საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1261 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 27 აპრილი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 აპრილი 2018 18:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი- წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1261) მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 25 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს.
2. №1261 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, აგრეთვე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სადავო ნორმა განსაზღვრავს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას 2018 წლის პირველ იანვრამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ფლობს საბჭოთა მანეთის ღირებულების მქონე 1990 და 1992 წლებში გამოცემულ სახელმწიფო ობლიგაციებს. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს ამ ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სავალო ვალდებულებათა შორის ასევე მოექცა საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ვალს აგრეთვე მიეკუთვნება 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია იქმნება სახელმწიფო საშინაო ვალის, მათ შორის 1992 წელს გამოშვებული ობლიგაციებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომისიის რეკომენდაციის გაცემა, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული პარლამენტის, მთავრობის ქმედითობა და სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების შესრულება.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან დღემდე კომისიის უფლებამოსილების ვადა არაერთხელ შეიცვალა და, საბოლოოდ, სადავო ნორმით, განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვარი. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფოს დადგენილი პრაქტიკა ყოველწლიურად კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, თავისი არსით, კომისიის არსებობის იდეას აცლის საფუძველს და თვითმიზნურად აჭიანურებს სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების შესრულების პროცესს.
9. მოსარჩელე განმარტავს, რომ ობლიგაციების შეძენით მას წარმოეშვა სახელმწიფოს მიერ საპირწონე ვალდებულების შესრულების კანონიერი მოლოდინი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას, მუდმივად ახანგრძლივებს კომისიის უფლებამოსილების ვადას, მიზანმიმართულად აჭიანურებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, რაც საკუთრების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს.
10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, ხოლო შემზღუდველი ღონისძიება არ უნდა იყოს იმგვარი, რომ შელახოს საკუთრების უფლების არსი. მოსარჩელე მხარეს ნორმის მოქმედების ლეგიტიმურ მიზნად ესახება საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის საჯარო ინტერესი. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად გაუმართლებელია საკუთრების უფლების შეზღუდვა იმდენად, რომ საკუთრების უფლებას არსი გამოეცალოს. საჯარო ინტერესების მისაღწევად მესაკუთრის კერძო ინტერესებზე დაკისრებული ტვირთი არ უნდა იყოს იმდენად მძიმე, რომ შეუძლებელი გახადოს საკუთრების უფლებით სარგებლობა.
11. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
12. არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე ასევე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის №534 დადგენილებით სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის, სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება, განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად, რაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/1/474 განჩინება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/1/530 განჩინება „საქართველოს მოქალაქეები - ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).
3. №1261 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2017 წლის 18 სექტემბერს. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2017 წლის 8 დეკემბერს - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
4. ამდენად, №1261 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებობს საქმის შეწყვეტის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1261 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი