საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/1266 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივნისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 ივნისი 2018 15:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „65 წლის ასაკის მიღწევისას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1266) მიმართა საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 20 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 15 ივნისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს, რომ „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს“. ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
5. №1266 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მაგული კუნჭულია 1982-2009 წლებში, სხვადასხვა პერიოდში, იყო ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2009-2013 წლებში, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 2013 წლის 3 მაისიდან იგი ამოირიცხა მოსამართლეთა რეზერვიდან და გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. საბოლოოდ, მოსარჩელის მიერ მოსამართლედ ნამსახურობის ვადა შეადგენს 25 წელს. არსებული მდგომარეობით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არ წარმოადგენს კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღებისათვის დადგენილ ასაკობრივ შეზღუდვას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი საერთო სასამართლოს ყველა მოსამართლისათვის, მიუხედავად მათი სამუშაო სტაჟისა, კომპენსაციის ერთნაირი მაქსიმალური ოდენობის (560 ლარი) განსაზღვრით ახდენს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას. ამასთან, სადავო არ არის, ზოგადად, კანონმდებლობით, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის დადგენა, რომელიც შესაძლებელია არ აღემატებოდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიურ კომპენსაციას - 1200 ლარს.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე, დიფერენცირება ხორციელდება პირთა შემდეგ კატეგორიებს შორის: ერთი მხრივ, მოსარჩელე, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 25 წლის განმავლობაში განწესებული იყო საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე (25 წლიანი სამუშაო სტაჟი) და, მეორე მხრივ, პირი, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა (10 წლიანი სამუშაო სტაჟი) ან/და პირი, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, შემდეგ განწესდა უვადოდ და უფლებამოსილების დამთავრებისას მისი სამუშაო სტაჟი იქნება 15 წელი (15 წლიანი სამუშაო სტაჟი) ან/და პირი, რომელსაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №3710 კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე 10 წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხსენებული კონსტიტუციური კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით და შემდგომ არ იქნა განწესებული უვადოდ (13 წლიანი სამუშაო სტაჟი). მოსარჩელის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა დასახელებული კატეგორია განსხვავებული ვადით მსახურობდა მოსამართლის თანამდებობაზე, სადავო ნორმის საფუძველზე, ისინი მიიღებენ თანაბარი ოდენობის კომპენსაციას. შესაბამისად, ზემოხსენებულ პირთა კატეგორია, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, არსებითად უთანასწორო პირებად მიიჩნევა სამუშაო სტაჟის ნიშნით.
8. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელეს არ შეუძლია შეამციროს ან აღმოფხვრას სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაცია, შესაბამისად, იგი მაღალი ინტენსივობისაა და საჭიროა შეზღუდვის შეფასება „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით.სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მოსამართლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურია.
9. მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებს „65 წლის ასაკის მიღწევისას“ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა არსებითად თანასწორ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ. კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ მიაღწიეს საპენსიო ასაკს ან დაასრულეს უფლებამოსილების ვადა, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლიდან, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებით ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს და მათ სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოს შორის არსებობს ინსტიტუციური სუბორდინაცია, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, საქმიანობის სპეციფიკა განსხვავებულია, ხსენებული სასამართლოების მოსამართლეები კომპენსაციის მიღების საფუძვლებთან მიმართებით თანასწორები არიან. მათ თანასწორობას საფუძვლად უდევს თვით მოსამართლეობის ფაქტი, ისევე, როგორც კანონმდებლობით მინიჭებული იდენტური უფლებები, გარანტიები და ვალდებულებები.
11. მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმა დასახელებულ პირთა კატეგორიის დიფერენციაციას ახდენს სამუშაო ადგილის მიხედვით. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს ჩარევის მაღალ ინტენსივობაზე, რამდენიმე არგუმენტზე დაყრდნობით. კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოს ქალი მოსამართლე, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, საპენსიო ასაკს აღწევს 60 წლის ასაკში, თუმცა მაინც მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს კომპენსაცია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, განსხვავებით, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებისგან. ამასთან, უფლებამოსილების ვადის დამთავრების ან სასამართლოს ლიკვიდაციისას უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე შესაძლოა ელოდოს წლების განმავლობაში, სანამ არ მიაღწევს 65 წელს. შესაბამისად, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროსა და 65 წლის ასაკის მიღწევას შორის არსებულ პერიოდში სახეზეა კომპენსაციის მიუღებლობა, შესაბამისად, დაკარგული მატერიალური სარგებელი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ ზემოხსენებულ არც ერთ შემთხვევაში მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა, შეამციროს არსებული დიფერენციაციის ინტენსივობა.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ხსენებულ შესადარებელ ჯგუფებთან მიმართებით სადავო ნორმებით დადგენილ განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „65 წლის ასაკის მიღწევისას“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებსაც უნდა შეეხებოდეს და ადასტურებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებები. „უპირველეს ყოვლისა, სარჩელში მითითებული მტკიცებულებები უნდა ცხადყოფდეს, რომ მოსარჩელის კონკრეტული უფლების სავარაუდო დარღვევა სწორედ გასაჩივრებული ნორმიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „65 წლის ასაკის მიღწევისას“ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად პირველი და მე-2 ინსტანციის საერთო სასამართლოების მოსამართლეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებთან. მოსარჩლის პოზიციით, დისკრიმინაციას იწვევს ის ფაქტი, რომ კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს წევრის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიღებისათვის არ ადგენს რაიმე ასაკობრივ ცენზს და კომპენსაციის გაცემის საფუძველი წარმოიშობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, მაშინ როდესაც პირველი და მე-2 ინსტანციის საერთო სასამართლოების მოსამართლეებს კომპენსაციის მიღების უფლება 65 წლის ასაკის მიღწევისას წარმოეშობათ.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). ამგვარად, მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებას - არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმეს ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო რეჟიმში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის N2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მასთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ჩაყენებას. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, სადავო ნორმები რამდენად განაპირობებს მოსარჩლის მიერ მითითებულ დიფერენცირების ფაქტს.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი შეეხება მხოლოდ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს და არ არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები განისაზღვრება, შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რომლებიც, განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმები არ განაპირობებს საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთათვის კომპენსაციის უკეთეს პირობებში მიღებას, შესაბამისად, სადავო დებულების კონსტიტუციურობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი დისკრიმინაციული მოსარჩელესთან მიმართებით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1266 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „65 წლის ასაკის მიღწევისას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას. იგი მიუთითებს, რომ ხსენებული ნორმა საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის დასანიშნი სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის (560 ლარი) განსაზღვრისას არ ითვალისწინებს მოსამართლის სამუშაო სტაჟს. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, არ არის არსებითად თანასწორი იმ პირებისა, რომლებიც 25 წელზე ნაკლები ვადით იყვნენ განწესებული მოსამართლის თანამდებობაზე. შესაბამისად, კანონი სამუშაო სტაჟის შესაბამისად, ზემოხსენებულ პირთა მიმართ კომპენსაციის განსხვავებულ ოდენობას უნდა ადგენდეს.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). ამდენად, სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს, რომ განსხვავებული სამუშაო სტაჟის მოსამართლეები, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით არსებითად უთანასწოროები არიან.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნებისათვის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილებაშეწყვეტილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სხვა ყოფილი მოსამართლეები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. სასამართლოს შეფასებით, „სახელმწიფო კომპენსაცია, თავისი არსით, წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის, რათა მან მიუკერძოებლად, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელოს საქმიანობა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ჯეროვანი განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ფინანსური გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსამართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული პირობების შექმნას როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, აგრეთვე, მოსამართლის უფლებამოსილების თავისებურებების გათვალისწინებით, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც. ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზანი, ინტერესი წარმოდგება პირის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ყოფნის ფაქტიდან გამომდინარე. უზენაესი სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის უაღრესად მაღალი ინტერესი არსებობს მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ პერიოდში. ამდენად, სამოსამართლო უფლებამოსილების ნაადრევად დასრულების შემთხვევაშიც, სახეზეა ის მიზნები, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაციის ინსტიტუტი ემსახურება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის #3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე - ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ კომპენსაციის მიღების მიზნებისათვის, არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია სხვადასხვა სამუშაო სტაჟის მქონე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ხსენებული დასკვნის გაკეთებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებული თითოეული ზემოთ ხსენებული გარემოება ასევე რელევანტურია პირველი და მე-2 ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ მოსამართლეთა განსხვავებულ სამუშაო სტაჟზე აპელირება ვერ გამოდგება მათი არსებითად უთანასწორობის სამტკიცებელ არგუმენტად. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმის საფუძველზე ხორციელდება თანასწორი მოპყრობა არსებითად უთანასწორო პირების მიმართ.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1266 კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის დასანიშნი სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის (560 ლარი) განსაზღვრისას არ ითვალისწინებს მოსამართლის სამუშაო სტაჟს, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1266 („საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი