საქართველოს მოქალაქე თორნიკე გუჯაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1269 |
ავტორ(ებ)ი | თორნიკე გუჯაბიძე |
თარიღი | 30 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151 -ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“ | საქართველოს კონსტიტუციის 21 -ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები;საქართველოს კონსტიტუციის 42 -ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მე -19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. ამავე კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სარჩელის „საკონტიტუციო სამართალწარმოების შესახებ მე 18 მუხლით განსაზღვრული სარჩელის განსახილველად არ მიღების კაონით გათვალისწინებული საფუძველი. რადგან : წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოებათა შესახებ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ. საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია თანახმად საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მე -19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა. საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული საკითხები დღემდე გადაუწყვეტელია და ის სადავო სახით არის წარმოდგენილ მოქმედ კანონში - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ჩანაწერი რომელიც უშვებს უშვებს ბრალდებულთან დაკავშირებულ პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას - საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის 1 და მე-2 პუნქტებთან და 43-ე მუხლის 1 და მე-3 პუნქტებთან მიმართებაში. კერძოდ: „სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას,
საქმის არსი რამაც განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვა გამომდინარეობს კონკრეტული შემთხვევიდან რომელიც ეხება ჩემს მარწმუნებელს თორნიკე გუჯაბიძის შელახულ საკუთრების უფლებას. მიგვაჩნია რომ გასაჩივრებული ნორმები იძლევა შესაძლებლობას დაუსაბუთებლად იქნას შეზღუდული საკუთრების უფლება, თან ისეთი ფორმით რომ მესაკუთრეს არ მიეცეს შესაძლებლობა თავი დაიცვას კანონით გათვალისწინებული საშუალებებით.
2017 წლის აპრილის თვეში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თორნიკე გუჯაბიძე მოწმის სახით გამოსაკითხად იქნა დაბარებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა- მთიანეთის სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე №092101016005, რისთვისაც მას თავი არ აურიდებია და დათქმულ დროს გამოცხადდა პროცესის მწარმოებელ ორგანოში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. გამოკითხვის პროცესში მისთვის ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო იმ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენდა მის საკუთრებას. გამოძიებას გააჩნდა კითხვები იმის თაობაზე თუ როდის და რა ვითარებაში იქნა შეძენილი თორნიკე გუჯაბიძეს მიერ მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით: 72.06.16.833 – 1700 კვადრატული მეტრი და საკადასტრო კოდი: 72.06.12.750 - 2000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
დაკითხვის დასრულების შემდგომ თორნიკე გუჯაბიძე დაინტერესდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობით საჯარო რეესტრში და აღმოაჩინა რომ აღნიშნულ ქონებებზე რეგისტრირებული იყო ყადაღა.
ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით გაკეთებული იქნა განაცხადი საჯარო რეესტრში 2017 წლის 08 მაისს და გამოთხოვილ იქნა ყადაღის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრიდან გადმოგვეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მარტის განჩინება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რომელიც გამხდარა საფუძველი თორნიკე გუჯაბიძეს სახელზე რიცხული ქონებების დაყადაღებისა.
როგორც სადაო განჩინების გაცნობით ირკვევა, მცხეთის რაიონული სასამართლოსთვის 2017 წლის 01 მარტს შუამდგომლობით მიუმართავს საგამოძიებო ორგანოს და მოუთხოვია რუსუდან შურღაიას, დიმიტრი მაჭარაშვილის და თორნიკე გუჯაბიძეს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა პროკურატურის შუამდგომლობა იმის გათვალისწინებით, რომ ვინაიდან უძრავი ქონებების თავდაპირველი რეგისტრაცია განხორციელდა თაღლითური გზით, არსებობს იმის დასაბუთებული ვარაუდი თორნიკე გუჯაბიძეს სახელზე უძრავი ქონების გაფორმება ატარებს ფიქტიურ ხასიათს რათა ხელი შეწყობოდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გადამალვას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყადაღის დადება მიზანშეწონილი იყო რათა ხელი არ შეშლოდა მართლმსაჯულების აღსრულებას და დაცული ყოფილიყო ქონება მოსალოდნელი გასხვისებისაგან. სასამართლომ ჩათვალა რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი რომ უძრავ ქონება მოპოვებული იყო დანაშაულებრივი გზით და მოახდინა ხსენებული უძრავი ქონების დაყადაღება.
საგამოძიებო უწყებამ და სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კ-ის 151-ე მუხლით, რომლის თანახმადაც: „. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.“
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განჩინება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით უარი გვეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელდა გამოძიების ლეგიტიმური მიზანი გამოერკვია, ხომ არ ატარებდა თორნიკე გუჯაბიძეზე ქონების გაფორმება დანაშულებრივ ხასიათს მოჩვენებითი ან სხვაგვარი მანიპულაციების გზით.
თორნიკე გუჯაბიძე ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ატარებს მოწმის სტატუსს და ბუნებრივია სისხლის სამართლის საპროცეოს კანონმდებლობით შეზღუდულია მისი წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და ასევე შეზღუდულია მისი წვდომა თავი დაიცვას კანონით გათვალისწინებული საშუალებებით რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გააჩნია ბრალდებულს, მისი ინტერესების დამცველს, დაზარალებულს.
ვითარების შეფასებას დავიწებთ იმის, რომ საკუთრების უფლება ხელშეუვალი და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით რაც 21-ე მუხლშია განმტკიცებული რომლის თანახმადაც
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საკუთრების უფლება ხელშეუვალია. განსახილველ შემთხვევაში კი საკუთრების უფლების შეზღუდვა ხდება საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად: 1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს .
3. დაცვის უფლება გარანტირებულია
თორნიკე გუჯაბიძე არის ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების კეთილსინდისიერი შემძენი, საჯარო რეესტრის ჩანაწერებით დგინდება, რომ თორნიკე არევაძემ უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 72.06.16.833 – 1700 კვადრატული მეტრი პირველადი რეგისტრაცია მოახდინა 2015 წლის 02 აპრილს და 2015 წლის 18 მაისს იპოთეკით დატვირთა თორნიკე გუჯაბიძეს სასარგებლოდ, საფუძველი 2015 წლის 14 მაისის მოგვიანებით კი 22 მაისს (საბოლოო ხელშეკრულება) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. საიდან 14 000 აშშ დოლარი იყო თორნიკე გუჯაბიძეს კუთვნილი თანხა. იმის გამო, რომ თორნიკე არევაძე ვერ ასრულებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით თორნიკე გუჯაბიძეს მიმართ ნაკისრ ვალდებულებას, 2015 წლის 30 ოქტომბერს თორნიკე არევაძესა და თორნიკე გუჯაბიძეს შორის გაფორმდა ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №151196748. ორივე ზემოხსენებული ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით ნოტარიუს მ. ლაგურაშვლთან. აღნიშნული ხელშეკრულება გახდა საფუძველი იმისა რომ თორნიკე გუჯაბიძე აღირიცხა სადავო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
იგივე ვითარებაა მეორე დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით, საკადასტრო კოდით: 72.06.12.750 რომლის პირვანდელი რეგისტრაცი მოქალაქე ლოლა ჭიპაშვილზე მოხდა 2015 წლის 13 მაისს და რომელიც 2015 წლის 22 მაისს იპოთეკით იქნა დატვირთული თორნიკე გუჯაბიძე სასარგებლოდ, ხოლო იმის გამო რომ მსესხებელმა ამ შემთხვევაშიც ვერ გადაიხადა არსებული დავალიანება, დავალიანების სანაცვლოდ, 2015 წლის 30 ოქტომბრის, ნოტარიუს მ. ლაგურაშვილის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა თორნიკე გუჯაბიძეს.
როგორც ვხედავთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თორნიკე გუჯაბიძე მიერ გადახდილი იქნა კონკრეტული სოლიდური თანხები მესაკუთრეებისათვის და შეუსრულებელი ვალდებულებები გახდა სწორედ საფუძველი საკუთრების უფლების მოპოვებისა და არანაირ მართლსაწინააღმდეგო შეთანხმებას მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია. თორნიკე გუჯაბიძეს მიერ გადახდილი იქნა სოლიდური ფულადი თანხა 14 000 აშშ დოლარი და ამავდროულად მეორე იპოთეკარის მიმართ დარჩა დავალიანება 16 000 აშშ დოლარის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობით.
ბატონო მოსამართლენო
სადავო არ არის და დაცვის მხარისთვის გასაგებია ის ფაქტი, რომ გამოძიებას ლეგიტიმურად გააჩნდა კითხვები სადავო უძრავ ქონებებზე განხორციელებული ტრანზაქციების კანონიერების შესახებ მაგრამ დაუშვებელია ამ მიზნით გაუმართლებლად იქას შეზღუდული იმ მესაკუთრის ინტერესი რომელსაც არანაირი მონაწილეობა უძრავი ქონების სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო განკარგვაში არ მიუღია და არ არის დამდგარი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში მისი პასუხიმგებლობის საკითხი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილში არსებული ჩანაწერი „ან/და მასთან დაკავშირებული პირის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა, სასამართლოსაც და პროცესის მწარმოებელ პირსაც აძლევს საკითხის იმგვარად ინტერპრეტირების შესაძლებლობას, რომ ამ ლოგიკით შესაძლოა ნებისმიერ პირის, მათ შორის ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირზე არ მყოფი პირის ქონებასაც დაედოს ყადაღა, რაც ყოვლად გაუმართლებელია და დაუსაბუთებლად ზღუდავს მესაკუთრის კანონით გათვალისწინებულ უფლებას, რასთანაც ადგილი გვაქვს ჩვენს განსახილველ შემთხვევაშიც.
კანონმდებელს რომ სადავოდ გახდარი ჩანაწერი „ან/და მასთან დაკავშირებული პირის“ შეეცვალა ჩანაწერით „ან/და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებული პირის“ ვითარება ცხადი და გასაგები იქნებოდა რადგან სახეზე გვეყოლებოდა პირი რომელიც პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული და მისი საკუთრების უფლება კანონიერად იქნებოდა შეზღუდული, მას ასევე ექნებოდა შესაძლებლობა თავი დაეცვა კანონით გათვალისწინებული საშუალებებით. მოცემულ შემთხვევაში კი როგორც წინასწარი გამოძიება ისე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ისე შეიძლება დასრულდეს და დადგენს განაჩენი, რომ პირი რომლის ქონებაც იქნა დაყადაღებული ბოლომდე სარგებლობდეს მხოლოდ მოწმის სტატუსით და არანაირი სხვა თავდაცვის საშუალება მას არ გააჩნდეს, ილახებოდეს მისი საკუთრების უფლება. სადავო ნორმის არსებული რედაქციით არსებობა უშვებს შესაძლებლობას კეთილსინდისიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების გაუმართლებელი/არამართლზომიერი შეზღუდვისა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია ანალოგიურ ბედს იზიარებს საქართველოს არაერთი მოქალაქე და მათაც მსგავსად თორნიკე გუჯაბიძისა დაუსაბუთებლად აქვთ შეზღუდული საკუთრების უფლება. საგამოძიებო ორგანოები მიმართავენ რა მანიპულაციებს, რის შესაძლებლობასაც მათ სადავო ნორმები აძლევთ, უკვე დასრულებულ და განაჩენ დამდგარ საქმეებზეც კი, ცალკე წარმოებად გამოყოფენ ვითომდა და დაუდგენელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეს და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე (რომელიც წლებია არ სრულდება) გრძელდება მესაკუთრეთა საკუთრების უფლების უხეში დარღვევა. მიგვაჩნია, რომ სადავო ჩანაწერი სსსკ-ის 151-ე მუხლში იმგვარად უნდა იყოს ფორმირებული რომ გამორიცხავდეს ნებისმიერი პირის ქონების დაყადაღებას. როგორიც შეიძლება იყოს ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ვერსია „ან/და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებული პირის“ ჩანაწერი. სხვა შემთხვევაში სრულიად ნათელია რომ ადგილი გვაქვს საკუთრების უფლების დაუსაბუთებელ ხელყოფასთან რა დროსაც ნებისმიერი პირი მოკლებულია შესაძლებლობას თავი დაიცვას კანონით გათვალისწინებული საშუალებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ დააკმაყოფილოთ წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა