრო მეტად, ვიდრე ეს პაქტი ითვალისწინებს.
2. არ შეიძლება შეიზღუდოს ან დაკნინდეს ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოში აღიარებულია ან არსებობს კანონის, კონვენციების, წესების ან ზნე- ჩვეულებების ძალით, იმ საბაბით, რომ ამ პაქტით ასეთი უფლებები აღიარებული არ არის ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.
მუხლი 26
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს კანონის თანასწორი დაცვის უფლება. ამ მხრივ ყოველგვარი დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს კანონით და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტიან დაცვას რაიმე ნიშნის, როგორიცაა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
4. გენერალური ასამბლეის1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
მუხლი 7
ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
მუხლი 8
ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
ამრიგად ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დარღვეული უფლების აღდგენისთვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არის, საქართველოს კონსტიტუციით, ევროპული კონვენციებით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა და დეკლარაციებით საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი ძირითადი უფლება.
II. მოთხოვნის არსი-სადავო ნორმის გაუქმებამ უნდა აღმოფხვრას ყოველგვარი უკანონობა და ძალადობა, რომელიც მომდინარეობს სახელმწიფოს (სახელმწიფოს სახელით მოქმედი ნებისმიერი თანამდებობის პირის) მხრიდან, მუხედავად ამ უკანონობისა და ძალადობის ჩადენის დროისა და სახელმწიფო რეჟიმის(წეს-წყობილების).
დასაბუთება
სადავო ნორმის მიღებამდე აღნიშნული კონსტიტუციური უფლებები ხორციელდებოდა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონით, რის საფუძველზედაც სასამართლოს მეშვეობით ხდებოდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და ასეთად აღიარებულების სამართლებრივი რეაბილიტაცია. სადავო ნორმის მიღებამდე მრავალმა მოქალაქემ მიმართა სასამართლოს თხოვნით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე. ამ საფუძვლებით, სასამართლომ არა ერთი მოსარჩელე აღიარა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. სადავო ნორმამ კი ფაქტიურად გააუქმა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონი, ვინაიდან 2011 წლის 19 აპრილის საქართველოს კანონით (კანონში ცვლილებებით) სასამართლოში მიმართვის უფლების წაერთვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა იმ კატეგორიას, რომელთაც ობიექტური მიზეზების გამო სასამართლოსათვის არ მიუმართავს 2012 წლის 19 აპრილამდე ან მათ ასეთი უფლება წარმოეშვათ სადავო ნორმაში დაწესებული 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით, 19-ე და 39-ე მუხლებით, აგრეთვე 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ საყოველთაო უფლებათა რიცხვს განეკუთვნებოდა მოქალაქეთათვის შესაძლებლობის არსებობა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიემართა სასამართლოსათვის „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონის საფუძველზედ. ამ უფლების გაუქმებამ მოქალაქეებს აგრეთვე წაერთვა შესაძლებლობა ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე მოითხოვონ მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ყოველგვარი რეპრესიის თანმხლებ პროცეს წარმოადგენს.
ამრიგად სადავო ნორმის გაუქმების გარეშე შეუძლებელია აღმოიფხვრას სახელმწიფოს (სახელმწიფოს სახელით მოქმედი ნებისმიერი თანამდებობის პირის) მხრიდან განხორციელებული უკანონობა და მისი შედეგები. მოხდეს რეპრესირებული პირთა რეაბილიტაცია და ზიანის ანაზღაურება. უფრო მეტიც სადავო ნორმის არსებობით ფაქტიურად მკვიდრდება სახიფათო პრევენცია, რომელითაც წახალისებული იქნება ახალი პოლიტიკური რეპრესიები და სხვა უკანონობები.
III. მოთხოვნის არსი - სადავო ნორმის გაუქმებამ შესაძლებლობა უნდა მისცეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების აღსადგენად და მოითხოვოს სრული რეაბილიტაცია, თუ სავარაუდოა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული იძულებითი ფორმები.
დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს უფლებადარღვეულ პირი არსებული ვითარების გათვალისწინებით შეარჩიოს დრო, თუ როდის მიმართავდეს სასამართლოს დარღვეული პოლიტიკური უფლების აღსადგენად.
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის გაუქმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრეამბულით გაცხადებულ იმ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეებს გვსურს ვამკვიდრებდეთ დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებას, სამართლებრივ სახელმწიფოს, უზრუნველვყოფდეთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
სადავო ნორმის არსებობა გაუმართლებელია ევროპული სასამართლოს (საერთაშორისო) პრაქტიკითაც.
კერძოდ, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება - კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კილაძეები აღიარებულნი იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად თუმცა მოსარჩელეთა მიმართ რეპრესიის პირველი ფაქტიდან სასამართლოზე მიმართვას შორის ვადა აღემატებიდა 60 წელს. არსებობს ასევე სტრასბურგის ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის #66610/09 გადაწყვეტილება საქმეზე, ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ ორი გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მართლზომიერი რომელიმე უფლების რეალიზაციაზე ხანდაზმულობის ვადის დაწესება და რომ 60 წლიანი ინტერვალიც კი არ ჰქმნის ბარიერს, თავიდან იქნას აცილებული უსამართლობა.
IV. მოთხოვნის არსი - სადავო ნორმამ უნდა აღმოფხვრას დისკრიმინაციული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი, რომელთაც არ მიუმართავს სასამართლოში 2012 წლის 19 აპრილამდე.
დასაბუთება
როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ სადავო ნორმის მიღებამდე აღნიშნული კონსტიტუციური უფლებები ხორციელდებოდა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონით, რის საფუძველზედაც სასამართლოს მეშვეობით ხდებოდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და ასეთად აღიარებულების სამართლებრივი რეაბილიტაცია. სადავო ნორმის მიღებამდე მრავალმა მოქალაქემ მიმართა სასამართლოს თხოვნით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე. ამ საფუძვლებით, სასამართლომ არა ერთი მოსარჩელე აღიარა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. მრავალია, აგრეთვე იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსით მიმართა სასამართლოს მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და სასამართლომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა. სადავო ნორმამ კი ფაქტიურად გააუქმა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონი, ვინაიდან 2011 წლის 19 აპრილის საქართველოს კანონით (კანონში ცვლილებებით) სასამართლოში მიმართვის უფლები წაერთვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა იმ კატეგორიას, რომელთაც ობიექტური მიზეზების გამო სასამართლოსათვის არ მიუმართავს 2012 წლის 19 აპრილამდე ან მათ ასეთი უფლება წარმოეშვათ სადავო ნორმაში დაწესებული 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ამრიგად უცხადესია, რომ სადავო ნორმამ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ის კატეგორია, რომლებთაც ობიექტური მიზეზების გამო სასამართლოსათვის არ მიუმართავთ 2012 წლის 19 აპრილამდე ან მათ ასეთი უფლება წარმოეშვათ დაწესებული 1 წლიანი ვადის შემდეგ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა".
დისკრიმინაციული ქმედების დაუშვებლობაზე მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 4 მუხლიც და ზემოთ მითითებული ყველა საერთაშორისო ნორმა.
ამრიგად სადავო ნორმის გაუქმებთ აღმოფხვრება დისკრიმინაციული მდგომარეობაში აღმოჩენილი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ის ნაწილი, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიუმართავს სასამართლოსათვის 2012 წლის 19 აპრილამდე ან ამგვარი უფლება წარმოეშვათ 2012 წლის 19 აპრილის შემდეგ.
V. მოთხოვნის არსი - სადავო ნორმის გაუქმებით :
აღდგენილი იქნება ანტიკონსტიტუციურად გაუქმებული 1997 წლის 11 დეკემბრის უმნიშვნელოვანესი კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“;
პოლიტიკური რეპრესების მსხვერპლთ საშუალება მიეცემათ ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული უფლებებით;
შეწყდება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფაქტიური დევნა;
შეიქმნება სამართლებრივი და საკანონმდბლო სივრცე - საფუძველი და წინაპირობა, (მომავლში) მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან ასაცილებლად.
დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეუზღუდავად განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური წესრიგის უმთავრეს გარანტს წარმოადგენს ყოველი ადამიანის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული უფლება მას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმებით. სწორედ ამ ნორმებიდან გამომდინარე გახლავთ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონი „ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ “ სადავო ნორმამ ფაქტიურად ძალადაკარგულად სცნო ეს უმნიშვნელოვანესი კანონი და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ წაართვა ამ კანონის საფუძველზე ისარგებლონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით მომავალშიც. ე. ი. რეპრესიით დარღვეული უფლების აღდგენისთვის სასამართლოზე მიმართვის უფლება წაერთვა ყველა თაობის მოქალაქეს. ამ გადაწყვეტილებით კანონმდებელმა არა თუ შელახა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა კანონიერი უფლებები და ინტერესები არამედ წაახალისა სახელმწიფოებრივი ძალადობა და ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ამ უკანასკნელ არგუმენტს განსაკუთრებით აძლიერებს ის გარემოება, რომ სადავო ნორმას ხელს აწერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მართველობის პერიოდში ადგილი ჰქონდა საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკურ რეპრესიებს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტმა იხელმძღვანელა რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით მიიჩნია - სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საქართველოში არსებობდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები. შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 2012 წლის დადგენილებითა და 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით "ამინისტიის შესახებ" მრავალი პირი იქნა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად აღიარებული. უფრო მეტიც დღეისათვის სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და სხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებულია მრავალი თანამდებობის პირი მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდგომში პრემიერმინისტრი - ვანო მერაბიშვილი, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი ცნობილია ბრალდებულად და მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სადავო ნორმის მიღების აშკარად უკანონო პროცედურა, კერძოდ:
ა. დარღვეულია „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 17-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის ა.ა); ა.ბ) და ა.გ) ქვეპუნქტების დებულებათა მოთხოვნები, ვინაიდან განმარტებითი ბარათი არ შეიცავს სადავო ნორმის მიღების მიზეზს, მიზანს და არსს.
ბ. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცვლილებაც და დამატებაც იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება. სადავო ნორმის წესისამებრ არ გამოქვეყნება კი არის არსებითი ხასიათის კანონდარღვევა. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ სადავო ნორმა შეტანილი არ არის „ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ “ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონის ძირითად ტექსტში. ე.ი. ის მხოლოდ და მხოლოდ ცვლილების - 2011 წლის 19 აპრილის #4562-Iს საქართველოს კანონშია და არა იმ კანონში, რომელშიც განხორციელდა ცვლილება.
გ. გარდა იმისა, რომ ოფიციალურად შეუძლებელია დადგენა, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა უფლების გაუქმება და რა აუცილებლობით იქნა განპირობებული წინმსწრებით ვადის შეზღუდვა, აშკარაა კანონმდებელს ამოძრავებდა დანაშაულებრივი განზრახვა - უფლების გაუქმება შეზღუდულ 1 წლიან ვადაში დაემალა საზოგადოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. უფრო მეტიც ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულებრივი თავის არიდება იმ ვალდებულებების, რომელიც გამომდინარეობდა საერთაშორისო და შიდა საკანონმდებლო ნორმებიდან. ეს იყო მცდელობა ადმიანის უფლებათა ევროპული სასამარლოსა და შიდა სასამართლოების მიერ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკიდან გადახვევის.
ხელისუფლების ვალდებულებაა დაცვას ადამიანის უფლებები ხოლო, თუ რაიმე მიზეზის გამო ირღვევა ესა, თუ ის უფლება, სახელმწიფო ვალდებულია სათანადო კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება აუქმებს დარღვეული უფლების აღდგენის არსებულ შესაძლებლობას, იგი უგულებელყოფს ვალდებულებას არ დევნიდეს ადამიანებს მისი პოლიტიკური შეხედულების გამო. სადავო ნორმის არსებობა კი ცალსახად არის პოლიტიკური დევნის ტოლფასი, რადგან ართმევს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს „ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ “ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
ამრიგად ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სადავო ნორმის არსებობა ფაქტიურად არის არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი რეპრესიების გაგრძელება, არამედ მომავალში მოსალოდნელი რეპრესიების განხორციელების საფუძველი და წინაპირობა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა