საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1266 |
ავტორ(ებ)ი | მაგული კუნჭულია |
თარიღი | 18 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს უწესებს კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობას 560 ლარის ოდენობით და სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის დაწესებისას არ ითვალისწინებს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის სამუშაო სტაჟს | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „65 წლის ასაკის მიღწევისას“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია, რომელიც 1982-2009 წლებში სხვადასხვა პერიოდში იყო ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე (1982-1987წწ - ლანჩხუთის რაიონის სახალხო მოსამართლე, 1993-2009წწ. - ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე), ხოლო 2009-2013 წლებში ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 2013 წლის 24 აპრილს იგი უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან გამომდინარე რეზერვიდან იქნა ამორიცხული.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს კომპენსაცია დაენიშნება თუ დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ან უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის ან საპენსიო ასაკის გამო. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ყველა ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში განხორციელდება მაშინ, როდესაც პირი მიაღწევს 65 წლის ასაკს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესა („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს/მოსამართლეს („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი) ენიშნებათ უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისთვის არ აწესებს 65 წელს მიღწევის მოთხოვნას.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ზღვრული ოდენობა (ცალკეული შემთხვევების გარდა, რომლებშიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ იგულისხმება) არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე სახელმწიფო კომპენსაციის სახით უფლებამოსილია მიიღოს ხსენებული თანხა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ასეთი შეზღუდვის არ არსებობის შემთხვევაში, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი გაანგარიშების წესის მიხედვით, მოსარჩელე სახელმწიფო კომპენსაციის სახით ყოველთვიურად მიიღებდა 1530 ლარს. ნიშანდობლივია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის ზღვრული ოდენობა - 560 ლარი ენიშნება საქართველოს საერთო სასამართლოს ყველა მოსამართლეს მიუხედავად იმისა, მას გააჩნია 10-წლიაინი თუ 25-წლიანი სამუშაო სტაჟი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გათანაბრებულია და ყოველთვიურად შეადგენს 1200 ლარს.
ხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციორობის თაობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გარკვევისთვის აუცილებელია, რომ საფუძვლიანად იქნეს წარმოჩენილი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმას და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
წინამდებარე საქმეში მოსარჩელე სადავოდ განიხილავს იმ გარემოებას, რომ:
1. სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნა იმ პერიოდიდან, როდესაც სამოსამართლო უფლებამოსილება ამოეწურა. მოსარჩელის შეფასებით, მასზე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე, მსგავსად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, სახელმწიფო კომპენსაცია უნდა გაიცეს საპენსიო ასაკის მიღწევისას ან უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ თანამდებობაზე გამწესების ვადის გასვლასთან, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციასთან („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი).
2. სახელმწიფო კომპენსაციის ამგვარი მაქსიმალური ოდენობის დადგენით ხორციელდება არსებითად უთანასწორო პირების - მოსარჩელის და პირის, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ან/და პირის, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, შემდგომ გამწესდა უვადოდ და უფლებამოსილების დამთავრებისას მისი სამუშაო სტაჟი იქნება 15 წელი, ან/და პირის, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხსენებული კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით და შემდგომ არ იქნა გამწესებული უვადოდ, თვითმიზნური უთანასწორო მოპყრობა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის უფლებაში, რადგან:
1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სადავო სიტყვები არსებითად თანასწორ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან განსხვავებით, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ მიაღწიეს საპენსიო ასაკს (მაგალითად ქალ მოსამართლეებს) ან უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდათ (როგორც მამაკაც, ასევე ქალ მოსამართლეს), სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლიდან;
2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი არსებითად უთანასწორო პირებს ეპყრობა თანასწორად - მოსარჩელე, რომელსაც გააჩნია მოსამართლედ მუშაობის 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება და პირი, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ან/და პირი, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, შემდგომ გამწესდა უვადოდ და უფლებამოსილების დამთავრებისას მისი სამუშაო სტაჟი იქნება 15 წელი ან/და პირი, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხსენებული კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით და შემდგომ არ იქნა გამწესებული უვადოდ, არსებული დაანგარიშების წესის მიუხედავად, მიიღებენ თანაბარ სახელმწიფო კომპენსაციას - 560 ლარს.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით ამგვარ დიფერენცირებას არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი გამართლება და ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. თანასწორობის ძირითადი უფლების არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია რადგან:
· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით;
· აკმაყოფილებს ხსენებული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
· წარმოდგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის მუხლს და სადავო ნორმაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის სახეზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
ამგვარად, მაგული კუნჭულია არის უფლებამოსილი მოსარჩელე - იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სადავო სიტყვების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში დეკლარირებული უფლება არ წარმოადგენს მხოლოდ ცალკე აღებულ ძირითად უფლებას, იგი ამასთანავე არის ფუნდამენტური კონსტიტუციური ნორმა-პრინციპი, რომლის უზრუნველყოფა კონსტიტუციით აღიარებული სხვა ძირითადი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობის გარანტიაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1). თანასწორობის ძირითადი უფლების არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). „თანასწორობის ძირითადი უფლება, სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან განსხვავებით, არ მიემართება ადამიანთა ცხოვრების ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში სადავო ნორმის შეფასების სტაბილური, განგრძობადი პრაქტიკა არის ჩამოყალიბებული. იგი უპირველეს ყოვლისა მსჯელობს შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8) და სადავო ნორმის მიზნებისთვის იმყოფებიან თუ არა არსებითად ანალოგიურ ვითარებაში.
მოსარჩელე თვლის, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღებასთან მიმართებაში საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა, უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლის თანასწორ სუბიექტს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ან მიაღწია საპენსიო ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ერთი მხრივ, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის ინსტანციური სუბორდინაცია, მეორე მხრივ, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის კომპეტენციების, საქმიანობის კონსტიტუციით დადგენილი სპეციფიკა, ხსენებული სასამართლოების მოსამართლეები კომპენსაციის მიღების საფუძვლებთან მიმართებაში განხილული უნდა იქნენ შესადარებელ სუბიექტებად, ვინაიდან ერთი მხრივ, ისინი არიან მოსამართლეები და მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით მათ ენიჭებათ და ეკისრებათ იდენტური უფლებები, გარანტიები და ვალდებულებები, მაგალითად:
· საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ისინი ახორციელებენ სასამართლოს ხელისუფლებას;
· საქართველოს კონსტიტუციის 84-ე, 87-ე და 88-ე მუხლების მიხედვით, მათ გააჩნიათ პერსონალური და საგნობრივი დამოუკიდებლობა, საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონმდებლობით, მათზე ვრცელდება ხელშეუხებლობის გარანტიები, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის, დაკავებისთვის ან დაპატიმრებისთვის, ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკისთვის მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები;
· საქართველოს კონსტიტუციის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება მოსამართლეებისა და მათი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
· საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, მოსამართლედ ყოფნის პერიოდში მათ ეკრძალებათ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მათი თანამდებობა შეუთასევებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან (გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა);
· მათ ეკისრებად საქმიანობის მოუკერძოებლად და დამოუკიდებლად განხორციელების ვალდებულება;
· მათ უფლება არ აქვთ თავი შეიკავონ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კენჭისყრაში მონაწილეობისგან;
· მათ ეკისრებათ სათათბირო ოთახში განხორციელებული მსჯელობის დაცვის ვალდებულება და ა.შ.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლების ნაწილში იმყოფებიან არსებითად ანალოგიურ მდგომარეობაში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კომპენსაცია ენიშნებათ უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას/დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღება სასამართლოს ლიკვიდაციის გამო არ ამცირებს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან მსგავს მდგომარეობაში შეფასების მასშტაბს, რადგან სასამართლოს ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ მოსამართლეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადმეიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტი უთანაბრებს უფლებამოსილების დამთავრებას და მიიჩნევს უფლებამოსილებადამთავრებულად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. „საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). მოსარჩელის შეფასებით, სადავო სიტყვებით საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეების და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დიფერენცირება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებთან მიმართებაში ხორციელდება სამუშაო ადგილის მიხედვით. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ იგი მოსამართლედ გამწესებული იყო რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული დიფერენცირების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ ნიშნებს, სადავო სიტყვების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში, ვინაიდან შესადარებელი სუბიექტების დიფერენციაცია ხორციელდება მაღალი ინტენსივობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასებისთვის ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა შემდეგ გარემოებას: დიფერენცირებულ პირებს რამდენად შეუძლიათ, საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან აღმოფხვრან ის. .... დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობა დიფერენციაციის არადისკრიმინაციულობას ვერ უზრუნველყოფს, ის მხოლოდ დიფერენციაციის ინტენსივობის შესაფასებლად გამოდგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვების პირობებში სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლების კონტექსტში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეები მნიშვნელოვნად არიან დაცილებულები საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისგან. ამ მიმართულებით მსჯელობისთვის, რელევანტურია საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თითოეული საფუძვლის განხილვა.
· ინტენსიურობა საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას - იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა, საქართველოს საერთო სასამართლოს ქალი მოსამართლე მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია 60 წლის ასაკს, კომპენსაციას მიიღებს 5 წლის შემდეგ მაშინ, როცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ქალ მოსამართლეებს კომპენსაცია ენიშნებათ 60 წლის ასაკიდან. ცალსახაა, რომ სადავო სიტყვებით საქართველოს საერთო სასამართლოს ქალი მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქალი მოსამართლეების გაუმართლებელი დიფერენციაცია ხორციელდება სამუშაო ადგილის ნიშნით. თუმცა, სადავო სიტყვების მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ქალი მოსამართლეების დისკრიმინაციაც აღმოიფხვრება.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე ქალს არ გააჩნია საშუალება შეამციროს დიფერენციაციის ხარისხი. იგი საპენსიო ასაკის მიღწევისას სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებს თუ არჩეული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, რაც არ არის დამოკიდებული მხოლოდ კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე და ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი განსაკუთრებული პროცედურის ფარგლებში, მულტისუბიექტურ ფორმატში.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სადავო სიტყვებით დისკრიმინაციულია საპენსიო ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა ქალ მოსამართლეებზე. მამაკაცი მოსამართლეების შემთხვევაში საპენსიო ასაკი არის სადავო სიტყვებით გათვალისწინებული ასაკის იდენტური.
ზემოხსენებულის საფუძველზე, სამუშაო ადგილის ნიშნით დიფერენციაცია არის მაღალი ინტენსივობის, დიფერენციაციის შედეგად დაკარგული სარგებლის მიღებიდან და ხანგრძლივობიდან, საქართველოს საერთო სასამართლოს ქალი მოსამართლის მიერ მისი შემცირების შეუძლებლობიდან გამომდინარე. სადავო სიტყვების მოქმედების პირობებში საქართველოს საერთო სასამართლოს ქალი მოსამართლის შესაძლებლობა მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია საპენსიო ასაკის მიღწევის გამო მკვეთრად არის შეზღუდული, დაცილებული საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქალი მოსამართლეების ასეთი შესაძლებლობისგან.
· ინტენსიურობა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას - საქართველოს საერთო სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას შესადარებელი სუბიექტების დიფერენციაცია არის უფრო ინტენსიური ვიდრე საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვინაიდან იგი დაკავშირებულია უფრო მეტ ხანგრძლივობასთან და დაკარგულ შემოსავალთან. მაგალითად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე (როგორც ქალი, აგრეთვე კაცი), რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 55 წლის მიღწევისას, სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას შეძლებს 10 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებაამოწურულ მოსამართლეს კომპენსაცია შესაძლოა დაენიშნოს იგივე - 55 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 57 წლის ასაკში. შესაბამისად, სადავო სიტყვების პირობებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებაამოწურული მოსამართლისგან განსხვავებით, იგი კომპენსაციას ვერ იღებს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში და ვერ მიიღებს მომავალი 3 წლის მანძილზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარ შემთხვევაშიც შეუძლებელია საქართველოს საერთო სასამართლოს უფლებამოსილებადამთავრებულმა მოსამართლემ ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე და მიიღოს იგი უფლებამოსილების დამთავრებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილის ნიშნით დიფერენციაცია არის მაღალი ინტენსივობის, დიფერენციაციის შედეგად დაკარგული სარგებლის მიღებიდან და ხანგრძლივობიდან, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ მისი შემცირების შეუძლებლობიდან გამომდინარე. სადავო სიტყვების პირობებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის შესაძლებლობა მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია სამოსამართლო უფლებამოსილების დამთავრების გამო მკვეთრად არის შეზღუდული, დაცილებული საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასეთი შესაძლებლობისგან.
· ინტენსიურობა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას - საქართველოს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ლიკვიდაცია, თავის მხრივ, დაკავშირებულია მოსამართლის თანამდებობის შემცირებასთან. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტების - საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციის ექსპლიციტურ შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე არ ადგენს ასეთ შემთხვევებში მოსამართლეებზე კომპენსაციის გაცემის საფუძვლებს. თუმცა, ამგვარი ნორმატიული დანაწესის არ არსებობა ცალსახად არ გულისხმობს, რომ ლიკვიდირებული საერთო სასამართლოს მოსამართლე სახელმწიფო კომპენსაციის მიღების ნაწილში არ იმყოფება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საგნობრივად მსგავს, ექვივალენტურ მდგომარეობაში. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ აღიარებს, რომ სასამართლოს ლიკვიდაციის შედეგად გათვისუფლებული მოსამართლე არის უფლებამოსილებადამთავრებული/უფლებამოსილებაშეწყვეტილი მსგავსად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებისა, რომელთაც უფლებამოსილების ვადა დაუმთვარდათ. შესაბამისად, ისინი ამგვარ შემთხვევაშიც წარმოადგენენ იდენტურ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტებს.
საქართველოს საერთო სასამართლოს ლიკვიდაციის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას შესადარებელი სუბიექტების დიფერენციაცია აგრეთვე ინტენსიურად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ასევე დაკავშირებულია მის ხანგრძლივობასთან და დაკარგულ შემოსავალთან.
ხსენებულის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ სასამართლოს ლიკვიდაციის გამო უფლებამოსილებადამთვარებული მოსამართლე განსხვავებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებადამთავრებული მოსამართლეებისგან სახელმწიფო კომპენსაციის მიღებასთან მიმართებით იმყოფება მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში, ვინაიდან 65 წლამდე ეზღუდება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კლასიკური ნიშნებით ან მაღალი ინტენსივობის „დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შემოწმებისთვის “მკაცრი შეფასების” ტესტი შემოიღო, როდესაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვებით საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დიფერენციაციას სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების ნაწილში არ გააჩნია ღირებული ლეგიტიმური მიზანი. მისი შეფასებით, არ არსებობს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, რომელიც გაამართლებდა საქართველოს საერთო სასამართლოს უფლებამოსილებადამთავრებული (მათ შორის, საპენსიო ასაკს მიღწეული ქალი მოსამართლის, ლიკვიდირებული სასამართლოს) მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას 65 წლის მიღწევისას იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას. შესაბამისად, სადავო სიტყვებით ხორციელდება საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეების თვითმიზნური განსხვავებული მოპყრობა, გაუმართლებელი დიფერენციაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სადავო სიტყვები „65 წლის ასაკის მიღწევისას“, გამომდინარე იქიდან, რომ ღირებული ლეგიტიმური მიზნის, დაუძლეველი სახელმწიფო ინსტერესის არსებობის გარეშე სამუშაო ადგილის ნიშნით დიფერენცირებულია საქართველოს საერთო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებთან მიმართებაში.
2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოს აბსოლუტურად ყველა მოსამართლეზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით კომპენსაციის იმგვარი მაქსიმალური ოდენობის (560 ლარი) დადგენით, რომელიც მხედველობაში არ იღებს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის სამუშაო სტაჟს, ხორციელდება არსებითად უთანასწორო პირების თანასწორი მოპყრობა, რასაც არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, გააჩნია თვითმიზნური, შესაბამისად დისკრიმინაციული ხასიათი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „... ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განიხილებოდნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით არა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2). მოსარჩელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები არიან არსებითად თანასწორები, სადავო ნორმასთან მიმართებაში სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის ნაწილში ისინი არსებითად უთანასწორო პირებს წარმოადგენენ. ასეთია:
1. მოსარჩელე, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 25 წლის განმავლობაში გამწესებული იყო საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე;
2. პირი, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა;
3. პირი, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხსენებული კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით და შემდგომ არ იქნა გამწესებული უვადოდ;
4. პირი, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, შემდგომ გამწესდა უვადოდ და უფლებამოსილების დამთავრებისას მისი სამუშაო სტაჟი იქნება 15 წელი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოსარჩელე სადავოდ არ მიიჩნევს კანონმდებლობით საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის დადგენას, რომელიც შესაძლებელია არ აღემატებოდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიურ კომპენსაციას - 1200 ლარს. იგი თვლის, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს საერთო სასამართლოს ყველა მოსამართლეზე სახელმწიფო კომპენსაციის ისეთი იდენტური ზღვრული ოდენობის დადგენა, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციის მოქმედი გაანგარიშების წესის მიუხედავად უგულვებელყოფს მოსამართლის სამუშაო სტაჟს და ათანაბრებს ყველა მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციას.
საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესი მოცემულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში. იგი სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებას უკავშირებს სახელმწიფო პენსიის ოდენობას, მოსამართლის თანამდებობიდან გამომდინარე დადგენილ პროცენტს და მოსამართლედ მუშაობის სტაჟს.
ნიშანდობლივია, რომ არსებული წესის მიხედვით, გასაცემი სახელმწიფო კომპენსაცია:
1. მოსარჩელეზე შეადგენს 1530 ლარს;
2. პირზე რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა - შეადგენს 720 ლარს;
3. პირზე, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხსენებული კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით და შემდგომ არ იქნა გამწესებული უვადოდ, შეადგენს 882 ლარს;
4. პირზე, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ მოსამართლედ დანიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, შემდგომ გამწესდა უვადოდ და უფლებამოსილების დამთავრებისას მისი სამუშაო სტაჟი არის 15 წელი, შეადგენს - 990 ლარს.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, სადავო ნორმის ფარგლებში მათ დაენიშნებათ თანაბარი სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსამართლის სამუშაო სტაჟის მხედველობაში მიღების გარეშე თანაბარი სახელმწიფო კომპენსაციის დადგენით სადავო ნორმა არსებითად უთანასწორო პირებს ეპყრობა თანასწორად.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმის პირობებში შესადარებელი ჯგუფები დეფერენცირდებიან სამუშაო სტაჟის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ დიფერენცირების ხსენებული ნიშანი არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებულ კლასიკურ ნიშანს, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის ფარგლებში, ვინაიდან ასეთ დიფერენცირებას გააჩნია მაღალი ინტენსივობა.
მოსარჩელის შეფასებით, სახელმწიფო კომპენსაციის სახით თანხის მიღების ნაწილში იგი შესადარებელი ჯგუფებისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება. მიუხედავად მისი სამუშაო სტაჟისა, მოსარჩელე სახელმწიფო კომპენსაციის სახით მიიღებს იგივე თანხას, რასაც შესადარებელი სუბიექტები. მათ არ გააჩნიათ სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე დამსახურებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების თანაბარი შესაძლებლობები. ამასთან, მოსარჩელეს არ შეუძლია შეამციროს ან აღმოფხვრას სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაცია.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმას მოსარჩელეზე და პირზე, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ან/და პირზე, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, შემდგომ გამწესდა უვადოდ და სახელმწიფო კომპენსაციის მიღებისას მისი სამუშაო სტაჟი იქნება 15 წელი ან/და პირზე, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხსენებული კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით და შემდგომ არ იქნა გამწესებული უვადოდ, სახელმწიფო კომპენსაციის სახით თანაბარი თანხის გაცემას არ გააჩნია ღირებული ლეგიტიმური მიზანი. მისი შეფასებით, არ არსებობს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მათი განსხვავებული სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის ნაწილში მოსარჩელისა და ამ პირების ნიველირებას/თანასწორ მოპყრობას. შესაბამისად, სადავო ნორმით ხორციელდება თვითმიზნური დიფერენციაცია - დისკრიმინაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს უწესებს კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობას 560 ლარის ოდენობით და სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის დაწესებისას არ ითვალისწინებს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის სამუშაო სტაჟს, რადგან ღირებული ლეგიტიმური მიზნის, დაუძლეველი სახელმწიფო ინსტერესის არსებობის გარეშე სამუშაო სტაჟის ნიშნით თვითნებურად არსებითად უთანასწორო პირებს ეპყრობა თანასწორად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა