საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1261 |
ავტორ(ებ)ი | ქართლოს ზაქარეიშვილი |
თარიღი | 18 სექტემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილება, რომლითაც კიდევ ერთხელ რაიმე შენიშვნის გარეშე ისევ გაუგრძელდა ვადა 2018 წლის 1 იანვრამდე
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილების მე-3 პუნქტი „კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2018 წლის პირველ ინვრამდე | საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, აგრეთვე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
საკონსტიტუციო სასამართლო 2017 წლის 20 მაისის განჩინებაში, რომლითაც ეყრდნობა კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ე“ პუნქტს არადა იქ საერთოდ არის მოყვანილი განმარტებები 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, სადაც მითითებულია ფიზიკური პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიულ აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებასთან მიმართებით
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელე ქართლოს ზაქარეიშვილი ფლობს ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სერია #19878, #19879, #19880, #19881, #19882, #19883, #19884, #19885, #19886, #19887, #19888 სახელმწიფო ობლიგაციებს, ასევე ხუთი ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სერია #00517 ობლიგაციას (იხილეთ დანართი).
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-2 მუხლის თანახმად, სესხის ობლიგაციები თავისუფლად იყიდება და შეისყიდება შემნახველი ბანკის დაწესებულების მიერ. ამავე პირობის მე-5 პუნქტის თანახმად, სესხის ობლიგაციაზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. მოგების საერთო თანხა დადგენილია საშუალოდ სესხის ათწლიანი ვადით წელიწადში 15%-ის გაანგარიშებით. სესხი ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35%, ობლიგაციების დანარჩენი 65% სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება მათი ნომინალური ღირებულებით. ამავე პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, მოგებახვედრილი და ასევე მოუგებელი ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარებიან შესყიდვას ნომინალური ღირებულებით, გასანაღდებლად წარდგენილი უნდა იქნენ 2004 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ძალას და გასანაღდებლად არ მიიღებიან (იხილეთ დანართი).
1992 წლის პირობებით დადგენილი ვადა 2004 წლის 1 იანვარი ისე გავიდა, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება - სახელმწიფოს ნომინალურ ფასად არ შეუსყიდია მოუგებელი ობლიგაციები, არც მოგებული ობლიგაციები გამოვლენილა. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს საშინაო ვალად აღიარებულ იქნეს შემდეგი სავალო ვალდებულებები: საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციის გამოშვებით წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა უნდა მომხდარიყო ფინანასთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის #716 და #717 ბრძანებულებების შესაბამისად.
,,საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის #717 ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულია: ,,შეწყდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის N 1030 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკაში გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა და 1998 წლის 1 სექტემბრამდე მოხდეს მათი დაფარვა."
საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 10 ივლისის 1683/28-11 წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების და ყოფილი სსრ კავშირის 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების გამოშვებით წარმოშობილი ვალდებულებები სახელმწიფომ აიღო შიდა ვალში, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელებულიყო ,,სახელმწიფო ვალის შესახებ"საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, რაც ბოლომდე ვერ განხორციელდა (იხილეთ დანართი).
სადავო ნორმა ითვალისწინებს იმ კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას, რომელსაც უნდა დაედგინა სახელმწიფო ვალი, მათ შორის 1992 წელს გამოშვებული ობლიგაციებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალი. ამით ირღვევა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გარანტირებული საკუთრების უფლება.
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით - საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 30 ივლისს მიღებულ განჩინებაში №1/5/489- 498 საქმეზე ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-2 პარაგრაფში განაცხადა: ,,უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე განმტკიცებულია საკუთრების უფლებით. საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე."
მოცემული სარჩელით დავის საგნად არის ქცეული უფლება მოთხოვნაზე, რომლის კანონიერი მოლოდინი შექმნა 1992 წელს მოსარჩელის მიერ მომგებიანი სესხის ობლიგაციის შეძენამ. სამოქალაქო კოდექსის 911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა." სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას." ვადის დადგომა არის მოვალის (ფასიანი ქაღალდის გამომშვების - ემიტენტის მიერ) ვალდებულების შესრულების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ გასულია ყველა ის ვადა, როდესაც ობლიგაციების მფლობელს, ემიტენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოლოდინი ჰქონდა (ეს ვადა იყო, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის #717-ე ბრძანებულებით დადგენილი 1998 წლის 1 სექტემბერი, მეორე მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-8 პუნქტით დადგენილი 2004 წლის 1 იანვარი, როდესაც ემიტენტს, სულ მცირე ობლიგაციების 65% ნომინალურ ღირებულებაში უნდა გამოესყიდა), ემიტენტს, სახელმწიფოს სახით, ვალდებულება არ შეუსრულებია. სადავო ნორმა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ზღუდავს იმგვარად, რომ მოთხოვნის უფლების რეალიზების მექანიზმის შემუშავებას ითვალისწინებს 2018 წლის პირველი იანვრისათვის. საქართველოს მთავრობის #108 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია შეიმუშავებს ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. ამგვარად, კომისიის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
აქვე უნდა ითქვას, ის, რომ სადავო დადგენილებაში მითითებული კომისია გამოსცემს რეკომენდაციას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქნეს დაფარული სახელმწიფო ვალი. კრედიტორების დაკმაყოფილებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ არიან შეზღუდულნი, გაიზიარონ ვალის დაფარვის ის მექანიზმი, რასაც კომისია შეიმუშავებს. იმის მიუხედავად, რომ ვალის დაფარვის შესახებ რეკომენდაციის შემუშავების საბოლოო თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვარი, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ მთავრობა და პარლამენტი გაიზიარებს კომისიის რეკომენდაციას და ამით, მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებას სახელმწიფო ამის შემდეგ მაინც შეასრულებს. მეორე მხრივ, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი სადავო ნორმატიული აქტით, დროში, შეზღუდულნი არიან სწორედ კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციით. ვერც საქართველოს მთავრობა, ვერც პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სახელმწიფო ვალის დაფარვა, სანამ ამის მექანიზმს სპეციალური კომისია არ შესთავაზებს მათ. ამგვარად, მოსარჩელის მიმართ არსებული ქონებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კომისიის მიერ დავალიანების გადახდის მექანიზმის შემუშავებაზე. არ შეიმუშავებს კომისია ვალის დაფარვის მექანიზმს, მთავრობაც და პარლამენტიც დარჩებიან უმოქმედონი, შეასრულონ მოსარჩელის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები.
ხელშეკრულებით ან სხვა სამართლებრივი აქტით, დადგენილი ვადა კრედიტორში წარმოშობს გონივრულ მოლოდინს იმის თაობაზე, თუ როდის უნდა მოხდეს მისი ფულადი მოთხოვნის რეალიზება. სახელმწიფო, რომელიც ნორმატიული აქტით ახანგრძლივებს შესრულების ვადას, ზღუდავს საკუთრების უფლებას, ვინაიდან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრედიტორის გონივრულ და ლეგიტიმურ მოლოდინებს. ამასთან, კეთილსინდისიერ კრედიტორს აყენებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს და გაუმართლებელ სარგებელს ანიჭებს მოვალეს, რომელიც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ჯეროვნად.
ამგვარად, სადავო ნორმით ადგილი აქვს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებაში ჩარევას.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვები ხდება მაშინ, თუკი არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ვითარება. ამასთან, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვისას, შემზღუდველი ღონისძიება არ უნდა იყოს იმგვარი, რომ შელახოს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების მეორე თავის მე-14-მე-15 პარაგრაფებში განაცხადა: ,,მოქმედება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის არ ნიშნავს, რომ ის მიმართულია საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის" შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგის მომტანი მიზნები."
რა საზოგადოებრივი აუცილებლობით არის განპირობებულია 2018 წლის 1 იანვრამდე მომგებიანი სესხის ობლიგაციების განაღდების მექანიზმზე რეკომენდაციის შემუშავება, ამ მიზანზე მითითება ეკისრება მოპასუხე მხარეს. მოსარჩელე მხარე ვარაუდობს, რომ ეს მიზანი შესაძლოა იყოს საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის საჯარო ინტერესი.
აღნიშნული ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად გაუმართლებელია საკუთრების უფლების იმგვარი შეზღუდვა, რაც გამოიწვევს საკუთრების უფლებისათვის არსის დაკარგვას. საჯარო ინტერესების მისაღწევად მესაკუთრის კერძო ინტერესებზე დაკისრებული ტვირთი არ უნდა იყოს იმდენად მძიმე, რომ შეუძლებელი გახადოს საკუთრების უფლებით სარგებლობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-19 პარაგრაფში განაცხადა: ,,თანაზომიერების პრინციპი ... უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს." ამავე გადაწყვეტილების 22-ე პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა შემდეგი: ,,თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არცერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორის არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე."
ვალდებულება, რაც შესრულებული უნდა ყოფილიყო 1998 ან 2004 წლებში, თუმცა ამ ვალდებულების შესრულების მექანიზმის შემუშავება გადავადდა 2018 წლის 1 იანვრამდე. ეს გარემოება აშკარად არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს მესაკუთრის კერძო ინტერესს. 1998 წლიდან დღემდე სახელმწიფომ არაფერი გააკეთა იმისათვის, მოეხდინათ კრედიტორების პრიორიტეტიზაცია (შემოსავლების, სოციალური დაუცველობის თუ სხვა კრიტერიუმის მიხედვით), ამ პრიორიტეტის მიხედვით დროში გაეწერათ მოთხოვნის მფლობელთა დაკმაყოფილების გეგმა-გრაფიკი, რათა ყველა კრედიტორის ერთდროულად დაკმაყოფილება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა ქვეყნის ბიუჯეტს, დაედგინა ობლიგაციების სრულად ნომინალურ ფასად გამოსყიდვის საბოლოო თარიღი.
„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილებაში (სსმ 2004 წელი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2018 წლის პირველ იანვრამდე“.
მუხლი2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილება განსაზღვრულ გახლდათ 2006 წლის 1 მაისამდე და აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ კომისიის უფლებამოსილება ვადა საქართველოს მთავრობის მიერ, საერთო ჯამში, 12-ჯერ გახლდათ შეცვლილი:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №87 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 31დეკემბერი
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის №232 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 31დეკემბერი
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №259 დადგენილებით კომისიის ულებამოსილების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 1 იანვარი
4. საქართველოს მტავრობის 2008 წლის 23 დეკემბრის №248 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვარი
5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №257 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 1 იანვარი
6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №347 დადგენილებით კომისიის ულებამოსილების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვარი
7. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №450 დადგენილებით კომისიის ულებამოსილების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 1 იანვარი
8. საქართველოს მტავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №463 დადგენილებით და კომისიის ულებამოსილების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვარი
9. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ნოემბრის №295 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 იანვარი
10. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის №695 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვარი
11.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №636 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვარი
12. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №531 დადგენილებით კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვარი
ზემოთხსენებული ინფორმაციიდან ნათლად იკვეთება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას ყოველწლიურად, დადგენილი მანკიერი პრაქტიკის შესაბამისად, ახანგრძლივებს, თანაც ისე, რომ საშინაო ვალი არც ერთ ჯერზე არ განუსაზღვრავს. აგრეთვე, არ გახლავთ რეგლამენტირებული, როგორ უნდა მოხდეს დასახელებული ვალის გასტუმრება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
ვიმეორებ მე-10 გვერდზე განმარტებული 13 გადავადება ძირშივე კანონგარეშე აყენებს ამ კომისიის არსებობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა