„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/27/1570 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2023 16:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე − სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი − წევრი;
თეიმურაზ ტუღუში − წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“, ამავე მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის №18 ჰორიზონტალური გრაფის სიტყვების „და ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაცია“, რიცხვის „500“ და ფორმულის „1700 + 100xN“ და ამავე დანართის №25 ჰორიზონტალური გრაფის სიტყვების „აკრედიტაციის მოწმობის ასლის გაცემა ინგლისურ ან რუსულ ენაზე“ და რიცხვის „90“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1570) მომართა „შპს ეპიცენტრმა“. №1570 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 25 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1570 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის გასაჩივრებული დებულებების თანახმად, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტრი) მიერ გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების სადავო დებულებები კი ადგენს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისათვის და აკრედიტაციის მოწმობის ასლის ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძველსა და წესს.
5. №1570 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „შპს ეპიცენტრი“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობა. მოსარჩელემ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მისაღებად, მიმართა აკრედიტაციის ცენტრს. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, იგი ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის, ისევე, როგორც აკრედიტაციის მოწმობის ინგლისურენოვანი ან რუსულენოვანი ასლის მიღებისთვის დადგენილი საფასური.
6. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საფასური განსაზღვრავს პირის ფინანსურ ვალდებულებას და წარმოადგენს მისი საკუთრების შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, როდესაც მომსახურების სანაცვლოდ პირს უხდება ამა თუ იმ საფასურის გადახდა, ეს იწვევს მისი საკუთრების შემცირებას და, ამდენად, საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, ხოლო, არაგონივრული საფასურის შემთხვევაში - აღნიშნული კონსტიტუციური უფლების ხელყოფას.
7. გასაჩივრებული საფასურის ოდენობებთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოცემული საფასურის ოდენობები არაგონივრული და არაპროპორციულია. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს აკრედიტაციის ცენტრის 2020 წლის მე-2 კვარტლის ბიუჯეტზე და აღნიშნავს, რომ დროის ამ ინტერვალში, აკრედიტაციის ცენტრს ჰქონდა ზემოგება და ჭარბი შემოსავლები. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დაწესებული საფასურები არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა თავად ცენტრის ფუნქციონირებისა და მის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის. შესაბამისად, როდესაც აკრედიტაციის ცენტრს აქვს ჭარბი შემოსავლები და ზემოგება, ეს მიანიშნებს სწორედ აკრედიტაციის ცენტრის მომსახურებისათვის დადგენილი საფასურების არაგონივრულ და არაპროპორციულად მაღალ ოდენობებზე.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გასაჩივრებული საფასურების ოდენობების არაგონივრულობას და არაპროპორციულობას, განაპირობებს, აგრეთვე ის გარემოება, რომ აღნიშნული საფასურების განსაზღვრის შეუზღუდავი უფლებამოსილება დელეგირებული აქვს საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ გასაჩივრებული საფასურები, თავისი შინაარსით, წარმოადგენს მოსაკრებელს. მოსაკრებლის სტრუქტურისა და შემოღების წესის, ასევე განაკვეთების და განაკვეთების ფარგლების დადგენა კი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ კანონით და არა მთავრობის ნორმატიული აქტით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი საფასურის ოდენობები და მათი განსაზღვრის წესი ლახავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას და, ამასთანავე, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან.
10. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არის იმ ნორმების ანალოგიური შინაარსის მქონე, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებით საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. მოსარჩელის განცხადებით, დასახელებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის მომსახურების საფასური განიხილა მოსაკრებლად და მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების გათვალისწინებით, „112“-ის საფასურის გადამხდელ სუბიექტთა წრის და საფასურის განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მხოლოდ კანონის და არა მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვით, დაუშვებელია კანონმდებლის მიერ საფასურისა და მოსაკრებლის დაწესების მთავრობისთვის დელეგირება შესაბამისი ფარგლების დადგენის გარეშე.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული უფლებით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/3/617 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. გასაჩივრებული ნორმები, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საფასურის ოდენობებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრისთვის გაწეული მომსახურებისათვის, კერძოდ, აკრედიტაციის განაცხადისათვის, აკრედიტაციისათვის და აკრედიტაციის მოწმობის ასლის ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს, რომ აღნიშნული საფასურების ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფასურის ოდენობები არაგონივრული და არაპროპორციულია, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლება. გარდა ამისა, მოსარჩელის არგუმენტაციით, აკრედიტაციის ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, საკუთარი ბუნებით, არის მოსაკრებელი, რომლის სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კანონითაა შესაძლებელი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული დებულებები ფორმალური თვალსაზრისითაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.
5. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელეს მოეთხოვება, მოიყვანოს არგუმენტები იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც იგი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსარჩელემ იდავოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, პირის სარჩელის საფუძველზე, მხოლოდ უფლებაშემზღუდველი ნორმები ცნოს არაკონსტიტუციურად. პირი ვერ მოითხოვს, თუნდაც კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მის უფლებას არ ზღუდავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/4/1438 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
6. სადავო ნორმების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, ზოგადად, საფასური წარმოადგენს ფინანსურ ვალდებულებას, რომლის გადახდაც იწვევს პირის საკუთრების შემცირებას. შესაბამისად, საფასური ექცევა საკუთრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში. არაგონივრულად და არაპროპორციულად დადგენილი საფასური კი არღვევს აღნიშნულ უფლებას.
7. დასახელებულ არგუმენტთან მიმართებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საფასურის გადახდის ვალდებულება, რაღაც დოზით, გულისხმობს პირისათვის ფინანსური ტვირთის დაკისრებას, „გარკვეულ მომსახურებაზე საფასურის დადგენა, თავისთავად, საკუთრების უფლების შეზღუდვას არ იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/4/1438 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/10/1533 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ და „შპს კომპანია სალუტი SALUTE Company“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). იმისათვის, რათა პირმა მოახდინოს კონკრეტული საფასურიდან მომდინარე შეზღუდვის შესაბამისი კონსტიტუციური უფლების სწორად იდენტიფიცირება, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს, ერთი მხრივ, იმ სამართლებრივი ურთიერთობის სფეროსა და ხასიათზე, რომელთან დაკავშირებითაც ეს საფასურია დადგენილი, ხოლო, მეორე მხრივ, საპასუხო შედეგზე, რომელიც ამ საფასურის გადახდას ან გადაუხდელობას ახლავს თან. სწორედ ამ ლოგიკით, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლო დავებზე სახელმწიფოს ბაჟის გადახდის ვალდებულების დადგენის კონსტიტუციურობა შეფასებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, ჰქონდეს ქონება, მათ შორის, მოთხოვნები, ისარგებლოს საკუთრებით და განკარგოს იგი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა სახეზე იქნება ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად გამოყენება, განკარგვა ან ქონების შეძენა.
9. №1570 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საფასურები დადგენილია აკრედიტაციის ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრისთვის გაწეული მომსახურებისათვის, კერძოდ, აკრედიტაციისათვის და აკრედიტაციის მოწმობის ასლის ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემისათვის.
10. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით, ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირაა განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა.
11. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა განხორციელდეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში. ამასთანავე, ზოგადად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს. ცენტრის აკრედიტაცია კი დაკავშირებულია ინსპექტირების შედეგების სახელმწიფოს მიერ აღიარებასთან (ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის ვარგისად ცნობასთან).
12. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, ძირითადად, უკავშირდება იმის დასაბუთებას, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისათვის და აკრედიტაციის მოწმობის ასლის ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემისათვის დადგენილია არაგონივრული საფასურები, რომლებიც მძიმე ფინანსურ ტვირთს აკისრებს მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს და ამით არღვევს მათი საკუთრების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „საკუთრების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, გაუწიოს მომსახურება სხვა პირს და სანაცვლოდ მიღოს ანაზღაურება. თუმცა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი არ არის, რომ ხსენებული უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, რაიმე ფორმით ცნოს პირის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და მის მიერ განხორციელებულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაუკავშიროს რაიმე სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/19/1436 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“, II-20).
13. აკრედიტაციის საფასურის გადახდა ევალება პირს, რომელსაც, მოსარჩელის მსგავსად, გადაწყვეტილი აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრის მეშვეობით. მაშასადამე, აკრედიტაციის საფასურის გადახდის გარეშე, პირი ვერ მიიღებს აკრედიტაციას და შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები არ იქნება აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამდენად, სადავო საფასურების გადახდა დაკავშირებულია ინსპექტირების ცენტრის მიერ აკრედიტაციის მოპოვებასა და, შედეგად, შესაბამისი საქმიანობის, აკრედიტებული ინსპექტირების განხორციელებასთან. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როდესაც კანონი ამა თუ იმ ტიპის საქმიანობის წამოწყებისათვის შესაბამის სუბიექტებს უდგენს გარკვეულ მოთხოვნებს, ამ მოთხოვნებიდან მომდინარე შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება უნდა განხორციელდეს არა საკუთრების, არამედ იმ კონსტიტუციური უფლების ფარგლებში, რომლითაც თავად ამ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებაა დაცული.
14. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებას, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები საკუთრების უფლების შემზღუდველად მიიჩნია, ვინაიდან ისინი ფინანსურ ტვირთს აწესებდნენ ისეთი ქმედების განხორციელებისათვის, რომელიც სწორედ საკუთრების უფლებით არის დაცული. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ „სადავო ნორმა კერძო პირისგან სატელეფონო მომსახურების შესყიდვას უკავშირებს „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდას. როგორც უკვე აღინიშნა, კერძო პირისაგან ამა თუ იმ მომსახურების შესყიდვის მიზნით, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში თავისუფლად შესვლა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ პირის ფინანსური ვალდებულებების წარმოშობა უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული ქმედების განხორციელებას. ამდენად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-14). მაშასადამე, მოცემულ საქმეზე საკუთრების უფლების შეზღუდვას განაპირობებდა არა, თავისთავად, მოსაკრებლის დადგენის ფაქტი, არამედ ის, რომ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოადგენდა სატელეფონო მომსახურების გამწევ პირსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების თავისუფლად დადების შეზღუდვას.
15. ამდენად, №1570 კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მყარი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმების საფუძველზე საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. ამავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, პირი ვერ მოითხოვს, თუნდაც კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მის უფლებას არ ზღუდავს. ვინაიდან წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელემ საკუთრების უფლების შეზღუდვა ვერ დაასაბუთა, შესაბამისად, იგი ვერც სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობას წარმოაჩენს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1570 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1570 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში