საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/19/1752 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 აგვისტო 2023 18:33 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1752) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1752 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. №1752 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 25 ივლისს
2. №1752 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის მიხედვით, „კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ უძრავი ქონების 3 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილებს საკუთრებაში ქონების გადაცემიდან 3 წლის განმავლობაში ეკრძალებათ მათთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების გასხვისება, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას. ბრძანება დევნილთა სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს როგორც დროებით განსახლებას, ისე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას. საცხოვრებლით უზრუნველყოფად ითვლება საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფა. დროებითი განსახლება კი გულისხმობს დევნილისათვის სათანადო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემას (მათ შორის, ქირის თანხით უზრუნველყოფას), გარდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებისა. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით სახელმწიფოს ეხსნება საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ბრძანება ასევე განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის შესასყიდად გათვალისწინებული თანხის მაქსიმალურ ოდენობებს, რაც უკავშირდება დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას. ასევე, ბრძანებით განსაზღვრულია საცხოვრებელი ფართის მოცულობა, რაც ასევე უკავშირდება ოჯახის წევრთა რაოდენობას. დანართი ასევე ითვალისწინებს „თანადაფინანსების“ შესაძლებლობას. მოსარჩელის პოზიციით, რადგან ბრძანება ითვალისწინებს სააგენტოსა და დევნილის საერთო ფინანსურ თანამონაწილეობას საკუთრების შეძენის პროცესში, აუხსნელია ამგვარ შემთხვევაში რას ემსახურება საკუთრების გასხვისების შეზღუდვა.
7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით ხდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა, ვინაიდან სადავო ნორმით დაწესებული რეჟიმი იწვევს საკუთრების უფლების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის - საკუთრების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობის შეზღუდვას. სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნად ვერ ჩაითვლება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა/რაციონალური განაწილება, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საკუთრებაში ქონების ერთხელ გადაცემით, სახელმწიფო თავისუფლდება ვალდებულებისგან, ამა თუ იმ მიზეზით, იმავე საფუძვლით ხელმეორედ უზრუნველყოს პირის დაკმაყოფილება უძრავი ქონებით.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის შემოღებით, სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს გარანტიის შექმნა, რომ საკუთრებაში ქონებაგადაცემული დევნილი პირი/ოჯახი მართლაც უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით და იგი ხელახლა არ აღმოჩნდება უსახლკარობის საფრთხის წინაშე. სადავო რეგულაცია საკუთრების განკარგვას პირს უზღუდავს მხოლოდ ნაწილობრივ. შესაბამისად, პირს შეუძლია, საცხოვრებელი გააქირავოს/სესხის უზრუნველყოფის გზით იპოთეკით დატვირთოს. ამ შემთხვევაში, დევნილი პირი კვლავ რჩება ქონების მესაკუთრედ, თუმცა ფაქტობრივად დამქირავებლის სასარგებლოდ, იგი დროებით თმობს ქონების პირადად ფლობისა და სარგებლობის უფლებას. გარდა ამისა, არსებული რეგულაცია აყალიბებს მნიშვნელოვან საფრთხეს, რომ ქონების გასხვისების მსურველი ოჯახის მიერ ქონების პოტენციურ შემძენთან „ნასყიდობის ხელშეკრულების“ დადება მოხდეს არაფორმალური გზით - კანონით დადგენილი წესისა და საჯარო რეესტრის გვერდის ავლით, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე.
9. მოსარჩელის პოზიციით, 3 წლის განმავლობაში საკუთრების გასხვისების უფლების აბსოლუტური შეზღუდვა, განურჩევლად კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების და გამოწვევების გათვალისწინებისა, ვერ ჩაითვლება უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნის მიღწევა. განსაზღვრული შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს „გამოსადეგობის“ კრიტერიუმს, ხოლო ამგვარი მიდგომით/შეზღუდვით, სახელმწიფო, დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, ქმნის ქონების საკუთრებაში მიმღები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების სამომავლო გაუმჯობესების ხელშემშლელ მნიშვნელოვან საფუძველს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, „კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ უძრავი ქონების 3 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით“.
3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა იწვევს საკუთრების უფლების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის - საკუთრების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობის შეზღუდვას, რის საფუძველზეც ხდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ საკუთრების უფლებაში ჩარევა. ასევე, სადავო ნორმით დადგენილი უძრავი ქონების 3 წლის ვადით გასხვისების აკრძალვა საკუთრების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები აქვს გაკეთებული სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის ცნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრება გულისხმობს ყველასათვის ერთიანი და თანასწორი საკუთრების უფლების დამკვიდრებას. საქართველო პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც უარი თქვა საკუთრების ფორმებზე და, შესაბამისად, პრივილეგიური მესაკუთრის ინსტიტუტზე. ასეთ მესაკუთრეს საბჭოთა სინამდვილეში წარმოადგენდა სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ჩადებული საკუთრების იდეა სახელმწიფოს როგორც მესაკუთრეს უფლებრივად ათანაბრებს სხვა მესაკუთრეებთან. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა. საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილში მოცემულია უმნიშვნელოვანესი დებულება, რომ „სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი“. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაკანონებულმა პრინციპმა სახელმწიფო გაათანაბრა ამ ურთიერთობის სხვა სუბიექტებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი” და „ანაჯგუფი” (ყოფილი „თბილგაზოაპარატი”) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე–19 მუხლის მიზნებისთვის, სახელმწიფო როგორც მესაკუთრე, უფლებრივად გათანაბრებულია სხვა მესაკუთრეებთან, რაც, თავისთავად, მიუთითებს, რომ კონსენსუალური ურთიერთობების ჭრილში სახელმწიფო ორდინალური მესაკუთრეა, რომელიც უფლებამოსილია, განსაზღვროს საკუთარი ქონების განკარგვის პირობები.
6. მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურულ წინაპირობას, რომელიც გულისხმობს დევნილთა ოჯახისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, ამ უძრავი ქონების 3 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო უფლებამოსილია, გარკვეულ პირთა ჯგუფს იმაზე მაღალ ეკონომიკურ სარგებელზე წვდომის შესაძლებლობა მიანიჭოს, ვიდრე ეს საკუთრების კონსტიტუციური უფლებით არის მოთხოვნილი. შესაბამისად, კანონმდებლობის დონეზე შესაძლებელია, არსებობდეს სხვადასხვა სახის სამართლებრივი უფლება თუ ინტერესი, რომელსაც ეკონომიკური ბუნება გააჩნია, თუმცა მათი დაწესების ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან არ გამომდინარეობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
8. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რიგ შემთხვევებშიც, საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს გარეთ, კანონით დადგენილი სარგებლის მიღება შესაძლებელია, იქცეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ ინტერესად, თუკი არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი მის მიღებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუცია არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
9. ამგვარად, მოსარჩელემ საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთებისას უნდა წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესში იკისრა ტვირთი, რომ აღნიშნული ქონების გადაცემა მოხდებოდა უპირობოდ, აღნიშნული საცხოვრებელი ფართების გასხვისებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი განაპირობებს სახელმწიფოს მიერ დევნილის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში, დევნილისთვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებლის სამი წლის ვადით გასხვისების აკრძალვის არაკონსტიტუციურობას. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითებული ის ნორმატიული საფუძველი, რომელიც განაპირობებს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის ვალდებულებას და არ არის დასაბუთებული, რომ დევნილებს წარმოეშობოდათ საცხოვრებელი ფართების მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, აღნიშნული ფართების გასხვისებასთან დაკავშირებული წინაპირობის არსებობის გარეშე. მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დასაბუთება მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სამი წლის ვადით გასხვისების აკრძალვა იწვევს საკუთრების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობის შეზღუდვას, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება საკმარის არგუმენტად საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე №1752 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1752 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში