საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1253 |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ "ცენტრი მომავლის ინიციატივები", ლევან ალაფიშვილი |
თარიღი | 30 აგვისტო 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი: ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი. ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას. გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს; დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმები არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა; ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (მუხლი 28.1., 42.1. და 42.3 მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის/კანონის გასაჩივრებული ნორმებით; ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული; ზ) არ შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობის საკითხს რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტი/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
უფრო დეტალურად კი აღვნიშნავთ შემდეგს: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე, მე-40 მუხლების შესაბამისად, იმისთვის რომ დამკვირვებელმა ორგანიზაციამ შეიძინოს კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებები (მათ შორის საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნა, ამომრჩეველთა სიის შემოწმება-ასლის მიღება და ცვლილებების შეტანის მოთხოვნის უფლება, საარჩევნო ადმინისტრაციების გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება), რეგისტრაცია უნდა გაიაროს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, რაზედაც გადაწყვეტილებას 1 დღეში იღებს საოლქო საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. ქალაქ მცხეთის საარჩევნო ოლქში ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის, კოდექსით მინიჭებული უფლებების გამოყენებისა და დამკვირვებლების დანიშვნისათვის 2017 წლის 3 ივლისს მივმართეთ #27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიას და წარვუდგინეთ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივების“ რეგისტრაციისთანავე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზანი. #27 ქალაქ მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 2017 წლის 4 ივლისის #011 წერილით ფაქტობრივად უარი გვითხრა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის მიზანი არის არჩევნების პროცესზე დაკვირვება, არჩევნების პროცესი კი იწყება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების/კენჭისყრის დღის გამოცხადების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების თარიღი/კენჭისყრის დღე გამოცხადებული არ არის, არ არსებობს არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საფუძველი. #27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 4 ივლისის #011 წერილობითი პასუხი გავასაჩივრეთ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით დადგენილი წესით, რაზედაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 2017 წლის 12 ივლისის #01-02/1029 წერილში გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოტივაცია და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოვითხოვეთ კანონშეუსაბამოდ ცნობა და დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #3/4829-17. მოსამართლე თამარ მეშველიანი) ჩვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოსაზრებები რომ არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადებამდე საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს და მანამდე დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია არ შეიძლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოვითხოვეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებათა კანონშეუსაბამოდ ცნობა და დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის დავალება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მოსამართლეები: გ.ტყავაძე, მ.ცისკაძე, ნ.ქუთათელაძე) 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით (საქმე #3ბ/1598-17) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა კოლეგიის ერთი მოსამართლე, ნათია ქუთათელაძე, რომელმაც განსხვავებულ მოსაზრებაში სრულად გაიზიარა ჩვენი რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლები და კანონშეუსაბამოდ მიიჩნია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ასევე კოლეგიაში შემავალი მისი კოლეგა მოსამართლეების არგუმენტაცია. როგორც ვხედავთ საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ ზუსტადერთნაირად გაიგეს და განმარტეს გასაჩივრებული ნორმების შინაარსი და ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა დაუკავშირეს მხოლოდ საარჩევნო პროცესის ერთ მონაკვეთს - წინასაარჩევნო კამპანიას, დროის 2 თვიან პერიოდს კენჭისყრის დღის გამოცხადებიდან კენჭისყრის დღემდე. პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები: თუკი კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება, კომისიის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლება და ამომრჩველთა სიის გაცნობის უფლება საარჩევნო კოდექსით მხოლოდ სპეციალურ სუბიექტებს, მათ შორის დამკვირვებელ ორგანიზაციას აქვს, მაშინ კენჭისყრის დღემდე როგორ უნდა მოახდინონ ამ უფლებების რეალიზაცია? განსაკუთრებით საყურადღებო იყო ეს კითხვა საარჩევნო კოდექსის 31.7. მუხლის კონტექსტში, სადაც ხაზგასმით წერია, რომ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს „გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა.“ სამწუხაროდ საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლო სისტემამ ამ კითხვას პასუხი არ გასცეს. საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტების ამგვარმა განმარტებამ პირდაპირ შელახა ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, საარჩევნო უფლება, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და დაცვის უფლება. საარჩევნო უფლება არ მოიცავს მხოლოდ ხმის მიცემის უფლებას ან კენჭისყრის უფლებას, იგი ასევე მოიცავს საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობის უფლებას. მათ შორის, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციისა და დამკვირვებლის დანიშვნის ან უშუალოდ, ამომრჩველთა სიების გაცნობის გზით. საარჩევნო კოდექსის 2.„ნ“ მუხლიც სწორედ ამდაგვარი შინაარსის მატარებელია „ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად“. საჯარო ხელისუფლების არჩევითი ორგანოების ფორმირების/არჩევნების პროცესში მონაწილეობა შეიძლება პროცესზე დაკვირვების და ხმის მიცემის მეშვეობით. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიდან, რომელიც უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებზე მიუთითებს. კონსტიტუციის მე-5 მუხლსა და 28-ე მუხლს შორის კი პირდაპირი კავშირია, სწორედ მე-5 მუხლიდან გამომდინარეობს. აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2005 წლის 24 იანვრის #1/1/257 გადაწყვეტილებაში (საქართველოს მოქალაქეები - გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საარჩევნო პროცესსა და მასზე დაკვირვებაზე პირდაპირ მიუთითებს ვენეციის კომისია (ევროპული კომისია დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით), საარჩევნო ნორმათა კოდექსში (დოკ. #9624. (CDL-AD(2202)023rev) 13 ნოემბერი 2002 წ.), სახელმძღვანელო მითითებებსა და განმარტებებში. კერძოდ, სახელმძღვანელო მითითებების 3.2.ბ მუხლში მითითებულია: „არჩევნებზე დაკვირვება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კენჭისყრის დღით, არამედ უნდა მოიცავდეს ასევე საარჩევნო სუბიექტებისა და, თუ აუცილებელია, ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და წინასაარჩევნო კამპანიას. ეს შესაძლებელს გახდის დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევებს არჩევნებამდე, კენჭისყრის განმავლობაში თუ მის შემდგომ“. კოდექსის განმარტებების 88 პუნქტში კი აღნიშნულია: „არჩევნებზე დაკვირვება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კენჭისყრის დღით, არამედ უნდა ემსახურებოდეს იმის დადგენასაც ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევებს წინასაარჩევნო პერიოდში (მაგ. ამომრჩეველთა სიების არასწორი შედგენის, საარჩევნო სუბიექტებისათვის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლებების შექმნის, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოებისა თუ წინასაარჩევნო კამპანიის სახელმწიფო დაფინანსების დადგენილი წესების დარღვევების, ან რაიმე სხვა სახით), კენჭისყრის პროცესში (მაგ. ამომრჩევლებზე ზეწოლის, მრავალჯერადი ხმის მიცემის, ფარული კენჭისყრის დარღვევისა თუ სხვა ფორმით) და არჩევნების შემდეგ (განსაკუთრებით ხმების დათვლის, შედეგების შეჯამებისა თუ გამოცხადებისას). დაკვირვების პროცესში საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს დაცულია თუ არა ხელისუფლების მხრიდან ნეიტრალურობა.“ დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმით შეუძლებელი ხდება სასამართლოსათვის მიმართვისა და დაცვის უფლების კონსტიტუციური უფლებების გამოყენება საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას. საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-11 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული: „ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.“, ანუ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის არმქონე დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი განუხილველი დარჩება. აღნიშნულზე პირდაპირ მიგვითითა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსმართლე თამარ ონიანმა 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებაში (საქმე #3/5356-17), საქმეზე რომლითაც გავასაჩივრეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 31 ივლისის #86/2017 განკარგულება საარჩევნო ოლქების თაობაზე. სასამართლომ მოგვთხოვა დოკუმენტი საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც ბუნებრივია არ გვაქვს, რადგან საარჩევნო ადმინიასტრაციამაც და სასამართლომაც დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია შესაძლებლად მიიჩნიეს მხოლოდ კენჭისყრამდე 2 თვის განმავლობაში, არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადების შემდგომ პერიოდში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციის 28.1., 42.1. და 42.3. მუხლების საწინააღმდეგოა საარჩევნო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს მორიგი არჩევნების წელს არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადების შესახებ აქტის გამოცემამდე დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა