შპს სალხინო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/25/1686 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ნოემბერი 2023 20:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: შპს „სალხინო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1686) მომართა შპს „სალხინომ“. №1686 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 22 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს.
2. №1686 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი განსაზღვრავს ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის №2/3317-14 საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს „ფარმაცევტულ სახლ +“-სა და შპს „სალხინოს“ შორის წლების განმავლობაში არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში, შპს „ფარმაცევტული სახლი +“ შპს „სალხინოსგან“ შეისყიდდა ფარმაცევტულ პროდუქციას. ხსენებულ იურიდიულ პირებს შორის 2013 წლის 31 ივლისს შედგენილი №31-7 ურთიერთშედარების აქტის მიხედვით, შპს „სალხინოს“ დავალიანება შპს „ფარმაცევტული სახლი +“-ის მიმართ შეადგენდა 185063,83 ლარს, რომელიც ფარმაცევტული პროდუქციის საფასურის ნაცვლად შპს „სალხინომ“ მიიღო ავანსის სახით. თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „სალხინოს“ წარმომადგენლის პოზიციის თანახმად, სადავო ურთიერთშედარების აქტში მითითებული თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რომლის მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა შპს „სალხინოს“. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ შპს „სალხინოს“ არ წარუდგენია 185063,83 ლარის ღირებულების საქონელი, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დადგინდა შპს „სალხინოს“ წარმომადგენლის მიმართ მოტყუების, ნების გამოვლენის ნაკლოვანების ფაქტი 2013 წლის 31 ივლისის №31-7 ურთიერთშედარების აქტთან მიმართებით. ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დააკმაყოფილა შპს „ფარმაცევტული სახლი +“ -ის სარჩელი და შპს „სალხინოს“ დაევალა 185063,83 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოტყუებით შედგენილი, ყალბი მტკიცებულება (2013 წლის 31 ივლისის №31-7 ურთიერთშედარების აქტი). მისი აზრით, აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა მოსამართლეს მიეცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტს, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1686 კონსტიტუციურ სარჩელში, სადავოდაა გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, ყალბ მტკიცებულებებს სასამართლომ იურიდიული ძალა მიანიჭოს.
3. სადავო ნორმის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლების გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. გასაჩივრებული რეგულაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი რეგულირების სფერო შემოიფარგლება ვალდებულების შესასრულებლად, ვითომ-კრედიტორისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების ერთ-ერთი საფუძვლის განსაზღვრით და საერთოდ არ არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა და მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები. №1686 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ რა ფორმით შეიძლება უშვებდეს სადავო ნორმა სასამართლოს მიერ ყალბი მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობას. ზოგადად, სამოქალაქო საქმისწარმოებისას ამა თუ იმ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. მაგ., აღნიშნული კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე“, ხოლო ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია. შესაბამისად, სამოქალაქო საქმისწარმოებისას მხარე უფლებამოსილია, ერთი მხრივ, თავიდანვე – საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზევე დააყენოს ეჭვქვეშ წარდგენილი მტკიცებულების სანდოობა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ იმ მტკიცებულების სიყალბე, რომელსაც დაეყრდნო სასამართლოს გადაწყვეტილება, დადგინდება, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მოითხოვოს გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით.
4. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1686 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1686 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „სალხინო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში