საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1243 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კრავეიშვილი |
თარიღი | 4 ივლისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
2014 წელის 12 ნოემბერის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება #111-ით გამოცხადდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი, სადაც მე, გიორგი კრავეიშვილმა შევიტანე პროექტი სახელწოდებით "თურქეთში მცხოვრები ქართველების მუსიკალური ფოლკლორი". სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება #111-ით კონკურსი გამოცხადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის #128/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები"-ს საფუძველზე. აღნიშნული ნორმა კი გამოიცა „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების საფუძველზე. ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალურია“. აღნიშნული სამართლის ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. ვინაიდან, ჩემი საგრანტო პროექტები არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას კონსტიტუციის 41-ე მუხლი უფლებას მანიჭებს, გავეცნო სახელმწიფო დაწესებულებაში - სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩემ შესახებ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, კერძოდ შეფასების დასკვნებს ექსპერტების ვინაობის ჩათვლით, ვინც აფასებს ჩემ საკონკურსო ნაშრომს. კონსტიტუციით მონიჭებული ამ უფლების აღსადგენად 2016 წლის 17 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №757) მივმართე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის (კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე; მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მერაბ ტურავა - წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი) განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს. (2016 წლის 28 დეკემბერის №1/25/757 საოქმო ჩანაწერი), ხოლო საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 13 თებერვალს. 2017 წლის 27 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით №1/4/757 (საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. მიღებული იქნა შინაარსობრივად და ტექსტურად იგივე არაკონსტიტუციური ცვლილება კანონში, რომელზედაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი - „4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.“ კანონმდებელმა საქმიდან - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, ამოიკითხა მხოლოდ ის, რომ კანონით არ იყო მოწესრიგებული ექსპერტის კონფიდენციალობის საკითხი. ყურადღება არ მიაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის შინაარსს, რომელიც სამოტივაციო ნაწილშია ჩამოყალიბებული. ასევე არ გაითვალისწინა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებში ნათლად ჩამოყალიბებული პოზიციები, ექსპერტის ვინაობის კონფიდენციალობა არაკონსტიტუციური ნორმაა. საბოლოოდ გადაწყვიტა უგულველეყო საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფუძემდებლური პრინციპი, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია, თუ ისინი არ უკავშირდება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ასევე უგულველყოფილია პრინციპი - კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად და მის საფუძველზე. უფლების შეზღუდვის ძირითადი ბაზისი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. აქვე ავღნიშნავ, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ შესანიშნავი დასაბუთებისა თუ რატომ არ უნდა იყოს ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალური, კანონმდებლის მიერ არ იქნა გაზიარებული. ეხლა ამ უფლებას მიზღუდავს: 1. საქართველოს კანონის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ 151 მუხლის მე-4 პუნქტი - ,,4. ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“; 2. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 21-ე მუხლის მე-7 ნაწილი - „7. ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, ასევე, ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“და მისგან გამომდინარე 21-ე მუხლის მე-6 ნაწილში მძიმის შემდეგი წინადადება „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“. შესაბამისად: მითითებული სამართლის ნორმები არაკონსტიტუციურია და არ არსებობს ამ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არმიღების საფუძვლები |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავ თხოვნით, ბათილად ცნოს: 1. საქართველოს კანონის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ 151 მუხლის მე-4 პუნქტი - ,,4. იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“; 2. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 21-ე მუხლის მე-7 ნაწილი - „7. იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე, ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“ და მისგან გამომდინარე მე-6 ნაწილში მძიმის შემდეგი წინადადება „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“. ზემოთაღნიშნული ნორმების ამოქმედებით ექსპერტთა ვინაობა სამუდამოდ დარჩება კონფიდენციალური. ანუ, კონკურსანტს ვინაობის არცოდნის გამო საშუალება არ ეძლევა მომავალში მაინც აიცილოს მისთვის არასასურველი ექსპერტი. მიუხედავად რომელიმე ექსპერტის აცილების მოთხოვნისა არ არსებობს გარანტია, რომ კვლავ ის არასასურველი ექსპერტი არ შეაფასებს პროექტს, რადგან გადამოწმების საშუალება არ იარსებებს. ასევე, კონკურსანტი ვერ გაიგებს არის თუ არა პროექტის შემფასებელი ექსპერტი კონკრეტული დარგის მეცნიერი/სპეციალისტი. ექსპერტის მიერ გაკეთებული არაკომპეტენტური დასკვნის გაცნობის შემდეგ კონკურსანტმა უნდა მიმართოს სასამართლოს და გაასაჩივროს მხოლოდ დასკვნის შინაარსი. კონკურსანტი შედეგად მიიღებს თანხების ხარჯვას და დროში გაწელილ სასამართლო პროცესს. ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული გრანტი გადანაწილდება სხვებზე და კონკურსანტი დაფინანსების გარეშე დარჩება. მოსამართლე სხდომას დახურულად გამოაცხადებს. ამის გამო კონკურსანტს საშუალება არ ეძლევა პოლემიკაში შევიდეს ექსპერტთან და ამტკიცოს მისი სიმართლე. ვერც იმას გაიგებს სასამართლოს მიერ მოწვეული სხვა ექსპერტი იყო თუ არა პროფესიონალი. დაუჯერებელია, რომ სასამართლომ მოიწვიოს უცხოელი ექსპერტი საქართველოში. და ბოლოს, კონკურსანტს არ ეძლევა მოახდინოს „საქართველოს კონსტიტუციით“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით“ მინიჭებული უფლების რეალიზება - მოიპოვოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებული ინფორმაცია სრულად. დაუშვებელია კანონში ასეთი ჩანაწერის არსებობა, როგორიცაა: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 21-ე მუხლის მე-6 ნაწილში მძიმის შემდეგი წინადადება - „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“. რაც თავისთავად გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში საექპერტო დასკვნაზე მისი შემდგენელის არმითითებას და ხელმოუწერლობას. ანუ, ასეთი დოკუმენტი იურიდიული ძალის არმქონე ფარატინა ქაღალდად იქცევა და ვერ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში „ოფიციალურ დოკუმენტად“, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პროექტის დაფინანსების საკითხი. და ბოლოს, ასეთი „დოკუმენტის“ სასამართლოში წარდგენა არაადეკვატური იქნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. თუ, საქართველოს კონსტიტუციისთვის მიუღებელია ნორმატიულ აქტში რაიმე ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი, საკანონმდებლო აქტში ისეთივე ჩანაწერი ვერ იქნება კონსტიტუციისთვის მისაღები. მე, გიორგი კრავეიშვილი ვარ პროფესიით ეთნომუსიკოლოგი, მკვლევარი. გასულ წლებში, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამენციერო ფონდში კონკურსის შედეგად მოპოვებული ერთადერთი გრანტით და შემდგომ ჩემი ოჯახის დაფინანსებით ჩავატარე ექსპედიციები აზერბაიჯანში ინგილოებთან, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ: ლაზებთან, იმერხეველებთან, ტაოელებთან და კლარჯელებთან. სამწუხაროდ 2014 წლამდე საქართველოს ამ ძირძველ მხარეებში არ იყო ჩატარებული არცერთი მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიცია, არადა ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტ საკითხს მოეფინებოდა ნათელი. ამრიგად პირველი მე ვიყავი, რომელმაც ვიმუშავე დასახელებულ ტერიტორიაზე. ჩემი კვლევის თემას წარმოადგენს „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მუსიკალური ფოლკლორი“. სამუშაო არეალი მოიცავს თურქეთის, ირანის და აზერბაიჯანის დღევანდელი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად, კვლევებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები, რომლის მოპოვება მხოლოდ გრანტების საშუალებით თუ იქნება შესაძლებელი. მეცნიერთა უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარია თუ რაში ჭირდება მათ თვითონ „კონფიდენციალობა“. კეთილსინდისიერი ექსპერტი, რომელიც არის პროფესიონალი, არ არის მიკერძოებული, აქვს ნაშრომის ობიექტურად შეფასების უნარი და პასუხისმგებელია მის მიერ დაწერილ თითოეულ სიტყვაზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალური, არასოდეს იტყვის უარს საგრანტო ნამუშევრების შეფასებაზე. თუ ექსპერტი, მხოლოდ იმიტომ თანხმდება საექსპერტო საქმიანობას, რომ მისი ვინაობა იქნება კონფიდენციალური და მას მინიჭებული ექნება „იმუნიტეტი“, უმჯობესია ასეთი ექსპერტი საერთოდ არ იყოს მოწვეული. ხოლო, გავრცელებული აზრი, რომ ქართველი მეცნიერები მოსყიდულები არიან მათთვის შეურაცხმყოფელია. სააპელაციო სასამართლო განმარტავს - ერთის მხრივ, აპელანტის მითითება, ექსპერტთა ვინაობის გასაიდუმლოების შესახებ იმ მოტივით, რომ „აცილებულ იქნეს მათზე ყოველგვარი ზეგავლენა“, გაუმართლებელია და არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი და აუცილებელი საშუალება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეარჩიოს ექსპერტთა ისეთი კანდიდატურა, რომლებიც არიან დამოუკიდებელნი, თავისუფალი და მიუკერძოებელნი ყოველგვარი ზეგავლენისგან. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2016 წლის 18 ივლისი - გიორგი კრავეიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წინააღმდეგ (საქმე №3ბ/2095-15 - 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება). საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი ამკვიდრებს ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია, თუ ისინი არ უკავშირდება სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლი განამტკიცებს სიტყვებს „ოფიციალური დოკუმენტი” და „ოფიციალური ჩანაწერი“. საჯარო დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს საიდუმლო მონაცემებს, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ანუ ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციაა. საჯარო ინფორმაციის ამგვარი სახით არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მის მომთხოვნზე გასცეს იგი სრულყოფილი სახით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაყოფა შეიძლება რამდენიმე ჯგუფად: - პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს;... საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას – გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. „ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, რაც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ, გარკვეულ შემთხვევაში, კანონის საფუძველზე, მოახდინოს მისი შეზღუდვა. სწორედ ამ შეზღუდვის გამოვლინებაა გარკვეული ინფორმაციის მიჩნევა სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პერსონალური მონაცემების საიდუმლოებად.“ აქვე ავღნიშნავ, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება ექსპერტის დასკვნა, მისი ვინაობის ჩათვლით. 2016 წლის 17 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №757) მივმართე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს (კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე; მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მერაბ ტურავა - წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი). (2016 წლის 28 დეკემბერის №1/25/757 საოქმო ჩანაწერი), ხოლო საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 13 თებერვალს. 2017 წლის 27 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით №1/4/757 (საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მე, გიორგი კრავეიშვილმა, 2014 წელს მონაწილეობა მივიღე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში, თუმცა დაფინანსება ვერ მოვიპოვე. ამის შემდგომ, მივმართე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს პროექტის შეფასებაში მონაწილე ექსპერტთა ვინაობის გამხელის თაობაზე, თუმცა უარი მითხრეს ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის არგუმენტით, რაც, თავის მხრივ, დადგენილი იყო „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/5 ბრძანებით. საბოლოოდ, სასამართლოსადმი მიმართვის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 19 ნოემბერის გადაწყვეტილებით (საქმე №3/7446-15. მოსამართლე დავით წერეთელი) „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/5 ბრძანებით განსაზღვრული ექსპერტთა კონფიდენციალურობის დამდგენი ნორმები ბათილად იქნა ცნობილი კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის საფუძვლით, ხოლო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს დაევალა ექსპერტთა ვინაობის წერილობით გაცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (2016 წლის 18 ივლისი - გიორგი კრავეიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წინააღმდეგ (საქმე №3ბ/2095-15) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა. „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის N2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2015 წლის 19 ნოემბერი - გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ (საქმე №3/7446-15. 6.2)). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში (იხ. თუნდაც, გასკინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება) აღნიშნავს, რომ პირის უფლება მოიპოვოს საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია არის მისი სასიცოცხლო ინტერესი და მას იცავს კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც პოზიტიური თვალსაზრისით საჯარო დაწესებულებებს ავალდებულებს გარანტირებულად უზრუნველყონ პირის ასეთი უფლება მაშინაც კი, თუ ასეთი ინფორმაციის გაცემა მესამე პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან არის დაკავშირებული, რაც დაცულ სფეროში ჩარევის თანაზომიერების პრინციპის შესაბამისია. (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2015 წლის 19 ნოემბერი - გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ (საქმე №3/7446-15. 6.2)). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს… ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება უზრუნველყოფს მოქალაქეთა ეფექტურ მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უმთავრეს მოთხოვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის. ისინი, პრაქტიკულად, ყველა კონსტიტუციური ნორმის, მათ შორის დანარჩენი კონსტიტუციური პრინციპების საფუძველს წარმოადგენენ. ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წყობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემებრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-3“). საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე. „აღნიშნული მუხლი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის N2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ყურადღების ცენტრში მოქცეულია სწორედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/3/406,408 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11). საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, სამეცნიერო ფონდი არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მისი დაფინანსებით მოქმედი საჯარო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს „სახელმწიფო დაწესებულებას“ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-12“). საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, ვინაიდან სამეცნიერო ფონდი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და სახელმწიფო ამოცანების განმახორციელებელი „სახელმწიფო დაწესებულებაა“, „იქ თავმოყრილი ნებისმიერი ფორმის ინფორმაციის სრული სპექტრი შეიძლება იქნეს განხილული, როგორც „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია“ (Mutatis Mutandis) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13“). სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, იმავდროულად, უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მისი მონაწილეობის საკითხს. კერძოდ, ექსპერტი მონაწილეობს სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, მისი შეფასებები ხელს უწყობს ფონდს გრანტების გაცემის საკითხის გადაწყვეტაში. ექსპერტის საქმიანობის საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ვერ მიიჩნევა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციად. ამგვარად, დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, რომლის ხელმისაწვდომობაზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სტანდარტები. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-14“). ექსპერტის ვინაობის კონფიდენციალურობა გულისხმობს დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული, ოფიციალურ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-15“). ექსპერტის ვინაობის ცოდნა მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნის შესაფასებლად. კერძოდ, დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენოს შეფასების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირის/ორგანოს ქმედება საზოგადოებრივ კონტროლს ეფექტურად ექვემდებარება მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, ექსპერტის მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა მოიცავს იმ საკითხებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლოა წარმოადგენდეს დაინტერესებული პირის, საზოგადოების ინტერესის საგანს. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხები ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ დისკრეციას არ უნდა იყოს მინდობილი, თითოეულ აქტიურ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. რადგან დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა, მისი გამოყენება ყოველთვის გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების, დაინტერესებულ პირთა მხრიდან, გადამოწმების შესაძლებლობის არსებობას იმის გასარკვევად, მიღებული იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული პირის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე, ასევე ისეთი ინფორმაციის გაცნობაზე, რომლის ღიაობის საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-16“). აღსანიშნავია, რომ ექსპერტის შეფასება, როგორც წესი, განაპირობებს გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში კონკურსის მონაწილე პირებისგან საჯარო სამართლებრივი წარმოებისადმი ნდობის არსებითი განმაპირობებელი ფაქტორია კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარება, რაც, მათ შორის, ექსპერტის ვინაობის გამჟღავნებით მიიღწევა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების ინტერესი დაინტერესებულ პირს შესაძლოა გააჩნდეს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში სამართლებრივი დავის წარმართვის მიზნებისათვის. კონკურსის მონაწილეს არ შეიძლება შეეზღუდოს ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო დაწესებულებებიდან. ექსპერტის ვინაობის ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული კონკურსის მონაწილის კანონიერი ინტერესების, უფლებების რეალიზებასთან (მაგალითად, ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვქვეშ დაყენება მისი აცილების საფუძვლების გამოვლენის/დამტკიცების შემთხვევაში). (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-17“). საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ექსპერტის კონფიდენციალურობას, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად და მის საფუძველზე. უფლების შეზღუდვის ძირითადი ბაზისი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-18“). საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ოფიციალურ დოკუმენტების „კანონით დადგენილი წესით“ გაცნობის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების კანონით მოწესრიგების ფორმალურ მოთხოვნას. კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც (1) საკითხი უშუალოდ მოწესრიგებულია კანონით; ან (2) კანონმდებელმა კანონით მოახდინა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა კომპეტენტურ ორგანოზე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-19“). კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა, რომ ესა თუ ის საკითხი მოწესრიგდეს კანონით, კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ, საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია (კანონით წესრიგდება). ამასთან, პარლამენტის მიერ სხვა ორგანოსთვის უფლებამოსილების გადანდობა, მოაწესრიგოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები, თავისი არსით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მიიჩნევა ამ საკითხის კანონის ძალით მოწესრიგებად (თუ კონსტიტუცია სახელდებით არ მიუთითებს უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვას) და აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. ამასთან, კანონითვე უნდა განისაზღვროს ის კომპეტენტური ორგანო, რომელზეც ხდება კანონმდებლის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირება. გასათვალისწინებელია, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიხედულების ფარგლები შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და კონსტიტუციური პრინციპებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის N1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-20“). აქვე ავღნიშნავ, რომ კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს - „ ... ... ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“ მიუხედად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ფონდმა არ ისურვა ჩვენთვის ექსპერტების ვინაობის გამჟღავნება იმ მოტივით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CRDF Global) 2016 წლის 27 აპრილს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #02/54 ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურეობასთან დაკავშირებით და ისინი ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თანახმად არ გასცემენ ექსპერტის ვინაობას. თუმცა, იმავე პუნქტის თანახმად - „მხარეებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან კონფიდენციალობა და შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ინფორმაცია, (IV) მიმღები მხარე ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად გაამჟღავნოს იგი.“. ამდენად მტკიცება, რომ ექსპერტები უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე კონფიდენციალობის არქონის გამო მცდარია. ასევე მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა საქართველოს პარლამენტში, კანონებში ცვლილებების მიღებისას, თითქოსდა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების მერვე ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის (H2020) კონკურსის მონაწილეობის წესები, რომელიც დამტკიცებულია ევროპარლამენტის მიერ, ითხოვს ექსპერტთა სრულ კონფიდენციალობას. პირიქით, მასში ნათქვამია - „(31) გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, უნდა გამოქვეყნდეს იმ ექსპერტთა სახელები, რომლებმაც კომისიას ან შესაბამის დამფინანსებელ ორგანოს დახმარება აღმოუჩინეს აღნიშნული რეგულაციის გამოყენებაში. მხოლოდ, იმ შემთხვევაში, როცა სახელების გამოქვეყნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ექსპერტის უსაფრთხოებას ან უხეშად დაარღვიოს მისი პირადი ცხოვრების უფლება, კომისიას და დამფინანსებელ ორგანოებს უნდა შეეძლოთ ასეთი სახელების გამოქვეყნებისგან თავის შეკავება.“ აქვე, საკონსტიტუციო სასამართლოს მინდა მივაწოდო ინფორმაცია მასზედ, რომ დღეისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბერი 2011წ. ბრძანება № 160 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (5. ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საბჭოსთვის.) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №246 2015 წლის 18 თებერვალი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, არ ითვალისწინებს ექსპერტთა კონფიდენციალობას. ამრიგად, არც საერთაშორისო ორგანიზაციები და არც საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უწყებები არ ითხოვენ ექსპერტთა კონფიდენციალობას. ეს მხოლოდ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოთხოვნაა და არ მგონია მართებული იყოს ერთი სსიპ-ის ინტერესების გამო შეიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული საყოველთაო უფლება. მითუმეტეს, როცა ასეთი ჩანაწერი სხვა გრანტის გამცემ ორგანიზაციებსაც უწესებს ექსპერტთა კონფიდენციალობას. იქნებ მათ არც აქვთ ამის სურვილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ“ მუხლი 20. თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.“.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 21-ე მუხლის მე-7 ნაწილი „7. ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, ასევე, ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“ და მისგან გამომდინარე 21-ე მუხლის მე-6 ნაწილში მძიმის შემდეგი წინადადება „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“ ვინაიდან, აღნიშნული ნორმები არ გამომდინარეობენ ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური პრინციპებისგან და ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლს, ისინი არაკონსტიტუციური ნორმებია. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა