„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1801 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი |
თარიღი | 6 ნოემბერი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტი: „საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ |
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტი: „საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-3 პუნქტი: „თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ |
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-3 პუნქტი: „თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. |
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტი: „საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-3 პუნქტი: „თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
მოსარჩელე „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ ფლობს ისეთ ონლაინ გამოცემებს როგორიცაა, „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/about-main/mission) და „რეგინფო“ https://reginfo.ge/reginfo. ორივე გამოცემა ძირითადად აშუქებს რეგიონებში (თბილისის გარეთ) მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, სამართლებრივ მოვლენებს. სარჩელს თან ერთვის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის 2020 წლის 21 ივლისის №1/16-20 წერილი, სადაც აღნიშნულია: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის თანახმად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო და ვიდეო გადაღების თაობაზე.“
ამ წერილიდან არ ჩანს, კონკრეტულად რა გახდა უარის მიზეზი: ის, რომ ამ კონკრეტულ სხდომას იღებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, წილისყრით შერჩეული საერთო მაუწყებელი თუ ის გარემოება, რომ „რეგინფო“ არც საზოგადოებრივ მაუწყებელს და არც საერთო მაუწყებელს არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, უარის მიზეზი ახსნილია სარჩელზე თანდართულ კიდევ ერთ, 2013 წლის 13 სექტემბრის №1/113-13, წერილში, რომელიც მოსარჩელე „საინფორმაციო ცენტრების ქსელს“ გაუგზავნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ, ლანა კვირკველიამ. ამ წერილში აღნიშნულია:
„თქვენი 2013 წლის 13 სექტემბრის განცხადების პასუხად, სადაც ითხოვთ, განახორციელოთ ბრალდებულ მერაბ ზვიადაურის სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესის ფოტო, ვიდეოგადაღება, გაცნობებთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა. ხოლო, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით, განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს. სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. ვინაიდან თქვენ (იგულისხმება წერილის ადრესატი - „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“) არ წარმოადგენთ არც საზოგადოებრივ მაუწყებელს და არც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სხვა მფლობელს, ვერ განახორციელებთ სასამართლო პროცესის ფოტოგადაღებასა და ვიდეოჩაწერას.“
სარჩელს ასევე თან ერთვის 2015 წლის 14 აპრილს „საინფორმაციო ცენტრების ქსელებისათვის“ ლანა კვირკველიას მიერ თელავის რაიონული სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსით გაგზავნილი №257 წერილი.
აღნიშნულ წერილში მითითებულია: „2015 წლის 5 აპრილს თელავის რაიონულ სასამართლოში (ელექტრონული სახით) შემოსული თქვენი განცხადების პასუხად, გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, თელავის რაიონული სასამართლოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის მოთხოვნის შესახებ შემოვიდა 10 განცხადება. აქედან ტელეკომპანია „თანამგზავრი-ს“ (ეს ტელევიზია მაუწყებლობს თელავში) (შემოსული ორი - 30.04.14 და ერთი - 31.10.14წ) და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემოსული ერთი 11.03.15) განცხადება დაკმაყოფილდა. ტელეკომპანია „გორდა-TV“-ს [1] ორი (შემოსული ორივე 30.04.14წ), კახეთის საინფორმაციო ცენტრის ორი (შემოსული 30.04.14წ) და საინფორმაციო ცენტრი localinfo.ge-ს ორი (შემოსული ორივე 30.04.14). განცხადება არ დაკმაყოფილდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის არქონის გამო.“
ამგვარად, თელავის რაიონულ სასამართლოში ფართოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს ის, რომ სასამართლო პროცესის ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღების უფლებას აძლევენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ამ უფლებაზე, სასამართლო პროცესის ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღების საშუალება ეძლევა საერთო მაუწყებლებს - ტელევიზიას და რადიოს, რომელსაც აქვს ლიცენზირება/ავტორიზაცია ახალი ამბების და საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამების ჩვენებაზე. სადავო ნორმებზე დაყრდნობით, თელავის რაიონული სასამართლო პროცესის ჩაწერის ან მისი პირდაპირი ტრანსლირების უფლებას არ აძლევს, ინტერნეტ-პორტალებს, ასევე საკაბელო კომპანიებს (მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ იურიდიულ პირებს).
ამ სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც უკრძალავს ინტერნეტ პორტალს, რომელიც არც საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის პროგრამების მქონე ტელევიზიაა, არც ამგვარი რადიო, გადაიღოს ან პირდაპირ ეთერში გაუშვას სასამართლო პროცესები, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა კერძო ტელევიზია და რადიო უარს იტყვის მთლიანად პროცესის ან მისი ნაწილის გადაღებაზე ან პირდაპირ ეთერშიო გადაცემაზე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვესსაქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;“
სადავო ნორმა უკვე გავრცელდა მოსარჩელეზე, მოსარჩელეს იმის გამო, რომ არ იყო საერთო მაუწყებელი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის მქონე ტელევიზია და რადიო - არ მიეცა სასამართლო პროცესის ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღების უფლება - იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, თელავში მოქმედ კერძო ტელეკომპანია „თანამგზავრს,“ საქართველოში მოქმედ სხვა ტელევიზიასა და რადიოს არავითარი ინტერესი არ გამოუხატავთ ამ პროცესთან მიმართებაში. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე და მეხუთე ქვეპუნქტით, ასევე კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია ორგანული კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
[1]კახეთში მოქმედი საკაბელო კომპანია. ანუ კომპანია, რომელიც საკაბელო ქსელის მეშვეობით ტელევიზიების ტრანზიტს ახორციელებს მაგთის, სილქტივის და აიეტის მსგავსად https://knews.ge/?p=27369
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსის იდენტიფიცირება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია. უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის, მათი მოთხოვნისთანავე.“ თუკი სასამართლო არ მიიღებს განჩინებას, სახელმწიფო საიდუმლოების, პირადი ცხოვრების უფლების ინტიმური ასპექტების, არასრულწლოვანების ინტერესების დასაცავად, სხდომის მთლიანი ან ნაწილობრივი დახურვის შესახებ, ზემოთ ხსენებული ნორმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შესაძლებლობა - მოსამართლის წინასწარი თანხმობის გარეშე - გადაიღოს ან პირდაპირ ეთერში გაუშვას სასამართლო სხდომა, საქალაქო (რაიონულ), სააპელაციო და უზენაეს (ზეპირი მოსმენის ჩატარების შემთხვევაში) სასამართლოებში. ამისათვის დაცული უნდა იყოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტით დადგენილი პირობები: კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხდომა უნდა გადაიღოს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ნაფიცი მსაჯული, არ უნდა გაამჟღავნოს მისი ვინაობა, არ გადაიღოს მოწმე და დაზარალებული, თუკი მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, ნებისმიერ სხვა მედია საშუალებას, მიაწოდოს მის მიერ გადაღებული სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პირდაპირი ჩართვის სიგნალი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მესამე ნაწილი არეგულირებს შემთხვევას, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს ამბობს სასამართლო პროცესის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაღებაზე, არ ცხადდება სასამართლო პროცესზე, არ ამჟღავნებს ინტერესს პროცესის მიმართ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა. ეს გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, რა სასამართლო პროცესები გადაიღოს და რა დოზით. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია ის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საერთოდ არ მიავლინოს ჟურნალისტი და ოპერატორი სასამართლოში სხდომის გადასაღებად ან გადაღება შეწყვიტოს სხდომის დასრულებამდე. არავის, მათ შორის, სასამართლოსაც, არ გააჩნია იმის უფლება, დაავალდებულოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, გამოცხადდეს და სრულად გადაიღოს სასამართლოს სხდომის მიმდინარეობა. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპი ჰქონდა მხედველობაში კანონმდებელს, როცა დაარეგულირა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სხდომის გაშუქებისაგან თავის შეკავების შემთხვევა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.“
ამგვარად, სხვა სუბიექტს - საერთო საეთერო მაუწყებელს - ენიჭება სასამართლო პროცესის ფოტო, ვიდეოგადაღება და პირდაპირი ტრანსლირების უფლება, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გამოცხადდება პროცესზე ან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვებს სასამართლო სხდომას. საერთო საეთერო მაუწყებელს კანონმდებელი, ასეთ შემთხვევაში, ანიჭებს სასამართლო პროცესის ჩაწერის ან პირდაპირი ეთერში გადაცემის უფლებას. თუ პროცესს რამდენიმე საერთო საეთერო მაუწყებელი ესწრება, სასამართლო წილისყრით წყვეტს, რომელმა მათგანმა უნდა ჩაიწეროს ანდა პირდაპირ ეთერში გადასცეს სასამართლო სხდომა. წილისყრით გამოვლენილი საერთო საეთერო მაუწყებელი ვალდებულია, როგორც ვიდეოჩანაწერი, ისე პირდაპირი ჩართვის სიგნალი ხელმისაწვდომი გახადოს იმ საერთო მაუწყებლისათვის, რომელიც ვერ შეირჩა წილისყრის გზით, ისევე როგორც იმ მედიისათვის, რომელიც არ წარმოადგენს საერთო საეთერო მაუწყებელს.
„საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ არ იქნება უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე, თუკი დადგინდა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საერთო საეთერო მაუწყებელს. მართალია, თელავის რაიონულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ არ წარმოადგენს საერთო საეთერო მაუწყებელს და შესაბამისად, მას არა აქვს სასამართლო სხდომის ვიდეო ჩანაწერის გაკეთების და პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება, ამის მიუხედავად, მოსარჩელე საჭიროდ თვლის, კანონმდებლობის სისტემური ანალიზის საფუძველზე, დაადგინოს, რომელი სუბიექტები ჩაითვლებიან „საერთო საეთერო მაუწყებლებად,“ სადავო ნორმის მიზნებისათვის და წარმოადგენს თუ არა, მოსარჩელე, როგორც საინფორმაციო ინტერნეტ პორტალი, „საერთო საეთერო მაუწყებელს,“ რაც სადავო ნორმის საფუძველზე, მას მისცემდა შესაძლებლობას, მოეთხოვა წილისყრაში მონაწილეობა ან სასამართლო სხდომის გადაღება/ტრანსლაცია, თუკი სასამართლო სხდომას სხვა მედია საშუალება არ ესწრება.
უნდა დავადგინოთ, რას ნიშნავს სიტყვები „საერთო“ „საეთერო“ „მაუწყებელი“ როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კავშირში, ამისათვის უნდა გამოვიყენოთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ თელავის რაიონულ სასამართლოს, იმის მიუხედავად, რომ მივიდა სწორ დასკვნამდე, რომ „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ არ იყო საერთო საეთერო მაუწყებელი, სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ექცეოდა „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ „საერთო საეთერო მაუწყებლის“ ცნების ქვეშ.
დავიწყოთ სიტყვა „მაუწყებლის“ განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად: „მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;“ ამგვარად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, მაუწყებლად ჩაითვლება ტელევიზია და რადიო. მაუწყებელი - ტელევიზია და რადიო შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, კერძო მაუწყებელი, სათემო მაუწყებელი და საუნივერსიტეტო მაუწყებელი. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი განმარტავს რადიომაუწყებლის და ტელემაუწყებლის ცნებას. აღნიშნული მუხლის „ტ1“ მიხედვით, რადიომაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „ტ3“ ქვეპუნქტი ასევე განსაზღვრავს გამოძახებით აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლის ცნებას, რომელიც რადიოსა და ტელევიზიისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს მაუწყებელს. აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, რომლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით მომხმარებელი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ, თავის მიერ შერჩეულ დროს უყურებს პროგრამებს; ამგვარად, მაუწყებლად ჩაითვლება რადიო და ტელევიზია, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ დროს სთავაზობს აუდიტორიას რადიოს შემთხვევაში მხოლოდ აუდიოპროდუქციას, ხოლო ტელევიზიის შემთხვევაში - აუდიოვიზუალურ პროდუქციას. რაც შეეხება აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებელს, მაუწყებელისაგან განსხვავებით, პროგრამის ყურების ან მოსმენის დროს განსაზღვრავს არა ამ პროგრამის მიმწოდებელი, არამედ თავად მომხმარებელი კონკრეტულ საიტზე ვიზიტის მეშვეობით.
ამგვარად, მაუწყებლის ცნების ქვეშ არ ექცევა არა მარტო ბეჭდური მედია, რომელიც აუდიტორიას ინფორმაციას აწვდის ბეჭდური ან სტატიკური ფოტოსურათების სახით, არამედ ინტერნეტი, სადაც კონკრეტულ აუდიოვიზუალურ ინფორმაციაზე ადამიანს წვდომა აქვს მის მიერ შერჩეულ დროს, მაშინ, როცა მომხმარებელი კონკრეტულ საიტს მოინახულებს. ამის საპირისპიროდ, მაუწყებლად უნდა ჩაითვალოს ისეთი რადიო ან ტელევიზია, რომელიც კონკრეტულ პროგრამას აუდიტორიას მხოლოდ კონკრეტულ დროს სთავაზობს, მაგალითად, მაყურებელი საინფორმაციო გამოშვებას მხოლოდ 9 საათზე, სერიალს 10 საათზე უყურებს. მაუწყებლის შემთხვევაში პროგრამის ნახვის დროს თავად მაუწყებელი უნდა განსაზღვრავდეს და არა მაყურებელი ან მსმენელი. ცხადია, ასეთ პირობებში, ინტერნეტ მედია ვერ მოექცევა „მაუწყებლის“ ცნებაში.
რაც შეეხება სიტყვა „საეთეროს,“ ტელევიზიასთან მიმართებაში საეთერო ტელემაუწყებლობის ცნება განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ჰ63“ ქვეპუნქტის თანახმად, ღია საეთერო მულტიპლექსპლათფორმა ნიშნავს მულტიპლექსპლათფორმას რომელიც განკუთვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლების განსათავსებელად; ამავე მუხლის „ჰ64“ პუნქტის თანახმად, მაღალი გარჩევადობის ფორმატი არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული ტელემაუწყებლობის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესის დადგენისას; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ51“ ქვეპუნქტის მიხედვით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად; ხოლო ამავე მუხლის „ჰ52“ ქვეპუნქტის თანახმად, მულტიპლექსპლატფორმა არის ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად.“ ამგვარად, საეთერო ტელემაუწყებლობა არის სატელევიზიო არხების გადაცემა ციფრული მიწისზედა სადგურის, მულტიპლექსპლათფორმის მეშვეობით. ამგვარი სატელევიზიო არხების მიღება შესაძლებელია ანტენის და სეთ-თოფ-ბოქსის მეშვეობით. [1] საეთერო მაუწყებლობა მულტიპლექსპლათფორმით გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული პროგრამაზე წვდომა მაყურებელს ექნება მხოლოდ განსაზღვრულ დროს. იმის გამო, რომ საეთერო მაუწყებლობა გულისხმობს მხოლოდ სეთ-თოფ-ბოქსით ღია მულტიპლექსპლათფორმიდან სატელევიზიო არხის მიღებას, საეთერო ტელემაუწყებლად არ ჩაითვლება სატელევიზიო არხი, რისი მიღებაც შესაძლებლებია მხოლოდ საკაბელო ქსელით, აუდიომომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების მომსახურების მეშვეობით. თუმცა შესაძლოა ერთი და იგივე სატელევიზიო არხი ხელმისაწვდომი იყო მულტიპლექსპლათფორმაზე, საკაბელო ოპერატორთან და ვიდეოგაზიარების მომსახურების მიმწოდებელთანაც. ეს გარემოება გავლენას არ მოახდენს იმაზე რომ სატელევიზიო არხი ჩაითვალოს საეთერო მაუწყებლად.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საეთერო ტელემაუწყებლად ითვლება მულტიპლექსპლათფორმაზე განთავსებული სატელევიზიო არხი, რომლის მიღებაც შესაძლებელია სეთ-თოფ-ბოქსით და ანტენით. სატელევიზიო არხი, რომლის ყურებაც ამ გზით შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება საეთერო ტელემაუწყებლად და ვერ მოიპოვებს სასამართლო სხდომის გადაღების და ტრანსლირების უფლებას.
სასამართლო პროცესების ჩაწერის/პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება აქვთ საეთერო რადიომაუწყებლებსაც. საეთერო რადიომაუწყებელს მიეკუთვნება პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს ლიცენზია FM სიხშირეზე. საეთერო რადიომაუწყებლად ვერ ჩაითვლება რადიო, რომელიც აუდიო პროგრამას, თუნდაც მის მიერ შერჩეულ დროს, ავრცელებს ინტერნეტის მეშვეობით. თუკი საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის დასაწყებად აუცილებელია ავტორიზაცია, FM სიხშირეზე რადიომაუწყებლობის დასაწყებად აუცილებელია ლიცენზირება.
გასარკვევი დაგვრჩა ტერმინი „საერთოს“ მნიშვნელობა. თუკი ტერმინი „საეთერო“ ეხებოდა მაუწყებლობის მეთოდს, ტექნიკურ მხარეს (მაუწყებლობის გავრცელებას მულტიპლექსპლათფორმით და FM სიხშირით), ტერმინი „საერთო“ მიუთითებს მაუწყებლობის შინაარსზე. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ტელე და რადიო პროგრამების შინაარსის მიხედვით ერთმანეთისაგან განასხვავებს საერთო და სპეციალიზირებულ მაუწყებლებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა; ამავე მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა; ამგვარად, საერთო მაუწყებლობის შემთხვევაში, ტელევიზია და რადიოს უნდა ჰქონდეს როგორც საინფორმაციო პროგრამები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ასევე სხვა ტიპის გადაცემებიც (მაგალითად, სამედიცინო, გასართობი, შემეცნებითი ხასიათის პროგრამები). საერთო მაუწყებელი ისეთი მაუწყებელია, რომელსაც აქვს მინიმუმ ორი თემატიკის პროგრამა, საიდანაც ერთ-ერთი უნდა იყოს ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის გადაცემებია. მაგალითად, საერთო მაუწყებელია ისეთი ტელევიზია, რომელიც ეთერში უშვებს მხოლოდ საინფორმაციო პროგრამებს და სერიალებს ან რადიო, რომელიც გადასცემს ახალ ამბებს და მუსიკას. რაც შეეხება სპეციალიზებულ მაუწყებელს, ეს არის ერთი თემატიკის მქონე სატელევიზიო არხები და რადიოსადგურები. ამის მაგალითია, მუსიკალური არხები (პირველი სტერეო, Music box), იუმორისტული არხი (კომედი არხი) და ა.შ. სპეციალიზებულ არხებს ეკრძალებათ ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ეთერში გადაცემა.
ამგვარად, პირველი სტერეო, კომედი არხი, რადიო „ფორტუნა+“ მართალია არიან საეთერო მაუწყებლები, თუმცა ეკრძალებათ სასამართლო სხდომების გადაღება და ტრანსლაცია, ვინაიდან ისინი არ აკმაყოფილებენ სიტყვა „საერთოს“ მოთხოვნას.
ამგვარად, „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ ვერ აკმაყოფილებს სადავო ნორმაში ჩაწერილი სიტყვების - „საერთო საეთერო მაუწყებლობის“ - მოთხოვნებს. „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მასალა არ ვრცელდება მულტიპლექსპლათფორმით ან FM სიხშირით. „საინფორმაციო ცენტრის ქსელის“ მიერ მომზადებული აუდიოვიზუალური მასალის ნახვა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საიტზე ვიზიტზე და არა „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიერ კონკრეტულ დროს ამ მასალის მიწოდებაზე. აქედან გამომდინარე, „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ არ გადის ავტორიზაციას, როგორც მულტიპლექსპლატფორმით მაუწყებელი ტელევიზია და ლიცენზირებას, როგორც FM სიხშირით მაუწყებელი რადიო. მოსარჩელე არ არის საერთო საეთერო მაუწყებელი და, სადავო ნორმით, მას არა აქვს სასამართლო სხდომების გადაღების/პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება.
2. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტების ავტორიტეტულობა
იმის გათვალისწინებით, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ არაერთგზის გამოიყენა გასაჩივრებული ნორმა იმ ნორმატიული შინაარსით, რაც უკრძალავს ინტერნეტ გამოცემას სასამართლო სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების უფლებას, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ნორმის ავტორიტეტული განმარტება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით: „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. თუმცა ამ ზოგადი წესიდან შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი არსებობდეს, მათ შორის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება, რომ ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შინაარსი საბოლოოდ განისაზღვრა. ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა ასევე ნორმის ბუნდოვანებაზე და მის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებდეს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის N1/2/552. გადაწყვეტილება საქმეზე სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-16)
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სხდომის გადაღების უარის გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გაასაჩივროს მხარეებმა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, თუ დარღვეული იქნება საჯაროობის პრინციპი. ჟურნალისტები არ არიან პროცესის მხარეები, ისინი არიან პროცესის დამსწრეები. შესაძლოა მხარეების ინტერესში არ შედიოდეს ინტერნეტ მედიისათვის სასამართლო პროცესის გადაღებაზე უარის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. მედიის ინტერესი - აუდიტორიას სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდოს მართლმსაჯულების აღსრულების შესახებ - განსხვავდება ბრალდებულის ინტერესისაგან - მედიის დასწრების გზით, ისარგებლოს სამართლიან და საჯარო პროცესზე უფლებით. პროცესის საჯაროობა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა სულაც არ შედიოდეს ბრალდებულის ინტერესში (მას არ სურდეს მისი მაინკრიმინირებელი მტკიცებულებების შესახებ გაიგოს საზოგადოებამ), მეორეს მხრივ, შესაძლოა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რის გამოც აუცილებელია პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღოს იმაზე მეტმა ადამიანმა, ვიდრე ამას სასამართლო სხდომის დარბაზი იტევს. შესაბამისად, ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება - მოიპოვოს და გაავრცელოს მართლმსაჯულების აღსრულების შესახებ ინფორმაცია - დამოკიდებული ვერ იქნება ბრალდებულის ან პროკურორის, ინდივიდის და ადმინისტრაციული ორგანოს, კერძო დავის მონაწილეების სურვილზე, გაასაჩივრონ, სასამართლოს მიერ ინტერნეტ მედიისათვის პროცესის გადაღებაზე/ტრანსლირებაზე უარი, სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეზე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ითვალისწინებს სხდომის გადაღებაზე/ტრანლისრებაზე უარის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას. გასაჩივრების არარსებობის პირობებში, გზა ეხსნება სხვადასხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მხრიდან სადავო ნორმის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას. ამიტომ არ უნდა არსებობდეს იმგვარი მოლოდინი, რომ გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი სასამართლოები უზრუნველყოფენ ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების შესაძლებლობას, რაც იმავდროულად იქნება სადავო ნორმის ავტორიტეტული განმარტება. გასაჩივრების არ არსებობის პირობებში, რაიონულ სასამართლოებში დარჩება იგივე პრაქტიკა, რაც ამ სასამართლოებმა სადავო ნორმასთან მიმართებაში დაადგინეს. სწორედ ამიტომ, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტება ავტორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმის სისტემური და სიტყვა-სიტყვითი განმარტება იძლევა იმგვარი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რისკენაც თელავის რაიონული სასამართლო მივიდა.
ინტერნეტ მედიას არა აქვს სხდომის გადაღებაზე სასამართლოს უარის გასაჩივრების შესაძლებლობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.
სასამართლო სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის მართლმსაჯულების აღსრულების პროცესის განუყოფელი ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 თავში დადგენილია სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი ძირითადი ნორმები. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლი დასათაურებულია როგორც „სამართალწარმოება.“ კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.“ ამგვარად, პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებული საკითხი უშუალოდ უკავშირდება სასამართლოს მიერ სამართალწარმოების განხორციელებას. სამართალწარმოება, მართლმსაჯულების განხორციელება კი ის პროცესია, რაზეც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, შესაბამისად, სხდომის გადაღების/ტრანსლირების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რაც გამორიცხავს. ჟურნალისტის/მედიის საჩივრის საფუძველზე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სხდომის გადაღების/ტრანსლირების აკრძალვის კანონიერების შემოწმებას და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას.
ამგვარად, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტება, რაც ინტერნეტ მედიას უკრძალავს სასამართლო სხდომის გადაღებას/ტრანსლაციას, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და საერთო საეთერო მაუწყებლები უარს იტყვიან სასამართლო სხდომის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაღებაზე, უნდა ჩაითვალოს ავტორიტეტულად და უნდა დაექვემდებაროს სრულ კონსტიტუციურ კონტროლს.
3. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი საუბრობს ადამიანზე, თუმცა კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.“ იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი („მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლი), ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება ვრცელდება იურიდიულ პირებზე, მათ შორის მოსარჩელე შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელზე.“
კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების თავისუფლებას. ტერმინი „ინფორმაცია“ ვერ იქნება განმარტებული ვიწროდ, იმისათვის რომ მასში მოაზრებული იქნას მხოლოდ ზეპირად ან წერილობითი ფორმით ინფორმაციის მოძიების და გავრცელების შესაძლებლობა. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგია - ინტერნეტი იძლევა აუდიოვიზუალური (ხმით და გამოსახულებით) ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას. ასეთი ფორმით გავრცელებული ინფორმაცია უფრო სანდო და ზუსტია, ვიდრე ზეპირად ან წერილობით ინფორმაციის გავრცელება. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ გაეროს პაქტის (საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 1994 წელს 3 აგვისტოს) მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით.“
ამგვარად, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს, ზეპირი და წერილობითი ფორმის გარდა, უფლების სუბიექტის არჩევანით, ინფორმაციის სხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობასაც. ხმით და მოძრავი გამოსახულებით ინფორმაციის მიღება და გავრცელება თანამედროვე სამყაროში გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს. სასამართლოს შესახებ ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეპორტაჟის ან პირდაპირი ტრანსლაციის ყურების შედეგად მაყურებელი იღებს ისეთ ინფორმაციას როგორიცაა: ვინ არის ბრალდებული, რა დანაშაულის ჩადენაშია პირი ბრალდებული, რა მტკიცებულება ადასტურებს ამ ბრალდებას, ვინ არიან მოწმეები. სადავო ნორმა არ გამორიცხავს ამ ინფორმაციის ზეპირად მოპოვების და მისი წერილობით ან ზეპირად გავრცელების შესაძლებლობას ინტერნეტ მედიის მიერ, როცა სხდომის კადრები არ არის გადაღებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ. ამასთან აღსანიშნავია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს.“
ამგვარად, ინტერნეტ მედიას აქვს აუდიოჩაწერის უფლება. აუდიოჩაწერა არის საკმარისი სასამართლო პროცესის სწორად გასაშუქებლად, მაგრამ არასაკმარისია სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად გასავრცელებლად. ხშირად სასამართლო იკვლევს ვიდეოჩანაწერებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. აუდიოჩაწერა გამორიცხავს ამ მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის სრულყოფილად მიწოდების შესაძლებლობას, თუკი პროცესს არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი, რომელიც იღებს აღნიშნულ საპროცესო მოქმედებებს.
სადავო ნორმით ერთდროულად აქვს ადგილი როგორც ინფორმაციის მიღების ისე მისი გავრცელების უფლების შეზღუდვას. სადავო ნორმა ინტერნეტ მედიას უკრძალავს სხდომის მიმდინარეობის ვიდეოს ჩაწერას, ფოტოს გადაღებას, როცა სხდომას არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. რაც შეეხება პირდაპირ ჩართვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაცია მომენტალურად მიდის ადრესატამდე - მედიის აუდიტორიამდე. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა- ინტერნეტ მედიამ სასამართლოდან პირდაპირი ჩართვა განახორციელოს, უნდა ჩაითვალოს ინფორმაციის გავრცელების უფლების შეზღუდვად, ხოლო ვიდეოჩაწერის და ფოტოგადაღების აკრძალვა - ინფორმაციის მოპოვების უფლების შეზღუდვად.
უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ მიემართება მხოლოდ ინტერნეტ მედიას. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ასევე ბეჭდურ მედიაზე. მართალია. ბეჭდური მედიის ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებს სცილდება აუდიოვიზუალური ჩანაწერის გავრცელება და ეს შეზღუდვა ბეჭდურ მედიასთან მიმართებაში არარელევანტურია, თუმცა ბეჭდურ მედიას შეუძლია, გაზეთის ან ჟურნალის ფურცლებზე სასამართლო პროცესის ამსახველი ფოტოსურათის დაბეჭდვა. ვინაიდან ბეჭდური მედია არც საზოგადოებრივი მაუწყებელი, არც საერთო საეთერო მაუწყებელი არ არის, სადავო ნორმები მას უკრძალავს პროცესზე ფოტოსურათის გადაღებას, ამის გამო ბეჭდური მედია მოკლებული რჩება, ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
სადავო ნორმა ზღუდავს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების მანერას - სასამართლო პროცესის ფოტო-ვიდეოგადაღებას, სასამართლოდან პირდაპირ ჩართვას, თუკი პროცესს არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი. კანონმდებლობა უშვებს ინტერნეტ მედიის მიერ საჯარო სასამართლო სხდომიდან ინფორმაციის ზეპირად ან წერილობით მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობას. სასამართლოს მიმდინარეობისას ჟურნალისტს შეუძლია შეადგინოს წერილობითი და აუდიო ჩანაწერები. ამასთან სადავო ნორმა არ აწესებს შეზღუდვას ჟურნალისტის მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებთან მიმართებაში. სადავო ნორმა არ უკრძალავს ჟურნალისტს შეაფასოს სასამართლოს მიერ განხილული მტკიცებულებების უტყუარობა ან სასამართლო განაჩენის კანონიერება. ასეთი შეზღუდვა, მისი არსებობის შემთხვევაში, იქნებოდა კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ აზრის თავისუფლებაში ჩარევა, რასაც ამ შემთხვევაში არ ვხვდებით. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაში ჩარევა გამოიხატება არა შინაარსობრივ რეგულირებაში, არამედ ჩარევის მანერაში - ვიდეო ჩაწერის, ფოტო გადაღების და პირდაპირი ტრანსლაციის აკრძალვაში.
ამ სარჩელის დავის საგანთან რელევანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე P4 RADIO HELE NORGE ASA
against Norway https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-23209. ამ საქმეში მომჩივანი იყო რადიო P4, რომელიც არის ნორვეგიული რადიო სამაუწყებლო კომპანია.
ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც წარმოდგენილია მომჩივანის მიერ, არის შემდეგი:
2001 წლის 5 მარტს მომჩივანმა რადიომ მიმართა სასამართლოს, რათა მიეღო თანხმობა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომის რადიოს ეთერში პირდაპირი ტრანსლაციისათვის. სასამართლო განიხილავდა სამი ადამიანის მიერ ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობას ოთხი ადამიანის მიმართ. ამ საქმეს ეწოდა ორდერუნდის (ერთ-ერთი ბრალდებულის და სამი მოკლულის გვარი) საქმე, რომლის განხილვა ნესის რაიონულ სასამართლოში დანიშნული იყო 2001 წლის 18 აპრილს. მომჩივანის თქმით, ეს იყო ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული და განსაკუთრებული ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეში მამაკაცმა, ცოლთან, ცოლისდასთან და ცოლისდის მეგობარ მამაკაცთან ერთად, მოკლა დედა, მამა და და. მკვლელობა ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკით.
რაიონულმა სასამართლომ რადიოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არც ერთ მედია საშუალებას არ მიეცა სხდომის ტრანსლირების უფლება.
P4-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უმაღლეს სასამართლოში, რომლისგანაც მოითხოვა ტრანსლაციაზე რაიონული სასამართლოს უარის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. მომჩივანი აცხადებდა, რომ არავითარი გამართლება არ ჰქონდა ადვოკატების შესავალი სიტყვის, დასკვნითი სიტყვების და სასამართლო განაჩენის გამოცხადების გასაიდუმლოებას.
2001 წლის 4 აპრილს უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. პროცედურულ ნაწილში უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა შეცდომას, რაც გაამართლებდა რაიონული სასამართლოს უარის გაუქმებას. რაც შეეხება მატერიალურ-სამართლებრივ მხარეს, ამ ნაწილში საჩივრის წარდგენა იყო დაუშვებელი. უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მართალია, მას არ ჰქონდა საჩივრის განხილვის უფლება, ამის მიუხედავად, რაიონული სასამართლოს უარი არც კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგებოდა არც გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად.
2001 წლის 23 აპრილს უზენაესი სასამართლოს სააპელაციო კომიტეტმა ერთსულოვნად არ დააკმაყოფილა P4-ის საჩივარი უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. კომიტეტის გადაწყვეტილებ ის სამოტივაციო ნაწილი იყო შემდეგი:
კომიტეტი იზიარებს უმაღლესი სასამართლოს მოტივაციას და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯაროობის პრინციპი მიზნად ისახავს სასამართლოებზე დემოკრატიულ კონტროლს და არა საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიღების უფლების უზრუნველყოფას. საჯარო განხილვის და პროცესის გაშუქების საკითხი მოწესრიგებულია „სასამართლოების ადმინისტრირების შესახებ“ კანონით. კომიტეტი არ თვლის, რომ კანონის 131-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პროცესის რადიო ტრანსლაციაზე დაწესებული აკრძალვა არღვევს კონვენციის მე-10 მუხლს. კომიტეტი მიუთითებს იმაზე, რომ არ ხდება მედიის გაძევება სასამართლო დარბაზიდან ან მას არ ეკრძალებათ პროცესის გაშუქება. კომიტეტი ადგენს, რომ ევროპული სასამართლოს და ყოფილი კომისიის პრეცედენტული სამართლიდან არ გამომდინარეობს ის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის რადიო ან სატელევიზიო ტრანსლაცია არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კანონის 131-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი უშვებს ტრანსლაციის აკრძალვიდან გამონაკლისს, როცა არსებობს სათანადო მიზეზი და ეს გამონაკლისი მოქმედებს მას შემდეგ, რაც მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
2001 წლის 18 აპრილს რაიონულმა სასამართლომ დაიწყო სისხლი სამართლის საქმის განხილვა. სხდომები იყო ღია, ვინაიდან ამ საქმეზე არსებობდა მედიის განსაკუთრებული ინტერესი. იმის გამო, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზი არ იყო საკმარისი, რათა დაეტია როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წარმომადგენლები, ისევე მედია, ამიტომ სპორტულ დარბაზში მოეწყო პრეს-ცენტრი, სადაც აუდიო-ვიზუალური სახით სატელევიზიო ეკრანზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სასამართლო სხდომა.
„სასამართლოების ადმინისტრირების შესახებ“ ნორვეგიის 1915 წლის კანონის 131-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღება, სატელევიზიო ჩანაწერის გაკეთება აკრძალულია. ასევე იკრძალება სასამართლო სხდომაზე შესვლისას ან სასამართლოდან გამოსვლისას, პროცესის მიმდინარეობისას, იმ შენობაში ყოფნისას, სადაც სასამართლო პროცესი იმართება, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ფოტო გადაღება ან ჩაწერა, მისი თანხმობის გარეშე.
სასამართლო ამ აკრძალვიდან გამონაკლისს აკეთებს მაშინ, როცა არსებობს ამის სათანადო მიზეზები. ამგვარი გამონაკლისი არ უნდა ახდენდეს უარყოფით გავლენას საქმის ჯეროვნად განხილვაზე და არ უნდა არსებობდეს სხვა მიზეზი, რაც სასამართლო სხდომის ჩაწერას და ტრანსლაციას გამორიცხავს. სასამართლო პროცესის ჩაწერა და მისი პირდაპირ ეთერში გადაცემა დასაშვებია მას შემდეგ, რაც მხარეებს ექნებათ მათი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა.
ამ საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანი, პირველ რიგში, დავობს იმის თაობაზე, რომ არ მიეცა სასამართლო დარბაზში ხმის ჩაწერის და მისი ტრანსლაციის შესაძლებლობა, ამით კი შეიზღუდა ადამიანის თავისუფლება - თავად შეერჩია ინფორმაციის გავრცელების საშუალება. სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ რადიო ტრანსლაციის შეზღუდვა წარმოადგენს ჩარევას მომჩივანის გამოხატვის თავისუფლებაში, რაც გარანტირებულია კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით. ეს უკანასკნელი იცავს არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსს, არამედ მისი გავრცელების და მიღების საშუალებებსაც.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღების, პირდაპირი ტრანსლაციის შეზღუდვა წარმოადგენს ინფორმაციის მიღების ან გავრცელების შეზღუდვას მისი მანერის თვალსაზრისით. ამგვარად, სადავო ნორმით ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევას. იმისათვის, რომ ჩარევა იყოს კონსტიტუციური, დაკმაყოფილებული უნდა იყოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები: ჩარევა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით, უნდა ემსახურებოდეს ერთ-ერთი ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, სხვათა უფლებების დაცვას, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. ამასთან ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩარევა გათვალისწინებული ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ.“ ამიტომ პირველი მოთხოვნა „გათვალისწინებული მხოლოდ კანონით“ დაკმაყოფილებულია. ამის შემდეგ უნდა განვსაზღვროთ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.
4. შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზემოთ განხილულ საქმეში P4 RADIO HELE NORGE ASA
against Norway https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-23209 ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით, განაცხადა: „რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო თუ არა ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, სასამართლო კმაყოფილდება იმით, რომ შემზღუდველი ღონისძიება ემსახურება ... ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიც იყო სხვათა რეპუტაციის დაცვა, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის დაცვას.“
მსგავსი მიდგომა ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე PINTO COELHO c. PORTUGAL (No 2) https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-161523ამ საქმეში პორტუგალიის შიდა სასამართლოებმა დამნაშავედ სცნეს ჟურნალისტი ტელევიზიის ეთერში სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვის აუდიოჩანაწერის გაშვებისათვის (PINTO COELHO c. PORTUGAL (No 2) no 48718/11 § 9 22 mars 2016). პორტუგალიის სასამართლოების მტკიცებით, იკრძალებოდა, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, სასამართლო სხდომაში მონაწილე პირების ჩაწერა და მათი ხმის/გამოსახულების ეთერში გადაცემა. ჟურნალისტს ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის დაეკისრა ჯარიმა 1500 ევროს ოდენობით (PINTO COELHO c. PORTUGAL (No 2) no 48718/11 § 17 22 mars 2016). ჟურნალისტმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა შემდეგი მიზეზებით;
სასამართლოს თანხმობის აუცილებლობა, იმისათვის რომ ჟურნალისტმა სასამართლო პროცესის მონაწილე პირები ჩაიწეროს, ემსახურება სწორედ იმ პირების დაცვას, რომლებიც სასამართლოს ჩვენებას აძლევენ. ამგვარი გარანტიის არ არსებობის პირობებში მართლმსაჯულების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა. მხედველობაშია მისაღები იმ პირების პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს. ამ ადამიანების პირადი ცხოვრების დაცვის უფლება გულისხმობს მათ მიერ სასამართლოში წარმოთქმული გამონათქვამების გაკონტროლების შესაძლებლობას, მათ შორის პროცესის დასრულების შემდეგ. ადამიანს აქვს უფლება, აკონტროლოს ის, როგორ მოხდება სასამართლოში წარმოთქმული მისი გამონათქვამების გამოყენება. როდესაც ადამიანს ეკისრება სამართლებრივი ვალდებულება, სასამართლო პროცესის დროს გააკეთოს განცხადება, რაც იქნება ტექნიკური საშუალებით ჩაწერილი, ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ეს ჩანაწერი არ გავრცელდება სხვა ისეთი მიზნებით, რაც არ არის კანონით გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის გამართლებული ჩანაწერის ეთერში გადაცემაზე ჟურნალისტის მიერ მოსამართლის წინასწარი თანხმობის მიღება. ამგვარი თანხმობის არარსებობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
კანონი ადამიანისაგან მოითხოვს, ჩვენება მისცეს სასამართლოს. სასამართლოზე ადამიანის მიერ მიცემული ჩვენება იწერება. მოწმეს არა აქვს უფლება ჩვენების მიცემაზე თქვას უარი. სწორედ ამიტომ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვა ფართო დაცულობის სტანდარტით უნდა სარგებლობდეს. სწორედ ამიტომ არაპროპორციულ მოთხოვნად არ უნდა ჩაითვალოს ის, რომ ადამიანი, რომელმაც ჩვენება მისცა სასამართლო პროცესზე, ჯეროვნად დააკვირდეს, როგორ მოხდება ამ ჩვენების გამოყენება პროცესის დასრულების შემდეგ, გაარკვიოს ის მიზნები, რის მისაღწევადაც ისარგებლებენ ამ ჩვენებით. სასამართლოს წინასწარი თანხმობის მოთხოვნა არ არღვევს პროპორციულობის პრინციპს, ვინაიდან ეს ღონისძიება აუცილებელია ადამიანის მიერ სასამართლოში წარმოთქმული თავისი გამონათქვამის კონტროლის მიზნით (PINTO COELHO c. PORTUGAL (No 2) no 48718/11 § 21 22 mars 2016).
პინტო კოელიოს საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩარევის ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით განაცხადა: „ქვეყნის შიდა სასამართლოებმა ჩათვალეს, რომ მომჩივანის მსჯავრდება გამართლებული იყო იმ პირების დასაცავად, ვინც ისაუბრეს სასამართლო სხდომაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ღონისძიება მიზნად ისახავდა, მართლმსაჯულების აღსრულებას. სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი შეიცავს განცხადებებს, რაც ადამიანებმა გააკეთეს არანებაყოფლობით იმის გამო, რომ კანონი მოითხოვდა მათგან სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემას. ამის გამო, სასამართლოები უნდა ყოფილიყვნენ ამ განცხადებების დაცვის გარანტორები. ეს მიზნები შეესაბამება „სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის“ დაცვას და „სხვა ადამიანების უფლებების“ დაცვას. ამის გამო ევროპულ სასამართლოს ეს მიზნები მიაჩნია ლეგიტიმურად (PINTO COELHO c. PORTUGAL (No 2) no 48718/11 § 34 22 mars 2016).
სადავო ნორმის შემთხვევაშიც ჩარევა ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, ასევე სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვას.
სხვების უფლებების და თავისუფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი მეტნაკლებად გასაგებია PINTO COELHO c. PORTUGAL-ის საქმიდან. ეს არის პროცესის მონაწილის ხმის და გამოსახულების უნებართვოდ გამოყენებისაგან დაცვის ინტერესი, რაც პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვიდან მომდინარე უფლებაა. ამასთან თუკი ადამიანს არ ექნება მისი გამოსახულების და ხმის დაცვის გარანტია, ის უარს იტყოდა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემისაგან, რაც დააზიანებდა მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესს, რაც გამომდინარეობს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ლეგიტიმური მიზნიდან.
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ლეგიტიმური მიზნის დასაცავად სასამართლო სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის აკრძალვის აუცილებლობა დაასაბუთა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე P4 RADIO HELE NORGE ASA
against Norway https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-23209. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თქმით: „საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომიდან ვიდეო და აუდიო მასალის პირდაპირ ეთერში გადაცემამ შესაძლოა შეცვალოს სასამართლო სხდომის მახასიათებლები, გამოიწვიოს პროცესის მონაწილეთა დამატებითი სტრესი, გავლენა მოახდინოს პროცესის მონაწილეთა ქცევაზე, რაც საზიანო იქნება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებისათვის.“ ამგვარად, პირდაპირი ეთერი მოწმეებს და მხარეებს უბიძგებს იმგვარი ქცევისა და იმგვარი სიტყვების შერჩევისაკენ, რასაც ისინი არ გამოიყენებდნენ დარბაზში კამერები რომ არ იყოს განლაგებული. ამგვარმა ქცევამ ან სიტყვებმა, რაც მიმართულია არა მოსამართლეების, არამედ მაყურებლებისკენ, შესაძლოა გაართულოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და მართლმსაჯულების აღსრულება.
მოპასუხემ კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დაასახელოს ის, რომ ინტერნეტ მედია არ არის ისეთივე ეფექტიანი საშუალება საზოგადოების წინაშე სასამართლოს საქმიანობის ინფორმირებისათვის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი და საერთო საეთერო მაუწყებელია. ეს მიზანი კავშირში დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან. თითოეული ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგობის საკითხი განხილული იქნება ცალ-ცალკე.
5. გამოსადეგობა
სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არის გამოუსადეგარი საშუალება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიც არის პროცესის მონაწილის ხმის და გამოსახულების დაცვა. მოწმის ან პროცესის სხვა მონაწილის ხმა და გამოსახულება ადვილად გამოვა ადამიანის კონტროლის სფეროდან, როგორც კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი სასამართლო პროცესზე შესვლას, ფოტო-ვიდეო გადაღებას ან პირდაპირ ჩართვას გადაწყვეტს. მოწმისათვის ან პროცესის სხვა მონაწილისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მის ხმას ან გამოსახულებას გამოიყენებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საერთო საეთერო მაუწყებელი თუ ინტერნეტ პორტალი. ყველა შემთხვევაში ადამიანის ხმას ან გამოსახულებას, მისი სურვილის მიუხედავად, იყენებს მედია, ეს ხმა და გამოსახულება, გადაღებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოებისათვის. უფრო მეტიც, სრულიად საკმარისია საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლის სურვილი - შევიდეს სასამართლო პროცესზე, რომ ადამიანის ხმა და გამოსახულება მისი კონტროლის სივრციდან გამოვა. ამასთან სადავო ნორმა როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე საერთო საეთერო მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, როგორც ფოტო-ვიდეო ჩანაწერი, ისე პირდაპირი ჩართვის სიგნალი ხელმისაწვდომი გახადოს სხვა მედია საშუალებისათვის.
ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო პროცესზე ადამიანის ხმის და გამოსახულების შეუზღუდავი გადაღების შესაძლებლობა გააჩნია საზოგადოებრივ ან საერთო საეთერო მაუწყებელს, ადამიანის ხმის ან გამოსახულების დასაცავად შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ინტერნეტ მედიისათვის, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უვარგისი საშუალებაა.
მართალია, სადავო ნორმა არ პასუხობს გამოსადეგობის მოთხოვნებს, თუმცა მოსარჩელეს აუცილებლად მიჩნია წარმოადგინოს არგუმენტები სადავო ნორმის, ვიწრო გაგებით, პროპორციულობასთან დაკავშირებითაც, რათა წარმოაჩინოს ის ფაქტი, რომ პროცესის მონაწილის ხმის და გამოსახულების დასაცავად ვიდეო, აუდიო, ფოტო გადაღების, სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის აკრძალვა არც მაშინ იქნებოდა კონსტიტუციური, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლოს სხდომის გადაღების/ტრანსლირების უფლება რომც არ ჰქონოდათ. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არგუმენტზე, ზემოხსენებულ საქმეში პინტო კოელიო პორტუგალიის წინააღმდეგ, სადაც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თქმით:
„როდესაც ხდება „სხვათა რეპუტაციის ან უფლებების“ დასაცავად დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩარევის აუცილებლობის შემოწმება, ევროპულმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ხელისუფლების ეროვნულმა ორგანოებმა რამდენად დაიცვეს ბალანსი კონვენციით გათვალისწინებულ ორ ღირებულებას - გამოხატვის თავისუფლებასა და პირად ცხოვრებას შორის. ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომა იყო საჯარო და არც ერთ ადამიანს არ წარუდგენია საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ იქნა მათი საუბარი ჩაწერილი. მთავრობა მიუთითებს იმის შესახებ, რომ სასამართლოს თანხმობის გარეშე აუდიოჩანაწერის ეთერში გაშვება წარმოადგენდა ჩვენების მიმცემი პირების უფლების დარღვევას, რაც მდგომარეობდა მათი ხმების გამოყენების კონტროლის დაკარგვაში. ევროპული სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი არ ადგენს შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლებაზე იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ხმის კონტროლის შესაძლებლობა, თუკი ეს იმავდროულად არ არის დაკავშირებული საკუთარი რეპუტაციის დაცვასთან. ამგვარად, მთავრობის მიერ მითითებული ლეგიტიმური მიზანი ძალას კარგავს, აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ევროპული სასამართლოსათვის ასევე რთული გასაგებია ის, რომ ადამიანის მიერ თავისი ხმის კონტროლის უფლება, რატომ გამორიცხავს ღია სხდომაზე წარმოთქმული სიტყვის ეთერში გაშვების შესაძლებლობას. ამის გამო, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მთავრობამ სათანადოდ ვერ გაამართლა სხდომის აუდიოჩანაწერის გავრცელებისათვის მომჩივანის მიმართ დაკისრებული სასჯელი. ქვეყნის შიდა სასამართლოებს, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არ გაუმართლებიათ მომჩივანის გამოხატვის თავისუფლებაზე კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დაკისრებული შეზღუდვა“ (PINTO COELHO c. PORTUGAL (No 2) no 48718/11 § 50 22 mars 2016).
ადამიანის მიერ საკუთარი გამოსახულების და ხმის კონტროლის შესაძლებლობას უდავოდ გააჩნია უპირატესობა გამოხატვის თავისუფლების მიმართ მაშინ, როცა ადამიანის ხმის და გამოსახულების გამოყენება ხდება კომერციული მიზნებით. ამის მიუხედავად, ადამიანის ხმის და გამოსახულების კონტროლი უპირატესი ვერ იქნება გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, როდესაც ხდება ღია სასამართლო სხდომის გადაღება. სასამართლო სხდომის გადაღების, მისი ეთერში გადაცემის ინტერესის მიღმა დგას არა მხოლოდ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, არამედ სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და მართლმსაჯულების ჯეროვნად აღსრულების საჯარო ინტერესიც. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „სასამართლო ხელისუფლების წინაშე მიმდინარე პროცესის საჯარო ხასიათი, რაც გარანტირებულია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, იცავს დავის მხარეს მართლმსაჯულების საიდუმლო ვითარებაში აღსრულებისაგან, ვინაიდან საიდუმლო პროცესი საზოგადოებრივი კონტროლის მიღმაა. საჯაროობა ეს არის საშუალება, რომლითაც ზემდგომი, ისე ქვემდგომი სასამართლოების სანდოობა იქნება შენარჩუნებული. როდესაც მართლმსაჯულების აღსრულება ხილვადია, საჯაროობით ხდება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნების რეალიზაცია.“ (KILIN v. RUSSIA no 10271/12 § 106 11 May 2021). როდესაც ადამიანი ცხადდება და ჩვენებას აძლევს სასამართლოს საჯარო სხდომაზე, მას ვეღარ ექნება საკუთარი გამოსახულების და ხმის კონტროლის დაცვის გონივრული მოლოდინი, ვინაიდან სასამართლო სხდომის მიმართ მიპყრობილია საზოგადოების ყურადღება, რაც მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლით არის განპირობებული. ასეთ პირობებში საკუთარი ხმის და გამოსახულების კონტროლი გადადის უკანა პლანზე გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში.
რაც შეეხება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანს. ამ შემთხვევაშიც, შერჩეული საშუალება მიზნის მისაღწევად არის უვარგისი საშუალება. ადამიანს ერთნაირ სტრესს ჰგვრის როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საერთო საეთერო მაუწყებლის, ისე ინტერნეტ გამოცემის კამერა და პირდაპირი ეთერი. შესაბამისად, როდესაც დაშვებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ სასამართლო პროცესის ფოტო, ვიდეო გადაღების და პირდაპირ ეთერში გაშვების შესაძლებლობა, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ სხდომის მონაწილეები მხოლოდ ინტერნეტ გამოცემის კამერაზე და პირდაპირ ეთერზე მიიღებენ სტრესს და მხოლოდ ინტერნეტ გამოცემის პირდაპირ ჩართვაზე განახორციელებენ ისეთ ქმედებებს და გამოიყენებენ ისეთ სიტყვებს, რისგანაც ისინი თავს შეიკავებდნენ, სასამართლო სხდომა საზოგადოებრივ მაუწყებელს ან საერთო საეთერო მაუწყებელს რომ გადაეღო. საქმეში P4 RADIO HELE NORGE ASA
against Norway https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-23209 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჩივარი აშკარა დაუსაბუთებლობის გამო დაუშვებლად იმიტომ გამოაცხადა, რომ ყველა მედიასაშუალებას აკრძალული ჰქონდა სასამართლო პროცესის გადაღება. ამასთან ამ საქმეში სასამართლო თავად უზრუნველყოფდა პროცესის მიმდინარეობის ჩვენებას სპეციალურ დარბაზში. ჩვენს შემთხვევაში, სასამართლო სხდომის გადაღება და პირდაპირი ტრანსლაცია ეკრძალება არა ყველას, არამედ მხოლოდ ზოგიერთ მედიას. სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვის პირობებში, სასამართლოს თავად არ ევალება, უზრუნველყოს მედია პირდაპირი ჩართვის სიგნალით ან ვიდეოჩანაწერით.
როდესაც პროცესს არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო მაუწყებელი, მაყურებელი რჩება სხვა სახის მედიის სუბიექტური აღქმების იმედად. ჟურნალისტი, თავად აფასებს, პროცესზე გამოკვლეული რა მტკიცებულება არის რელევანტური და რა არა. შესაბამისად, აუდიტორია სასამართლო პროცესს ეცნობა ჟურნალისტის სუბიექტური აღქმების მიხედვით. პირდაპირი ტრანსლაციის დადებით მახასიათებელზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე P4 RADIO HELE NORGE ASA against Norway https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-23209, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით: „იმავდროულად, პირდაპირი ეთერი იძლევა ისეთ სარგებელს, როგორიცაა საზოგადოების შესაძლებლობა თავად უყუროს და მოუსმინოს სასამართლო სხდომას. პირდაპირი ეთერი ანაცვლებს ჟურნალისტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს. ეს უკანასკნელი მზადდება სასამართლო დარბაზში ჟურნალისტის მიერ გაკეთებული წერილობითი ჩანაწერების საფუძველზე. რეპორტაჟის მომზადებისას და ინფორმაციის აუდიტორიისათვის მიწოდებისას ჟურნალისტი თავისი შეხედულებით ახდენს ინფორმაციის ფილტრაციას, რაც არ ხდება პირდაპირი ეთერის დროს.“
სადავო ნორმა იმ პირობებში, როდესაც არ აძლევს მედიას სასამართლოს იმ სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობას, სადაც არც საზოგადოებრივი მაუწყებელი, არც საერთო საეთერო მაუწყებელია წარმოდგენილი, პირდაპირი ჩართვის აკრძალვით, აუდიტორიას ტოვებს ჟურნალისტის სუბიექტური აღქმების ამარა და არ აძლევს ფართო საზოგადოებას შესაძლებლობას, სასამართლო პროცესზე უშუალო დაკვირვების გზით, საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს სასამართლო სხდომის მიმდინარეობასთან მიმართებაში. ამგვარად, ზიანი, რაც ინტერნეტ მედიისათვის სასამართლო პროცესის გადაღების, პირდაპირი ტრანსლაციის აკრძალვით დგება, აღემატება პროცესის მონაწილეთა სტრესისა და სასამართლოსათვის უჩვეულო ქმედების თავიდან აცილების ინტერესს. პროცესის მონაწილეებს სტრესი შესაძლოა მედიის სასამართლო პროცესზე დასწრებამაც მოჰგვაროს. ამიტომ სტრესი და პროცესის მონაწილის მხრიდან ქცევის შეცვლის საფრთხე ვერ გამოდგება საზოგადოებრივი მაუწყებლის, საერთო საეთერო მაუწყებლის გარდა სხვა მედია საშუალებისათვის პროცესის გადაღების აკრძალვის საკმარისად დასაბუთებულ მიზეზად.
რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და საერთო საეთერო მაუწყებელი არის, ინტერნეტ-მედიასთან შედარებით, სასამართლო პროცესის გაშუქების უკეთესი საშუალება, უდავოა ის გარემოება, რომ სეთ-თოფ-ბოქსის გამოყენებით და FM სიხშირიდან ადამიანს ინფორმაციის მიღება შეუძლია უფასოდ. ეს მაშინ, როცა ინტერნეტის, საკაბელო, გადახვევის ფუნქციის მქონე ტელევიზიით სარგებლობისას ადამიანს უწევს საფასურის გადახდა. ბუნებრივია, როცა ფოტო-ვიდეო გადაღების, პირდაპირი ტრანსლირების შესაძლებლობა ენიჭებათ მხოლოდ იმ ტელევიზიას/რადიოს, რომელიც მულტიფლექსპლატფორმაზე ან FM სიხშირეზე მაუწყებლობს, ამით სახელმწიფო მიზნად ისახავს იმას. რომ სასამართლო პროცესები ყველა ადამიანისათვის იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არა აქვს ინტერნეტის და ფასიანი ტელევიზიის გადასახდელი სახსრები.
მოსარჩელე მხარე იზიარებს იმას, რომ სასამართლო სხდომების ფოტო, ვიდეო კადრები, პირდაპირი ეთერი ყველა ადამიანისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის სოციალურად დაუცველებისათვისაც. შესაბამისად, როცა სასამართლო სხდომას ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, საერთო საეთერო მაუწყებელი, ინტერნეტ-მედია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. თუ სხდომას არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, უპირატესობა ენიჭება საერთო საეთერო მაუწყებელს. თუ სხდომას არც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ესწრება და არც საერთო საეთერო მაუწყებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუდიტორია არ უნდა დარჩეს სასამართლო სხდომის შესახებ ვიდეო მასალის და პირდაპირი ჩართვის ნახვის შესაძლებლობის გარეშე. სწორედ ამ ნორმატიული შინაარსით არის ნორმა გასაჩივრებული. იმ შემთხვევაში, როცა სხდომას არც საერთო საეთერო, არც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ესწრება, სასამართლოს შესახებ აუდიოვიზუალური ინფორმაციის გარეშე რჩება ყველა, როგორც სოციალურად დაუცველი ადამიანები, ასევე ისინიც, ვისაც აქვს ინტერნეტის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წილისყრით გამოავლინოს ის ინტერნეტ პორტალი, რომელსაც ექნება პროცესის გადაღების ან პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობა, როცა პროცესის გაშუქების სურვილს რამდენიმე ინტერნეტ-მედია გამოთქვამს და სასამართლო სხდომას, არც საზოგადოებრივი მაუწყებელი, არც საერთო საეთერო მაუწყებელი არ ესწრება. ამ სარჩელის მიზანი არ არის საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც საქართველოს მოქალაქეების გადასახადით დაფინანსებულ ტელევიზიას, ჩამოართვას პროცესის გადაღების უპირატესი უფლება. ისევე როგორც, ამ სარჩელით არ ხდება უფასო საერთო საეთერო მაუწყებლებისათვის პროცესის გადაღების შესაძლებლობის წართმევა. პროცესის დასაწყისიდან ბოლომდე სასამართლო დარბაზში საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლის ყოფნა სასარგებლოა ინტერნეტ მედიისათვის, ვინაიდან საკაბელო, ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო მაუწყებლის მიერ გადაღებული კადრებით.
ინტერნეტ მედიისათვის პრობლემაც მაშინ წარმოიშობა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი ან არ მიდის პროცესის გადასაღებად ან პროცესის გადაღებას წყვეტს სხდომის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში ინტერნეტ მედია მოკლებულია სასამართლო სხდომის კადრების გავრცელების შესაძლებლობას. ინტერნეტ მედიის წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, აიძულონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო მაუწყებლის თანამშრომლები ბოლომდე გააშუქონ პროცესი. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე საერთო საეთერო მაუწყებლის მიზანს წარმოადგენს ერთსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადოს რამდენიმე წუთიანი რეპორტაჟი სასამართლო პროცესის შესახებ. ამისთვის მაუწყებლები იყენებენ დავის ორი მხარის, ზოგჯერ კი სასამართლოს მოკლე კომენტარებს. ასეთ პირობებში, არც საზოგადოებრივი მაუწყებლის, არც საერთო საეთერო მაუწყებლის ინტერესში არ შედის სასამართლო პროცესზე თავიდან ბოლომდე დასწრება და ყველა საპროცესო მოქმედების თუ ჩვენების გადაღება. ამასთან გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი და საერთო საეთერო მაუწყებლების რესურსიც. თბილისის გარეთ, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე ეროვნულ საერთო საეთერო მაუწყებელს ჰყავს ორი თანამშრომელი - ერთი რეგიონული ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი. რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, კახეთის რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლის ან ეროვნული საერთო საეთერო მაუწყებლის ჟურნალისტს არ ექნება შესაძლებლობა, დაესწროს და გადაიღოს ყველა სასამართლო პროცესი (მათ შორის ისეთიც, რომლის გაშუქების ინტერესიც ტელევიზიას არა აქვს), რასაც შემდეგ კოლეგებს გაუზიარებს და იმავე დროს გააშუქოს რეგიონში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. კიდევ უფრო მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსები გააჩნიათ ადგილობრივ საერთო საეთერო მაუწყებლებს, განსაკუთრებით კი ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული საშუალებების გაჩენის კვალდაკვალ.
ამასთან, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ სასამართლოს საქმიანობის გაშუქება შემოიფარგლება საინფორმაციო გამოშვებისათვის მოკლე სინქრონის მომზადებაში, ინტერნეტ-მედიის ინტერესია, უფრო დეტალური და ანალიტიკური ხასიათის სტატიების თუ საგამოძიებო ფილმების მომზადება სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ამისათვის მათ ესაჭიროებათ წვდომა სასამართლო სხდომის ვიდეო-აუდიო მასალებზე.
ამასთან მხედველობაშია მისაღები ინტერნეტის მზარდი როლი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ინტერნეტ მედია საქართველოში ჯერ კიდევ ჩამორჩება სამაუწყებლო მედიას აუდიტორიის თვალსაზრისით, თუმცა ყოველწლიურად მზარდია ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა. აუდიოვიზუალური ინფორმაციის გავრცელების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ისეთ ინტერნეტ პლატფორმას, როგორიც არის YouTube.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ინტერნეტთან, კონკრეტულად კი YouTube პლატფორმასთან მიმართებაში განაცხადა: „ინტერნეტი იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად, რომლითაც ადამიანები ახორციელებენ ინფორმაციის და მოსაზრებების მიღების და გავრცელების უფლების რეალიზაციას. ინტერნეტი არის მნიშვნელოვანი საშუალება პოლიტიკური და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე დებატებში მონაწილეობის მისაღებად (CENGİZ AND OTHERS v. TURKEY nos. 48226/10 and 14027/11§ 49 1 December 2015)
ამავე გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: რაც შეეხება ინტერნეტ საიტების მნიშვნელობას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას, ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ ინტერნეტი არის ხელმისაწვდომი საშუალება, რომელსაც გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ შეინახოს და გაავრცელოს უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია. ინტერნეტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რათა გააძლიეროს საზოგადოების წვდომა ახალ ამბებზე და ხელს უწყობს ინფორმაციის ყველა ადამიანამდე მისვლაში. ინტერნეტში მომხმარებლის მხრიდან მომდინარე გამოხატვა ქმნის უნიკალურ პლატფორმას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვის. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ იუთუბი არის სხვების მიერ შექმნილი ვიდეოების მიმღები ვებ-გვერდი. ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს, უყუროს და გააზიაროს ვიდეო იუთუბ პლატფორმაზე. ამის გამო, ინტერნეტი არის ინფორმაციის და იდეის მიღების და გავრცელების მნიშვნელოვანი საშუალება. მომჩივანი სწორად მიუთითებს, რომ პოლიტიკური შინაარსის მასალა, რომლის უგულებელყოფაც შეიძლება მოახდინოს ტრადიციულმა მედიამ, ზიარდება იუთუბ პლატფორმაზე. სწორედ ამ გზით იქმნება სამოქალაქო ჟურნალისტიკა. ამ გადმოსახედიდან, ევროპული სასამართლო იზიარებს იმას, რომ იუთუბი, თავისი მახასიათებლით, ხელმისაწვდომობით და პოტენციური ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით, არის უნიკალური პლატფორმა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია (CENGİZ AND OTHERS v. TURKEY nos. 48226/10 and 14027/11§ 52 1 December 2015).
ამგვარად, ინტერნეტი იძლევა იმგვარ სასამართლო პროცესზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობას, რაც შესაძლოა იგნორირებული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ. ამის გამო ინტერნეტ მედიას უნდა მიეცეს იმ სასამართლო პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღების, პირდაპირი ტრანსლაციის უფლება, რაზეც ინტერესს არ ავლენენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი. გასაჩივრებული ნორმები კი ამას კრძალავს.
6. თანასწორობის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
დასახელებული კონსტიტუციური დებულება ადგენს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია, ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად და არ დაუშვას არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს, მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის მათ განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით, აგრეთვე, საპირისპირო შემთხვევაში, კერძოდ, მაშინ, როდესაც ნორმა გულისხმობს, განსხვავებულ ვითარებაში მყოფი, არსებითად უთანასწორო პირებისადმი ერთგვაროვან მოპყრობას, მათ მიმართ ავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს. თუმცა ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ანდა განსხვავებულ ვითარებაში ერთგვაროვანი მოპყრობის ფაქტები, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის აღიარებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ შესაბამის შემთხვევებში, განსხვავებული ანდა ერთგვაროვანი მოპყრობა არ იყო გამართლებული, არ გააჩნდა შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-44).
სადავო ნორმით ადგილი აქვს დიფერენცირებას ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს, საერთო საეთერო მაუწყებელსა და მეორე მხრივ, ინტერნეტ პორტალს შორის. სადავო ნორმა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს და საერთო საეთერო მაუწყებელს ანიჭებს სასამართლო პროცესების ვიდეო, ფოტო გადაღების და პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლებას. ამით არახელსაყრელ მდგომარეობაში არის ჩაყენებული ინტერნეტ პორტალი, რომლსაც სადავო ნორმით არა აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში გადასცეს სასამართლო სხდომა ან აწარმოოს სასამართლო სხდომაზე ფოტო-ვიდეო გადაღება, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი უარს იტყვის პროცესზე დასწრებაზე.
დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). საზოგადოებრივ მაუწყებელს, საერთო საეთერო მაუწყებელს და ინტერნეტ პორტალს ერთნაირი სამართლებრივი ინტერესი გააჩნიათ, აუდიტორიას, საკუთარ მაყურებელს მიაწოდონ ინფორმაცია, ამა თუ იმ სასამართლო პროცესზე გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის თანხმლებით. ამას ადასტურებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, სასამართლო პროცესზე გაკეთებული ჩანაწერი გადასცეს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, მათ შორის ინტერნეტ-გამოცემასაც. ეს გარემოება ადასტურებს, რომ ინტერნეტ-მედიას ისევე გააჩნია სამართლებრივი ინტერესი - საკუთარ აუდიტორიას მიწოდოს პროცესის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი და საერთო საეთერო მაუწყებელი აკეთებს. შესაბამისად, სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალის მოპოვების და გავრცელების სამართლებრივ ურთიერთობის ნაწილში ინტერნეტ-გამოცემა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის და საერთო საეთერო მაუწყებლის არსებითად თანასწორი. სადავო ნორმა კი ინტერნეტ მედიას, საზოგადოებრივ და საერთო საეთერო მაუწყებელთან შედარებით, სასამართლო პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღების ურთიერთობაში არაკეთილმოსურნედ ეპყრობა.
ამგვარად, სახეზეა ჩარევა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებაში. ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რამდენად არსებობს არსებითად თანასწორ პირთა შორის განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება.
სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8) .
მოცემულ შემთხვევაში, დიფრენცირება ხდება ინფორმაციის გავრცელების ტექნიკური საშუალებების მიხედვით. სადავო ნორმით ხელსაყრელ მდგომარეობაშია ის მედია საშუალება, რომელიც ვრცელდება FM სიხშირით ან მულტიპლექსპლათფორმით. ინფორმაციის გავრცელების ტექნიკური საშუალებების ნიშანი არ არის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი. ამასთან დიფერენცირების ინტენსივობა არ არის მაღალი. შესადარებელი პირები მნიშვნელოვნად არ არიან დაცილებული სამართლებრივ ურთიერთობაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობისაგან. ინტერნეტ-მედიას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლის თანაბრად შეუძლია დაესწროს სხდომას, გააშუქოს ყველა საპროცესო მოქმედება. უფრო მეტიც ინტერნეტ მედიას შეუძლია გააკეთოს აუდიოჩანაწერი. ერთადერთი განსხვავება მდგომარეობს აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებაში. ამის გამო დიფერენცირების ინტენსივობა არის დაბალი. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირების ტესტი.
რაციონალური დიფერენცირების ტესტის საფუძველზე. ხსენებული ტესტის ფარგლებში, „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწვეტილება №1/4/535 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
ზემოთ უკვე მივუთითეთ, რომ სადავო ნორმას გააჩნია სხვათა უფლებების დაცვის და მართლმსაჯულების ჯეროვნად აღსრულების ლეგიტიმური მიზნები, თუმცა ასევე ამ სარჩელში, ზემოთ მითითებულია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული საშუალებები არ არის ვარგისი აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს და თანასწორობის უფლება დარღვეულია.
თელავის რაიონული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს იმას, რომ სადავო ნორმას უფლებაშემზღუდველი შინაარსი გააჩნია. „საინფორმაციო ცენტრების ქსელს“ თელავის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა ვიდეოგადაღებაზე იმის გამო, რომ არ აკმაყოფილებდა სადავო ნორმაში ჩაწერილ სიტყვებს „საერთო საეთერო მაუწყებელს.“ ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც ინტერნეტ-მედიას უკრძალავს სასამართლო პროცესის ვიდეო, ფოტო გადაღებას (იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის N1/1/811გადაწყვეტილება საქმეზე სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), ამ ნორმატიული შინაარსით გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა სადავო ნორმას დაუკარგავდა შემზღუდველ შინაარსს. ამის მიუხედავად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სადავო ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა, ეს გარემოება არ არის ხელის შემშლელი საიმისოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად სცნოს სადავო ნორმა იმ ნაწილში, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს და საერთო საეთერო მაუწყებელს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, გაკეთოს სასამართლო პროცესის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადადოს გადაწყვეტილების აღსრულება, რათა პარლამენტს ჰქონდეს დრო დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოსაფხვრელად შეარჩიოს რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი - პროცესის გადაღების უფლება გაავრცელოს ინტერნეტ-მედიაზეც ან ეს უფლება გააუქმოს ყველასათვის (`საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-29).
ამგვარად, სადავო ნორმით ხდება, მანერის თვალსაზრისით, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაში ჩარევა, ასევე პირდაპირი დიფერენცირებას. ეს ჩარევა შესაძლოა ემსახურებოდეს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფას, თუმცა სადავო ნორმით დადგენილი საშუალება, რომელიც ინტერნეტ მედიას უკრძალავს სასამართლო პროცესის ფოტო, ვიდეო გადაღებას და პირდაპირ ჩართვას, მაშინ როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი და საერთო მაუწყებელი არ ესწრება პროცესს, არის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოუსადეგარი საშუალება. ამგვარად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებს, ასევე მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და ვითხოვთ, სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.
[1] https://comcom.ge/uploads/other/1/1372.pdf
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა