„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/6/1801 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2023 12:37 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბერს (რეგისტრაციის №1801) კონსტიტუციური სარჩელით მომართა „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელმა“. №1801 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2023 წლის 9 ნოემბერს. №1801 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1801 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში - ორგანული კანონი) 131 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე. ორგანული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის უფლების შეზღუდვის საფუძვლები და წესი.
5. №1801 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ ფლობს ისეთ ინტერნეტმედია საშუალებებს, როგორიცაა „მთის ამბები“ და „რეგინფო“, რომლებიც, ძირითადად, აშუქებენ რეგიონებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, სამართლებრივ მოვლენებს. თუმცაღა, იმის გამო, რომ მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენს საერთო საეთერო მაუწყებელს, იგი არ არის უფლებამოსილი, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო–ჩაწერა.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი გამომდინარეობს როგორც ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან და კანონის სხვა დანაწესების ერთობლიობაში წაკითხვიდან, ასევე საერთო სასამართლოთა პრაქტიკიდან. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს „საერთო საეთერო მაუწყებლის“ ცნების შინაარსზე და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზე განმარტავს, თუ რა ფორმის მედიასაშუალებები ექცევიან სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში. კანონის შესაბამისი ნორმების ანალიზის შედეგად კი, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ვერ აკმაყოფილებს სადავო ნორმით დადგენილი სიტყვების - „საერთო საეთერო მაუწყებლობის“ - მოთხოვნებს და სადავო ნორმებით მას არ აქვს სასამართლო სხდომების გადაღების/პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლება.
7. გარდა ამისა, სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2020 წლის 21 ივლისის №1/16-20 წერილით, უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო და ვიდეო გადაღებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 131 მუხლის საფუძველზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, მართალია, აღნიშნულ წერილში არ არის დასაბუთებული უარის მიზეზები, თუმცა სხვა შემთხვევაში, უარის თქმის საფუძვლად მოსარჩელეს განემარტა, რომ „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ არ წარმოადგენდა არც საზოგადოებრივ მაუწყებელს და არც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე სხვა მფლობელს, რის გამოც ვერ განახორციელებდა სასამართლო პროცესის ფოტოგადაღებასა და ვიდეოჩაწერას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 131 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების საფუძველზე. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, თელავის რაიონულმა სასამართლომ არაერთგზის გამოიყენა სადავო ნორმები იმ ნორმატიული შინაარსით, რაც უკრძალავს ინტერნეტმედიას სასამართლო სხდომის ვიდეო გადაღების უფლებას, რის გამოც მხარე მიიჩნევს, რომ ეს არის ამ ნორმების ავტორიტეტული განმარტება.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლება მოიცავს როგორც ზეპირად ან წერილობითი ფორმით, ასევე ინტერნეტით აუდიოვიზუალური (ხმით და გამოსახულებით) ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობასაც. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს, რომ ინტერნეტმედიის უფლება სასამართლოში აუდიოჩანაწერის გაკეთებაზე არ არის საკმარისი სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად გასავრცელებლად და, დამატებით, ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მიერ ვიდეოჩანაწერების გამოკვლევაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოებზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე, რისი მიწოდებაც საზოგადოებისათვის სრულყოფილად შეუძლებელია მხოლოდ აუდიოჩანაწერით.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ზღუდავს როგორც ინფორმაციის მიღების, ასევე მისი გავრცელების უფლებას. სადავო ნორმები ინტერნეტმედიას უკრძალავს სხდომის მიმდინარეობისას ვიდეოს ჩაწერას, ფოტოს გადაღებას და ამის უფლებას არც მაშინ არ აძლევს, როცა სხდომას არ ესწრება საზოგადოებრივი ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. გარდა ამისა, სადავო ნორმების საფუძველზე, გამოირიცხება სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ჩართვა, რა შემთხვევაშიც ინფორმაცია მომენტალურად მიდის ადრესატამდე - მედიის აუდიტორიამდე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის შეფასებით, პირდაპირ ეთერში პროცესის გადაცემის აკრძალვა უნდა ჩაითვალოს ინფორმაციის გავრცელების უფლების შეზღუდვად.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვას კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, პროცესის მონაწილეების უფლებების და თავისუფლებების დაცვა, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა და სასამართლო პროცესების ყველასათვის ხელმისაწვდომობა, თუმცა მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არ მიიჩნევს ამ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად გამოსადეგ საშუალებად.
11. მოსარჩელე განმარტავს, რომ პროცესის მონაწილის ხმისა და გამოსახულების დაცვისათვის სადავო ნორმების შეზღუდვები არ წარმოადგენს გამოსადეგ საშუალებას, ვინაიდან საზოგადოებრივი ან საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ პროცესის გაშუქება, ფოტო-ვიდეო გადაღება ან პირდაპირ ეთერში ჩართვა იწვევს მოწმის ან პროცესის სხვა მონაწილის ხმისა და გამოსახულების გავრცელებას. ამასთანავე, სადავო ნორმა ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს, როგორც ფოტო-ვიდეო ჩანაწერის, ასევე პირდაპირი ჩართვის სიგნალის ხელმისაწვდომობას სხვა მედიასაშუალებისათვის. შესაბამისად, მხარე აპელირებს, რომ პროცესის მონაწილისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის ხმას ან გამოსახულებას საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოიყენებს, სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი თუ ინტერნეტმედია. მოსარჩელე მხარე გამოსადეგ საშუალებად ასევე არ მიიჩნევს სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვას ისეთ ლეგიტიმურ მიზანთან, როგორიცაა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა.
12. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, სეთ-თოფ-ბოქსის გამოყენებით და FM სიხშირიდან ადამიანს ინფორმაციის მიღება შეუძლია უფასოდ, განსხვავებით ინტერნეტის, საკაბელო, გადახვევის ფუნქციის მქონე ტელევიზიით სარგებლობისგან, სადაც მომხმარებელს უწევს საფასურის გადახდა, რაც, ბუნებრივია, ემსახურება სახელმწიფოს მიზანს, სასამართლო პროცესები ყველა ადამიანისათვის იყოს ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სხდომას არც საერთო საეთერო და არც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ესწრება, სასამართლოს შესახებ აუდიოვიზუალური ინფორმაციის გარეშე რჩება ყველა, როგორც სოციალურად დაუცველი ადამიანები, ასევე ისინიც, ვისაც აქვს ინტერნეტის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა აღნიშნული მიზნისთვისაც არ არის გამოსადეგი საშუალება. დამატებით არგუმენტად მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ინტერნეტმედიის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, აიძულონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო მაუწყებლის თანამშრომლები, ბოლომდე გააშუქონ პროცესი.
13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, თუ სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო გადაღება სურთ საერთო საეთერო მაუწყებელს, ინტერნეტმედიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამ უკანასკნელს. იმ შემთხვევაში, თუ სხდომას არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საერთო საეთერო მაუწყებელს, ხოლო, როდესაც სხდომას არც საზოგადოებრივი და არც საერთო საეთერო მაუწყებელი არ ესწრება,
სასამართლოს სხდომის აუდიოვიზუალური ინფორმაციის გარეშე რჩება ყველა, როგორც სოციალურად დაუცველი პირები, ასევე ისინიც, ვისაც აქვთ ინტერნეტის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, წილისყრით გამოავლინოს ის ინტერნეტმედია, რომელსაც ექნება პროცესის გადაღების ან პირდაპირი ტრანსლაციის ინტერესი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც უკრძალავს ინტერნეტმედიას ფოტო, ვიდეო გადაღებას ან/და პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემას ისეთ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საერთო საეთერო მაუწყებლობა უარს იტყვის მთლიანად პროცესის ან მისი ნაწილის გადაღებაზე, ან პირდაპირ ეთერში გადაცემაზე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებს.
15. იმავდროულად, №1801 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ თანასწორობის უფლებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ და საერთო საეთერო მაუწყებელს, მეორე მხრივ, ინტერნეტმედიას. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, შესადარებელი პირებისგან განსხვავებით, ინტერნეტმედია არახელსაყრელ მდგომარეობაშია ჩაყენებული, რამდენადაც მას არ აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს სასამართლო სხდომაზე ფოტო-ვიდეო გადაღება ან პირდაპირი ეთერით გაშუქება, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი უარს იტყვის პროცესზე დასწრებაზე.
16. მოსარჩელის არგუმენტაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, სხვა საერთო საეთერო მაუწყებელსა და ინტერნეტმედიას ერთნაირი სამართლებრივი ინტერესი გააჩნიათ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლო პროცესზე გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის მეშვეობით. ამის დასტურად, მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო ნორმის იმ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, სასამართლო პროცესზე გაკეთებული ჩანაწერი გადასცეს სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, მათ შორის, ინტერნეტმედიას. შესაბამისად, სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალის მოპოვებისა და გავრცელების სამართლებრივ ურთიერთობის ჭრილში ინტერნეტმედია არის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საერთო საეთერო მაუწყებლის არსებითად თანასწორი პირი. ამის მიუხედავად კი, სადავო ნორმა ინტერნეტმედიას საზოგადოებრივ და საერთო საეთერო მაუწყებელთან შედარებით განსხვავებულად ეპყრობა.
17. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირება ხდება ინფორმაციის ტექნიკური საშუალებების მიხედვით, უფრო კონკრეტულად, სადავო ნორმა ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს იმ მედია საშუალებას, რომელიც ვრცელდება FM სიხშირით ან მულტიპლექსპლატფორმით. ვინაიდან აღნიშნული ნიშანი არ არის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში პირდაპირ გათვალისწინებული და, იმავდროულად, დიფერენცირების ინტენსივობა მაღალი არ არის, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა გამოიყენოს რაციონალური დიფერენცირების ტესტი.
18. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს იმას, რომ თელავის რაიონული სასამართლოს პრაქტიკით, სადავო ნორმას გარდა აღმჭურველისა, ასევე გააჩნია შემზღუდველი შინაარსი, რადგან მხარეს სწორედ მის საფუძველზე ეთქვა უარი პროცესის გადაღებაზე. გარდა ამისა, მხარის მოსაზრებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები აღმჭურველი ხასიათისაა, ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც უნდა შეაფასოს დიფერენცირებული მოპყრობა და გადაავადოს ნორმათა ძალადაკარგულად გამოცხადების ვადა, რათა პარლამენტს ჰქონდეს დრო, დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოსაფხვრელად შეარჩიოს რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი.
19. №1801 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1801 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ასევე კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. იმავდროულად, აღნიშნული ნორმა ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
3. მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც ინტერნეტ პორტალს უკრძალავს სასამართლოს პროცესის გადაღებას, მაშინ, როდესაც ამ უფლებას არ იყენებს საზოგადოებრივი ან რომელიმე საერთო მაუწყებელი. როგორც უკვე აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებას, სასამართლო სხდომაზე განახორციელოს ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა. იგი საერთოდ არ შეეხება შემთხვევებს, როდესაც საზოგადეობრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ხსენებული უფლებით. მოსარჩელის მიერ პრობლემად მიჩნეული საკითხი რეგულირდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-3 და არა მე-2 პუნქტით.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, №1801 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. განსახილველ საქმეზე ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა. სადავო წინადადების თანახმად, პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას (რაც გულისხმობს სასამართლო პროცესის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაშუქებას), ასევე ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.
6. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია, სასამართლო პროცესის ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების აკრძალვა ინტერნეტმედიასაშუალებებისათვის. სადავოდ გამხდარი ნორმის მე-3 წინადადება ადგენს გადაღებული მასალის სხვა სუბიექტებისათვის მიწოდებისა და გაზიარების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული წინადადება განსაზღვრავს სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების იმ ცალკეულ წესს, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის - ინტერნეტ მედიასაშუალებებისათვის სასამართლო პროცესის ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების აკრძალვისაგან. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმის მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ №1801 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ, მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1801 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1801 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1801 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში