საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | თანმხვედრი აზრი |
ნომერი | co2/22/1634 |
ავტორ(ებ)ი | Teimuraz Tughushi |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ნოემბერი 2023 19:39 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ თანმხვედრ აზრს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/22/1634 განჩინებასთან (შემდგომში „განჩინება“) დაკავშირებით.
2. ვეთანხმები განჩინებაში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ №1634 კონსტიტუციური სარჩელი იყო დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმისწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას. შესაბამისად, №1634 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყვეტილიყო. ამასთან, ვერ გავიზიარებ სარჩელის დაუსაბუთებლობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის არგუმენტაციას. კერძოდ, არ ვეთანხმები განჩინებაში მითითებულ მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული ნორმების ნაცვლად, სადავოდ უნდა გაეხადა „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მომწესრიგებელი ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება ტარიფის შემადგენელი კომპონენტები და მისი დადგენის პრინციპები (იხ. განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-11-მე-12 პარაგრაფები).
3. №1634 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ იყო გამხდარი „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში „სემეკის“) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი ჰორიზონტალური გრაფის (2023 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა. სადავო ნორმა განსაზღვრავდა გაზგამანაწილებელი კომპანიის - შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 1 მ3 ოდენობის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფებს, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, იმ ფიზიკურ პირთათვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი „„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის №10 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა, რომლის თანახმად, შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0.795 თეთრს 1მ3-ზე.
4. მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მოხდა ტარიფის განსაზღვრა. ამასთან, დადგენილი ტარიფები არ ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონსა და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობას. მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, განჩინებაში განმარტებულია, რომ სადავო ნორმების შინაარსი შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფისა და ტარიფში ფასნამატის განსაზღვრით და იგი არ მოიცავს ტარიფების გაანგარიშების/კორექტირების წესს, პირობებსა და კრიტერიუმებს. შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული არ არის სათანადო კრიტერიუმები, მათ შორის, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მოსახლეობის გადახდისუნარიანობა, მან უნდა გაასაჩივროს ბუნებრივი გაზის ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მომწესრიგებელი კანონმდებლობა და არა - სადავო ნორმები.
5. „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მომწესრიგებელი ნორმები, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიუთითა, განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების და მოხმარების ზღვრულ ტარიფთა გამოთვლის წესს. ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მეთოდოლოგია/გამოთვლის ფორმულა მოიცავს ისეთ ეკონომიკურ პარამეტრებს, როგორებიცაა კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები, ნორმატიული დანაკარგების ღირებულება, მომსახურების ხარისხის კომპონენტი და სხვა. დადგენილებით გათვალისწინებულ ფორმულათა შემადგენელი ელემენტების მიზანია ტარიფის იმგვარად განსაზღვრა, რომ იგი მაქსიმალურად ახლოს იყოს ობიექტურ რეალობასთან. ბუნებრივია, ეკონომიკური პარამეტრებით დეტერმინირებული ფორმულა ვერ გაითვალისწინებს ერთი კონკრეტული მომხმარებლის გადახდისუნარიანობას და მსგავსი მოწესრიგების მიზანი არც არის სოციალურ პოლიტიკას მიკუთვნებული საკითხების რეგულირება. მომხმარებელს აქვს თუ არა განსაკუთრებული სოციალური საჭიროება, რომლის მიმართაც სახელმწიფოს შესაძლოა, დამოუკიდებლად ჰქონდეს პოზიტიური ზრუნვის ვალდებულება, სემეკის მიერ ვერ იქნება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის განსაზღვრული საერთო ზღვრული ფასის გამოსაანგარიშებელ ფორმულაში გათვალისწინებული დამატებითი პარამეტრი. საბაზრო მომსახურებისთვის ზღვრული ტარიფის განსაზღვრა, რომელშიც ეკონომიკურ აქტორს აქვს დომინანტური პოზიცია და გაზის საფასურის სუბსიდირება მოსახლეობის დახმარების მიზნით, რომელთაც არ აქვთ საფასურის გადახდის შესაძლებლობა, ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია. ტარიფი დგინდება იმ მიზნით, რომ წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მიზანშეწონილ ფასად მოხდეს მომსახურების/პროდუქტის მომხმარებლისათვის მიწოდება. შესაბამისად, ტარიფი მეწარმესა და მომხმარებელს შორის არსებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ნაწილია. სუბსიდირების პირობებში კი სახელმწიფო საკუთარ რესურსს მიმართავს ამა თუ იმ პირთა წრის დასახმარებლად, რათა მათ უკვე დადგენილი პირობებით (ზღვრული ტარიფის ფარგლებში) შეძლონ შესაბამისი პროდუქტის (გაზის) შეძენა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მომხმარებლის გადახდისუუნარობის გამო სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების საჭიროება პრაქტიკულად შეუძლებელია, იყოს პროდუქტის/მომსახურების ზღვრული ტარიფის/ტარიფში ფასნამატის მაქსიმალური ოდენობის გამოსაანგარიშებელი მეთოდოლოგიის შემადგენელი კომპონენტი.
6. №1634 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განსაზღვრული ტარიფი არ ითვალისწინებს სოციალურ-ეკონომიკურ კრიტერიუმს და დამატებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მომხმარებლის გადახდისუნარიანობა. მოსარჩელეს არ მიაჩნია, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების არსებულ მეთოდოლოგიაში ერთი რომელიმე კონკრეტული კომპონენტი არასათანადოდ არის განსაზღვრული, რაც დადგენილ ტარიფს ობიექტურად არასამართლიანს და კონსტიტუციის საწინააღმდეგოს ხდის. სემეკის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ნორმებზე მითითება მართებული იქნებოდა, მოსარჩელე მხარე რომ დავობდეს ბუნებრივი გაზის ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების არსებულ მეთოდოლოგიაში რომელიმე კომპონენტის არასწორად განსაზღვრაზე, თუმცა მოსარჩელე მხარეს ამგვარი მოთხოვნა არ დაუყენებია. ამდენად, ვერ დავეთანხმები განჩინებაში მითითებულ მტკიცებას, რომ მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული ნორმების ნაცვლად, სადავოდ უნდა გაეხადა ტარიფის გადაანგარიშების/კორექტირების მომწესრიგებელი დებულებები, რამდენადაც ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგიური ნორმების რეგულირების სფერო ერთმნიშვნელოვნად სცდება იმის მოწესრიგებას, აქვს თუ არა კონკრეტულ მომხმარებელს გადახდის უნარი და, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან უნდა არსებობდეს თუ არა და რა ფორმით უნდა არსებობდეს ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი სოციალური მექანიზმი.
7. რაც შეეხება №1634 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებს, მათი ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიმართ აღმჭურველი ხასიათისაა. კერძოდ, სადავო დადგენილებებით განსაზღვრულია ფიზიკური პირებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფები, ასევე მიწოდების ტარიფში ფასნამატის მაქსიმალური ოდენობა. ასეთი ტიპის ზღვრული ტარიფების დადგენის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა მონოპოლიურ საბაზრო ურთიერთობებში ეკონომიკური აგენტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკებისაგან. კერძოდ, სახელმწიფო ადგენს იმ მაქსიმალურ ფასს, რომლის ფარგლებშიც მომსახურების გამწევმა სუბიექტმა - გაზგამანაწილებელმა კომპანიამ ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, მომხმარებლისაგან შეიძლება მოითხოვოს ანაზღაურება.
8. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. აღნიშნული დანაწესი ეხება საბაზრო ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს ‒ მომხმარებელს და ადგენს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის დონეზე მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვის კონსტიტუციურ ვალდებულებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნა სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც მიმართული იქნება ბაზრის მონაწილე მთავარ სუბიექტთა ინტერესების დაბალანსებისაკენ და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ სამართლიანი პირობებით წვდომასა და სარგებლობას ბაზარზე არსებულ მისთვის საინტერესო/საჭირო პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის შესრულების მიზნებისათვის, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, კონკრეტული ტიპის საბაზრო ურთიერთობის რეგულირების შემთხვევაში, თავი შეიკავოს იმგვარი პირობების დადგენისაგან, რომელიც დაარღვევს მეწარმესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში არსებულ ბალანსს ამ უკანასკნელის საზიანოდ, მეორე მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც მომხმარებელს დაიცავს ბაზრის ეკონომიკური აგენტების მიერ საკუთარი საქმიანობის არაკეთილსინდისიერად წარმართვისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-39). ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც საქმე ეხება ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით, წყლითა და დასუფთავების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-46).
9. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ზღვრული ტარიფის დადგენა არ არის ბუნებრივი გაზის განსაზღვრულ ფასად მიღების აბსოლუტური გარანტია და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ ცვლილებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ბაზარზე გლობალური ცვლილებები, მაგალითად, როგორიცაა ბუნებრივი გაზის საიმპორტო ღირებულების ზრდა, გამოიწვევს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასის გაძვირებას, თუმცა ცხადია, რომ ზღვრული ტარიფის დადგენა მომხმარებელს იცავს ბაზარზე არსებული ნაკლებად გლობალური ცვლილებებიდან მომდინარე (როგორიცაა მაგალითად მიმწოდებლის ფასების პოლიტიკა) ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასის ზრდისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ", II-12). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მიერ ბაზარზე არსებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე სამართლიანი პირობებით წვდომას. სწორედ მითითებული ვალდებულებით ნაგულისხმევ მექანიზმად უნდა ჩაითვალოს სადავო ნორმებით სემეკის მიერ ზღვრული ტარიფების/ტარიფში ფასნამატის მაქსიმალური ოდენობის დადგენა საბაზრო ურთიერთობის ისეთ სფეროში, რომელშიც სამომხმარებლო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული მიმწოდებელი, ხოლო პროდუქტის, მომსახურებისა და მონაწილე სუბიექტთა ბუნება განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობას.
10. მივიჩნევ, რომ №1634 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული ნორმები დაინტერესებულმა პირმა სადავოდ შეიძლება გახადოს იმ შემთხვევაში, თუ იგი სათანადო არგუმენტაციას წარმოადგენს და დაასაბუთებს, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა მონოპოლიურ საბაზრო ურთიერთობებში მომხმარებელთა დაცვის მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და, შესაბამისად, დადგენილი ზღვრული ტარიფი/ტარიფში ფასნამატის მაქსიმალური ოდენობა ჯეროვნად ვერ აზღვევს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკებს. ამავდროულად, მსგავსი სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში, საკმარისი ვერ იქნება უბრალო მითითება, რომ სადავო რეგულირება ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე სამართლიანი პირობებით წვდომას. ამ მხრივ, აუცილებელია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყოს კონკრეტული, მათ შორის, რაოდენობრივ ანალიზზე დამყარებული მტკიცებულებები და გაანგარიშება იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა საბაზრო ურთიერთობებში ეკონომიკური აგენტის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკების დაზღვევა.
11. მოსარჩელე მხარის პოზიცია მეტწილად ამოიწურება იმაზე მითითებით, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფების განსაზღვრისას გათვალისწინებული არ ყოფილა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვიზიარებ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ გასაჩივრებული ნორმების რეგულირების სფეროს სცდება იმის მოწესრიგება, რა ფორმით გადაიხდება მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური და სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა როგორ იქნება უზრუნველყოფილი, მას აანაზღაურებს მომსახურების მიმღები მომხმარებელი თუ სახელმწიფოს მიერ მოხდება კომუნალური მომსახურების გადასახადის გადახდის სრული ან ნაწილობრივი ხელშეწყობა (იხ. განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-17 პუნქტი). ამასთან, მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ზღვრული ტარიფის/ტარიფში ფასნამატის მაქსიმალური ოდენობის დადგენის მიღმა, გადახდისუუნარო მომხმარებლებთან მიმართებით რა ტიპის პოზიტიური ვალდებულება შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს, შეფასების საგანი ვერ იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონტექსტში. მოსარჩელე მხარეს შეუძლია, რომ ზღვრული ტარიფის დამდგენი ნორმისგან დამოუკიდებლად, იდავოს სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული სოციალური საჭიროებების მქონე პირთათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის გაზრდის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე, თუმცა სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის, რელევანტური სადავო ნორმისა და კონსტიტუციური დებულების შერჩევის შემთხვევაში.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ №1634 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებებით გამყარებული სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტაცია, რომელიც სემეკის მიერ დადგენილი ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფის/ტარიფში ფასნამატის მაქსიმალური ოდენობის ადეკვატურობას და, შესაბამისად, მონოპოლიურ ბაზარზე მომხმარებელთა დაცვისთვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი სისტემის ეფექტიანობას დააყენებდა ეჭვქვეშ. ამასთან, მოსარჩელე მხარის მითითება, რომ ტარიფთა განსაზღვრის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა, მის მიერ გასაჩივრებული ნორმების რეგულირების სფეროს სცდება და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება რელევანტურ არგუმენტაციად. ამდენად, №1634 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმისწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში