ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1279 |
ავტორ(ებ)ი | ლევან ალაფიშვილი, „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ |
თარიღი | 5 დეკემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“
ბ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის #489 დადგენილებით
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი და 21-ე მუხლი |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“-ს მუხლი 1 | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი და 21-ე მუხლი |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“-ს მუხლი 2 | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი და 21-ე მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89.1. „ვ“ მუხლი, 42-ე მუხლი და 45-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას.
გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს;
დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმები არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა;
ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (მე-14 და 21-ე მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნორმებით;
ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;
ზ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან ერთად გასაჩივრებულია და დასმულია კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხიც
რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტები/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. ადგენს რა განსხვავებას სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტსა/პირსა და ამ მომსახურების არმიმღებ პირს შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ის მომსახურების საფასურის (0.2 და 0.5 ლარი) გადახდის ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ აბონენტს, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს არააბონენტიც. ამასთან, დამატებით, განსხვავებაა მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტთა შორისაც: საფასურის გადახდის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ აბონენტს, რომელიც თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტი მომსახურებას შეიძენს. ადგილი აქვს დაცულ სფეროში შეჭრას გონივრული, ლეგიტიმური და ვარგისი დასაბუთების გარეშე.
რეზიუმირებულად რომ წარმოვიდგინოთ, გასაჩივრებული ნორმები დასაბუთებისა და ლეგიტიმური მიზნის გარეშე ადგენს განსხვავებას აბონენტებს შორის:
· ფიზიკურ და იურიდულ პირს შორის (0.2 თეთრი vs 0.5 თეთრი), მაშინ როდესაც სატელეკომუნიკაციო მომსახურების თვალსაზრისით ორივე სუბიექტი იდენტურია.
· მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტსა და ფიქსირებული გეოგრაფიული/არაგეოგრაფიული ზონის აბონენტს შორის (მობილუირი სატელეფონო მომსახურების აბონენტის მიერ 5 ლარზე მეტის მომსახურების შეძენა vs ფიქსირებული გეოგრაფიული/არაგეოგრაფიული ზონის აბონენტისთვის საფასურის დაკისრება მიუხედავად იმისა რომ არ უსარგებლია საკომუნიკაციო მომსახურებით ან ეს ღირებულება 5 ლარზე ნაკლებია), მაშინ როდესაც სატელეკომუნიკაციო მომსახურების თვალსაზრისით ორივე სუბიექტი იდენტურია.
· მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ სხვადასახვა აბონენტს შორის (5 ლარზე ნაკლები მომსახურების შემძენი vs 5 ლარზე მეტი მომსახურების შემძენი), მაშინ როდესაც სატელეკომუნიკაციო მომსახურების თვალსაზრისით ორივე სუბიექტი იდენტურია.
- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაბამისად სავალდებულოა კანონით განსაზღვრული გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა. განსახილველ შემთხვევში კი სატელეფონო მომსახურების მიმღებთათვის დაკისრებული ვალდებულება (მუხლი 1) არ არის არც გადასახადი და არც კანონით არის დაწესებული/ან შემოღებული. გასაჩივრებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით საფასურის ამოღება აბონენტის ნების მიუხედავად და დაუკითხავად ხორციელდება. გასაჩივრებული ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული რა მომსახურების გაწევისთვის აკისრია აბონენტს საფასურის გადახდის ვალდებულება - თუკი ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია და ამ ვალდებულებას მთავრობა ასრულებს/უნდა ასრულებდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კოორდინაციის ვალდებულება/სერვისით სარგებლობს ყველა მოქალაქე და ამ სერვისს აფინანსებენ გადასახადის გადამხდელები, სახლმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყოველგვარი დასაბუთების, საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და საკანონმდებლო, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე ხდება საკუთრების უფლების ხელყოფა.
- გასაჩივრებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (მუხლი 2), საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს სატელეფონო ოპერატორი კომპანია, აბონენტის ნებისა და თანხმობის მიუხედავად. აბონენტის საკუთრების (ფულადი სახსრების) საჯარო დაწესებულების/112-ს სასარგებლოდ ამოღების/ჩამორთმევის ვალდებულება (!) დაკისრებული აქვს სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონის საფუძველზე და შესაბამისი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობისას. „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ ორგანული კანონითა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონით საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის პირობით არის დასაშვები და აუცილებლად სასამართლოს მონაწილეობით. განსახილველი შემთხვევისთვის არც წინასწარი და სამართლიანი კომპენსირება ხდება, არც 112 და არც სატელეფონო კომპანიას აქვს ექსპროპრიაციის უფლება მინიჭებული და არც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოში საჯარო დაწესებულებების მიერ სათანადო საფაურის სანაცვლოდ მომსახურების გაწევა დამკვიდრებული პრაქტიკაა და აღნიშნული, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ხორციელდება, ყველა ასეთ შემთხვევაში დაცულია პრინციპი საფასური კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ (მაგ.: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების რეგისტრაცია, სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის მოწმობის გაცემა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემა). განსახილველ შემთხვევაში კონკრეტულ აბონენტს სსიპ „112“ კონკრეტულ მომსახურებას არ უწევს, შესაბამისად საფასურის დაწესებაც და გახადის ვალდებულების დაკისრებაც დაუსაბუთებელი, არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციურია.
აბონენტი შესაძლოა სულაც არ სარგებლობდეს საკომუნიკაციო მომსახურებით, მაგრამ გასაჩივრებული ნორმებით მაინც ეკისრება 112-ის საფასურის გადახდა. მაგალითად, მხოლოდ „მხიარული ზუმერის“, „ნომრის დაფარვის“ ან „დაფარული ნომრის ამოცნობის“ სერვისით სარგებლობისას აბონენტს ეკისრება 112-ის საფასურის გადახდა. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა 112-ის საფასური აღემატებოდეს სატელეფონო სერვისის საფასურს. როგორც თანდართული, სს „სილქნეტის“ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის ანგარიშიდან ირკვევა ჩენს სააბონენტო ნომერზე სატელეფონო სერვისის საფასური შეადგენდა 0.04 ლარს (4 თეთრი), ხოლო 112-ის საფასურად დაერიცხა და ჩამოიჭრა 5-ჯერ მეტი.
გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებული კანონის ნორმის სიტყვასიტყვითი წაკითხვით საქართველოს მთავრობისთვის მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განსაზღვრა არც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და არც სხვა საკანონმდებლო აქტს, თუმცა მისი ნორმატიული შინაარსი და ამ ნორმატიული შინაარსის მინიჭებით შესაძლებელი გახდა მის საფუძველზე კონსტიტუციური უფლების შემზღუდავი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მღება. კონსტიტუციის საწინააღმდეგოა კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მთავრობას უფლებას ანიჭებს დაუსაბუთებლად დაადგინოს სავალდებულოდ გადასახდელი საფასური სანაცვლო მომსახურების მიღების გარეშე და ამ საფასურის ამოღების უფლება შესაბამისი გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მონაწილეობის გარეშე დააკისროს/მიანიჭოს სატელეფონო ოპერატორ კომპანიას.
აღნიშნულის გათვალისწინებით ვთვლით რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის სამივე პუნქტთან წინააღმდეგობა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა