ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/29/1714 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2023 16:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:მოსარჩელე მხარის – ეკატერინე კიკნაძის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარმომადგენლები – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ გეგეშიძე და ამავე დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – ქეთევან დუგლაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1714) მომართა ეკატერინე კიკნაძემ. №1714 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 6 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 4 ივლისს.
2. №1714 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“.
5. №1714 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს აღჭურავს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილებით, მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნით დაინტერესებულ პირთა და გაერთიანების თანამშრომელთა დაშვებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელმაც 2022 წლის 6 ივნისს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისთვის მიწერილი განცხადებით, კვლევითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, მოითხოვა ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდში დაცულ კოლექციებზე დაშვება. ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა კვლევაზე უარყოფითი დასკვნა გასცა, ხოლო დამოუკიდებელი კვლევის განხორციელებაზე მოსარჩელისთვის უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მუზეუმში ევაკუაციის რეჟიმი და სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
6. მოსარჩელის პოზიციით, ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და სადავო ნორმის საფუძველზე, იზღუდება საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა. სადავო ნორმა მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული ქმედების განხორციელებაზე. კერძოდ, მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში დაშვების ან დაშვებაზე უარის შესახებ. მუზეუმის დებულება ადგენს, რომ ეროვნული მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორატი, რომელსაც ხელმძღვანელობს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დირექტორატი შედგება გენერალური დირექტორისა და ოთხი დირექტორისგან. დებულება ასევე განსაზღვრავს, რომ დირექტორატის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ნებისმიერი გადაწყვეტილება დირექტორატის მიერ მიიღება კოლეგიურად, დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დირექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე წევრები. საბჭოს გადაწყვეტილება მუზეუმისთვის სავალდებულოა.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან, საჯარო ინფორმაციის სახით, გამოითხოვა დირექტორატის დებულების მოქმედი რედაქცია, თუმცა კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, აღნიშნულ დაწესებულებებს მისთვის არ გადაუციათ საჯარო ინფორმაცია. არც გასაჩივრებული ბრძანება და არც 2021 წლის 12 მარტისთვის მოქმედი დირექტორატის დებულება, გარდა ზემოთ მოცემული წესებისა, არ ითვალისწინებს რაიმე კრიტერიუმს, რის მიხედვითაც, უნდა მოხდეს დირექტორატის მიერ სამუზეუმო ფონდში დაინტერესებული პირის ან თანამშრომლის კვლევის მიზნებისთვის დაშვება. შესაბამისად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე განსაზღვრულ წესს, რის მიხედვითაც, უნდა მოხდეს, ერთ შემთხვევაში, დადებითი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება.
8. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, დაინტერესებულ პირს/თანამშრომელს, რომელსაც კვლევითი საქმიანობის მიზნით, სურს სამუზეუმო ფონდში დაშვება, შესაძლებლობა არ აქვს, წინასწარ განსაზღვროს დირექტორატის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი და წინაპირობები. ამასთანავე, არ არსებობს კრიტერიუმი, რომელიც, დირექტორატის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მისცემდა, უშუალოდ გასაჩივრებული ნორმით დადგენილ დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, სახელმძღვანელო, ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისთვის. ამის გათვალისწინებით, დირექტორატის მიერ უარყოფით გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებაც მოსარჩელისთვის არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ფართო დისკრეციისგან დამცავი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი.
9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
10. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა მუზეუმში დაცულ ფონდზე, რადგან დირექტორატმა მოსარჩელის კვლევაზე გასცა უარყოფითი დასკვნა. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს გააჩნია ინფორმაციული ღირებულება და როდესაც აღნიშნული ობიექტი არის სახელმწიფო საკუთრებაში, ადამიანებს აქვთ ამ ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნული კი ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების ფარგლებში. მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები და, იმ შემთხვევაში, თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომას ემუქრება საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის საფუძველზე, რათა არ დაზიანდეს კულტურული მემკვიდრეობა, რაც, იმავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემქმნელია.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნას, რომ კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის განკუთვნილ დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა ჰქონდეს წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ასევე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმას არ აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებთან და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ აღნიშნული დებულება ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე.
12. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. მოპასუხე მხარის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფორმაციის გაცნობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება არ მოიცავს შემთხვევებს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამუზეუმო ფონდში დაცულ ექსპონატებზე დაშვების და მისი კვლევის შესაძლებლობას. მოპასუხის პოზიციით, საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს ის ინფორმაცია, რომელიც მუზეუმს გააჩნია მასში დაცულ ექსპონატებთან, კოლექციებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, მუზეუმებს გააჩნიათ რეესტრი, სადაც აღრიცხული აქვთ თავიანთი ექსპონატები და კოლექციები. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე ნებისმიერი პირის წვდომა არის გარანტირებული და რეგულირდება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ კანონმდებლობითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ხოლო სამუზეუმო ფონდში დაცულ ექსპონატებს გააჩნია არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ასევე კულტურული, ისტორიული, კვლევითი ღირებულება, რომელიც შეიძლება პირის ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს განვითარებისთვის, აკადემიური თავისუფლებისთვის და ა.შ.. ამგვარად, სამუზეუმო ფონდში დაცული ექსპონატები შინაარსობრივად არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, მაგრამ აღნიშნული ექსპონატები არის ინფორმაციის მატარებელი, რაც განაპირობებს მათი კვლევისა და შესწავლის ლეგიტიმურ ინტერესს, თუმცა აღნიშნულ ინტერესს, მოპასუხის აზრით, მიმართება არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებით დაცულ სფეროსთან.
14. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არ არის გამხდარი იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი – „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უფლების შეზღუდვის მატერიალურ საფუძვლებს ითვალისწინებს. სადავო ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ მუზეუმის დირექტორატის მმართველობით უფლებამოსილებას, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებული პირის დაშვებასთან დაკავშირებით, ხოლო თუ როგორ მიიღება აღნიშნული გადაწყვეტილება, განსაზღვრულია „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას მიმართება არ აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროსთან და, ასევე, არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. სადავო ნორმის თანახმად, „მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით“. მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს დირექტორატის აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნით დაინტერესებულ პირთა და გაერთიანების თანამშრომელთა დაშვებასთან დაკავშირებით. სადავო ნორმა წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია, ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.
4. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მუზეუმის მესაკუთრეს ან მფლობელს უფლება აქვს შეზღუდოს მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებთან დაშვება მათი დაცულობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის, რესტავრაციის ან საცავებში (დეპოზიტარიუმებში) მოთავსების გამო“. ამდენად, მუზეუმის მესაკუთრის ან მფლობელის უფლება, შეზღუდოს მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებთან დაშვება მათი დაცულობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის, რესტავრაციის ან საცავებში (დეპოზიტარიუმებში) მოთავსების გამო, გათვალისწინებულია კანონით. შესაბამისად, მუზეუმის მიერ სამუზეუმო ფონდში არსებული ექსპონატების დიდ ნაწილზე დაშვების (მათ შორის, კვლევის მიზნით) შეზღუდვის უფლებამოსილება კანონით არის დადგენილი. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, ისეთ სამუზეუმო ექსპონატებზე დაშვების შეზღუდვას, რომელიც ექცევა „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის რეგულირების სფეროში და, ამდენად, მისი სასარჩელო მოთხოვნა, ასევე უკავშირდება კანონის ხსენებული ნორმით დადგენილი წესრიგის არაკონსტიტუციურად ცნობას.
5. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
6. შესაბამისად, №1714 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27¹ მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31¹ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31² მუხლის მე-8 პუნქტის, 31³ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 31⁵ მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31⁶ მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1714 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში