ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/8/1275 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის სიტყვების „დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ... შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, ... პროდუქცია.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის სიტყვების „დაუშვებელი პროდუქცია - ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული ... ცილისმწამებლური ... პროდუქცია.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს ...დაუშვებელი პროდუქციის, ... გავრცელება/გადამისამართებას.“, 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1275) მომართა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 15 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1275 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის (შემდგომში - რეგლამენტი) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტი იძლევა დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციას. ამავე რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, შეიმუშაოს მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის გაუქმება ან განკავშირება, თუ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება/გადამისამართებას. რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ინტერნეტდომენის გამცემს უდგენს ვალდებულებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაბლოკოს ინტერნეტგვერდი. რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, მიიღოს შესაბამისი ზომები ქსელიდან დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი და მე-17 მუხლის პირველი პუნქტი იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ადამიანის პატივისა და ღირსების უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით რეგლამენტირებულია ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. მოსარჩელის პოზიციით, „დაუშვებელი პროდუქციის“ დეფინიციის შემადგენელი ისეთი ტერმინები, როგორებიცაა პორნოგრაფიული, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და უზუსტო პროდუქცია, ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს, ვინაიდან არც კანონმდებლობით და არც საერთო სასამართლოების პრაქტიკით არ არის განმარტებული მათი რეალური შინაარსი. მოსარჩელის აზრით, ბუნდოვანი ტერმინების ფონზე გასაჩივრებული ნორმებით, მომსახურების მიმწოდებლებსა და ინტერნეტდომენის გადამცემებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი შეხედულებებიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, ექცევა თუ არა განთავსებული პროდუქცია დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციაში და, შესაბამისად, შეუწყვიტონ მომხმარებელს ინტერნეტის მიწოდება ან დაუბლოკონ მთლიანი ინტერნეტგვერდი. ეს ყოველივე კი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ მომხმარებლებში და დაუშვებლად ზრდის სახელმწიფოს თვითნებობისა და ადამიანის უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს, რაც ეწინააღმდეგება კანონის გარეშე პასუხისმგებლობის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგლამენტით განსაზღვრული ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ინტერნეტდომენის გამცემის მიერ ინტერნეტგვერდის დაბლოკვა, აგრეთვე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის განკავშირება, არღვევს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
7. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის დასასაბუთებლად მოსარჩელე, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით. მოსარჩელის აზრით, სადავო რეგლამენტი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს, ხოლო, მეორე მხრივ, ვინაიდან გასაჩივრებული ნორმები ვერ პასუხობენ კანონის ხარისხის მოთხოვნებს, ასეთი დებულებით დაწესებული შეზღუდვა 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დაწესებულ შეზღუდვად.
8. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ღონისძიება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. მოსარჩელე განმარტავს, რომ დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ვებგვერდის დაბლოკვის და ინფორმაციის წაშლის შემდეგაც კი ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სხვა ადამიანებისათვის მისი გავრცელების სისწრაფისა და გადმოწერის სიმარტივის გათვალისწინებით. ამასთანავე, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. მოსარჩელე მხარე მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტისა და მთლიანი ინტერნეტგვერდის დაბლოკვაზე უფრო ნაკლებად მზღუდავ საშუალებებად ასახელებს კონკრეტული ბმულის ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის სანახავად მოითხოვენ მომხმარებლის მხრიდან აქტიურ მოქმედებას.
9. მოსარჩელის პოზიციით, ინტერნეტთან წვდომა და მისი მეშვეობით გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, რომელთა საფუძველზეც მომსახურების მიმწოდებელი დაუშვებელი პროდუქციის გამავრცელებელ პირს უწყვეტს ინტერნეტის მიწოდებას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
10. მოსარჩელის აზრით, პორნოგრაფიის შექმნა და გავრცელება, როგორც პირის შემოქმედება და მხატვრული საშუალებებით აზრისა და იდეის გამოხატულება, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცულ სფეროში. ამდენად, პორნოგრაფიული მასალის განთავსებისთვის პროდუქციის გამავრცელებელი პირის განკავშირება და ინტერნეტ გვერდის დაბლოკვა, მისთვის მიცემული პირველი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.
11. მოსარჩელის პოზიციით, იმის განსაზღვრა, თუ რომელია პირისათვის ცილისმწამებლური, სახელის გამტეხი ან პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობა, წარმოადგენს თავად პოტენციური დაზარალებული პირის გადასაწყვეტ საკითხს, აქედან გამომდინარე, მასვე უნდა ჰქონდეს უფლება, თავად განსაზღვროს, რას მოიმოქმედებს მის შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ, მიმართავს სასამართლოს თუ გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საშუალებებს. შესაბამისად, სადავო ნორმები, რომელიც საშუალებას აძლევს მომსახურების მიმწოდებელსა და ინტერნეტდომენის გამცემს, შეზღუდოს ცილისმწამებლური პროდუქცია საკუთარი ინიციატივით, პოტენციური დაზარალებულის ნებისგან დამოუკიდებლად, ლახავს ამ უკანასკნელის ნების თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ ღირსების უფლებას.
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, 24-ე მუხლის პირველ პუნქტს და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
3. №1275 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის სიტყვების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის განუჭვრეტელ საფუძვლებს. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმების შინაარსი არის ბუნდოვანი, იძლევა ძირითადი უფლებების არაკონსტიტუციურად შეზღუდვის შესაძლებლობას და არღვევს კონსტიტუციის დასახელებული ნორმების მოთხოვნებს.
5. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელ პროდუქციად არის მიჩნეული „ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.“
6. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი „ჰ2“ ქვეპუნქტი ადგენს ტერმინის „დაუშვებელი პროდუქციის“ ცნებას. სადავო ნორმა ამგვარ პროდუქციად მიჩნეული შინაარსის შემცველი ელექტრონული ინფორმაციის გავრცელებას არ არეგულირებს. სხვაგვარად, რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის დანიშნულება დასახელებული ტერმინის განმარტებით ამოიწურება და მას ძირითადი უფლების შეზღუდვის პოტენციალი არ გააჩნია. ბუნებრივია, გასაჩივრებული ნორმა უაღრესად მნიშვნელოვანია რეგლამენტის სხვა, მათ შორის, სადავო ნორმების უფლების მზღუდავი შინაარსის აღქმისთვის, თუმცა მოსარჩელისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსი მას არ გააჩნია.
7. აქედან გამომდინარე, №1275 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 23-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა მომსახურების მიმწოდებელს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინოს დაუშვებელ პროდუქციად მიჩნეული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, მათ შორის, მომხმარებელს შეუწყვიტოს ინტერნეტის მიწოდება.
9. სადავო ნორმის თანახმად, „მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას“. სადავო ნორმა ადგენს მომსახურების მიმწოდებლის ტექნიკურ ვალდებულებას. კერძოდ, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, ჰქონდეს ტექნიკური საშუალებები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვას.
10. სასარჩელო მოთხოვნა მიემართება დაუშვებელ პროდუქციას მიკუთვნებული ინფორმაციის შინაარსობრივ მხარეს, მათ შორის, ტერმინთა ბუნდოვანებას. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის რომელიმე კონკრეტული ტექნიკური საშუალების კონსტიტუციურობას. სხვაგვარად, მოსარჩელისთვის პრობლემურია დაუშვებელ პროდუქციას (სავარაუდოდ) მიკუთვნებული შინაარსობრივი მონაცემების გავრცელების შეზღუდვა ზოგადად და არა ამ მიზნით მომსახურების მიმწოდებლის ხელთ არსებული რომელიმე ტექნიკური საშუალება. ამ თვალსაზრისით უნდა გამოიყოს სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც მიემართება ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტას. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტის სადავო სიტყვების საფუძველზე, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს ინტერნეტის მიწოდება.
11. სადავო ნორმა მომსახურების მიწოდების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს არ ადგენს. კერძოდ, მომხმარებელი ინტერნეტ მომსახურებას იღებს მომსახურების მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს ადგენს რეგლამენტის მე-14 მუხლი. სადავო ნორმის ტერმინები „მომხმარებლის გაუქმება“, „განკავშირება“ მიუთითებს სხავადასხვა სახის ტექნიკურ გადაწყვეტებზე/საშუალებებზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის ინფრასტრუქტურიდან გლობალურ ქსელში გადაცემული ინფორმაციის შეზღუდვა/კონტროლი.
12. ამდენად, №1275 კონსტიტუციურ სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 23-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. მოსარჩელე მხარე ითხოვს, რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლს მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
14. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის გაცემა და მიღება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულ სფეროში, ხოლო ინტერნეტთან წვდომის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ითვალისწინებს დაუშვებელი პროდუქციის გამავრცელებელი პირისთვის ინტერნეტის შეწყვეტის შესაძლებლობას, რაც არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. სხვაგვარად, დასახელებული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის პრობლემას პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე უკავშირებს მომხმარებლისთვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობას.
15. სადავო ნორმები განსაზღვრავს, მომსახურების მიმწოდებლის, ინტერნეტდომეინის გამცემის ვალდებულებას დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, სადავო ნორმების მომსახურების მიმწოდებელს და ინტერნეტდომეინის გამცემს აძლევს შესაძლებლობას, შეზღუდოს მომხმარებლის დაშვება ვებგვერდზე ან გააუქმოს დომეინის რეგისტრაცია.
16. რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინტერნეტდომეინის გამცემი უფლებამოსილია, პირს გაუუქმოს დომეინის რეგისტრაცია, თუ ინტერნეტგვერდის მფლობელი არ შეასრულებს მოთხოვნას დაუშვებელი პროდუქციის ამოღების თაობაზე. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ9“ ქვეპუნქტის თანახმად, ინტერნეტდომეინი არის „ინტერნეტსახელი, რომელიც ეკუთვნის ერთადერთ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს და ახდენს მის იდენტიფიცირებას და განსხვავებას სხვათაგან“. ინტერნეტდომეინი არის ვებგვერდის დასახელება. ვებგვერდის დასახელების გაუქმებას, ცხადია, არანაირი კავშირი არ აქვს პირის ინტერნეტთან წვდომასთან. ინტერნეტდომეინის გაუქმებას ან მასზე წვდომის შეზღუდვას არანაირი კავშირი არ აქვს ინტერნეტმომსახურების შეწყვეტასთან.
17. რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე ან/და თავისი ინიციატივით მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინებების გადაცემის ან ამგვარი პროდუქციის განთავსების შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად, დასახელებული ნორმები ადგენს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მოახდინოს რეაგირება მომხმარებელთა მიერ შესულ შეტყობინებებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმები არ განსაზღვრავს ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტის საფუძველს და აღნიშნული წესი მოწესრიგებულია რეგლამენტის სხვა ნორმებით.
18. აქედან გამომდინარე, №1275 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
20. მოსარჩელე მხარის აზრით, რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას მოსარჩელე მხარე უკავშირებს პორნოგრაფიული შინაარსის პროდუქციის გავრცელების შეზღუდვას. უფრო კონკრეტულად, სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი არ შეეხება ტერმინის „პორნოგრაფიული პროდუქცია“ განჭვრეტადობის საკითხს, მოსარჩელე მხარე დავობს, ზოგადად, ამგვარი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის კონსტიტუციურობის თაობაზე.
21. პორნოგრაფიული პროდუქციის გავრცელებას კრძალავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი აკრძალულ ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას, გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობას ანდა მის შენახვას გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა, სადავო კანონქვემდებარე აქტის ნორმების მსგავსად, კრძალავს პორნოგრაფიული პროდუქციის გავრცელებას.
22. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით დადგენილ შეზღუდვას პორნოგრაფიული პროდუქციის გავრცელების თაობაზე. კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ამ შეზღუდვის კონსტიტუციურობის თაობაზე სრულფასოვანი მსჯელობა წარმოუდგენელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. ნიშანდობლივია, რომ კოდექსის აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს არსებითი განხილვის ფორმატში №711 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/13/711 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1275 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლს მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
24. მოსარჩელე მხარე ითხოვს რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
25. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
26. მოსარჩელე მხარისთვის სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით პრობლემურია, რამდენადაც სავარაუდოდ ცილისმწამებლური პროდუქციის გავრცელება შეიძლება შეიზღუდოს ცილისწამების ადრესატის ნების გარეშე. მოსარჩელის აზრით, სავარაუდოდ ცილისმწამებლური პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა ადრესატის ნების გარეშე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, ვიანიდან მხოლოდ ამ უკანასკნელს შეუძლია, შეაფასოს, რამდენად ლახავს გავრცელებული ინფორმაცია მისი პატივისა და ღირსების უფლებას.
27. უპირველესად, სადავო ნორმები არ ზღუდავს პირის უფლებას, მოითხოვოს მასთან დაკავშირებული სავარაუდოდ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების შეზღუდვა. იმავდროულად, სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას, რომ სავარაუდოდ ცილისმწამებლური ინფორმაციის ობიექტის ნების გარეშე მოხდეს ამ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, რამდენად მიიჩნევს გავრცელებულ ცნობებს ადრესატი პატივისა და ღირსების შემლახველად. სხვაგვარად, სადავო ნორმები, ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართულია პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების პრევენციისკენ.
28. ბუნებრივია, პირს შესაძლოა გააჩნდეს ინტერესი, რომ მის შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, სავარაუდოდ ან/და ნამდვილად ცილისმწამებლური ცნობები საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. პირის ამგვარი ინტერსი, ცხადია, დაცულია კონსტიტუციის შესაბამისი მუხლ(ებ)ით, თუმცა მას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებასთან რაციონალური კავშირი არ გააჩნია.
29. განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/6/561,568 გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს დასახელებული გადაწყვეტილების გარკვეული ასპექტები. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა პირის პატივისა და ღირსების სავარაუდოდ შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისგან დაცვის შესაძლებლობა მისი ნების გარეშე, იმ პირობებში, როდესაც არსებობს დაპირსპირებული კონსტიტუციური სიკეთე, გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მართლზომიერად არ მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა პირის პატივისა და ღირსების დაცვის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც ამას უშუალოდ სავარაუდოდ ცილისმწამებლური ინფორმაციის ადრესატი არ მოითხოვს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/6/561,568 გადაწყვეტილება, II-37,38, 54-59). ირაციონალურია საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან დასკვნის გამოტანა, რომ ადამიანის ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან დაცვის მცდელობა პირის ნების გარეშე, ამავე პირის პატივისა და ღირსების უფლებას არღვევს.
30. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ №1275 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლს მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
31. №1275 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ კრიტერიუმებს. მოსარჩელე მხარის აზრით, დაუშვებელი პროდუქციის ცნება ბუნდოვანია და მისთვის გაურკვეველია, რა სახის ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს სადავო ნორმები.
32. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა „ზღუდავს კანონმდებლის თავისუფლებას, შემოიღოს ისეთი კანონი, რომელიც ადამიანს პასუხისმგებლობას დააკისრებდა იმ ქმედებისათვის, რაც მისი ჩადენის მომენტში არ იყო დასჯადი “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
33. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის მაღალ სტანდარტს, გარკვეული ქმედების ამკრძალავი და მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები საკმარისი სიცხადით უნდა იყოს ფორმულირებული. „პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა, არსებობდეს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა მოხდეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
34. ზოგადად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტში გამოყენებული სიტყვა „სამართალდარღვევა“ გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და რომლის საფუძველზეც, სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს სანქცია, დამოუკიდებლად იმისა, იქნება ეს სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი ხასიათის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ამდენად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან შესაძლებელია შემოწმდეს მხოლოდ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობა. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. შესაბამისად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ განსაზღვრულობის მოთხოვნას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სახეზეა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი განუსაზღვრელობის შესახებ.“ (საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/10/1264 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
35. სადავო ნორმები განსაზღვრავს, მომსახურების მიმწოდებლისა და ინტერნეტდომეინის გამცემის ვალდებულებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული ნორმები არ ადგენს პირისთვის ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს.
36. აქედან გამომდინარე, №1275 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლს მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1275 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1275 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1306 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის სიტყვების „დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ... შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, ... პროდუქცია.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის სიტყვების „დაუშვებელი პროდუქცია - ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული ... ცილისმწამებლური ... პროდუქცია.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) 101 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს... დაუშვებელი პროდუქციის, ...გავრცელება/გადამისამართებას.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
დ) 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 23-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი