"შპს ეპიცენტრი" საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1570 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | "შპს ეპიცენტრი" |
თარიღი | 22 თებერვალი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“
ბ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 99-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციისთვის და აკრედიტაციის მოწმობის გაცემისთვის. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები |
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 99-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციისთვის და აკრედიტაციის მოწმობის გაცემისთვის. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“-ს დანართი №1-ის ცხრილის გრაფის „მომსახურება“ №18 ჰორიზონტალური გრაფის სიტყვები „და ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაცია“ და დანართი №1-ის ცხრილის გრაფის „განაცხადის საფასური A (ლარებით)“-ს №18 ჰორიზონტალური გრაფის რიცხვი - 500 და დანართი №1-ის ცხრილის გრაფის „ძირითადი საფასური B (ლარებით)“-ს №18 ჰორიზონტალური გრაფის სიმბოლოები - 1700+100xN | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“-ს დანართი №1-ის ცხრილის გრაფის „მომსახურება“ №25 ჰორიზონტალური გრაფის წინადადების „აკრედიტაციის მოწმობის ასლის გაცემა ინგლისურ ან რუსულ ენაზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს ავტოსატრანსორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ასლის გაცემას ინგლისურ ან რუსულ ენაზე და დანართი №1-ის ცხრილის გრაფის „ძირითადი საფასური B (ლარებით)“-ის №25 ჰორიზონტალური გრაფის რიცხვი - 90-ს ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს ავტოსატრანსორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ასლის ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემისთვის 90 ლარის გადახდევინებას. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4.„ა“ მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39.1.„ა“ მუხლი, 19.1.„ე“, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, წარმოდგენილია საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის კომპანიის მიერ რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მისაღებად სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრში“ წარდგენილი აქვს აკრედიტაციის განაცხადი, იგი რეგისტრირებულია (9 თებერვალი 2021 წ. №119) და აკრედიტაციის პროცედურების გაგრძლებისას მოუწევს აკრედიტაციის განაცხადის საფასურის 500 ლარის, აგრეთვე თბილისში მდებარე ინსპექტირების ცენტრის 1 ხაზზე ძირითადი საფასურის 2200 ლარის (1700+100x5) და ინგლისურენოვანი ან რუსლენოვანი აკრედიტაციის მოწმობისთვის 90 ლარის გადახდა.
ამასთანავე, შპს „ეპიცენტრი“ უფლებამოსილ სუბიექტად მიჩნეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის №1/10/1437 საოქმო ჩანაწერით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის №2/19/1436 საოქმო ჩანაწერით აკრედიტაციის მარეგულირებელ წინამდებარე სარჩელში მითითებულისგან განსხვავებულ/სხვა ნორმებთან მიმართებაში შპს „ეპიცენტრი“-ს სარჩელები მიღებულია განსახილველად.
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვილია გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასთან შესაბამისობის შემოწმება. არაუფლებამოსილი დაწესებულების მიერ დადგენილი ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი მაგრამ არაპროპორციული თუ არაგონივრული გადასახდელი საფასურების დაწესება ხვდება კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, რადგან პირს უწევს ამ საფასურის გადახდა. საფასური პირის საკუთრების შემადგენელი ნაწილია, რომლის ანტიკონსტიტუციური ვალდებულებისთვის გადახდა იწვევს საკუთრების შემცირებას, საკუთრების უფლების ხელყოფას. ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს პრაქტიკა, რომლით დადგენილ სტანდარტებსაც აკმაყოფილებს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი. გასაჩივრებული ნორმები აკრედიტაციის მიღების მსურველი პირის (მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის კომპანიის) მიმართ ადგენს ფინანსურ ვალდებულებას აკრედიტაციის მომსახურების საფასურის გადახდის დაკისრების გზით (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-8 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II-14).
ამდენად სახეზეა გასაჩივრებული ნორმის (საფასური/მოსაკრებელი) მიმართება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სიკეთესთან/უფლებასთან.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმებიც, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. შპს „ეპიცენტრი“ წარმოადგენს კომპანიას რომლის ერთ-ერთი მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში საქმიანობით მოგების მიღება, ინსპექტირების ცენტრის მოწყობა.
2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ექვემდებარება აკრედიტაციას.
3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების/კომპანიების აკრედიტაციის მომსახურებას, შესაბამისობის შეფასებას და აკრედიტაციის/შესაბამისობის დადასტურებას ახორციელებს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“.
4. ახორციელებს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს მომსახურების საფასურები განსაზღვრულია გასაჩივრებული, საქართველოს მთავრობის №301 დადგენილებით.
5. შპს „ეპიცენტრი“-ს აკრედიტაციის ცენტრში წარდგენილი აქვს აკრედიტაციის განაცხადი, რომელიც რეგისტრირებულია 2021 წლის 9 თებერვალს, რეგისტრაციის №119.
6. აკრედიტაციის პროცესში აკრედიტაციის განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ ეტაპებზე აკრედიტაციის მსურველს ეკისრება საქართველოს მთავრობის №301 დადგენილებით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულება, აღნიშნულის გარეშე აკრედიტაციის პროცედურების წარმართვა, დასრულება და მიღება შეუძლებელია.
7. აკრედიტაციის პროცესში აკრედიტაციის მაძიებელი იხდის „განაცხადის საფასურს“ 500 ლარის ოდენობით, „ძირითად საფასურს“, რომელიც შპს „ეპიცენტრი“-ს შემთხვევაში შეადგენს 2200 ლარს, აგრეთვე აკრედიტაციის მომწობის ინგლისურენოოვანი ან რუსულენოვანი ასლის მიღების საფასურს 90 ლარის ოდენობით.
8. პროდუქტისა და მომსახურების თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის გასაჩივრებული ნორმებით აკრედიტაციის საფასურის ყველა საკითხის რეგულირება დელეგირებულია საქართველოს მთავრობისთვის.
9. საქართველოს მთავრობას აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება რაიმე კრიტერიუმის თუ სტანდარტის გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ დაადგინოს აკრედიტაციის საფასური.
10, საქართელოს მთავრობის შეუზღუდავი უფლებამოსილების ილუსტრაციაა ყოველგვარ შინაარსს მოკლებული „განაცხადის საფაური“და მისი ოდენობა 500 ლარი. მთავრობას ყოველგვარი დასაბუთებისა და შეზღუდვის გარეშე აქვს უფლება გახარდოს საფასურები, როგორც მოიქცა კიდეც 2017 წელს „განაცხადის საფასური“ გაზარდა 100 ლარით, ხოლო 2018 წელს თბილისში მდებარე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის ძირითადი საფასური გაზარდა 400 ლარით, სხვადასხვა რეგიონებში (მათ შორის თბილისში) არსებული ინსპექტირების ცენტრებისთვის კოეფიციენტების დაწესებით.
11. აკრედიტაციის დაწესებული საფასურები ემსახურება აკრედიტაციის ცენტრის ფუნქციონირებისა მის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. იგი არ უნდა იყოს ამ მიზნის უზრუნველყოფაზე მეტი, აკრედიტაციის ცენტრს არ უნდა ჰქონდეს ჭარბი შემოსავლები და ზემოგება.
12. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს მიერ საკუთარ ვებგვერდზე (https://gac.gov.ge/ka/public-information/6) პროაქტიულად გამოქვეყნებული 2020 წლის 2 კვარტლის ბიუჯეტის მონაცემებით საანგარიშო პერიოდისთვის ცენტრს ჰქონდა 1 611 900 ლარი ნაშთი საფასურების ანუ კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების ნაწილში, რომელიც საანგარიშო პერიოდის ბოლოს გაიზარდა დაახლოებით 500 000 ლარით და შეადგინა 2 056 600 ლარი. აღნიშნული ადასტურებს რომ აკრედიტაციის საფასურების განაკვეთები არის საჭიროზე მეტი, ჭარბი შემოსავლებისა და ზემოგების წყარო, რომლის საფუძველიც სწორედ გასაჩივრებული ნორმებია.
13. აკრედიტაციის საფასურები არ არის დადგენილი საკანონმდებლო აქტით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლთან.
14. აკრედიტაციის საფასური, სახეობები, ოდენობები თუ სხვა შემადგენელი ელემენტები განსაზღვრული უნდა იყოს საკანონმდებლო აქტით, ასეთია კონსტიტუციის 67-ე მუხლით დადგენილი წესრიგი. ეს სტანდარტი დადგენილი აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის სტრუქტურა გულისხმობს ამ გადასახდელის ბუნების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან მახასიათებლებს, რომლებიც აყალიბებს მოსაკრებლის ძირითად სახეს. კერძოდ, მოსაკრებლის სტრუქტურის განმსაზღვრელია რა ქმედებაზე გადაიხდება მოსაკრებელი, ვინ არის მისი გადამხდელი სუბიექტები, მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის პრინციპები და ა.შ. ამრიგად, გადასახდელის სტრუქტურაში მოიაზრება მისი დაბეგვრის ობიექტი, გადამხდელი სუბიექტი, ოდენობის განსაზღვრის და სხვა ისეთი პარამეტრები, რომლებიც განაპირობებენ ამა თუ იმ გადასახდელის ბუნებასა და არსებით თავისებურებებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-37).
დამატებით არგუმენტაციას წარმოგიდგენთ სხდომაზე საქმის განხილვისას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი