ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/5/1763 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ოქტომბერი 2023 18:42 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №1763) მომართა ირაკლი მარგველაშვილმა. №1763 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 23 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 სექტემბერს.
2. №1763 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს თან უნდა ერთოდეს სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის ფორმულირებიდან და მისი გამოყენების პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი და მისი დანართები საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება აუცილებლად მატერიალური ფორმით. ამასთან, მატერიალური ფორმით წარსადგენ დოკუმენტებს განეკუთვნება ზოგიერთი ისეთი დანართი (მაგალითად, სადავო აქტის ტექსტი), რომელიც საჯაროდ საყოველთაოდაა ხელმისაწვდომი. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო რეგულირება, ერთი მხრივ, ფორმალური ხასიათის დანართების მატერიალურად წარდგენის აუცილებლობით და, მეორე მხრივ, სარჩელის ელექტრონულად წარდგენის გამორიცხვით, გაუმართლებლად ართულებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას და ქმნის დაუსაბუთებელ წინაღობას პირის მიერ მისი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გამორიცხულია სასამართლოსთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენა, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1763 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მასალებისა და სარჩელის მატერიალური ფორმით წარდგენის ვალდებულება ქმნის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით სარგებლობისათვის არაგონივრულ ბარიერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით შეტანის შესაძლებლობას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. თავის მხრივ, იმისათვის, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე გამოირიცხება კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონულად შეტანის შესაძლებლობა.
4. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმის ტექსტუალური ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ მისი შინაარსი ამოიწურება იმ მასალების სახელდებით, რომლებიც უნდა ერთოდეს კონსტიტუციურ სარჩელს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს თან უნდა ერთოდეს: სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი, მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები, საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. თავად ის, თუ რა ფორმით უნდა წარედგინოს სარჩელი სასამართლოს, განსაზღვრულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, სადავო ნორმა საერთოდ არ მიუთითებს, რომ სარჩელში თანდართული მასალები აუცილებლად მყარი, არაელექტრონული ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ რომელიმე დოკუმენტი ელექტრონული ფორმით არსებობს, ბუნებრივია, მოსარჩელე უფლებამოსილია, ელექტრონულად წარმოადგინოს იგი. უფრო მეტიც, მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება პირდაპირ მიუთითებს, რომ „რწმუნებულება შესაძლებელია ასევე შედგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რომელზეც შესრულებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია ამავე კანონით აღიარებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი“. სადავო ნორმა მიუთითებს სარჩელის ელექტრონული ვერსიის დართვაზე, ხოლო თუ მოსარჩელე ბაჟის გადახდის ქვითარს წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტის სახით, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო, ხსენებული მიზეზით, სარჩელის რეგისტრაციას არ შეაფერხებს.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა სარჩელის ელექტრონულად წარდგენასთან დაკავშირებით, არ უკავშირდება სადავო ნორმას. ხოლო სადავო ნორმით მოწესრიგებულ საკითხთან, სარჩელზე თანდართული მასალების ელექტრონულად წარმოდგენასთან დაკავშირებით, მისი მოთხოვნა აშკარად დაკავშირებულია ნორმის შინაარსის არასწორ აღქმასთან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვასთან დაკავშირებით.
6. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა სასამართლოსადმი მიმართვის ხელმისაწვდომობა და მართლმსაჯულების ქმედითობა. ამ თვალსაზრისით, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ქმედითობა არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ფორმალურ რეგლამენტირებას. საკანონმდებლო საფუძვლის შექმნასთან ერთად, კანონმდებელი ვალდებულია, მაქსიმალურად შეამციროს ის საკანონმდებლო ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის პირს, მიიღოს დროული, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება. ამ კონტექსტში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის რეგლამენტირებას, თუმცა სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო, მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
7. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის კონსტიტუციურ გარანტიას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე, თუმცა იგი ექსპლიციტურად არ განსაზღვრავს სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ამა თუ იმ ფორმას (მათ შორის, სასამართლოსადმი მიმართვის მატერიალურ ან ელექტრონულ წესს). თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის მატერიალურად შეტანა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, მას უნდა წარმოედგინა სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ფორმის არაკონსტიტუციურ ხასიათს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აბსტრაქტულად მიუთითებს ტექნოლოგიურ წინსვლასა და ელექტრონული სარჩელის წარდგენის სიმარტივეზე, იმავდროულად კი, არ წარმოაჩენს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სარჩელის მატერიალური ფორმით მიმართვის იმგვარ დამაბრკოლებელ ხასიათს, რომლითაც არსებითად რთულდება ან/და ფერხდება მოსარჩელის შესაძლებლობა, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვერც იმას ასაბუთებს, რომ სარჩელის მატერიალური ფორმით შეტანის მოთხოვნა შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1763 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1763 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში