საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/11/1279 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:26 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1279) მიმართეს საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილმა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 8 დეკემბერს. №1279 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №1279 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 45-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „112“-ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელ პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. თავის მხრივ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-2 მუხლი არეგულირებს „112“-ის მომსახურების საფასურს, მის განაკვეთსა და მათი გადახდის/ამოღების წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია საკუთრების უფლება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი ადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის წესს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული აქტები სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტსა/პირსა და ასეთი ტიპის მომსახურების არმიმღებ პირთა შორის გაუმართლებელ დიფერენცირებას განაპირობებს. კერძოდ, სადავო აქტებით დადგენილია „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდა მხოლოდ აბონენტისთვის, მაშინ, როდესაც მომსახურების სერვისის მიმღები შეიძლება იყოს, ასევე, არააბონენტი.
6. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, ასევე დაუსაბუთებელია დიფერენცირება უშუალოდ სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტებს შორის, ვინაიდან, სადავო ნორმების თანახმად, „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტ მომსახურების პაკეტს იძენენ. შესაბამისად, ის აბონენტები, რომლებიც სატელეფონო მომსახურების მიზნებისთვის იძენენ 5 ლარზე ნაკლებ მომსახურებას, ერთი თვის განმავლობაში თავისუფლდებიან საფასურის გადახდისგან.
7. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, არაგონივრულია დიფერენცირება აგრეთვე სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის სახეებს შორის. კერძოდ, მოსარჩელეებისთვის პრობლემურია სადავო მოწესრიგება, რომლის მიხედვითაც, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტს „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრება თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტი მომსახურების პაკეტის შეძენის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ფიქსირებული გეოგრაფიული/არაგეოგრაფიული ზონის აბონენტისათვის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, მან ისარგებლა თუ არა საკომუნიკაციო მომსახურებით ან როდესაც ასეთი მომსახურების ღირებულება 5 ლარზე ნაკლებია.
8. მოსარჩელეთა პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაცია გაუმართლებელ დიფერენცირებას ადგენს ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდისას ფიზიკური პირები იხდიან 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირები - 0.5 ლარს.
9. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ფიზიკური და იურიდიული პირები კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და სადავო ურთიერთობის ფარგლებში მათ მიმართ დაწესებული დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ და ობიექტურ საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს ის საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მსგავს დიფერენცირებას. ამდენად, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
10. დამატებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ასევე არღვევს კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილების გასაჩივრებული ნორმებით „112“-“ -ის მომსახურების საფასური ამოიღება აბონენტის ნების მიუხედავად, ისე, რომ არ არის განსაზღვრული, თუ რა კონკრეტული მომსახურების გაწევის გამო ხდება საფასურის გადახდის დაკისრება.
11. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, მათთვის ზოგადად პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მხრიდან „112“-ის მიერ კონკრეტულად გაწეული მომსახურებისთვის საფასურის დადგენა. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საკუთრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და ჩამორთმევას წარმოადგენს გასაჩივრებული აქტებით დადგენილი ის წესები, რომლებიც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, დაადგინოს სავალდებულოდ გადასახდელი საფასური შემხვედრი მომსახურების მიღების გარეშე და სასამართლოს მონაწილეობის გარეშე ასეთი საფასურის ამოღების უფლება მიანიჭოს/დააკისროს სატელეფონო მომსახურების ოპერატორ კომპანიას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №1279 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, სადავო ნორმა, საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, დაუსაბუთებლად დაადგინოს „112“-ის მომსახურების სავალდებულოდ გადასახდელი საფასური შემხვედრი მომსახურების მიღების გარეშე და სასამართლოს მონაწილეობის გარეშე ასეთი საფასურის ამოღების უფლება მიანიჭოს/დააკისროს სატელეფონო მომსახურების ოპერატორ კომპანიას.
3. დასახელებული სადავო ნორმა ქმნის საქართველოს მთავრობის მიერ „112“-ის მომსახურების საფასურის, საფასურის გადამხდელ პირთა წრისა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგების სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული წესი ახდენს საქართველოს მთავრობისათვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებას და არ განსაზღვრავს თავად ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით რაიმე სხვა რეგულაციას.
4. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სათანადო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსობრივი მიმართება აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებით გარანტირებულ უფლებებთან, თავისთავად, იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტი „112“-ის მომსახურებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება არა მთავრობისათვის უფლებამოსილების დელეგირების, არამედ „112“-ის მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შინაარსობრივი ასპექტების კონსტიტუციურობას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1279 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. №1279 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
7. დასახელებული სადავო ნორმების თანახმად, „112“-ის მომსახურების საფასურის გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. ამასთან, განსხვავებით მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისგან, სადაც საფასურის დარიცხვა ხდება თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტი მომსახურების პაკეტის შეძენისას, ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდება იმის მიუხედავად, ისარგებლა თუ არა აბონენტმა საკომუნიკაციო მომსახურებით ან როდესაც ამგვარი მომსახურების ღირებულება 5 ლარზე ნაკლებია.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასა და სადავო ნორმას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებას არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას.
9. ზემოხსენებული სადავო ნორმებით დადგენილი წესის ფარგლებში, თითოეული სუბიექტის მიერ საფასურის გადახდა დამოკიდებულია მათი თავისუფალი ნების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე. კერძოდ, საფასურის გადახდა უკავშირდება აბონენტობას ან/და თვის განმავლობაში სააბონენტო ნომრის მეშვეობით 5 ლარზე მეტი ოდენობის მომსახურების შეძენას. თითოეულ სუბიექტს აქვს იმის გონივრული შესაძლებლობა/უფლება, რომ არ გახდეს აბონენტი, არ შეიძინოს 5 ლარზე მეტი ოდენობის მომსახურება და, ამ გზით, არ დაექვემდებაროს „112“ის მომსახურების საფასურის გადახდას. შესაბამისად, სადავო რეგულირების მოქმედების სფეროში მოქცევა, სრულად არის დამოკიდებული სუბიექტების თავისუფალ ნებაზე. სადავო ნორმები გადახდის ვალდებულებას თანაბრად ითვალისწინებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აბონენტია, თვის განმავლობაში შეიძენს გარკვეულ მომსახურებას და აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. სადავო ნორმა ითვალისწინებს ერთგვაროვან უფლებრივ რეჟიმს ერთგვაროვანი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ქმედებების განხორციელებისათვის და არ გამოყოფს რომელიმე იდენტიფიცირებად პირთა ჯგუფს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და არ ადგენს პირთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას (Mutatis Mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/7/588 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-40).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1279 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. №1279 კონსტიტუციურ სარჩელში, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
12. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ იურიდიულ პირთან - კომანდიტურ საზოგადოებასთან ერთად, მითითებულია ფიზიკური პირი. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასა და სადავო ნორმას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებას - არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას. შესაბამისად, ლევან ალაფიშვილის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს ფიზიკური პირის მიმართ უთანასწორო მოპყრობის არსებობა.
13. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთის და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდისას ფიზიკური პირები იხდიან 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირები - 0.5 ლარს, რაც იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
14. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება თანასწორობის უფლების შინაარსის არასწორ აღქმას. გასაჩივრებული ნორმა ფიზიკური პირებისთვის, იურიდიულ პირებთან შედარებით, ითვალისწინებს „112“-ის მომსახურების საფასურის ნაკლებ ოდენობას. შესაბამისად, სადავო რეგულირება მოსარჩელე ფიზიკური პირისადმი ადგენს არა დისკრიმინაციულ მოპყრობას, არამედ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მას. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ შეიძლება შეფასდეს ფიზიკური პირების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად მათი უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება უფრო ნაკლები ოდენობის მომსახურების საფასურის დადგენის ფორმით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1279 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. №1279 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-4, მე-5 მე-6 პუნქტებისა და მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, აგრეთვე, ამავე წესის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებისა და მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
17. დასახელებული სადავო ნორმები ადგენს „112“-ის მომსახურების ფიქსირებულ საფასურს, ასევე აწესრიგებს მომსახურების საფასურის გადახდის/ამოღების, ერთდროულად რამდენიმე სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვის, საკონტროლო-სალარო აპარატებში გამოყენებად და ასევე პორტირებულ სააბონენტო ნომრებზე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებს.
18. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რა გარემოებები განაპირობებს სადავო ნორმების მოქმედების პირობებში კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევას. შესაბამისად, №1279 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-4, მე-5 მე-6 პუნქტებისა და მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, აგრეთვე, ამავე წესის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებისა და მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
19. №1279 კონსტიტუციური სარჩელში აგრეთვე სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
20. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმები საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, დაადგინოს „112“-ის მომსახურების სავალდებულოდ გადასახდელი საფასური შემხვედრი მომსახურების მიღების გარეშე და სასამართლოს მონაწილეობის გარეშე აღნიშნული საფასურის ამოღების უფლება მიანიჭოს/დააკისროს სატელეფონო მომსახურების ოპერატორ კომპანიას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ზემოხსენებული სადავო რეგულაციები შესაბამისი ფორმალური და მატერიალური წინაპირობების არარსებობის პირობებში უტოლდება საკუთრების უფლების ჩამორთმევას, ვინაიდან მომსახურების საფასურის ამოღება ხდება აბონენტის ნებისა და თანხმობის მიუხედავად.
21. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები- ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ამასთან, „საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
22. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილია მოსარჩელეთა ვალდებულება, გადაიხადონ „112“-ის მომსახურების საფასური. ხსენებული ვალდებულება მოსარჩელეთათვის წარმოშობს ფინანსურ ტვირთს და იწვევს მის საკუთრებაში არსებული ქონების (საფასურის) გადასვლას სახელმწიფოს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის საკუთრებაში. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც პირი, თუნდაც სახელმწიფოს სასარგებლოდ კარგავდეს ქონებას, არ არის საკუთრების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ახდენს იმგვარი შემთხვევების კონსტიტუციურსამართლებრივ რეგლამენტაციას, როდესაც არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება პირის საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ ქონებაზე. სწორედ კონკრეტული ქონების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმევა უნდა მოხდეს აღნიშნული კონსტიტუციური დებულების მოთხოვნათა დაცვით. ხოლო, რეგულირება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ახდენს საკუთრების უფლების შინაარსის განსაზღვრას, პირს უწესებს რაიმე ქონებრივ ვალდებულებას, თუ აკისრებს რაიმე ფინანსურ ტვირთს, არის საკუთრების უფლების შეზღუდვა და მისი კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტით. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პირისათვის ფინანსური ტვირთის დაწესება და არა მის საკუთრებაში არსებული ქონების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმევის წესის განსაზღვრა. შესაბამისად, არ იკვეთება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს შორის.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1279 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
24. №1279 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1279 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ):
ა) საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და ამავე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1279 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ):
ა) საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა.ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
ა.ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;
ა.გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებისა და მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
ა.დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ბ.ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
ბ.ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების და მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;
ბ.გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა და ამავე წესის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
ბ.დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი