საქართველოს მოქალაქეები - დავით ყიფიანი, ლიანა მჭედლიშვილი და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1255 |
ავტორ(ებ)ი | დავით ყიფიანი, ლიანა მჭედლიშვილი, ლევან ალაფიშვილი |
თარიღი | 31 აგვისტო 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი: ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი. ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას. გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს; დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმები არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა; ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (მე-14 და 28.1. მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის/კანონის გასაჩივრებული ნორმებით; ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული; ზ) არ შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობის საკითხს რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტი/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
უფრო დეტალურად კი აღვნიშნავთ შემდეგს: საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის #987 დადგენილებით გადაწყდა საქართველოში 2014 წელს ახლადშექმნილი 7 თვითმმართველი ერთეულისთვის/მუნიციპალიტეტისთვის, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის დამოუკიდებელი, თვითმმართველის სტატუსის გაუქმება. ეს ქალაქებია: ამბროლაური, ახალციხე, გორი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მცხეთა. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა თვითმმართველ ერთეულთან და მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის გამართვა, მათი აზრის გაგება. სამწუხაროდ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ არ გამოიყენა ამ 7 თვითმმართველი ქალაქის მოსახლეობის, რეგისტრირებული ამომრჩევლების მოსაზრების მიღების კონსტიტუციური ან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით (მაგ.: დასახლების კრება) გათვალისწინებული მექანიზმები და მოსახლეობის ლეგიტიმაციის გარეშე/უმცირესი ლეგიტიმაციით მიიღო 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება, რომელიც ამოქმედდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის აქტი, წინამდებარე სარჩელის მომზადების მომენტისთვის გამოცემული არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება ჯერ ამოქმედებული არ იყო და რჩება მისი შეცვლის შესაძლებლობა, მოსახლეობის აზრის გაგების კონსტიტუციით გარანტირებულ საშუალებად მივიჩნიეთ ერთ-ერთ თვითმმართველი ქალაქის, ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე, ამ ქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლების აზრის გამოკითხვა პლებისციტის ჩატარების გზით. ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული ამომრჩევლების აზრი გასაგებად და პლებისციტის მოსაწყობად 2017 წლის 10 ივლისს #1269 განცხადებით მივმართეთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ვთხოვეთ პლებისციტის საინიციატივო ჯგუფისა და პლებისციტის საკითხის („თანახმა ხართ თუ არა ქალაქი მცხეთა იყოს თვითმმართველი ქალაქი დამოუკიდებელი ბიუჯეტით და ხალხის მიერ არჩეული ორგანოებით“) რეგისტრაცია. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 20 ივლისის #01-02/1089 წერილით უარი გვითხრა განცხადებაში დასმულ საკითხებზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიუთითა რა ჩვენს მიერ კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმები (რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის 1.3. მუხლი და მე-8 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი), განმარტა რომ პლებისციტის მოწყობა შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის მე-8 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერის: „საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად“, შინაარსიდან გამორიცხა პლებისციტის ჩატარება ტერიტორიული ნიშნით, მათ შორის დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში. აღნიშნულის გარდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ გასაჩივრებული ნორმები (რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის მე-10 მუხლი და საარჩევნო კოდექსის 175-ე მუხლი) ვრცელდება მხოლოდ რეფერენდუმის მოწყობის ინიციატორ ადამიანებზე და არ გაავრცელა პლებისციტის მოწყობის ინიციატორებზე. გასაჩივრებული ნორმების ამგვარი განმარტება-გამოყენებით, ერთადერთი უფლებამოსილი ორგანოს (ცესკო) მიერ ყოველგვარი გონივრული დასაბუთებისა და ლეგიტიმაციის, ლეგიტიმური მიზნის გარეშე ზღუდავს საარჩევნო უფლებასაც და აზრის გამოხატვის უფლებასაც და ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციის მე-14, 24.1. და 28.1. მუხლების საწინააღმდეგოა გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს პლებისციტის ინიციატორი ამომრჩეველთა ჯგუფის და პლებისციტის საკითხის რეგისტრაციას, აგრეთვე პლებისციტის მოწყობას ტერიტორიული ნიშნით. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა