ელფრიდა რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/26/1359 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2023 16:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ელფრიდა რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1359) მომართა ელფრიდა რეხვიაშვილმა. №1359 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2018 წლის 18 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1359 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რაც განისაზღვრება არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარით, სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლი კი ადგენს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ მიუმართავს განცხადებით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კი ადგენს, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. №1359 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, თუმცა ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარს. მოსარჩელის პოზიციით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისათვის ამ ოდენობის თანხის გადახდა ვერ ჩაითვლება მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებად, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რეპრესიების შედეგად პირს მიადგა ფიზიკური ან/და მენტალური ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კანონში მითითებული ოდენობის თანხით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს ზიანის სრულად ანაზღაურების შესახებ.
7. მოსარჩელე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს კანონის მე-2 მუხლს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ხსენებული კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ აისახა ძირითად კანონში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა ცალკე, დამოუკიდებელი სახით. მოსარჩელის პოზიციით, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ არის იურისტი, ვერ მიადევნებდა მუდმივად თვალყურს საკანონმდებლო ცვლილებებს, განსაკუთრებით, ცალკე ფორმით გამოქვეყნებულს. შესაბამისად, მას არ შეეძლო, შეეტყო აღნიშნული ცვლილებების შესახებ და დროულად მიემართა სასამართლოსთვის საკუთარი უფლებების აღდგენის შესახებ. ამგვარი შეზღუდვით კი, მას ერთმევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2023 წლის 19 მაისის №01/116839 წერილით ეცნობა, რომ 2020 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა მოსარჩელე ელფრიდა რეხვიაშვილი.
3. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე ელფრიდა რეხვიაშვილის გარდაცვალებით, საფუძველი გამოეცალა მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვას, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოში, საქმეზე „ელფრიდა რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, (კონსტიტუციური სარჩელი №1359) სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1359 კონსტიტუციურ სარჩელზე („ელფრიდა რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში