საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/1243 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 27 აპრილი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 აპრილი 2018 18:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“ და 21-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1243) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 7 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1243 კონსტიტუციურ სარჩელზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს.
2. №1243 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.
4. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
5. №1243 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ (შემდგომში - სამეცნიერო ფონდი) გენერალური დირექტორის №111 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელე გიორგი კრავეიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსში, თუმცა, საბოლოოდ, დაფინანსება ვერ მოიპოვა. ამის შემდგომ, მოსარჩელემ სამეცნიერო ფონდს მიმართა თავისი პროექტის შეფასებაში მონაწილე ექსპერტების ვინაობის გამხელის თაობაზე, რაზეც მან უარი მიიღო.
6. კონსტიტუციური საჩელის თანახმად, მოსარჩელემ მიმართა საერთო სასამართლოს, რის შემდგომაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე №3/7446-15, „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/5 ბრძანებით განსაზღვრული ექსპერტთა კონფიდენციალურობის დამდგენი ნორმები ცნო ბათილად, ხოლო სამეცნიერო ფონდს დაევალა ექსპერტთა ვინაობის წერილობით გაცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებითაც, თუმცა მოსარჩელეს მაინც არ ეცნობა ექსპერტთა ვინაობა.
7. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების მოქმედებით, ექსპერტთა ვინაობა სამუდამოდ რჩება კონფიდენციალური. კონკურსში მონაწილე პირს, ექსპერტის ვინაობის არცოდნის გამო, არ ეძლევა საშუალება, მომავალში აიცილოს მისთვის არასასურველი ექსპერტი. ამასთან, კანდიდატს არ აქვს საშუალება, გაიგოს, არის თუ არა პროექტის შემფასებელი ექსპერტი კონკრეტული დარგის მეცნიერი/სპეციალისტი. სამეცნიერო ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საერთო სასამართლოში, თუმცა ამ ეტაპზეც სასამართლო სხდომა ცხადდება დახურულად და პირს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს თავისი პროექტის შემფასებელი ექსპერტის ვინაობა და დაუსვას სასამართლო პროცესზე მას საქმესთან დაკავშირებული კითხვები.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ჩანაწერი გულისხმობს საექსპერტო დასკვნაზე მისი შემდგენის მიუთითებლობას, რაც აღნიშნულ დოკუმენტს აცლის იურიდიულ ძალას და ვერ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში „ოფიციალურ დოკუმენტად“, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პროექტის დაფინანსების საკითხი.
9. №1243 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 17 მაისს მოსარჩელემ №757 კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. №1/4/757 გადაწყვეტილებით (საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების მიღებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება დაიძლია. მოსარჩელის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უკვე ცნო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობას. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლად ამოიკითხა მხოლოდ ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის კანონით მოუწესრიგებლობა, თუმცა არ გაითვალისწინა გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა და მიიღო შინაარსობრივად იგივე ნორმები.
11. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და საერთაშორისო პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კანონმდებელმა დაძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ და მიიღო იმავე შინაარსის ნორმები, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და არაკონსტიტუციურად ცნო აღნიშნული გადაწყვეტილებით. მოსარჩელის აზრით, კანონმდებელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მხედველობაში მიიღო მხოლოდ ფორმალური საფუძველი (კანონით მოწესრიგება), ხოლო არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული შინაარსობრივი მსჯელობა.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
4. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, სადავო ნორმა არსებითად განსახილველად მიღების გარეშე რომ იქნეს ცნობილი ძალადაკარგულად, აუცილებელია, არსებობდეს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ნორმად მიჩნევისთვის აუცილებელია, დადგინდეს სადავო ნორმები შეიცავენ თუ არა იმავე შინაარსს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. ამისთვის აუცილებელია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/4/757 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ ძალადაკარგული ნორმების შინაარსისა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დადგენილი კონსტიტუციურსსამართლებრივი სტანდარტების იდენტიფიცირება, რათა გამოირკვეს, რამდენად არსებითია ნორმებს შორის მსგავსება და განსხვავება.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/4/757 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ შეამოწმა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმი და დაადგინა, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული საჯარო დოკუმენტაციის გაცნობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის ამგვარი უფლებამოსილების დელეგირებით. ვინაიდან სადავო ნორმა არ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმს უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე, საქართველოს მთავრობის N84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ფორმალური მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით.
7. №1243 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები დადგენილია შემდეგი კანონებით: „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ამდენად, განსახილველი სადავო ნორმები აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნას (მოწესრიგებულია კანონით) და ამ ნიშნით ისინი განსხვავდებიან იმ ნორმისგან, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/4/757 გადაწყვეტილებით. თავის მხრივ, კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ფორმალური კრიტერიუმის დაკმაყოფილება და უფლებრივი საკითხების გაწერა ნორმატიული აქტების იერარქიულობის გათვალისწინებით. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის, სადავო ნორმები არ წარმოადგენს იმავე შინაარსის ნორმებს, რაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, ვინაიდან ისინი განსხვავდებიან ფორმალური ნიშნით და, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მათი არსებითად მიღების საკითხი.
8. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
9. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვებს „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-7 ნაწილით (იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია).
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი შინაარსის ანალიზიდან იკვეთება, რომ იგი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მისათითებელ ერთ-ერთ ისეთ პარამეტრს, როგორიც არის ამავე აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა. სადავო მუხლი იქვე ითვალისწინებს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ექსპერტის ვინაობის შესახებ მითითება არ ხდება. ამდენად, სადავო ნორმა შეეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაციის დატანის/მიუთითებლობის საკითხს. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული რეგულირება არაკონსტიტუციურია, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აცლის იურიდიულ ძალას და იგი ვერ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში არსებულ „ოფიციალურ დოკუმენტად“.
11. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში ექცევა სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი არ შეეხება აქტებისთვის იურიდიული ძალის მინიჭების ან/და აქტზე ინფორმაციის მითითება/მიუთითებლობის საფუძვლით „ოფიციალური დოკუმენტის“ სტატუსის განსაზღვრას. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტით, სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელეს დამატებით სხვა არგუმენტი არ წარმოუდგენია.
12. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია. ამდენად, სადავო ნორმა შეეხება ორი სხვადასხვა სახის, სამეცნიერო საგრანტო და ინოვაციური პროექტების დაფინანსების საკითხს.
13. №1243 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელემ დასაბუთება წარმოადგინა მხოლოდ სამეცნიერო საგრანტო პროექტების დაფინანსების კონკურსის ფარგლებში ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმაში მითითებული მეორე სახის ინოვაციური პროექტების დაფინანსების კონკურსთან დაკავშირებით ექსპერტების კონფიდენციალურობის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია სადავო ნორმის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შემფასებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“ და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვების „იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ, … აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია“ კონსტიტუციურობას, №1243 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1243 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად №1243 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვების „სამეცნიერო საგრანტო“ კონსტიტუციურობას.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1243 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუქტთან მიმართებით:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების „გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“ კონსტიტუციურობას;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვების „იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ, … აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია“ კონსტიტუციურობას.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი