გიორგი კიკაბიძე და გენადი ქვაჩახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/8/1786 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2023 14:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი კიკაბიძე და გენადი ქვაჩახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1786) მომართეს გიორგი კიკაბიძემ და გენადი ქვაჩახიამ. №1786 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 12 ივნისს. №1786 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.
2. №1786 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს. „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის/წესი) მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ საპარლამენტო ჟურნალისტი/სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტი დაარღვევს ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ წესებს, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია/შეეზღუდოს აკრედიტაციის გაცემა 1 თვის ვადით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ საპარლამენტო/სპეციალური აკრედიტაციის ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება/შეეზღუდება აკრედიტაციის მიღება 6 თვის ვადით. აღნიშნული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია ზემოხსენებულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები და წესი – კერძოდ, აღნიშნული დებულების მიხედვით, დასახელებულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
5. №1786 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გიორგი კიკაბიძე არის ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, რომელიც სარგებლობდა საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციით, ხოლო მოსარჩელე გენადი ქვაჩახია არის ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული ჰქონდა სპეციალური აკრედიტაცია. 2023 წლის 10 მაისს ტელეკომპანია ფორმულას 20:00 საათიან ეთერში გასული საინფორმაციო სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გიორგი კიკაბიძე ცდილობს საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრისათვის შეკითხვის დასმას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ პოზიციის დასაფიქსირებლად. საქართველოს პარლამენტის წევრმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე და რამდენჯერმე მოუწოდა მოსარჩელეებს ინტერვიუს შეწყვეტისაკენ. აღნიშნული სიუჟეტის ტელეეთერში გასვლის შემდგომ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2023 წლის 11 მაისის №3554/2-1/23 და №3555/2-1/23 გადაწყვეტილებების საფუძველზე, გიორგი კიკაბიძეს ერთი თვის ვადით შეუჩერდა საქართველოს პარლამენტში საქმიანობის აკრედიტაცია, ხოლო გენადი ქვაჩახიაზე შეიზღუდა აკრედიტაციის გაცემა ერთი თვის ვადით.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჟურნალისტების აკრედიტაციის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულად განიმარტება. იმავდროულად, იმისგან დამოუკიდებლად აკრედიტაცია განხილულ იქნება უფლებად თუ პრივილეგიად, იგი აღიარებულია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებრივ გარანტიად. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა აკრედიტაცია არის აპრობირებული პროცედურა არაერთ ევროპულ სახელმწიფოში. ჟურნალისტთა აკრედიტაციის პრაქტიკული დანიშნულება კი გულისხმობს დაწესებულებისთვის ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, წესრიგის დაცვას და ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი საქმიანობის წინასწარგანსაზღვრული წესების მიხედვით განხორციელებას. მოსარჩელეების მითითებით, საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების აკრედიტაციის მექანიზმის მნიშვნელობის მიუხედავად, საჭიროა, რომ აკრედიტაციის პროცედურით დადგენილი წესები ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვებისთვის გაუმართლებელ ბარიერს არ ადგენდეს და მედიას/მედიის წარმომადგენლებს არ უზღუდავდეს საზოგადოების ინფორმირების ფუნქციის შესრულების შესაძლებლობას.
7. მოსარჩელეების მითითებით, ზოგადად, ჟურნალისტებისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით სხვადასხვა ვალდებულების დადგენის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, წესრიგის დაცვა. მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, ინტერვიუს გაგრძელების საფუძვლით აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომლებზე პასუხიც მითითებული პირებისთვის არასასურველია. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი არ უშვებს პარლამენტარებისა თუ საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებებს არ გააჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც დასაშვები იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა.
8. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ აგრეთვე იმ გარემოებაზე, სად, პირთა რა კატეგორიის მიმართ და რა საკითხებთან დაკავშირებით ახორციელებს პირი ჟურნალისტურ საქმიანობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე და ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ კრიტიკული შეკითხვების დასმა წარმოადგენს ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული პროცესების წარმართვის მნიშვნელოვან მექანიზმს. საზოგადოების წევრებს გააჩნიათ მუდმივი ინტერესი იმის თაობაზე, გაიგონ რას ფიქრობენ მათ მიერ არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. აღნიშნული მოსაზრებების მიღებისა და საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობა კი, აკრედიტებულ ჟურნალისტებს გააჩნიათ, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ახორციელებენ ჟურნალისტურ საქმიანობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს უსვამენ, მათ შორის, ისეთ კრიტიკულ შეკითხვებსაც, რომლებზე პასუხის გაცემაც სცდება მათი კომფორტის ფარგლებს.
9. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის განმარტებით, აკრედიტაციის შეჩერების მომწესრიგებელი კანონმდებლობა აკრედიტაციაშეჩერებული ჟურნალისტებისთვის არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჟურნალისტების პოზიციების გათვალისწინების გარეშე. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. მოსარჩელეთა აღნიშვნით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება არც ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა. კერძოდ, ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავაც განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას.
10. მოსარჩელეები, დამატებით, ყურადღებას ამახვილებენ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების „მსუსხავ ეფექტზე“ და მიუთითებენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების შიშით, ჟურნალისტებმა შესაძლოა, თავი შეიკავონ საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის კრიტიკული შეკითხვების დასმისაგან, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებას წაართმევს შესაძლებლობას, გაეცნოს საკუთარი წარმომადგენლების მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ საკითხებზე.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით, მოითხოვენ სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის შეჩერების სხვა შემთხვევებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1786 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც იძლევა საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისას არ შეწყვეტს ინტერვიუს.
3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მითითებული ნორმის ტექსტუალური ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესების მოწესრიგების უფლებამოსილების მინიჭებით. სადავო ნორმა, უშუალოდ, შინაარსობრივად, არ განსაზღვრავს, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტისათვის დადგენილ ვალდებულებებს და, მეორე მხრივ, ამგვარი ვალდებულებების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის, არ ითვალისწინებს საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისას არ შეწყვეტს ინტერვიუს. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1786 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. №1786 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“. მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის მიმართებას წარმოაჩენდა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1786 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები, როგორც აღინიშნა, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისას არ შეწყვეტს ინტერვიუს.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აუცილებელია, რომ, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს. ამავდროულად, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „ადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას. ... მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებაში მოიაზრება მათი ინსტიტუციური და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოსაგან მათი თავისუფლება იმ მნიშვნელოვანი როლის განხორციელებისას, რომელიც მედიას ეკისრება ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძირითად უფლებასა და შესაძლებლობას, იფუნქციონირონ მთავრობის კონტროლის, შეზღუდვებისა და ცენზურის გარეშე, დროულად მოიძიონ და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და იდეები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული ნორმა ადგენს წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რათა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კონსტიტუციური საჯარო წესრიგით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეასრულონ თავიანთი ფუნქცია საჯარო კომუნიკაციის პროცესში – განახორციელონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, ხელი შეუწყონ განსხვავებული იდეების ცირკულაციას, საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას და მათზე საჯარო დისკუსიებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება, უწინარესად, გულისხმობს სწორედ მათ ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას, მათ შესაძლებლობას, გარე ჩარევისაგან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ყველა შესაბამის საკითხზე, რაც კი მათ საქმიანობას შეეხება, დაწყებული მასმედიის საშუალების დაფუძნებიდან და მისი შიდა ორგანიზაციული საკითხებიდან, თვითრეგულაციის ჩათვლით, დამთავრებული ინფორმაციის მოპოვებითა და გავრცელებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საკუთარი შინაარსის გამო, კონკრეტული ხასიათის ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება სცდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიზანმიმართულებას და აღნიშნული დებულებით დაცული უფლებრივი სფეროს ფარგლებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი შეეხება კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის და არა ინფორმაციის გავრცელების საშუალების შეზღუდვას, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების კონსტიტუციურობა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის სისტემაში, გამოხატვის/ინფორმაციის თავისუფლება, შესაბამისი აზრებისა და ინფორმაციის შინაარსის, ისევე, როგორც მათი გავრცელების საშუალებისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, დაცულია აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. შესაბამისი შეზღუდვების გამართლებულობა კი შეფასებადია საქართველოს მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს აღნიშნული უფლებისა თუ მისი ცალკეული უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ინტერვიუს შეწყვეტის ვალდებულებას საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მეორე მხრივ, კი ითვალისწინებს აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომებს, საპარლამენტო/სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერებას/აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვას 1 თვის, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 6 თვის ვადით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ წესის საფუძველზე აკრედიტებულმა ჟურნალისტმა. ამდენად, აკრედიტაცია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების საქმიანობის წინაპირობას, რომლის გარეშეც ჟურნალისტები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, გააშუქონ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, საქართველოს პარლამენტის წევრისგან, აპარატის თანამშრომლისგან ან პარლამენტში სტუმრად მყოფი სხვა პირისაგან მიიღონ და გაავრცელონ შესაბამისი ინფორმაცია, საზოგადოების ოპერატიულად ინფორმირების მიზნით. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ გულისხმობს უშუალოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებებისათვის, საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის იმგვარი ვალდებულების დაკისრებას, რომელიც გამოიწვევდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებაში ჩარევას და წარმოშობდა სადავო ღონისძიებების კონსტიტუციურობის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან შეფასების საჭიროებას. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1786 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1786 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1786 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი კიკაბიძე და გენადი ქვაჩახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1786 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი კიკაბიძე და გენადი ქვაჩახია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: (ა) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით; (ბ) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე