საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/6/1253 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:43 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 39-ე და მე-40 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1253) მომართეს საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილმა და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივებმა“. №1253 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 7 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1253 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 45-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი განმარტავს, რომ ამ კანონის მიზნებისთვის, არჩევნები წარმოადგენს საარჩევნო პროცესს, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა. ამავე კანონის 39-ე მუხლი განსაზღვრავს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლებამოსილ პირთა წრეს და ადგენს წინაპირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც ევალებათ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლების მოსაპოვებლად. ამავე კანონის მე-40 მუხლი აწესრიგებს დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაციის პროცედურულ საკითხებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, 28-ე მუხლის პირველი პუნქტით კი - დაცულია საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებსა და რეფერენდუმში. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყოველი ადამიანის უფლებას, თავისი უფლება-თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარემ 2017 წლის 3 ივლისს მიმართა №27 მცხეთის საარჩევნო ოლქს და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე და მე-40 მუხლებით დადგენილი წესით, მოითხოვა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება. 2017 წლის 4 ივლისს №27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის აქტით, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე და განემარტა, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის მიზანი არის არჩევნების პროცესზე დაკვირვება. თავის მხრივ, არჩევნების პროცესი იწყება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების/კენჭისყრის დღის გამოცხადების შემდეგ. დასაბუთებაში მითითებულია, რომ, ვინაიდან, რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის დროისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების თარიღი/კენჭისყრის დღე გამოცხადებული არ იყო, არ არსებობდა არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საფუძველი.
6. ზემოაღნიშნული აქტი მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. თუმცა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის მოტივაცია და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. მოსარჩელემ ისარგებლა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რეგისტრაციაზე უარის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია და 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთება ასევე გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ და 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან იგი ზღუდავს არჩევნების პროცესზე დაკვირვების უფლებას, რაც საარჩევნო უფლების ერთ-ერთი კომპონენტია. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაცულ სფეროში ასეთ ჩარევას არ აქვს გონივრული გამართლება.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიერ სადავო ნორმების იმგვარი განმარტებით, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციას არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე, ირღვევა სასამართლოსადმი მიმართვისა და დაცვის უფლება. ნორმათა ასეთი შინაარსი შეუძლებელს ხდის დამკვირვებელი ორგანიზაციის უფლებამოსილებათა რეალიზებას კენჭისყრის დღემდე. კერძოდ, იზღუდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი კომისიის სხდომაზე დასწრების, კომისიის გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისა და ამომრჩეველთა სიის გაცნობის შესაძლებლობა, რაც არჩევნების თარიღის გამოცხადებამდეც ხორციელდება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 28-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად”.
2. №1253 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ №1253 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3127-რს კანონით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დასახელებული კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა აგრეთვე საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის №3269-რს კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული სადავო ნორმების გასაჩივრებული რედაქცია ძალადაკარგულია.
3. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში საქმის შეწყვეტის საფუძველს, და, ამავდროულად, გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. ამდენად, №1253 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. №1253 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების და მე-40 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 71, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე იურიდიულ პირს უარი ეთქვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე. სადავო ნორმები ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა განმარტეს იმგვარად, რომ დაუშვებლად იქნა ცნობილი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია მანამ, სანამ ცნობილი არ გახდება არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი. მოსარჩელე მხარე სადავო რეგულირებას ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის სამ, შინაარსობრივად განსხვავებულ დებულებასთან მიმართებით (მე-14 მუხლი, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი და 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები). ამიტომ სასამართლო თითოეულ მათგანთან მიმართებით მოთხოვნის დასაბუთებულობას ცალ-ცალკე შეაფასებს.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
8. სადავო ნორმებით დადგენილი წესები დამკვირვებელი ორგანიზაციების მოთხოვნებთან, დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასთან დაკავშირებით აწესებს ერთნაირ მოთხოვნებს ყველა სუბიექტთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებით გათვალისწინებულ რეგულირებას დისკრიმინაციულ მოპყრობად. არ იკვეთება სადავო ნორმებიდან მომდინარე პირებს შორის დიფერენცირების ფაქტი და არც არსებითად თანასწორ პირთა წრე, რომელთა შორისაც ხორციელდება რაიმე სახის დიფერენცირება. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას შორის. ამგვარად, №1253 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა და მე-40 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 71, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო რეგულირება მათ უზღუდავს საარჩევნო უფლებას, რომელიც მოიცავს არჩევნებზე დაკვირვების უფლებრივ ასპექტს.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს აქტიური საარჩევნო უფლება. მას, როგორც ამომრჩეველს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში – მისცეს ხმა და აირჩიოს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის №1/1/257,268 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მეორე მხრივ, „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი იცავს პირის უფლებას, მოახდინოს პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაცია და არჩევნების გზით დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
11. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საყოველთაო საარჩევნო უფლება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას, თავისუფალი ნების საფუძველზე განახორციელონ როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება. საყოველთაო საარჩევნო უფლება არ მოიცავს პირის უფლებას, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას. ცხადია, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს სამართლიანი არჩევნების განხორციელებისა და ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების არჩევნების შედეგებზე ადეკვატური ასახვის ვალდებულებას, თუმცა არ ადგენს პირის უფლებას, რომ მოითხოვოს არჩევნებზე დაკვირვება.
12. ზოგადად, ამომრჩეველთა ნების არჩევნების საბოლოო შედეგებზე ადეკვატურად ასახვისა და შესაბამისი წესით არჩევნების ჩატარების ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია, არსებობდეს არაერთი საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული მექანიზმი. მათ შორის, ასეთ მექანიზმად, შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებზე დაკვირვება ობიექტური, ნეიტრალური დამკვირვებლების მიერ, რომლებიც აღნუსხავენ შესაძლო საარჩევნო დარღვევებს და ასეთი მექანიზმების არარსებობა, შესაძლოა, პოტენციურად განხილული იქნეს როგორც საარჩევნო უფლების შეზღუდვა. ამავდროულად, საყოველთაო საარჩევნო უფლება, თავისთავად, არ მოიცავს პირის უფლებას, დააკვირდეს არჩევნებს.
13. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე სადავო რეგულირების კონსტიტუციის 28-ე მუხლთან წინააღმდეგობას ასაბუთებს იმ არგუმენტაციით, რომ დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე უარის თქმით მას დაერღვა არჩევნებზე დაკვირვების უფლება. მოსარჩელე არ დავობს, მისი, როგორც ამომრჩევლის უფლების დარღვევაზე. იგი მიუთითებს, რომ ირღვევა მისი, როგორც დამკვირვებლის უფლება. როგორც აღინიშნა, ასეთი უფლება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლების ნაწილი არ არის. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ საარჩევნო უფლებას შორის.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1253 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების და მე-40 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 71, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმების კონსტიტუციურობა ასევე გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყოველი ადამიანის უფლებას, თავისი უფლება-თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ხოლო 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
16. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55).
18. კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ნორმები განმარტავს არჩევნებს, განსაზღვრავს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლებამოსილ პირთა წრეს და ადგენს წინაპირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც ევალებათ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს. ნორმებით ასევე მოწესრიგებულია დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაციის პროცედურული საკითხები. სადავო ნორმები არ შეეხება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსათვის მიმართვის გზით დაცვის რეგულირებას. მის საფუძველზე არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის ანდა სასამართლოს მეშვეობით რომელიმე უფლების დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა. აშკარაა, რომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება, ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცული უფლებების შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, მისთვის პრობლემას წარმოადგენს მატერიალური უფლების - არჩევნებზე დაკვირვების ფარგლები. მოსარჩელე მხარე პრობლემურად არ ხდის აღნიშნული უფლების სასამართლო წესით დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული სადავო ნორმებით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოჩენილი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცულ უფლებებს შორის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1253 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების და მე-40 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 71, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1253 („საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების და მე-40 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 71, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. შეწყდეს სამართალწარმოება №1253 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი