საქართველოს მოქალაქე თორნიკე გუჯაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/1269 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თორნიკე გუჯაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი გია დარჩია; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და გიორგი ჩიფჩიური; მოწმე - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმღვანელობის განყოფილების პროკურორი, თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1269) მიმართა საქართველოს მოქალაქე თორნიკე გუჯაბიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის პირველ ნოემბერს. №1269 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 19 თებერვალს.
2. №1269 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, „სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების საყოველთაო უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ხოლო მისი მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
5. №1269 კონსტიტუციურ სარჩელზე დართული მასალიდან ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის №12/17-17 განჩინებით, ყადაღა დაედო მოსარჩელე თორნიკე გუჯაბიძის უძრავ ქონებას. აღნიშნული განჩინების გასაჩივრების შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის №1გ-691 განჩინებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დარჩა უცვლელი. სასამართლოთა მხრიდან ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6. №1269 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“ ფართო განმარტების საგანია. დასახელებული სიტყვები შინაარსობრივად შესაძლებელია გულისხმობდეს ბრალდებულთან როგორც დანაშაულებრივად, ისე ხელშეკრულებით ან სხვა გარემოებით დაკავშირებულ პირს. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ბრალდებულთან დანაშაულებრივად დაკავშირებული სუბიექტის ქონებაზე ყადაღის დადებას, არამედ მისთვის პრობლემურია მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ბრალდებულთან ასეთ კავშირში არმყოფი პირის, შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენის ქონების დაყადაღებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ასეთ ქონებაზე ყადაღის დადებით, ლეგიტიმური მიზნის გარეშე იზღუდება კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლება.
7. დამატებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერ მესაკუთრეს, რომლის ქონებასაც დაედო ყადაღა, სისხლის სამართლის პროცესში მინიჭებული აქვს მოწმის სტატუსი, შესაბამისად, არ აქვს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და მოკლებულია დაცვის უფლებას. ამდენად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
8. №1269 კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა სასამართლოს წინაშე აგრეთვე იშუამდგომლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ნორმის მოქმედებამ შესაძლებელია გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს კეთილსინდისიერი მესაკუთრის ინტერესებს. თუმცა განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო რეგულაციის საფუძველზე, მის უძრავ ქონებას უკვე დაედო ყადაღა, შესაბამისად, ნორმის მოქმედების შეჩერება მისთვის შედეგის მქონე ვერ იქნება.
9. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმას, ზოგადად, მიმართება აქვს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, თუმცა განსახილველი კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 18 აპრილის №2/1/631 გადაწყვეტილებით იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“ ბუნდოვანებასა და ყადაღის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გამოყენებაზე, შედეგად კი, ნორმის კონსტიტუციურობა დაადგინა. შესაბამისად, დასახელებული საქმით გადაწყვეტილი საკითხი და განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა მსგავსია, რაც კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველია. ამასთანავე, უშუალოდ დაკავშირებული პირის ცნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითაა განსაზღვრული და იგი №1269 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი.
10. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელის მოსაზრებით, სამართალშემფარდებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულია, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ობიექტურ გარემოებებთან ერთად, ამტკიცოს პირის სავარაუდო არაკეთილსინდისიერების საკითხი. თუმცა შესაძლებელია, სამართალწარმოების დასრულების შემდგომ, ბრალდებულთან დაკავშირებული პირი კეთილსინდისიერი შემძენი აღმოჩნდეს. ამასთანავე, ცალსახად კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას ყადაღა ვერ დაედება, რადგან ასეთი ქონება სამომავლოდ ჩამორთმევასაც ვერ დაექვემდებარება.
11. ამასთან, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო ნორმა გასაჩივრებულია ასევე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი დასაბუთება, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამდენად, ამ ნაწილში №1269 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
12. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმღვანელობის განყოფილების პროკურორმა თამარ მესხიამ ყურადღება გაამახვილა ყადაღის მარეგლამენტირებელი კანონმდებლობის მოქნილობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყადაღის გამოყენება მხოლოდ ბრალდებულის ქონებასთან მიმართებით, აღნიშნულ ინსტიტუტს არაეფექტურს გახდის. ამასთან, მოწმემ მიუთითა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე, რომლებიც ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს დასახელებული საპროცესო იძულების ღონისძიება პირთა ფართო წრეზე განავრცოს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბრალდებულით.
13. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების რეგულირების სფერო. მოწმემ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი არის სპეციალური ნორმა. დასახელებული დებულების საფუძველზე ყადაღის დადება დასაშვებია მხოლოდ ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებაზე, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი შედარებით ფართო ხასიათისაა. ის არ განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, შესაბამისად, ყადაღას შესაძლებელია დაექვემდებაროს ნებისმიერი პირის ქონება, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი ან/და იგი დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ორივე ზემოხსენებული დებულებით გათვალისწინებული ყადაღის გამოყენების მიზანი ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფაა და არა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომლის ჩამორთმევის შესაძლებლობა დადასტურებული იქნება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით.
14. დამატებით, მოწმემ განმარტა ქონების ჩამორთმევის საკანონმდებლო მექანიზმები. თამარ მესხიამ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალიწინებული ქონების ჩამორთმევის საფუძველი სრულად მიემართება მსჯავრდებულს, ხოლო მსჯავრდებულთან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევის საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ყადაღა ემსახურება როგორც სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფას.
15. მოწმემ კეთილსინდისიერი შემძენის ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი დაასახელა. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ხაზგასმით მიუთითა, რომ, ერთი მხრივ, როდესაც არსებული მტკიცებულებებით ცალსახაა პირის კეთილსინდისიერების ფაქტი ქონების მიმართ, მაშინ ქონებაზე ყადაღის დადება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ასეთი ქონება ჩამორთმევას არ ექვემდებარება. მეორე მხრივ, გამოძიების ეტაპზე ყოველთვის არ არის ცხადი პირის კეთილსინდისიერებისა და დანაშაულთან მისი სავარაუდო შემხებლობის საკითხი. ამასთან, სისხლის სამართლის პროცესის ამ ეტაპზე ყადაღის ინსტიტუტის მოქნილობის გამო, სადავო ნორმა პროკურატურას არ ავალდებულებს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამოიკვლიოს პირის კეთილსინდისიერება დასაყადაღებელ ქონებასთან მიმართებით. მთავარია, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდეს ხსენებული სუბიექტისათვის ქონების შესაძლო ჩამორთმევა, რაც მოიცავს ქონების მესაკუთრის კეთილსინდისიერების შეფასების საკითხსაც. თუმცა შესაძლებელია, ყადაღის დადების დროს არსებული ეჭვი არაკეთილსინდისიერების თაობაზე, საბოლოოდ არ დადასტურდეს. კერძოდ, აღმოჩნდეს, რომ დასახელებულ პირს არ აქვს შემხებლობა დანაშაულთან და იგი დაყადაღებული ქონების კეთილსინდისიერი შემძენია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „სარჩელში მოყვანილი არგუმენტები უნდა ცხადყოფდეს, რომ მოსარჩელის კონკრეტული უფლების სავარაუდო დარღვევა სწორედ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად „სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“. მოსარჩელე სადავოდ ხდის ხსენებული ნორმის სიტყვების „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. იგი მიიჩნევს, რომ სადავო სიტყვები დაკავშირებული პირის ცნების ქვეშ მოიაზრებს ბრალდებულთან, როგორც დანაშაულებრივად, ისე ხელშეკრულებით ან სხვა გარემოებით დაკავშირებულ პირს. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ ამ ნორმის საფუძველზე, შესაძლოა, ყადაღა დაედოს კეთილსინდისიერი შემძენის (პირის, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში არ იმყოფება ბრალდებულთან) ქონებას.
3. მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რამდენად იძლევა სადავო ნორმა კეთილსინდისიერი შემძენის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, განიმარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის ტერმინის ბრალდებულთან დაკავშირებული პირის შინაარსი. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის N1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე: „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პრაქტიკაში გამოყენების ამსახველი განჩინებები. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთება, რომ საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე, შესაძლებელია სხვა დამატებითი გარემოებების არსებობის გარეშე დაედოს ყადაღა ბრალდებულისგან შეძენილ მესამე პირის ქონებას. თავის მხრივ, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებული ტერმინის „დაკავშირებული პირის“ განმარტება მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსარჩლის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსისაგან. სასამართლოს შესაბამის განჩინებებში მითითებულია, რომ „ბრალდებულთან დაკავშირებული პირის ქონებას ყადაღა უნდა დაედოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება მიღებულია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად (შეძენილი ან მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით) ან/და ეკუთვნის ბრალდებულს და მხოლოდ ფორმალურად არის აღრიცხული მასთან დაკავშირებული პირის სახელზე“ (იხ. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 04 მაისის №1გ/620-17 განჩინება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების პრაქტიკა არ მიუთითებს სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობაზე.
5. ხსენებულ საკითხზე ასევე აღსანიშნავია, მოწმის სახით მოწვეული დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმღვანელობის განყოფილების პროკურორის თამარ მესხიას პოზიცია. მოწმემ მიუთითა, რომ დაკავშირებული პირის ცნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მიზნებისათვის განიმარტება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დასახელებული დებულების შესაბამისად, დაკავშირებული პირი არის სუბიექტი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე, საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად ან მოპოვებულია რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ ან/და ამ ქონებით სარგებლობს, მას განკარგავს (ან განკარგა) რეკეტირი, თანამდებობის პირი, ქურდული სამყაროს წევრი, ადამიანით მოვაჭრე, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი.
6. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია ავტორიტეტული განმარტება, რომელიც გაიზიარებდა სადავო ნორმის შინაარსთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ პოზიციას და მიუთითებდა, რომ დაკავშირებული პირის ცნება, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების გარდა, მოიცავს სხვაგვარი ურთიერთობით დაკავშირებულ სუბიექტებსაც, მათ შორის, დასაყადაღებელი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს. უფრო მეტიც, №1269 კონსტიტუციურ სარჩელზე დართული სასამართლოს განჩინებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადებისას სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაეყრდნო და არა სადავო ნორმას. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ხსენებული განმარტება ასევე გაიზიარა მოწმემაც და მიუთითა, რომ მოსარჩელის მსგავს შემთხვევებში ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი ქმნის და არა სადავო ნორმა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“ არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. საერთო სასამართლოების პრაქტიკა, მათ შორის სადავო საკითხზე მოსარჩელის მიმართ მიღებული საერთო სასამართლოების განჩინება, ისევე როგორც მოწმის პოზიცია, არ მიუთითებს სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობაზე. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, №1269 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1269 („საქართველოს მოქალაქე თორნიკე გუჯაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი