ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1275 |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე მძინარაშვილი |
თარიღი | 8 ნოემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3 „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის ხაზგასმული სიტყვები - „დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.“ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის ხაზგასმული სიტყვები - „დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი - „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი -„ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია . ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი - „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია , თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.“ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად , წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით .“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება - „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა .“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“ |
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის მე-101 მუხლის მე-4 პუნქტის ხაზგასმული სიტყვები: „მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი - „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია . ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი - „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია , თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.“ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად , წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით .“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება - „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა . კანონს , თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას , უკუძალა არა აქვს.“ |
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის მე-103 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი „ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად: ბ) გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი - „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი -„ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია . ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი - „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია , თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.“ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით .“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება - „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა .“ |
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - „მოსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ზ) მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.“ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - „მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ შეტყობინების საფუძველზე ახდენს რეაგირებას და იღებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ზომას, რომ არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით: ბ) დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი - „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი -„ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი - „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია , თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.“ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად , წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით .“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება - „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი - „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი - „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია . ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.“ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი - „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია , თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.“ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად , წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით .“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება - „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველს წარმოადგენს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნით, კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეესაბამებოდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, დაცულია კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენის ფორმა. სარჩელს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტები. გარდა ამისა, მოსარჩელის არგუმენტები კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად მოცემულია კონსტიტუციური სარჩელის სპეციალურად განსაზღვრულ ველში - „მოთხოვნის არსი და დასაბუთება.“
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნით, კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციური მოქმედების შედეგად მას დაერღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-16, 17(1), 23(1), 23(3), 24(1) და 42(5) მუხლებით დაცული უფლებები. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ’ ქვეპუნქტითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში.
მოსარჩელე არის ვებ-გვერდის http://coa.ge/ -ს მესაკუთრე, რაც დასტურდება სარჩელზე თანდართული დოკუმენტით. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენს ფიზიკურ პირსაც, რომელზეც „დაუშვებელ პროდუქციად“ მიჩნეული კონტენტის ინტერნეტ სივრცეში განთავსების შემთხვევაში გავრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის სადავოდ გამხდარი ნორმები. მასზე სადავოდ გამხდარი ნორმები ვრცელდება იმ ნაწილშიც, როცა მას აქვს ვალდებულება მომსახურების მიწოდების ნაწილში, საკუთარი ვებ-გვერდის ფუნქციონირებისას, საკუთარი ინიციატივით ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე გვერდიდან წაშალოს ცილისმწამებლური პროდუქცია. შესაბამისად, სადავო ნორმათა არაკონსტიტუციური მოქმედების შედეგად ხდება მოსარჩელის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ზემოთ დასახელებულ უფლებებში ჩარევა.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის ნორმათა კონსტიტუციურობის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში შედის, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხს წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3-ის შესაბამისი ნორმების წინააღმდეგობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ სამართლებრივი სახელმწიფოს რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებასთან. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კონსტიტუციურ სარჩელში ასახულ სასარჩელო მოთხოვნაზე.
შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ პუნქტების მოთხოვნებსაც.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ვ“ პუნქტის მოთხოვნებსაც. კერძოდ, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის მიმართ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული რაიმე ვადა, ვინაიდან სარჩელი წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის შინაარსი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების[1] რიგი დებულებები მოსარჩელე მხარის აზრით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სადავო ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მისი შინაარსი, დანიშნულება და მიზანმიმართულება მოქმედ საკანონმდებლო სივრცეში.
აღნიშნული დადგენილება მიღებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა მიეღო ნორმატიული აქტი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე.
მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტი, რომელიც დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციას განსაზღვრავს და მასში მოიაზრებს ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემულ პორნოგრაფიას, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმის ამსახველ, პირადი ცხოვრების შემლახველ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევ, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემულ სხვა პროდუქციას.
მოსარჩელე მხარე, აღნიშნული ტერმინის განმარტებას პრობლემურად მიიჩნევს დადგენილების სხვა ნორმებთან ერთობლიობაში. კერძოდ, სადავო დადგენილების მე-101 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას.
აგრეთვე, ამავე დადგენილების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით; მსგავსი შინაარსის მატარებელია დადგენილების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ შეტყობინების საფუძველზე ახდენს რეაგირებას და იღებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ზომას, რომ არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.
მოსარჩელე, ასევე სადავოდ ხდის დადგენილების მე-103 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ინტერნეტდომენის გამცემს აქვს ვალდებულება დაბლოკოს ინტერნეტგვერდი, იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი გაფრთხილების შემდეგ ინტერნეტგვერდის მფლობელი არ აიღებს დაუშვებელ პროდუქციას.
დადგენილების ამ დებულებების მიზანია, ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა. მომსახურების მიმწოდებელსა და ინტერნეტდომენის გამცემს სახელმწიფოსგან დაკისრებული აქვთ რიგი ვალდებულებები, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება ინტერნეტ სივრცეში.
სადავო ნორმები ერთობლიობაში ქმნის მექანიზმს, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი პროდუქციის განთავსების/გავრცელების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, მათ შორის, გააუქმოს და განაკავშიროს მომსახურების მიმღები. მომსახურების მიმღების გაუქმება და განკავშირება კი გულისხმობს, ინტერნეტის გადაცემის შეწყვეტასა და ხელშეკრულების გაუქმებას. ამის პარალელურად, ინტერნეტდომენის გამცემსაც აქვს მინიჭებული სახელმწიფოსგან დისკრეცია, ერთჯერადი გაფრთხილების შემდეგ, მომხმარებელს, რომელიც ავრცელებს დაუშვებელ პროდუქციას, დაუბლოკოს მთელი ინტერნეტგვერდი.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაუშვებელი პროდუქციის ცნებები - პორნოგრაფიული, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი და უზუსტო არის ბუნდოვანი და არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნებს. კერძოდ, ერთი მხრივ, აღნიშნულს აქვს მსუსხავი ეფექტი მომხმარებლებზე, რომლებმაც ზუსტად არ იციან თუ რა არის კანონის მოთხოვნა და სადამდე ვრცელდება აკრძალვა, ხოლო მეორემხრივ, იგი ზრდის სახელმწიფოს თვითნებობის რისკებს, იმაზე მეტად შეზღუდოს კონსტიტუციით დაცული უფლებები, ვიდრე ეს საჭიროა შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად.
გარდა იმისა, რომ უფლებებში ჩარევა ხდება ბუნდოვანი კანონმდებლობის საფუძველზე, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ინტერნეტდომენის გამცემის მიერ დაუშვებელი პროდუქციის გამავრცელებელი პირისთვის ბლანკეტურად, მთლიანად ინტერნეტგვერდის დაბლოკვის შესაძლებლობა. ასევე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაუშვებელი პროდუქციის გამავრცელებელი პირის განკავშირება და ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტა არათანაზომიერად ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და პირადი განვითარების თავისუფლებას.
მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების შინაარსი, რომლის ფარგლებშიც პორნოგრაფიის პროდუქციის გამავრცელებელი პირი შესაძლოა განკავშირდეს (გაეთიშოს წვდომა ინტერნეტზე) ან მისი ინტერნეტ-გვერდი სრულად დაიბლოკოს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცულ შემოქმედების თავისუფლების პრინციპს.
ამგვარად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, მე-17 მუხლს, 23-ე მუხლს, 24-ე მუხლსა და 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტს.
2. სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად: „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ აღნიშნული მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ფართოდ განიმარტება. კერძოდ, როგორც სასამართლომ აღნიშნა: იგი „არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს“[2].
სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ იგი პასუხობს განსაზღვრულობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს“[3]. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონი შეიძლება ჩაითვალოს განუსაზღვრელად, როცა განმარტების ყველა მეთოდი მოსინჯულია, მაგრამ მაინც გაურკვეველია მისი ნამდვილი შინაარსი, ანდა არსი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია მისი მოქმედების ფარგლები“[4]. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განუჭვრეტადი ნორმის გამო, ადამიანებმა ზუსტად არ იციან რა შემთხვევაში დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, ისეთი ქმედებებისგანაც შეიძლება იკავებდნენ თავს, რომლის შეზღუდვის მიზანი კანონმდებელს არ ჰქონდა[5].
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციის შემადგენელი რამდენიმე დებულება, არის ბუნდოვანი და ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის დამოუკიდებლად განხილვა.
პორნოგრაფიული პროდუქცია
სადავო ნორმის თანახმად, პორნოგრაფია წარმოადგენს დაუშვებელი პროდუქციის ერთ-ერთ სახეს. სადავო დადგენილებით არ არის განმარტებული პორნოგრაფიის ცნება. აგრეთვე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ამ დრომდე არ უმსჯელია საქმეზე, სადაც პორნოგრაფიული პროდუქცია დაექვემდებარა შეზღუდვას, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს კომისიის გადაწყვეტილება, სადაც განმარტებული იქნებოდა პორნოგრაფიის ცნება. ამასთანავე, პორნოგრაფიის ცნებაზე არ უმსჯელიათ საქართველოს საერთო სასამართლოებს, შესაბამისად არ არსებობს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნებოდა პროდუქციის პორნოგრაფიულად შეფასებისთვის.
საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი „პორნოგრაფიული“ გამოყენებულია რამდენიმე დოკუმენტში, რომელთა შორისაცაა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი[6], შრომის კოდექსი[7], საქართველოს კანონი კულტურის შესახებ,[8] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ.[9] ამასთანავე, ტერმინი „პორნოგრაფიული“ ხშირად არის გამოყენებული პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჩანაწერს აქვს უფლების შემზღუდავი ხასიათი, არც ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ განმარტავს პორნოგრაფიის ცნებას. ამასთანავე არ არსებობს საქართველოს კანონი პორნოგრაფიის შესახებ, სადაც მოცემული იქნებოდა „პორნოგრაფიის“ დეფინიცია. ამგვარად, არ არსებობს ტერმინი „პორნოგრაფიის“ როგორც საკანონმდებლო განმარტება, ისე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
პორნოგრაფიის ცნების ბუნდოვანება პრობლემური არის სადავო ნორმებისთვის. კერძოდ, გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია, რათა ჩაითვალოს იგი პორნოგრაფიულად და დაექვემდებაროს სახელმწიფოს მიერ შეზღუდვას. მოცემული რეგულირებების თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელსა და ინტერნეტდომენის გამცემს აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება, შეაფასონ, არის თუ არა პროდუქცია პორნოგრაფიული, იმის გათვალისწინებით რომ არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი პორნოგრაფიის ცნების შესახებ, აგრეთვე არ არსებობს სასამართლოსა და ეროვნული კომისიის დადგენილი პრაქტიკა, პროდუქციის პორნოგრაფიად შეფასებისას ფაქტობრივად მომსახურეობის მიმწოდებელი და ინტერნეტდომენის გამცემი ეყრდნობიან პირად შეხედულებებს, აღქმებსა და მოსაზრებებს.
ამასთანავე, ერთი და იგივე პროდუქცია შეიძლება ერთმა მომსახურეობის მიმწოდებელმა და ინტერნეტდომენის გამცემმა ჩათვალოს დაუშვებელ პროდუქციად და შეზღუდოს, მეორემ კი - არა. ამგვარად, ერთი და იმავე ქმედების განხორციელებისთვის ერთ პირს შეიძლება შეეზღუდოს უფლება, მეორეს კი - არა.
ამასთანავე, სადავო ნორმებს აქვთ უფლების შეზღუდვის იმაზე უფრო ფართო ეფექტი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია კანონით. მომხმარებლებმა ზუსტად არ იციან თუ რა შემთხვევაში დაექვემდებარება მათი ქმედება შეზღუდვას, განუჭვრეტადობის გამო შეუძლებელია კანონის მოთხოვნების ზუსტად გაგება, რაც იწვევს მომხმარებლების მიერ გარკვეული ქმედებისგან თავის იმაზე მეტად შეკავებას, ვიდრე ეს, შესაძლოა, აუცილებელი იყოს შესაბისი საჯარო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პორნოგრაფიის ცნების ბუნდოვანება ზრდის სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხეებს, შესაძლებელს ხდის უფლებაში იმაზე მეტად ჩარევას ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში და აქვს „მსუსხავი ეფექტი“ მომხმარებლებზე, რომლებმაც ბუნდოვანების გამო შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდონ თავი ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. ამგვარად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს.
სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი პროდუქცია
განჭვრედატობასთან დაკავშირებით არგუმენტი მიემართება სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი პროდუქციის დაუშვებელ პროდუქციად მიჩნევის საკითხსაც, ვინაიდან კანონმდებლობაში არ მოიძებნება ჩანაწერი, რომელიც განმარტავს, კონკრეტულად რა შეიძლება იგულისხმებოდეს სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმებში. დადგენილების ჩანაწერები ასევე არ განმარტავს აღნიშნული კონტენტი ყველა შემთხვევაშია დაუშვებელი, თუ გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს სიძულვილისა და ძალადობის ფორმების დამდგომი კონტენტიც, რომელიც ამგვარი კადრების შემცველიცაა. შესაბამისად, ნორმის ადრესატისათვის (პირთათვის, რომლებიც ინტერნეტით სარგებლობენ და, შესაბამისად, იყენებენ გამოხატვის თავისუფლების ამ სახეს) გაუგებარია, რას მოითხოვს მათგან კანონმდებელი.
უზუსტო პროდუქცია
უზუსტო პროდუქცია დაუშვებელი პროდუქციის ერთ-ერთი სახეა. თუმცა როგორც ზემოაღნიშნულ ცნებებთან მიმართებით აღინიშნა, მოცემული ტერმინიც არ არის განმარტებული სადავო დადგენილებით. ტერმინ „უზუსტოს“ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში რამდენიმე ადგილას ვხდებით, ხშირ შემთხვევებში, ის აღნიშნავს მცდარ, შეუსაბამო ინფორმაციას.
მაგალითად, საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტოს კონტექსტში, თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაცია ასახული უნდა იყოს ზუსტად, ამასთანავე მოქმედებს საჯარო სამართლის უტყუარობის პრეზუმცია, რომლის თანახმადაც, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი.
ტერმინ „უზუსტოს“ ვხვდებით პირის მიერ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის კონტექსტშიც. მაგალითად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სარჩელის დარეგისტრირებისას ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოსარჩელეს ეძლევა 15 დღიანი ვადა უზუსტობის გამოსასწორებლად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით, განსაზღვრულია მაუწყებლობის ვალდებულება მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად. ამასთან ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი გაშუქება. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცალკე არ არის წარმოდგენილი ტერმინ ზუსტი ან უზუსტო ინფორმაციის განმარტება.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ტერმინ „უზუსტოს“ შეიძლება ჰქონდეს ფაქტის დამახინჯების მნიშვნელობაც, რომელსაც ქართულ კანონმდებლობაში ვხდებით ჟურნალისტური ქარტიის პრინციპებში. აღნიშნულის თანახმად, ჟურნალისტის მიერ ფაქტის დამახინჯება არის დაუშვებელი, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს „ფაქტის დამახინჯება“ განმარტებული არ არის.
სადავო ნორმებთან მიმართებით, გაურკვეველია თუ რა შინაარსის მატარებელია ტერმინი „უზუსტო.“ ამასთანავე, გაურკვეველია როგორ ახდენენ მომსახურეობის მიმწოდებელი და ინტერნეტდომენის გამცემი პროდუქციის შემოწმებას და რა შემთხვევაში და რასთან მიმართებით თვლიან პროდუქციას უზუსტოდ. ამასთანავე, პრობლემურია ის საკითხიც, უნდა იზღუდებოდეს თუ არა ყველა სახის უზუსტო პროდუქცია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს.
უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი პროდუქცია
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული პრინციპი გარანტირებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლითაც.
უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის შესახებ თანმიმდევრული პრაქტიკა აქვს ევროსასამართლოს. ერთ-ერთ საქმეში[10] სასამართლომ აღნიშნა, რომ უდანაშაულობის პრეზუმციას შეიძლება არღვევდეს არამხოლოდ მოსამართლე, არამედ ხელისუფლების სხვა საჯარო პირები. მათზე საუბრისას სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ამ უკანასკნელებსაც აქვთ, ისევე როგორც დანარჩენ პირებს. შესაბამისად, შეზღუდვის დროს ერთმანეთს უპირისპირდება პირის პატივისა და ღირსების უფლება (არ იქნეს ცნობილი დამნაშავედ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენამდე) და გამოხატვის თავისუფლება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს იყო თუ არა განცხადება/პროდუქცია უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი.
ამგვარად, საკითხის დადგენა, დაირღვა თუ არა პირის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას, რაც პირდაპირ გამომდინარეობს საკანონმდებლო ჩანაწერიდან და უშუალოდ კონსტიტუციური პრინციპებიდან. სადავო რეგულაციები ტერმინთა ბუნდოვანების გამო საშუალებას აძლევს მომსახურეობის მიმწოდებლებსა და ინტერნეტდომენის გამცემს თავად შეაფასონ დაირღვა თუ არა პირის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ სასამართლოს აქვს, აღნიშნული კი იწვევს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეებს.
პირადი ცხოვრების შემლახველი პროდუქცია
დაუშვებელი პროდუქციის ერთ-ერთი სახე არის პირადი ცხოვრების შემლახველი პროდუქცია, თუმცა დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა სახის პირადი ცხოვრების პროდუქციის გავრცელება შეიძლება შეიზღუდოს.
სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა, აგრეთვე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.[11] თუ პირის მიერ პროდუქციის გავრცელებაში იქნება დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფო მის წინააღმდეგ დაიწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას და ამ პროდუქციას ისედაც ამოიღებს სხვა საფუძვლით.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვარაუდობს, რომ გასაჩივრებული დადგენილების მიზნებისთვის, პირადი ცხოვრების შემლახავი პროდუქციის გავრცელებაში, არ უნდა იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები. ასეთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების უფლება უპირისპირდება გამოხატვის თავისუფლების უფლებას, რა დროსაც მოქმედებს საჯარო ინტერესის ტესტი - არის თუ არა საჯარო ინტერესი მიიღოს ინფორმაცია აღმატებული კერძო პირის ინტერესზე, გავრცელდეს მისი პირადი ცხოვრების შემლახავი პროდუქცია.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნულის დადგენის უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს. შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელსა და ინტერნეტდომენის გამცემს მხოლოდ ისეთი პირადი ცხოვრების შემლახავი პროდუქციის შეზღუდვის უფლება აქვთ, რომელზედაც არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ნორმა იძლევა ფართოდ განმარტების საშუალებას და ზრდის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის რისკებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუშვებელი პროდუქციის არსებული რედაქცია პირებს საშუალებას არ აძლევს ზუსტად გაარკვიონ თუ რა არის კანონის მოთხოვნა, აღნიშნულს კი აქვს „მსუსხავი ეფექტი,“ რაც იწვევს უფლების შეზღუდვას იმაზე მეტად ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან.[12] გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით[13]. იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილება ითვალისწინებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვას, ტერმინების ბუნდოვანების გამო სახელმწიფოს თვითნებობისა და გამოხატვის თავისუფლების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკი ძალიან მაღალია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაუშვებელი პროდუქციის ტერმინები: პორნოგრაფიული, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, უზუსტო, უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი და პირადი ცხოვრების შემლახავი არის ბუნდოვანი და განუჭვრეტადი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან.
3. სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს. ამ ნაწილში მოსარჩელე, პირველ რიგში, ამტკიცებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში და რომ შეზღუდვა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის კრიტერიუმებს.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ინფორმაციისა და აზრის თავისუფლება, რადგანაც ინფორმაციული ვაკუუმისა და აზრის შეზღუდვის პირობებში, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და დემოკრატიული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის სიცოცხლისუნარიანობა[14].
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის ჩანაწერის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროში მოიაზრება ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის არჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციისა და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები[15].
21-ე საუკუნეში, ინფორმაციის გაცემისა და მიღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას ინტერნეტი წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ინტერნეტის შესახებ აღნიშნავს, რომ მას დიდი და ყოველდღიურად მზარდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის და ის ადამიანთა კომუნიკაციის, მოსაზრებების გაცვლის, გაზიარების ძალზე ეფექტური და მოსახერხებელი საშუალებაა[16].
საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, ევროკონვენციის მე-10 მუხლის დაცულ სფეროში მოქცეულია ინფორმაციის მიღება და გაცემა, მათ შორის, ინტერნეტის საშუალებით. საქმეში დელფი ესტონეთის წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ინტერნეტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, თითოეულ პირს აქვს უფლება განათავსოს და გაავრცელოს დიდი რაოდენობით ინფორმაცია, ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალ ამბებზე საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფაში და ზოგადად, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში, რაც ექცევა გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში[17].
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი უფლების შეზღუდვის ამომწურავ ჩამონათვალს ადგენს, რომელიც წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირი მიზანსა და საშუალებას შორის. მიზნები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ საფუძველს მართლაც წარმოადგენს, თუმცა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გასამართლებლად კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთის დასახელება არ კმარა, აუცილებელია, რომ ლეგიტიმურ მიზანსა და უფლების შეზღუდვას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობდეს. სახელმწიფოს მიერ რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს გამოხატვის თავისუფლების იმგვარი შეზღუდვით, რომელიც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება - შეზღუდვა გაუმართლებელია[18].
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს: იმისთვის რომ უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური იყოს, არ არის საკმარისი მხოლოდ დასახელებულ მიზნებთან შესაბამისობის გარკვევა. სახელმწიფომ მხოლოდ ის კი არ უნდა განაცხადოს, რომ კონკრეტული უფლება იზღუდება რაიმე მიზნის მისაღწევად, არამედ ისიც, რომ ჩარევა გარდაუვალია კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ მიზნის მიღწევის პროპორციულ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას უნდა მიმართოს.
გამოხატვის თავისუფლება აუცილებლად შეზღუდული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისთვის რომ აღნიშნული დაკმაყოფილდეს აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები იყოს ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით.[19]
მოსარჩელე მხარე რელევანტურად მიიჩნევს საერთაშორისო პრაქტიკის განხილვასაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ევროკონვენციის მე-10 მუხლის მეორე ნაწილიც ჩამოთვლის უფლების შემზღუდავ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა შორისაცაა სხვათა რეპუტაციისა და უფლებათა დაცვა. ევროსასამართლოს პრაქტიკის თანახმად შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ის გამოწვეული უნდა იყოს გადაუდებელი სოციალური საჭიროებებითა და უნდა წარმოადგენდეს მუხლში ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, სადავო დადგენილებით განსაზღვრული ინტერნეტ კონტენტის შეზღუდვები, რომელთა შორისაცაა დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ინტერნეტდომენის გამცემის მიერ ინტერნეტ გვერდის დაბლოკვის შესაძლებლობა, ხოლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის განკავშირება წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას და საჭიროებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას.
3.1.დაცული სფერო
3.1.1. შეურაცხმყოფელი პროდუქცია
მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით სადავოდ ხდის დაუშვებელი პროდუქციის ერთ-ერთ სახეს - შეურაცხმყოფელ პროდუქციას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ ამგვარი პროდუქციის შეზღუდვა მომსახურების მიმწოდებლისა და ინტერნეტდომენის გამცემის მიერ არის არაკონსტიტუციური და არღვევს პირის გამოხატვის თავისუფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ „ინფორმაციას“ ან „იდეებს,“ რომელთან იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია ან აწუხებს სახელმწიფოს ან ნებისმიერ ჯგუფს. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ზოგადად სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს“.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედებს გამოხატვის თავისუფლების მსგავსი სტანდარტი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რელევანტურია მათი მიდგომის მიმოხილვა ინტერნეტ კონტენტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთი გამორჩეული გადაწყვეტილება არის Reno v American Civil Liberties Union, სადაც მოსარჩელე დავობდა, რომ კანონში არსებული ზოგიერთი ჩანაწერი ეწინააღმდეგებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო „აშკარად შეურაცხმყოფელი“ მასალა, რომელზეც სასამართლომ დაადგინა, რომ ინტერნეტ კონტენტის შეზღუდვა ამ საფუძვლით დაუშვებელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტითა და სხვა პრეცენდენტული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შეურაცხმყოფელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რაც შემდგომში დეტალურად იქნება განხილული. ამ ნაწილში კი მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ამგვარი შეურაცხმყოფელი ინფორმაციის განთავსება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის დაცულ სფეროში.
3.1.2. სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი პროდუქცია
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, სიძულვილის ენა შეიძლება იყოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. აშშ-ის პრეცენდენტული სამართლის თანახმად კი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის დააკმაყოფილებს ე.წ. „ცხადი და მყისიერი საფრთხის ტესტს.“[20] აღნიშნულის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ქმედება შედგება[21].
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტია ძალიან ჰგავს აშშ-ში დამკვიდრებულ სტანდარტს, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ რელევანტურია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია სიძულვილის ენის შეზღუდვა მყისიერი საფრთხის ტესტის დაკმაყოფილების გარეშე.
მსგავსი მიდგომა ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაში შეკრება-მანიფესტაციის საკითხების მომცველ საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებით[22].
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სიძულვილის ენა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს და, შესაბამისად, სადავო ნორმებით დაწესებული ჩარევა ამ ნაწილშიც კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში ხდება.
3.1.3. სხვა დაუშვებელი პროდუქცია
გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს საზოგადოების პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას. კანონიერი შეზღუდვების გათვალისწინებით, იგი ეხება „არა მხოლოდ ინფორმაციასა და მოსაზრებებს, რომლებსაც ბევრი იზიარებს ან გულგრილად ეკიდება, არამედ სახელმწიფოსათვის ან მოსახლეობის რომელიმე სეგმენტისათვის შეურაცხმყოფელი ინფორმაციის მიწოდებას. ეს არის საზოგადოების მოთხოვნები, რომელიც პლურალიზმისა და შემწყნარებლობის პრინციპებს იზიარებს; ამის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.“[23]
ევროპის კავშირის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2014)6 სახელმწიფოებისათვის ინტერნეტ მომხმარებელთა ძირითადი უფლებების სახელმძღვანელოს თაობაზე (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2014 წლის 16 აპრილს მინისტრთა მოადგილეების 1197-ე შეხვედრაზე) გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების ნაწილში მიუთითებს, რომ აღნიშნული მოიცავს ისეთი მოსაზრებების გამოხატვის უფლებასაც, რომლებიც შეიძლება შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან შემაშფოთებელი იყოს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, პორნოგრაფია, უზუსტო ინფორმაცია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ინფორმაცია და ასევე სხვა დაუშვებელ პროდუქციად მოაზრებული ინფორმაცია ექცევა გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში, რაც არ უნდა შოკისმომგვრელი, ან სხვა ადამიანებისათვის შეურაცხმყოფელი იყოს მათი შინაარსი.
3.2.გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რაც ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია სხვადასხვა შემთხვევაში ლეგიტიმური ინტერესის შესაბამისად[24]. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი თავად მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის საფუძვლებზე. კერძოდ, ეს უკანასკნელი მიუთითებს: „ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირი მიზანსა და საშუალებას შორის. მიზნები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ საფუძველს მართლაც წარმოადგენს, თუმცა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გასამართლებლად კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთის დასახელება არ კმარა, აუცილებელია, რომ ლეგიტიმურ მიზანსა და უფლების შეზღუდვას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობდეს. სახელმწიფოს მიერ რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს გამოხატვის თავისუფლების იმგვარი შეზღუდვით, რომელიც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება - შეზღუდვა გაუმართლებელია.[25]
ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა (II,პარ.32) : იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური იყოს, არ არის საკმარისი მხოლოდ დასახელებულ მიზნებთან შესაბამისობის გარკვევა. სახელმწიფომ მხოლოდ ის კი არ უნდა განაცხადოს, რომ კონკრეტული უფლება იზღუდება რაიმე მიზნის მისაღწევად, არამედ ისიც, რომ „... ჩარევა გარდაუვალია კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ მიზნის მიღწევის პროპორციულ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას უნდა მიმართოს.“ ამრიგად, „... ამ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში არის გამართლებული.“[26]
ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: დაცულია თუ არა პროპორციულობა ინდივიდის უფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის; სახელმწიფო ვალდებულია ამტკიცოს, რომ (კონკრეტული უფლებაშემზღუდავი რეგულირება) მიზნის პროპორციულ, ვიწროდმიმართულ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს; შეზღუდვა კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, თუ ის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების პირობებში კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და თუ გამოხატვის შეზღუდვის შედეგად დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით გამოწვეულ ზიანს.
3.2.1. შეზღუდვები არ არის კანონით გათვალისწინებული
ზემოთქმულ შეზღუდვის სტანდარტებზე მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა საფუძველს მოკლებულად არ იქნება მიჩნეული თავად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტში დასახელებული მიზნებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსარჩელე, პირველ რიგში სადავოდ ხდის, რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმები „კანონით გათვალისწინებულობის“ მოთხოვნას, ხოლო შემდეგში ალტერნატიულად ამტკიცებს, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები კანონის ხარისხობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ეს უკანასკნელნი მაინც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, ვინაიდან სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ კმაყოფილდება ზემოთქმული კრიტერიუმები.
პირვველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N3 წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტის 1/4/757 გადაწყვეტილებაში საქმეზე „გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ დაადგინა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, „კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც (1) საკითხი უშუალოდ მოწესრიგებულია კანონით; ან (2) კანონმდებელმა კანონით მოახდინა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა კომპეტენტურ ორგანოზე“,[27] თუმცა განსახილველ შემთხვევაში კანონმდებელს არ შეიძლება ჰქონდეს კომისიისათვის დაუშვებელი პროდუქციის ინტერნეტში განთავსების რეგულირების გადანდობის/დელეგირების შესაძლებლობა. აღნიშნული განპირობებულია სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვების ინტენსიურობით.
გარდა ზემოთქმულისა, როგორც სადავო ნორმათა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან წინააღმდეგობისას ვიმსჯელეთ, სადავო ნორმები არღვევს განჭვრეტადობის პრინციპს. რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ მათი ხარისხობრივი დონე არ შეესაბამება „კანონის“ მოთხოვნებს. („გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით“).[28]
ამ ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია მოვიხმოთ საერთაშორისო პრაქტიკაც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლეთა მსჯელობა საქმეზე FCC v. Fox Television Stations, Inc. , სადაც, სხვა დანარჩენთან ერთად, განსახილველ საკითხს ასევე წარმოადგენდა კომისიის მიერ კონკრეტული ჩანაწერის განსხვავებულ ინტერპრეტაციას სიტყვა „უხამსთან“ მიმართებით, რაზე დაყრდნობითაც კომისიამ სანქცია დაუწესა პროგრამის გამშვებ კომპანიას ამ უკანასკნელში გამოყენებული „უხამსი“ სიტყვების გამო. აღნიშნულ საქმესთან მიმართებით მოსამართლე კენედიმ მიუთითა, რომ, როცა კომისია იცვლის მოსაზრებას, რომელიც წინააღმდეგობაშია ადრინდელ პრეცედენტებთან, მან უნდა ახსნას ამისი მიზეზი, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილებები აუცილებელია განჭვრეტადობის პრინციპთან თანხვედრაში იყოს.
მოსამართლე პოულმაც ასევე მიუთითა, რომ ფედერალური კომისია ვალდებული იყო აეხსნა, თუ რატომ შეიცვალა თავისი პოზიცია და რატომ მიანიჭა ტერმინ „უხამსს“ განსხვავებული მნიშვნელობა. მოსამართლე პოულმა დამატებით ასევე მიუთითა, რომ სიტყვა „უხამსი“ არ აძლევდა კომისიას უფლებამოსილებას გადაეწყვიტა, რომ მის ფარგლებში ექცეოდა ყველა სიტყვა, რომელსაც ჰქონდა სექსუალური ხასიათის შემცველი გამოთქმა. ამგვარი მოსაზრება გაიზიარეს მოსამართლეებმა გინსბურგმა და ბრეიერმაც. ამ უკანასკნელმა მიიჩნია, რომ ფედერალურ კომისიას ჰქონდა ვალდებულება ადეკვატურად აეხსნა თავისი პოლიტიკის შეცვლის მიზეზები, რათა მისი გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიჩნეულიყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ შეზღუდვა არ არის კანონით გათვალისწინებული და ასევე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლიც. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს არგუმენტი სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებული, სადავო ნორმები კვლავ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რადგან სახეზე არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული ადამიანის ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის კრიტერიუმები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინტერნეტ-დომეინის გამცემსა და ვებ-გვერდის მფლობელს ექნებოდათ შესაძლებლობა თავად ჩარეულიყვნენ პირთა გამოხატვის თავისუფლებაში, კანონის განუჭვრეტადობის გამო, მათ არათუ საკუთარი გადაწყვეტილებებისა და პრაქტიკის შეცვლის შემთხვევაში გარკვეული ახსნა- განმარტებების ვალდებულება აქვთ, არამედ მინიჭებული აქვთ თვითნებური მოქმედებების ფართო შესაძლებლობა.
3.2.2. შეზღუდვები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მოიაზრება მათ შორის სხვათა უფლებების დაცვაში, თუმცა შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი გამოსადეგი საშუალება არ არის და ამასთანავე დარღვეულია პროპორციულობის მოთხოვნაც.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს, გავლებულს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვის უფლებას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.“ [29]სადავო ნორმების სისტემურად წაკითხვის შემთხვევაში კი ნათელია, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის განსახილველი დადგენილება არ მოიცავს დებულებას, რომელიც მიუთითებდა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირის სტატია, გვერდი დაიბლოკება, ან მოხდება მომხმარებლის განკავშირება (ინტერნეტზე წვდომის სრულად შეზღუდვა). ასევე ნათელი არ არის რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ვებ-გვერდის მფლობელს ან ინტერნეტის მიმწოდებელს, თუ ისინი „დაუშვებელი პროდუქციის“ აღმოჩენის შემთხვევაში არ მიიღებენ „შესაბამის ზომებს“, რომელთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია დადგენილებაში პირდაპირ მოცემული, ხოლო სხვა მხრივ კი თავად ეს ტერმინიც კი განუსაზღვრელია.
მეორე ლეგიტიმური მიზანი, რომელსაც შესაძლოა მოპასუხე დაეყრდნოს არის საზოგადოებრივი მორალის დაცვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. აღნიშნული რაციონალის საფუძველზე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გარკვეული აკრძალვების გარდა, პირები, მათ შორის მაუწყებლებიც, უფლებამოსილი არიან გადასცენ მებისმიერი ინფორმაცია და არ ითვლება, რომ ადამიანებს ამ იდეებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. ...“ [30]
შეურაცხმყოფელი და სხვა დაუშვებელი პროდუქცია
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიუხედავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი განმარტებებისა, სადავო ნორმა, სხვა დანარჩენთან ერთად, შეზღუდვას აწესებს როგორც შეურაცხმყოფელი, ისე სხვა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე ინტერნეტის საშუალებით, თუმცა არ მიუთითებს, კონკრეტულად რა მოიაზრება შეურაცმხყოფელში, უზუსტოში და სარჩელის ფარგლებში განხილულ სხვა დაუშვებელ პროდუქციაში. შესაძლოა ეს შეზღუდვა, როგორც სხვათა უფლებების დაცვას ემსახურებოდეს, ისე საზოგადოებრივი მორალის დაცვასაც და მოსარჩელე არ უარყოფს, რომ ორივე ლეგიტიმური მიზანი დაცვის ღირსია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა, როგორც ზემოაღნიშნულ საკონსტიტუციო პრაქტიკაშიც იკვეთება, მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის დასახელება არ არის საკმარისი შეზღუდვის გასამართლებად, მთავარია დაცული იყოს სხვა კრიტერიუმებიც.
ამ ნაწილში მოსარჩელე, პირველ რიგში, ამტკიცებს, რომ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინაიდან აღნიშნული შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ გამოსადეგ საშუალებას. ამ ნაწილში რელევანტურია მოვიხმოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „გარდიანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ( გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა, რადგან წიგნი, რომლის პუბლიკაციაც გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისათვის აიკრძალა, უკვე გამოქვეყნებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი იყო გაერთიანებულ სამეფოშიც.
სადავო ნორმების შემთხვევაშიც, თუკი დაიბლოკება კონკრეტული გვერდი, ეს ვერ იქნება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი გამოსადეგი საშუალება, ვინაიდან უკვე გავრცელებული ინფორმაცია, წაშლის შემთხვევაშიც, შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სხვა ადამიანებისათვის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, ინტერნეტით ინფორმაციის მიღების, პერსონალურ კომპიუტერებში მარტივად გადატანისა და გავრცელების სისწრაფესა და ხარისხობრივად მაღალ მაჩვენებელს.
ამ ნაწილში მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მომხმარებლის ინტერნეტისაგან განკავშირება არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ გამოსადეგ საშუალებად და ამ ნაწილში ეყრდნობა ინტერნეტის ზოგადი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების ფართო არეალს თანამედროვე ცხოვრებისეული პირობების გათვალისწინებით.
მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან აღნიშნული შეზღუდვა არღვევს პროპორციულობის მოთხოვნას - იბლოკება მთლიანად ვებ-გვერდი და არა კონკრეტული ბმული. ასევე არ არსებობს სპეციალური ფილტრი, რომელიც ამ შემთხვევაშიც იქნებოდა გამოსაყენებელი.
ამ ნაწილში მნიშვნელოვანია მოვიხმოთ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს 1977 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „Federal Communications v. Pacifica Foundation), სადაც განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, ყველა შემთხვევაში უკრძალავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი დამატება მთავრობას რომ დააწესოს გარკვეული შეზღუდვები საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან დაკავშირებით. მართალია, სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, თუმცა აღნიშნულის ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა, რომ ელექტრონული მედიის მოსმენისა და ყურების საშუალება იმ ბავშვებსაც კი აქვთ, რომლებმაც ჯერ კითხვაც კი არ იციან, თუმცა ამ ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ შეზღუდვა გამართლებულია, ვინაიდან შეურაცხმყოფელი თუ სხვა ფორმის კომუნიკაცია, შესაძლოა არასრულწლოვანს მისი თავდაპირველი წყაროს შეზღუდვის გარეშე შეეზღუდოს. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო ნორმებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ მთლიანად წყაროს შეზღუდვა ხდება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც, თუ სადავო ნორმები კანონთან შესაბამისობაში მყოფად მიიჩნევა, ამ ნორმათა შეზღუდვა არღვევს პროპორციულობის მოთხოვნას, არ არის ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგი საშუალება და, შესაბამისად, არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობისას შეგვიძლია მოვიხმოთ სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითიც. მაგალითად, ესტონეთი ინტერნეტ კონტენტის შეზღუდვის კუთხით შემოიფარგლება იმ მასალების შეზღუდვით, რომლებიც საავტორო უფლებებს არღვევს. ესტონეთის სახელმწიფო ასევე მონიტორინგს ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებაზე ინტერნეტში, აზარტული თამაშების ონლაინ ბიზნესზე, თუმცა სხვა ტიპის შეზღუდვები, ისეთი, როგორიც განსახილველ სადავო ნორმებშია მოცემული, ესტონეთის სახელმწიფოში არ გვხვდება.
იმ სახელმწიფოშიც კი, სადაც განსაკუთრებული შეზღუდვებია დაწესებული ინტერნეტ კონტენტზე, არსებობს სპეციალური ფილტრები, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი თვითნებური ჩარევა პირთა გამოხატვის თავისუფლებაში. მაგალითად ისლანდიაში ინტერნეტ პროვაიდერები იყენებენ ფილტრებს, არსებობს ინტერნეტში გავრცელებულ კონტენტზე მონიტორინგის სისტემა. ინტერნეტ პროვაიდერები კონკრეტულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად საერთაშორისო პროექტის ფარგლებში არიან ამ პროცესებში ჩართული და ისინი შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს აწვდიან ინფორმაციას საეჭვო ელექტრონული წყაროების შესახებ. ამგვარ მიდგომას ვხვდებით კანადაშიც, სადაც 2006 წლიდან არსებობს ინტერნეტში განთავსებული კონტენტის ფილტრაციის შესაბამისი პროექტი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს, აშშ-ში 1996 წლიდან მოქმედებს Communications Decency Act მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებით. აღნიშნული აქტის თანახმად, ვებ-გვერდები და ინტერნეტ პროვაიდერები გათავისუფლებულნი არიან მათ სივრცეში სხვების მიერ განთავსებული კონტენტისათვის.
ამერიკის შეერთებული შტატების შედარებით ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც ინტერნეტ კონტენტს ეხება გვიჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ფართოს განმარტავს ინტერნეტში სიტყვის თავისუფლებას და ადასტურებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი შეზღუდვა ინტერნეტ ცენზურასთან დაკავშირებით. (Ashcroft v. American Civil Liberties Union, 535 U.S. 564 (2002)
პორნოგრაფიული პროდუქცია
პორნოგრაფიული პროდუქციის უშუალო სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელე საჭიროდ მიიჩნევს ამ ნაწილში განცალკევებით გამოიყოს მსჯელობა ლეგიტიმურ მიზნებსა და გამოყენებულ საშუალებებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაციები, რომლის თანახმადაც მომსახურეობის მიმწოდებელს შესაძლებლობა აქვს განაკავშიროს, ხოლო ინტერნეტდომენის გამცემს - პირველი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუბლოკოს ინტერნეტგვერდი მომხმარებელს, რომელმაც გაავრცელა პორნოგრაფიული პროდუქცია, არის არაკონსტიტუციური.
მოსარჩელე მხარე პორნოგრაფიას განიხილავს, როგორც აზრის, იდეის ან ინფორმაციის გამოხატვის საშუალებას, რაც მოაქცევს მას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროში. მსგავსი მიდგომა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, სადაც კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული არის პორნოგრაფიული პროდუქციაც.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ სადავო ნორმას შეიძლება ჰქონდეს ორი ლეგიტიმური მიზანი: (1) არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, რათა მათ შემთხვევით არ ნახონ პორნოგრაფიული პროდუქცია და ამით ზიანი არ მიადგეთ მათ ფსიქიკას (2) სრულწლოვან მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ მოულოდნელად გახდნენ პორნოგრაფიის მხილველნი.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით არ კმაყოფილდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა - შეზღუდვა გათვალიწინებული უნდა იყოს კანონით. როგორც წინა თავებში აღინიშნა, პორნოგრაფიის ცნება არის ბუნდოვანი, რის გამოც დარღვეული არის კანონის ხარისხის მოთხოვნა. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდვი ნორმა კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით უნდა იყოს განჭვრეტადი. აღნიშნული გათვალისწინებით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნას.
სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის პირველ კრიტერიუმს, რადგანაც იგი არ წარმოადგენს დასახელებული მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. პორნოგრაფიული პროდუქციის გამავრცელებელი მომხმარებლისთვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტა ვერ დაიცავს არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მომხმარებლების ინტერესებს, რადგანაც 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ პროდუქტს წარმოადგენს, მისი გამოყენება და პორნოგრაფიის გავრცელება პირის მიერ რომელსაც აღნიშნული ქმედებისთვის ერთხელ უკვე შეუწყვიტეს ინტერნეტი, კვლავაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მოსარჩელე მხარე ვერ ხედავს კავშირს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ მიაღწიოს დასახულ ლეგიტიმურ მიზანს შეზღუდვის ამგვარი ფორმით.
ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიუთითებს რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის მომხმარებლისთვის ინტერნეტის შეწყვეტისა და ინტერნეტგვერდის დაბლოკვაზე უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებები არსებობს. მაგალითისთვის, სხვადასხვა ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერული პროგრამები ეფექტურად ზღუდავს არასრულწლოვნებისთვის პორნოგრაფიულ პროდუქციაზე წვდომას. ამ მექანიზმებს შორის არის კონკრეტული ინტერნეტგვერდების ბლოკირება მშობლის მიერ, აგრეთვე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება, პირადობის ან საბანკო ბარათების ნომრების მოთხოვნა პროდუქციაზე წვდომის განხორციელებამდე და ა.შ. ამ მექანიზმებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად იყენებენ და ის არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
აღნიშნული მეთოდების გამოყენებით სახელმწიფო მიაღწევს მეორე ლეგიტიმურ მიზანსაც და დაიცავს იმ სრულწლოვანი მომხმარებლების ინტერესებისაც, რომელთაც არ სურთ მოულოდნელად გახნენ პორნოგრაფიული მასალის მაყურებლები. ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმების დახმარებით, შეუძლებელი იქნება სრულწლოვანი მომხმარებლის მიერ პორნოგრაფიული პროდუქციის შემთხვევითი გაცნობა. აღნიშნულ მასალაზე წვდომისთვის საჭირო იქნება აქტიური ქმედება, რაც გამორიცხავს მომხმარებლის მიერ არასასურველი პროდუქციაზე წვდომას მისი ნების საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოთქმულიდან, მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობისა, რასაც ხაზს უსვამს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ისე ზემოაღნიშნული საერთაშორისო წყაროები, სადავო ნორმებით ხდება გამოხატვის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევა.
4. სადავო ნორმის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ადამიანის პიროვნულობა უზენაესი ღირებულებაა, მისი განვითარებისთვის ადამიანს ჭირდება თავისუფლება და თავისუფლების უფლების გარანტირებულობა. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს ინდივიდისთვის ქცევის თავისუფლების მინიჭება, რომელიც უნდა განხორციელდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მე-16 მუხლით დაცულ სფეროში მოაქცია პატიმრის უფლება კავშირი ჰქონოდა გარესამყაროსთან.[31] სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახთან ურთიერთობებს, ისევე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნველსაყოფად, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი.
ინტერნეტი არ წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციის მიღებისა და გაცემის საშუალებას. ინტერნეტის საშუალებით პირები ამყარებენ კავშირს გარე სამყაროსთან, კერძოდ ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით დღეს ადამიანს საშუალება აქვს ისარგებლოს სხვადასხვა სოციალური ქსელებითა და ჩათ-მომსახურებებით, ვიზუალური კავშირი დაამყაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებთან, იკონტაქტოს სხვადასხვა ადამიანებთან და მიიღოს ინტერნეტის სხვა ბენეფიტები. ინტერნეტი დღეს წარმოადგენს გარე სამყაროსთან კავშირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ინტერნეტის მოხმარების ნაწილი, მისი საშუალებით ინფორმაციის გაცემა და მიღება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულ სფეროში, ხოლო ინტერნეტთან წვდომის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი.
სადავო ნორმის საფუძვეზე მომსახურეობის მიმწოდებელი დაუშვებელი პროდუქციის გამავრცელებელ პირს უწყვეტს ინტერნეტის მიწოდებას, აღნიშნულით კი ირღვევა თავისუფალი განვითარების უფლება, რადგანაც იზღუდება პირის მიერ გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ უფლებას.
5. სადავო ნორმის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, რომლის თანახმადაც მომსახურეობის მიმწოდებელი განაკავშირებს პორნოგრაფიული პროდუქციის გამავრცელებელ პირს, ხოლო ინტერნეტდომენს გამცემი ბლოკავს დაუშვებელი პროდუქციის გამავრცელებელი პირის ინტერნეტ გვერდს, პირველი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არის არაკონსტიტუციური, რადგანაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია, ინტელექტუალური საკუთრების უფლება კი ხელშეუხებელია. აღნიშნული მუხლი იცავს ადამიანის შემოქმედებით თავისუფლებას. ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ისევე როგორც კონსტიტუციით განმტკიცებული სხვა უფლებები, სახელმწიფოს მიერ მოქალაქისთვის მინიჭებული გარანტირებული შესაძლებლობაა იმისა, რომ საკუთარი ნებით, საკუთარი შეხედულებებისამებრ და ინტერესების მიხედვით შეასრულოს განსაზღვრული მოქმედებები, წამოაყენოს კანონიერი მოთხოვნები და დაიცვას თავისი ინტერესები.[32]
შემოქმედების თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც მას ანიჭებს საკუთარი თავის გამოხატვის უფლებას შემოქმედებით საქმიანობაში პროფესიულ თუ სამოყვარულო, ან დილეტანტის დონეზე.[33] შემოქმედებად კი ადამიანის ისეთ მოღვაწეობა განიხილება, რომლის შედეგადაც იქმნება ახალი ქმნილება. შემოქმედებად განიხილება შექმნის ან გამოგონების აქტი, რომლის შედეგადაც იქმნება ორიგინალური, ინოვაციური ან წარმოსახვითი პროდუქტი.[34]
შემოქმედებითი თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის, მისი შეზღუდვა შესაძლებელია როდესაც გავრცელება ლახავს სხვის კანონიერ უფლებებს. უფლების შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით. უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერება კი ფასდება თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე.[35]
პორნოგრაფია, როგორც პირის შემოქმედება და მხატვრული საშუალებებით აზრისა და იდეის გამოხატულება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცულ სფეროში. აღნიშნული თაობაზე ნამსჯელი აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე გიორგი ლოგუა საქართველოს წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებდა სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლს, რომელიც შეეხებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას პორნოგრაფიის უკანონო გავრცელების შემთხვევაში და აღნიშნავდა რომ სახელმწიფო ამგვარი შეზღუდვით არღვევდა მის შემოქმედებით თავისუფლებას. გამწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დასაშვებად არ ცნო არასათანადო მოსარჩელის გამო. სასამართლომ იმსჯელა 23-ე მუხლით დაცულ სფეროზე და აღნიშნა რომ ამ მუხლით განმტკიცებულია შემოქმედების თავისუფლებისა და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობის უფლებები. მოცემული რეგულაციის საფუძველზე, პირს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა. 23-ე მუხლის მესამე პუნქტი გათვალისწინებული რეგულაციის საფუძველზე, პირი უფლებამოსილია არა მხოლოდ შექმნას შემოქმედებითი ნაწარმოები, არამედ საკუთარი სურვილისამებრ გაავრცელოს იგი, გარდა დასახელებული საგამონაკლისო შემთხვევისა.[36] იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თავად არ იყო პორნოგრაფიული პროდუქციის ავტორი და ის მხოლოდ სხვის შემოქმედებას ავრცელებდა, სასამართლომ მისი ქმედება დააკვალიფიცირა, როგორც ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლების რეალიზება, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით.
ამგვარად, პორნოგრაფიული პროდუქციის გავრცელება, თუ იგი პირის პირადი შემოქმედებაა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცულ სფეროში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი ავრცელებს პორნოგრაფიას, რომელიც არ წარმოადგენს მის შემოქმედებას, მაშინ აღნიშნულ პირს დაიცავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი.
მოსარჩელე მხარე ამ შემთხვევაშიც უცვლელად მიუთითებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებზე: (1) არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, რათა მათ შემთხვევით არ ნახონ პორნოგრაფიული პროდუქცია და ამით ზიანი არ მიადგეთ მათ ფსიქიკას (2) სრულწლოვან მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ მოულოდნელად გახდნენ პორნოგრაფიის მხილველნი.
მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შემთხვევაში, აქაც არ კმაყოფილდება თანაზომიერების ტესტის კრიტერიუმები. კერძოდ, დაწესებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც მომსახურეობის მიმწოდებელი განაკავშირებს დაუშვებელი პროდუქციის გამავრცელებელ პირს, არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. ხოლო ინტერნეტ გვერდის ბლოკირება კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
მოსარჩელე კვლავ მიუთითებს ალტერნატიულ მექანიზმებზე (ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერული პროგრამები), რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიზნების მიღწევას პირის შემოქმედებითი თავისუფლების უფლების ნაკლებად შეზღუდვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ სადავო რეგულაციები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს.
6. სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლ პუნქტთან
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილების ნორმები, რომელიც საშუალებას აძლევს მომსახურების მიმწოდებელსა და ინტერნეტდომენის გამცემს შეზღუდოს ცილისწამებლური პროდუქცია თავისი ინიციატივით არის არაკონსტიტუციური საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
არსებული რეგულირების თანახმად მომსახურების მიმწოდებელსა და ინტერნეტდომენის გამცემი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ამოიღოს ცილისმწამებლური პროდუქცია, რადგანაც ეს უკანასკნელი მიჩნეულია დაუშვებლად.
სურათის უფრო ნათლად წარმოსაჩენად დაგვეხმარება ცილისწამებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო სივრცის სისტემური ანალიზი. ცილისმწამებლური ინფორმაციის წინააღმდეგ მექანიზმები გვხვდება რამოდენიმე ნორმატიულ აქტში. პირველ რიგში ამგვარ რეგულირებას ვხვდებით სამოქალაქო კოდექსში. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.“ მაშასადამე, ცილისმწამებლური ინფორმაცია, როგორც ერთ-ერთი იმ პროდუქციათაგანი, რომელმაც შესაძლოა შელახოს პირის პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პირს, რომელიც თვლის, რომ მის წინააღმდეგ გავრცელდა ცილისმწამებლური ინფორმაცია, საშუალება აქვს, რომ კანონიერი გზით, კერძოდ სასამართლოს გამოყენებით უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენა, სიტუაციის გამოსწორება. სასამართლო მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-3 ნაწილიც, რომელიც ეხება ამგვარი ცნობების გავრცელებას მასობრივი საშუალებებით. გარდა ამისა, მუხლი მიუთითებს, რომ მასობრივ საშუალებებით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, ამგვარი ინფორმაციის უარყოფა მოხდება ზუსტად იმავე საშუალებებით. ამასთანავე, პირს, რომლის წინააღმდეგაც მასობრივი საშუალებებით გავრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია, უფლება ეძლევა, რომ იმავე საშუალებებით ისარგებლოს ამგვარი ინფორმაციის საწინააღმდეგოდ. მუხლი ასევე ჩამოთვლის სხვა სპეციფიურ შემთხვევებსაც. ცილისმწამებლური ინფორმაციის წინააღმდეგ „ბრძოლის“ მექანიზმებს ითვალისწინებს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონი, რომელშიც ცილისწამებას ცალკე თავიც კი ეთმობა. ამ კანონში დაცულია როგორც კერძო, ისე საჯარო პირების უფლებები ცილისწამების წინააღმდეგ. აღნიშნულ კანონშიც კი, რომელიც უფრო ახალია, მე-6 მუხლით, გათვალისწინებულია სასამართლო ბერკეტი, რომლის საშუალებითაც პირი დაიცავს საკუთარ უფლებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ საკანონმდებლო სივრცეში, გარდა სადავო ნორმატიული აქტისა, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების წინააღმდეგ არსებული ბერკეტები მოიაზრებს თავად დაზარალებულის გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლო ბერკეტს. თავად პოტენციურმა დაზარალებულმა უნდა გადაწყვიტოს გამოიყენებს სასამართლოს თუ ისარგებლებს გამოხატვის თავისუფლებით და თავად შეეცდება მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედებას. პატივი და ღირსება თავისი არსით იმდენად ინდივიდუალური უფლებაა, რომ მის დასაცავად მიღებული ზომების სიმკაცრის განსაზღვრა მხოლოდ ამ პირს შეუძლია. ასევე მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადების ადრესატს შეუძლია განსაზღვროს აღნიშნული ცნობა მისთვის სახელის გამტეხია თუ არა. აღნიშნული მოსაზრება გამყარებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებითაც.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სუბიექტურად შეფასებადია, განცხადება არის თუ არა განცხადების ადრესატის სახელის გამტეხი. ბუნებრივია, ადამიანები ინდივიდუალურად და სუბიექტურად, მათ შორის, მათი პირადი თვისებების, ხასიათის, ინტელექტის და ემოციური მდგომარეობის მიხედვით აღიქვამენ და აფასებენ ფაქტებს, მოვლენებს. ამიტომ ერთი და იგივე განცხადება, ფაქტი რადიკალურად განსხვავებულად შეიძლება იყოს აღქმული, შეგრძნებული, შეფასებული სხვადასხვა პირების მიერ. მაგალითად, თუ პირზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ქურდული სამყაროს წევრი, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს ასე არ არის, ერთმა ადამიანმა, მასზე ასეთი მცდარი განცხადება შეიძლება ძალიან მტკივნეულად აღიქვას და აუცილებლად იდავოს სასამართლოში, ხოლო მეორემ საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება ან შესაძლოა, ეს სულაც არ ჩათვალოს სახელის გამტეხ ინფორმაციად [...] ის, რაც ერთი ადამიანის აზრით რეპუტაციის შემლახველია, მეორესთვის ეს შეიძლება ასე სულაც არ იყოს, ინდიფერენტული იყოს ამის მიმართ და არა მხოლოდ სასამართლოში არ იდავოს, არამედ საჯაროდ პასუხის გაცემაც არ ჩათვალოს საჭიროდ.“[37]
ზოგადად, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მე-17 მუხლი თავის თავში მოიაზრებს ცილისწამებისაგან დაცვასაც. თუმცა, ვთვლით, რომ ამ მექანიზმის არაკონსტიტუციურობა ნების თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში ვლინდება. ზემოაღნიშნულ საქმეში და ასევე სხვა არაერთ გადაწყვეტილებაშიც, რომელიც მე-17 მუხლს შეეხებოდა, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდივიდუალურობა და ადამიანის ნების თავისუფლება არის მისი პატივისა და ღირსების ამოსავალი წერტილი. ნორმა იცავს ადამიანის „უფლებას თავად განსაზღვროს“ [38]საკუთარი ქმედებები ცილისწამების ფაქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე თვლის, რომ ნების თავისუფლება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპი კონსტიტუციის მე-17 მუხლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
მოცემულ შემთხვევაში, მომსახურელობის მიმწოდებელსა და ინტერნეტდომენის გამცემს შესაძლებლობა აქვს, პოტენციური დაზარალებულის ნების გარკვევის გარეშე შეზღუდონ ის პროდუქცია, რომელიც მისი აზრით ცილისმწამებლურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი ვიცით, რომ პირს უფლება აქვს თავად განსაზღვროს მის წინააღმდეგ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ რას მოიმოქმედებს, ინტერნეტ პროვაიდერისა და დომენის გამცემის თვითნებური ქმედება ლახავს პოტენციური დაზარალებულის ნების თავისუფლებას, რომელიც ინკორპორირებულია კონსტიტუციის მე-17 მუხლში. შესაბამისად, კმაყოფილდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული ის ლოგიკაც, რომ მე-17 მუხლის დარღვევისთვის საჭიროა ასევე სხვა რაიმე ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა ადამიანის ნების თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც ამავე მუხლშია მოქცეული. ინტერნეტ პროვაიდერისა და დომენის გამცემის ქმედება, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინიციატივას ემყარება, პირს საშუალებას არ აძლევს, რომ თუნდაც საჯარო პოლემიკაში შევიდეს და საზოგადოების თვალწინ დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.
დასკვნა
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-3 მუხლის „ჰ2“ პუნქტი, კერძოდ, დაუშვებელი პროდუქციის ცნებები - პორნოგრაფიული, სიძულვილისა ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, უზუსტო, უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი და პირადი ცხოვრების შემლახავი არის ბუნდნოვანი და დაუშვებელი პროდუქციის შემზღუდველ სადავო ნორმებთან ერთობლიობაში არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცულ უფლებას.
აგრეთვე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-3 მუხლის „ჰ2“ პუნქტი, კერძოდ დაუშვებელი პროდუქციის ცნება - შერაცხმყოფელი პროდუქცია შემზღუდველ ნორმებთან ერთობლიობაში არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ უფლებას. ამასთანავე, ამავე მუხლის ცნება - „პორნოგრაფიული“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცულ უფლებას.
აგრეთვე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-101 მუხლის მე-4 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 24-ე მუხლებთან, ხოლო სადავო დადგენილების მე-103 მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს.
სადავო ნორმების ერთობლიობა, რომელიც მომსახურების მიმწოდებელს ვალდებულებასა და ინტერნეტდომენის გამცემს უწესებს ვალდებულებას თავისი ინიციატივით შეზღუდოს ცილისმწამებლური პროდუქცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს.
[1]რეგლამენტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, https://matsne.gov.ge/ka/document/view/63556
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის #2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II; პარ. 29
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის #2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II; პარ. 29
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ.19
[5]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის #2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ.24
[6] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 255.
[7] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 4.
[8] საქართველოს კანონი კულტურის შესახებ, მუხლი 9.
[9] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 56.
[10]Allenet De Ribemont v. France , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
[11]საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 და 1571 მუხლები.
[12]საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება #2/2/516,542 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,პარ. 30
[13]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II.პარ.7
[14]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ ,II, პარ.4
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი , საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ,II, პარ.3
[16]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, II.პარ, 16
[17]დელფი ესტონეთის წინააღმდეგ
[18]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ. 43,44
[19]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,პარ.7
[20]Schenck v. United States 249 U.S. 47 (1919) (აღნიშნული წარმოდგენს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებას, სადაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ პირველად გამოიყენა „ცხადი და მყისიერი საფრთხის ტესტი.“
[21]Brandenburg v. Ohio 395 U.S. 444 (1969)
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი , საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
[23] Handyside v. United Kingdom (1976) -ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, , II, პარ.5
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II, პარ. 43,44
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილებასაქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ,II, პარ. 34
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II, პარ. 19
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,444 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,პარ.7
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ.6
[30] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II,პარ.7
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, II.პ.21
[32]ცნობილაძე პ., საქართველოს კონსტიტუციური სამართალი,თბილისი, 1996, 138
[33]საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, 235.
[34]New Webster’s Dictionary of the English Language. 1988
[35] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, 249, Cremona J., The Proportionality Principle in the Jurisprudence of the European Court of Human Rights. 1995, 323-330.
[36]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის
განჩინება №1/1 3 / 711
[37] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის #1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II, პ. 33
[38] იქვე
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა