საქართველოს მოქალაქეები - დავით ყიფიანი, ლიანა მჭედლიშვილი და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/1255 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 30 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 მარტი 2018 18:47 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - დავით ყიფიანი, ლიანა მჭედლიშვილი და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, 81 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 175-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1255) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - დავით ყიფიანმა, ლიანა მჭედლიშვილმა და ლევან ალაფიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 8 სექტემბერს. №1255 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 30 მარტს.
2. №1255 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. ამავე კანონის მე-10 მუხლი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 175-ე მუხლი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს აძლევს რეფერენდუმის გამართვის ინიციატივის დაყენების შესაძლებლობას და აწესრიგებს მასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან ადგენს პლებისციტის და რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორ პირთა შორის დიფერენცირებას. კერძოდ, რეფერენდუმის ინიციატორ პირებს შეუძლიათ, მოითხოვონ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება კანონით დადგენილი წესით. მეორე მხრივ, პლებისციტის ინიციატორებს არ აქვთ მსგავსი ინიციატივის დაყენების შესაძლებლობა. ამასთანავე, სადავო ნორმების თანახმად, პლებისციტის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შეუძლებელია კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან სხვა ნიშნით გამორჩეულ პირთა ფარგლებში პლებისციტის ჩატარება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
6. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რადგან, ერთი მხრივ, მოსარჩელეთათვის პლებისციტის ინიცირების უფლების არარსებობა და, მეორე მხრივ, პლებისციტის მხოლოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართვის შესაძლებლობა წარმოადგენს პლებისციტის მეშვეობით გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
7. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს, რადგან საარჩევნო უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ ფორმას სწორედ პლებისციტის ინიცირება და მასში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს, რაც სადავო ნორმებით დაუსაბუთებლად არის შეზღუდული. ამასთან, პლებისციტის მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამართვის შესაძლებლობის არსებობა ასევე გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 დადგენილებით 7 ქალაქს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის გაუქმება დასაშვებია მხოლოდ თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციების შემდგომ. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ არ შეასრულა კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ზემოაღნიშნული ვალდებულება, რის შემდეგაც, მათ გადაწყვიტეს ქალაქ მცხეთის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით, ამავე ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების აზრის გასაგებად, მოეხდინათ პლებისციტის ინიცირება, რომელიც ჩატარდებოდა მხოლოდ ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული მიზნით მათ მიმართეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს პლებისციტის საინიციატივო ჯგუფისა და პლებისციტის საკითხის („თანახმა ხართ თუ არა ქალაქი მცხეთა იყოს თვითმმართველი ქალაქი დამოუკიდებელი ბიუჯეტით და ხალხის მიერ არჩეული ორგანოებით“) რეგისტრაცია.
9. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსარჩელეებს უარი უთხრა პლებისციტის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციასა და ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე პლებისციტის გამართვაზე. ცესკომ მიუთითა, რომ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პლებისციტის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამასთან, ცესკომ მიუთითა, რომ რეფერენდუმისგან განსხვავებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პლებისციტის დანიშვნისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესაძლებლობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 24-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 28-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. №1255 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში ორ პრობლემურ საკითხს გამოყოფენ - მათ არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ პლებისციტის ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე ჩატარების შეუძლებლობა და პლებისციტის მოწყობისათვის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის დაუშვებლობა. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. აღნიშნული სადავო ნორმა ზოგადად განმარტავს პლებისციტის შინაარსს და არ განსაზღვრავს მისი მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარების ვალდებულებას ან პლებისციტის მოწყობისათვის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის დაუშვებლობას. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად არ უკავშირდება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81 მუხლის პირველ პუნქტს.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N1255 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 175-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმები იდენტური შინაარსის მქონე რეგულირებას შეიცავენ და აწესრიგებენ რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფისა და მათ მიერ სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხის რეგისტრაციის წესებს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე აღნიშნულ ნორმებშიც იმავე შინაარსის პრობლემებს ხედავს, რაც ზემოთ იქნა დასახელებული. აღსანიშნავია, რომ განსახილველი სადავო ნორმები საერთოდ არ ეხება პლებისციტის ან რეფერენდუმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარების საკითხს. დასახელებული ნორმები არეგულირებს რეფერენდუმის მოწყობისათვის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს და არ შეიცავს პლებისციტის მოწყობისათვის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შეზღუდვის რაიმე საფუძველს.შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება შინაარსობრივად არ უკავშირდება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლსა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 175-ე მუხლს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1255 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 175-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
7. №1255 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამასთან, ამავე კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ ნორმის მოქმედება ვრცელდება პლებისციტთან მიმართებითაც.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს.
9. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების დისკრიმინაციულობის მტკიცებისას მიუთითებს, რომ პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სადავო ნორმა არ იძლევა ცალკეულ ტერიტორიაზე ან სხვა ნიშნით გამორჩეული მოსახლეობის ფარგლებში მისი ჩატარების შესაძლებლობას.
10. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი თანაბრად ვრცელდება ყველა მოქალაქეზე. სადავო ნორმა განსაზღვრავს უშუალოდ პლებისციტის (რეფერენდუმის) ჩატარების არეალს და არ ადგენს პირთა რომელიმე ჯგუფის უფლება-მოვალეობას. ნორმით განსაზღვრული არეალი - საქართველოს მთელი ტერიტორია არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ თავისთავად იწვევდეს პირთა რომელიმე ჯგუფის გამოყოფას, დიფერენცირებას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს არ გამოუკვეთია სადავო ნორმიდან მომდინარე პირებს შორის დიფერენცირების ფაქტი და არც პირთა წრე, რომელთა შორისაც ხორციელდება დიფერენცირება. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას შორის. ამგვარად, №1255 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. მოსარჩელე მხარე „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმა მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას, გამოთქვან საკუთარი აზრი პლებისციტის მეშვეობით.
13. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება.
14. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი აწესრიგებს პლებისციტის ჩატარების არეალს. ამავე კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად“. მოსარჩელის პოზიციით, პლებისციტის არეალის განმსაზღვრელი ნორმა მას უზღუდავს შესაძლებლობას, რომ აზრი გამოთქვას კონკრეტულ ტერიტორიაზე ჩატარებული პლებისციტის საშუალებით.
15. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია პირის უფლება, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი ნებისმიერი საშუალებით. ამავე დროს, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ მოიცავს ადამიანის უფლებას, სახელმწიფოს მოსთხოვოს, განახორციელოს პოზიტიური ღონისძიებები და შეუქმნას რაიმე ინსტიტუციური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე, სხვა მოქალაქეებთან ერთად, აზრს გამოხატავს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული მოქალაქის უფლება, მოითხოვოს რომელიმე ტერიტორიაზე პლებისციტის ჩატარება და ამ გზით აზრი გამოხატოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები არ ზღუდავს მოქალაქის ან მოქალაქეთა ჯგუფის შესაძლებლობას, თავად გაუკეთონ ორგანიზება ნებისმიერ ტერიტორიაზე მოქალაქეთა გამოკითხვას და ამ ფორმით გამოხატონ საკუთარი აზრი სხვა მოქალაქეებთან ერთად.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების ფარგლების არასწორ აღქმას და კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოჩენილი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ უფლებას შორის.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1255 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
18. №1255 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ასევე მოითხოვენ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
19. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ადგენს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და რეფერენდუმში.
20. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური ტერმინების განმარტებისას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეიზღუდება მათთვის კანონმდებლის მიერ მინიჭებული შინაარსით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები უნდა განიმარტოს მათი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებულ განმარტებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რას გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტერმინი „რეფერენდუმი“ და რამდენად უკავშირდება მას მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხი - პლებისციტი და მისი ჩატარების ტერიტორიული არეალი.
21. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ერთმანეთისგან გამიჯნავს რეფერენდუმსა და პლებისციტს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად“. ხოლო ამავე კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პლებისციტი, როგორც აღინიშნა, არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პლებისციტს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით კი - პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
22. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
23. ზემოთ მოყვანილი კონსტიტუციური დებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ტერმინი „რეფერენდუმი“ გულისხმობს ხალხის მიერ თავისი ძალაუფლების განხორციელების ფორმას. აშკარაა, რომ რეფერენდუმი, როგორც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უშუალო დემოკრატიის ფორმა, ხალხის მიერ გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პლებისციტი, რომელიც წარმოადგენს კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვას საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, სარეკომენდაციო ხასიათის არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პლებისციტი ვერ ჩაითვლება „რეფერენდუმად“ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ პლებისციტში მონაწილეობის უფლებას არ იცავს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი და მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემა არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ უფლებას.
24. ამრიგად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული უფლების სფეროსა და ფარგლების არასწორ აღქმას. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ საარჩევნო უფლებას შორის.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1255 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1255 („საქართველოს მოქალაქეები - დავით ყიფიანი, ლიანა მჭედლიშვილი და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში