ზურაბ დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/1283 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ზურაბ დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1283) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ დგებუაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1283 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“.
4. №1283 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 13 მაისის ბრძანებით იგი უკანონოდ გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო. 2016 წელს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება მოითხოვა. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან გასული იყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული ვადა.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ადგენს პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ერთწლიან ვადას, რაც ეწინააღმდეგება მის კონსტიტუციურ უფლებებს. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით სახელმწიფო უგულებელყოფს ვალდებულებას, არ დევნიდეს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. სახელმწიფოს მიერ უფლების განხორციელებაზე კონკრეტული ვადის დაწესება წარსულში განხორციელებული რეპრესიის გაგრძელებაა, რადგან პირს საშუალებას არ აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით შეარჩიოს დრო და მიმართოს სასამართლოს დარღვეული პოლიტიკური ან/და სამოქალაქო უფლებების აღდგენის მიზნით.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით ილახება არა მარტო იმ პირთა უფლებები, რომლებსაც სასამართლოსთვის ობიექტური მიზეზების გამო არ მიუმართავთ 2012 წლის 19 მაისამდე, არამედ მათიც, ვისაც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების უფლება სადავო ნორმით დაწესებული 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვათ. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით პოლიტიკური რეპრესიით დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება შეეზღუდა ყველა თაობის მოქალაქეს.
9. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული სადავო ცვლილებები არ არის ასახული ძირითად, კოდიფიცირებულ კანონში, რითაც დარღვეულია ნორმატიული აქტების მიღების ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელე საკუთარ არგუმენტაციას ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულებების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებები. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, ხოლო რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებს იცავს მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლი ადგენდა, რომ კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, რომლებიც მოხსენიებული არ იყო კონსტიტუციაში, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობდა მისი პრინციპებიდან. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება ადგენს, რომ „კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ ყველასთვის გარანტირებული იყო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან თვითმმართველობის ორგანოთა ან მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება დაცულია მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანია „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
8. სადავო ნორმის თანახმად, „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში“. ხსენებული დებულება შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჰქონდათ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების უფლება. მოსარჩელე თავს მიიჩნევს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ვინაიდან მისი მტკიცებით, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობიდან 2006 წელს უკანონოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სათანადო სუბიექტობის საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი რამდენად იძლეოდა რეპრესირებულის სტატუსის მიღების შესაძლებლობას სახელმწიფოს მიერ 2006 წელს განხორციელებული ქმედებებისათვის.
9. საკონსტიტუციო სასამრთლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით კანონის ნორმის განმარტებისათვის იგი ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს თავად ნორმიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). სწორედ ხსენებული კრიტერიუმის გამოყენებით შეაფასებს საკონსტიტუციო სასამართლო, რამდენად სწორია მოსარჩელის მითითება, რომლის თანახმად, კანონი უშვებდა მის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას და ხსენებული შესაძლებლობა გაუუქმდა სადავო ნორმით.
10. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაში კანონმდებელმა ასახა ზემოაღნიშნული მიზნები და მიეთითა, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო აღიარებს საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნაში. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მისი რეგულირების ფარგლებს განსაზღვრავს, განმარტავს, რომ „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე“.
11. ამავე დროს, ხსენებული კანონის პროექტზე დართული განმარტებითი ბარათის თანახმად, „კანონპროექტის მიღების მიზანია კომუნისტური მემკვიდრეობის დაძლევა, რაც მოიცავს მენტალობის ტრანსფორმაციას, რომლის მთავარი მიზანია რეპრესირებულთა ღვაწლის სათანადო აღიარება კანონის დონეზე და კომპენსაციის სამართლიანი და რეალური მექანიზმების შემოღება. ისტორიის ცოდნა ერთ-ერთი წინაპირობაა მომავალში ამგვარ დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად. კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის მორალური შეფასება და დაგმობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი თაობების აღზრდაში. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიგმოს კომუნისტური ტოტალიტარული სისტემის მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა და გამოიხატოს ამ დანაშაულის მსხვერპლთა მიმართ სიმპათია, გაგება და აღიარება“.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ კანონის მიზანი იყო არა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ ზოგადი, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, არამედ კანონის მიღებამდე პერიოდში სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებული რიგი ქმედებების შეფასება და სახელმწიფოს მოქმედების შედეგად დაზარალებული პირების გარკვეულწილად კომპენსირება. ამდენად, სადავო კანონმა იმ პირების მიმართ, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ამ კანონის ამოქმედებამდე, ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე, შეიმუშავა კომპენსირების სპეციალური წესი.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მიზნისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, კანონმდებლობის ანალიზიდან ნათლად არ იკვეთება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმის მიღებამდე ექვემდებარებოდა რეპრესირებულად ცნობას.
14. ამავე დროს, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტების შემცველი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მის მიმართ 2006 წელს განხორციელებული ქმედება შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს დასახელებული კანონის მიხედვით რეპრესირებულად ცნობის საფუძვლად. ის გარემოება, რომ 2016 წელს მოსარჩელის მიმართვის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, არ მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე სადავო კანონის სუბიექტად განიხილა და სადავო ნორმის არარსებობის პირობებში მის მოთხოვნას საფუძვლიანად მიიჩნევდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის შედეგად არ გამოიკვეთა ისეთი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ სადავო კანონის საფუძველზე პირი რეპრესირებულად აღიარა სახელმწიფოს იმ ქმედებების გამო, რომელიც ამავე კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელდა.
15. ამგვარად, არც კანონის განმარტებიდან და არც საქმეზე წარმოდგენილი მისი გამოყენების პრაქტიკიდან გამომდინარე არ დგინდება, რომ მოსარჩელე ექცევა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში და სადავო ნორმის მიღებამდე იგი ექვემდებარებოდა რეპრესირებულად აღიარებას. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილი რეპრესირებულად ცნობის ვადის შეზღუდვა მიემართება იმ პირებს, რომლებიც რეპრესირებულად ცნობას ექვემდებარებიან ხსენებული კანონის შესაბამისად. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ სადავო ნორმა მოსარჩელეზეც ვრცელდება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1283 კონსტიტუციური სარჩელი („ზურაბ დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი