საქართველოს მოქალაქე თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1236 |
ავტორ(ებ)ი | თამარ სადრაძე |
თარიღი | 15 ივნისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, საკონსტიტუციო სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არც ერთი საფუძველი, კერძოდ: ა). სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს; ბ). ვარ სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირი. მე გამაჩნია უშუალო იურიდიული ინტერესი მოცემული სარჩელის აღსაძრავად, რამდენადაც სადავო ნორმების საფუძლევზე სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ დავჯარიმდი და არ მაქვს ჩემს მიმართ გამოტანილი უკანონო განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობა. მე წართმეული მაქვს განკარგულების ზემდგომის ინსტანციის მიერ გადასინჯვის შესაძლებლობა; გარდა ამისა, დღესაც ვეწევი საადვოკატო საქმიანობას და არსებობს სამომავლო საფრთხე ჩემი უფლების ხელყოფისა. იმ შემთხვევაში თუ არ მექნება შესაძლებლობა გავასაჩივრო მოსამართლის მიერ გამოტანილი განკარგულება, ამით შეიძლება გაჩნდეს ისეთი მანკიერი პრაქტიკაც, რომ გამოუცხადებლობის ნებისმიერი ფაქტი დაჯარიმებით დასრულდეს – თუ ამის მართლზომიერების გადამოწმების, შეფასების შესაძლებლობა არ იქნება, ჯარიმის ზედმიწევნითი სიზუსტით გამოყენებაზე ზრუნვაც მეორეხარისხოვანი გახდება. მაშინ, როდესაც გასაჩივრების მექანიზმის არსებობის ფაქტი თავისთავად დაფიქრების დამატებითი მოტივაცია შეიძლება იყოს მოსამართლისთვის ამ საკითხის სწორად გადასაწყვეტად. გ). სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კერძოდ, მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს; დ). სარჩელში დასმული სადავო საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე). სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით ვ). არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა, რამდენადაც ასეთი მოთხოვნისთვის კანონი არ განსაზღვრავს რაიმე ვადას; ზ). არ არსებობს გასაჩივრებული საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა: გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის ("სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას") შემდეგი წინადადება - ,,ეს განკარგულება არ გასაჩივრდება".
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (" პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე'') შემდეგი წინადადება - ,,ეს განკარგულება არ გასაჩივრდება".
დასაბუთება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ნაჭყებიას წარმოებაში იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულ გიორგი ელოშვილის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც 2016 წლის 18 ივლისს 17:00 საათზე დანიშნული იყო მორიგი სასამართლო სხდომა. 2016 წლის 18 ივლისს 16:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ქალბატონ მაია თეთრაულთან დანიშნული იყო სასამართლო სხდომა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ალანიას სისხლის სამართლის საქმეზე. ვინაიდან მოცემული სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 1 საათით ადრე (16:00 საათზე), სასამართლოსადმი ყურადღებისა და პატივისცემის ნიშნად, 2016 წლის 18 ივლისს დილის საათებში დაახლოებით 11 საათიდან 12 საათამდე პერიოდში პირადად დავუკავშირდი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ნაჭყებიას თანაშემწეს ლაშა გოგაშვილს შიდა ნომერზე 7701 და ვაცნობე, რომ 18 ივლისს 16:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მქონდა პროცესი, რომელიც არ ვიცოდი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, წესით არ უნდა დამეგვიანა, თუმცა შესაძლოა სააპელაციო სასამართლოში პროცესი დროულად არ დაწყებულიყო, გაგრძელებულიყო 1 საათზე მეტი ხანი (თუმცა დარწმუნებით რა თქმა უნდა ეს არ ვიცოდი, არც შეიძლებოდა მცოდნოდა და უბრალოდ ყურადღებისა და პატივისცემის ნიშნად ჩავთვალე თავი ვალდებულად მეცნობებინა) და შესაძლოა ცოტა დამეგვიანა 17:00 საათზე დანიშნულ პროცესზე და ვთხოვე ეს გარემოება მოეხსენებინა მოსამართლისთვის და დამლოდებოდნენ. თანაშემწემ მოინიშნა ჩემი ნათქვამი და მითხრა, რომ მოსამართლეს შეატყობინებდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე გამოვცხადდი დროულად, თუმცა მოცემული სასამართლო პროცესი არ დაწყებულა დროულად, იგი დაიწყო 10 წუთის დაგვიანებით 16:10 საათზე (იხ. 2016 წლის 18 ივლისის ცნობა). პროცესის მიმდინარეობის დროს მივხვდი, რომ იგი ვერ დასრულდებოდა 17:00 საათამდე, ამიტომაც დაახლოებით 16:40 საათზე ჩემს თანაშემწეს ვთხოვე, დაერეკა მოსამართლე ნინო ნაჭყებიას თანაშემწისთვის და ეცნობებინა, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესი კვლავ მიმდინარეობდა, ჯერ არ დასრულებულა და მაგვიანდებოდა 17:00 საათიან პროცესზე გამოცხადება. ჩემი თანაშემწე სალომე გულორდავა (იხ. ცნობა) 16:45 საათზე ესაუბრა მოსამართლე ნ. ნაჭყებიას თანაშემწეს ლაშა გოგაშვილს შიდა ნომერზე და მოახსენა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, არ დასრულებულა, მე ვიმყოფებოდი პროცესზე და 17:00 საათიან პროცესზე მაგვიანდებოდა და დროულად ვერ ვცხადდებოდი. სასამართლო პროცესზე დასასწრებად გამოცხადებული იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული გიორგი ელოშვილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დასრულდა 17:08 საათზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნაჭყებიამ მე დამაჯარიმა 17:06:32 საათზე. თავად ნაჭყებიამ სხდომის დაწყება 4 წუთითა და 59 წამით დააგვიანა. მისივე ლოგიკით, იგიც გასაკიცხი ყოფილა სხდომის დაგვიანებით დაწყების გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 16:10 საათზე დაწყებული სხდომა დასრულდა 17:08 საათზე, დავტოვე სხდომის დარბაზი და საქალაქო სასამართლოსკენ გავემართე, მაშინვე დავრეკე, რომ მეცნობებინა ჩემი სხდომის დასრულების შესახებ, მოსამართლის თანაშემწემ შიდა ნომერზე არ მიპასუხა, ამიტომაც დავრეკე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, რომელიც პროცესზე მეგულებოდა, რა დროსაც შევიტყვე, რომ სულ 2 წუთის წინ მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ სასამართლო პროცესზე ვითომ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დამაჯარიმა 300 ლარით და სასამართლო პროცესი გადადო. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ტერმინთა განმარტება) მე-18 ნაწილის თანახმად, ,,18. საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში“. ფაქტია, რომ მოცემულ შემთხვევაში მე მქონდა სრულიად დასაბუთებული საპატიო გარემოება. ჩემი ბრალით არ მომხდარა სააპელაციო სასამართლოში პროცესის 10 წუთით დაგვიანებით დაწყება. არც ჩემი ბრალი იყო პროცესის 17:08 საათზე დასრულება. არც იმის უფლება მქონდა, სააპელაციო სასამართლოს 3 მოსამართლისთვის მეთქვა, რომ სხდომა შეეწყვიტათ, რადგან ნინო ნაჭყებიას შესაძლოა არასაპატიოდ მიეჩნია ჩემი სააპელაციო პალატის წინაშე სხდომაზე ყოფნა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მოსამართლე წინასწარ გავაფრთხილე შესაძლო დაგვიანების შესახებ. ეს გახლდათ სწორედ რომ ობიექტური გარემოება, რომლის გამოც ჩემგან დამოუკიდებელი და ჩემს მიერ არაკონტროლირებადი მიზეზით, ვერ მივედი გახდა ჩემი 17:00 საათიან პროცესზე ამ პროცესის დაწყების დროისთვის. სახეზე არ ყოფილა გამოუცხადებლობა, მე მხოლოდ სხდომაზე დაგვიანება მქონდა, ისიც ჩემი ბრალის გარეშე. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-18 ნაწილის ბოლო წინადადება - საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში, ნიშნავს, რომ სასამართლო ვალდებულია, თუკი იგი ინფორმირებულია საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ, სხდომა გადადოს და მხარეს მისცეს 5 დღე, რომ მან სასამართლოს დაუდასტუროს საპატიო მიზეზის არსებობა და წარადგინოს სათანადო მტკიცებულება. კანონმა ეს დათქმა სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ სასამართლოს არ ქონოდა განუსაზღვრელი უფლებები და ამით არ შეელახა მხარის უფლებები, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როცა სასამართლო ინფორმირებულია საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის (მოცემულ შემთხვევაში კი დაგვიანების) შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობი ნიშნავს, რომ მოსამართლეს ენიჭება უფლებამოსილება, გამოუცხადებლობის არასაპატიობის შესახებ საკითხის გარკვევის გარეშე, დისკრეციულად მიიღოს დაჯარიმების გადაწყვეტილება. ხოლო კანონმდებლის დათქმა - ,,ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“ მოსამართლეს აძლევს უფლებას, იყოს იმაზე თამამი და ნაკლებად გაითვალისწინოს სამართლიანი მიდგომა პროცესის მონაწილის მიმართ. ამასთან, დაჯარიმების გასაჩივრების უფლების არქონა, უსაფუძვლოდ, უკანონოდ და უსამართლოდ ჩაგრავს დაჯარიმებულ პირს, ართმევს რა საკუთარი სიმართლის ობიექტურად დასაბუთების უფლებას ზემდგომ ინსტანციაში. ასეთივე დათქმაა საქართველოს სსსკ-ის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რომელიც აცხადებს, რომ ,,სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება". მოცემული მუხლი იმეორებს სსსკ-ის 240-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, რომ განკარგულება დაჯარიმების სესახებ არ საჩივრდება. გასაჩივრების უფლების არარსებობა მოსამართლეს ათამამებს იმდენად, რომ იგი არა მარტო უკანონოდ იყენებს დაჯარიმების უფლებას, არამედ პროცესის მონაწილეს შეურაცხყოფასაც აყენებს. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე ნაჭყებიას სწორედ ასე მოიქცა. მას საერთოდ არ უცდია გაერკვია, ხომ არ იყო სახეზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. აქვე დავძენ, რომ მოსამართლე ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ მე სააპელაციო სასამართლოში ვიმყოფებოდი სხვა პროცესზე და მაგვიანდებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ეს გარემოება თავადვე გააჟღერა სასამართლო სხდომაზე, საერთოდ არ იმსჯელა ამ გარემოების საპატიოდ მიჩნევა-არმიჩნევაზე. აღნიშნულის დასაბუთებისთვის მოვიშველიებ სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ვერსიას - მოსამართლე მიმართავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ამბობს: ,,არ ფიქრობთ, რომ ძალიან ხშირად არ ცალია თქვენთვის? თქვენ ადვოკატს უხდით ჰონორარს იმისთვის, რომ პროცესზე მიიღოს მონაწილეობა და დაიცვას თქვენი ინტერესები . . . რაც შეეხება ქალბატონ თამარს, მას რა თქმა უნდა კანონით დადგენილი წესით სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია, მხოლოდ პროცესის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე თანაშემწის თუ სტაჟიორის დახმარებით შეატყობინა სასამართლოს, რომ სხვა პროცესზე იმყოფება თბილისის სააპელაცო სასამართლოში. პირველი ის, რომ როდესაც ცნობილია მისთვის, რომ აქაც პროცესია დანიშნული და სააპელაციო სასამართლოში, ანუ მისთვის ცნობილია მიზეზი, რომ რომელიმე სხდომაზე ვერ გამოცხადდება ამის თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს სასამართლოს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომ ნამდვილად იმყოფება სააპელაციო სასამართლოში. მეორე საკითხი არის ის, რა კრიტერიუმით ენიჭება სხვა ბრალდების საქმეს უპირატესობა თქვენ დაკავშირებით და ამის თაობაზე თქვენ უნდა გქონდეთ თქვენს დამცველთან პირველ რიგში პრეტენზია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე თამარ სადრაძის დღევანდელი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი კანონით დადგენილი წესით, მას წინასწარ ცნობილი მიზეზის თაობაზე სხდომის გამართვამდე არ უცნობებია სასამართლოსათვის როგორც ეს არის საპროცესო კოდექსით დადგენილი. შესაბამისად, სასამართლო იღებს განკარგულებას, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ადვოკატი თამარ სადრაძე დაჯარიმებულ იქნეს 300 ლარის ოდენობით. განკარგულება არ გასაჩივრდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა თქვენი ადვოკატის გამოუცხადებლობის, უკვე მერამდენე შემთხვევაა, იმ შემთხვევებშიც როდესაც ცხადდება, მისი თხოვნების გათვალისწინებით ხან მოწმეებს ვერ ვკითხავთ, დროზე ადრე ვასრულებთ პროცესს, რომ აქვს კონფერენცია, შეხვედრა და ა.შ. უსაქმური აქ არც ბრალდების მხარე არ არის, არც სასამართლო არ არის. კეთილი ინებოს და ხელი მოკიდოს იმდენ საქმეს, რამდენი ბრალდებულების დაცვაც შეუძლია. თუკი მომდევნო სხდომაზე თქვენი დამცველი არ გამოცხადდება, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მისი მონაწილეობის გარეშე გავაგრძელოთ სხდომა ან დაგინიშნოთ ადვოკატი სახაზინო წესით, ვინაიდან ქალბატონი თამარის გამოუცხადებლობები და მიზეზები უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ სხდომა გაჭიანურდეს უსაფუძვლოდ, გასაგებია? დღეს ცხადია გამოცხადებულ მოწმეს არ დავკითხავთ იმიტომ, რომ ბოლო შანსი მინდა მივცე დაცვის მხარეს იმისათვის, რომ დაცვა სათანადოდ იყოს განხორციელებული და უზრუნველყოფილიყოს ბრალდებული ადვოკატით, ამიტომ მომდევნო სხდომის თარიღს განვსაზღვრავ და მომდევნო სხდომაზე როგორც უკვე გითხარით ადვოკატის გარეშე გავაგრძელებთ სხდომას ან კეთილი ინებეთ აიყვანეთ ადვოკატი, რომელიც შეძლებს თქვენი ინტერესების დაცვას და კვირაში 5 სამუშაო დღიდან 4-ზე არ იტყვის, რომ დაკავებულია და არ შეუძლია პროცესში მონაწილეობა, იმიტომ, რომ იმ ერთ დღეს სასამართლოსაც აქვს საქმეები, გარდა თქვენი ბრალდების საქმისა და ბრალდების მხარესაც არაერთი საქმე“ (იხ. სხდომის დისკის სიდი ვერსია, ფაილი 000, საათი 01:12-დან 04:28-მდე). მოსამართლემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ორჯერ მოუწოდა ადვოკატის შეცვლისკენ. ნაჭყებიამ განაცხადა: ,,ან ცხადდებით დამცველთან ერთად ან ვაგრძელებთ დამცველის მონაწილეობს გარეშე და ამის თაობაზე წინასწარ ხართ გაფრთხილებული. და კიდევ ერთი თუ სხვა დამცველის ჩართვას გადაწყვეტთ პროცესში კეთილი ინებეთ, რომ პროცესამდე მოახერხოთ ეს, მან შეძლოს მასალების გაცნობა და 2 სექტემბერს ამ მოტივით არ მოხდეს სხდომის გადადება. სხდომა დასრულებულია“ (იხ. სხდომის დისკის სიდი ვერსია, ფაილი 000, საათი 05:12-დან 05:35-მდე). ჩემს შემთხვევაში სახეზე იყო სრულიად დასაბუთებული, უტყუარად დადასტურებული საპატიო მიზეზი, რატომ ვერ გამოვცხადდი დროულად პროცესზე, ამიტომაც ჩემს შემთხვევაში სახეზეა სრულიად დასაბუთებული, უტყუარად დადასტურებული საპატიო მიზეზი, რატომ ვერ გამოვცხადდი დროულად პროცესზე, თუმცა მოსამართლემ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის აშკარად არარსებობის შემთხვევაშიც კი სსსკ-ის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილი და ამავე კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გამოიყენა უკანონო დაჯარიმებისთვის. წარმოიდგინეთ შემთხვევა - ადვოკატი მოყვა ავტოავარიაში, დაკარგა გონება, ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ვერც დარეკა სასამართლოში, ვერც სხვა ფორმით მიაწვდინა ხმა მოსამართლეს და არ დაესწრო სხდომას. მოსამართლე მასაც დააჯარიმებს. მოგვიანებით ადვოკატი წარმოადგენს ცნობას, რომ ავტოავარიის შედეგად მან დაკარგა გონება, იმყოფებოდა საავადმყოფოში და სწორედ ამ მიზეზით ვერ შეძლო მან სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. რით უნდა იმართლოს თავი მოსამართლემ? დაერქმევა კი ამგვარ განკარგულებას მართლმსაჯულების პროდუქტი? თუ იგი იქნება უპასუხისმგებლობისა და უსამართლობის შედეგი? თბილისის საქალაქო სასამართლოდან 2016 წლის 22 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და მოსამართლე ნინო ნაჭყებიას მიერ მიღებული უკანონო განკარგულება და ჩემს მიმართ დაიწყო უკანონო იძულებითი აღსრულება. (იხ. 26.07.2016 წლის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ). დარღვ
1) - სამართლიანი სასამართლოს უფლება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში მოგვცა იმ სამართლებრივი სიკეთეების ჩამონათვალი, რომლებიც ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცვის სფეროში. ამ ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტება ერთი შეხედვით, ისეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს კონსტიტუციური დებულება მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას იცავს. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს ნორმა გაცილებით უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე მისი დავიწროება ინდივიდის სასამართლოზე წვდომით.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების II თავის პირველ პარაგრაფში აღნიშნა: ,,ეს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამასთან, იმისათვის რომ შედგეს კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება, ეს უფლება მოიცავს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ.”
ამგვარად, პიროვნების უფლება - წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები - წარმოადგენს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მინიმუმს. საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო სარჩელზე (ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,) მიიღო გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება №2/2/558 2014 წლის 27 თებერვალი), რომ სასამართლო სხდომაზე ადვოკატის დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრების უფლების არარსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუცირია. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეში მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ "ზოგადად გასაჩივრება ორ მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიაღწიონ პროცესის მათთვის საუკეთესო შედეგს. მეორე, გასაჩივრება ხელს უწყობს სამართლის ერთგვაროვან განმარტებას და ისეთი იდეალების დამკვიდრებას, როგორიცაა მუდმივობა და სამართლიანობა. გადაწყვეტილების გასაჩივრების დაშვებას აქვს პრევენციული ეფექტი, რადგან მოსამართლეთათვის წარმოადგენს ძლიერ მოტივატორს იმისათვის, რომ იმუშაონ შეგნებულად და თავიდან აიცილონ შეცდომები თუ თვითნებობა. გასაჩივრების მექანიზმი მიბმულია სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელ ელემენტთან – დასაბუთებულ გადაწყვეტილებასთან”; "სასამართლოს განკარგულების გასაჩივრების აკრძალვის ლეგიტიმური საჯარო მიზანი პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგის და დადგენილი ეტიკეტის დაცვაა. გარდა ამისა, ნორმის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს მიმდინარე პროცესის გაჭიანურების თავიდან არიდება და, შესაბამისად, მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის მიერ გამოტანილი განკარგულება პირის სხდომიდან გაძევებას ეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-4 ნაწილი ისედაც ავალდებულებს მოსამართლეს, გადადოს პროცესი. შესაბამისად, მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროცესიდან პირის გაძევება მოხდება, ადვოკატისთვის გასაჩივრების უფლების შეზღუდვა ვერ გამართლდება პროცესის გაჭიანურების ლეგიტიმური ინტერესით." მოცემულ შემთხვევაში უფლების შეზღუდვა იმდენად არათანაზომიერი სახის იყო რომ საქართველოს პარლამეტის წარმომადგენელს არც კი უცდია როგორმე გაემართლებინა ასეთი ჩანაწერის კონსტიტუციურობა. ზოგადად, საკონსტიტუციო სამართალწარმოება მართალია მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მაგრამ მოპასუხე მხარის (საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის) მიზანი სრულიადაც არ არის ნებისმიერ შემთხვევაში სცადოს ისეთი პოზიციის დაცვა, რომელიც იმდენად აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციური პრინცპეპების სულისკვეთებას, რომ სადავო ნორმის არაკონტიტციურობის საკითხი აშკარააა დამატებითი მტკიცების გარეშე. აღნიშნული პირდაპირ გამომდინარეოიბს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი წინადადებიდან, რომ სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. რისი ნათელი დადასტურებაცაა ზემოაღნიშნულ საქმეში მოპასუხე მხარის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის ცნობა. მართალია საქმეში (ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა სხვაობას იძლეოდეს ჩვენ მიერ სადავოდ გახდილ ნორმასთან, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. თუმცა აღნიშნულ ნორმებს შორის მსგავსება თვალსაჩინოა. ორივე მათგანი ეხება პროცესის მიმდინარეობის დროს ადვოკატის დაჯარიმებას შესაბამისი წინაპირობების არსებობისას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ორივე ნორმა ერთ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება და ორივე შემთხვევაში არათანაზომირია შეზღუდვა, რომელიც გასაჩივრების უფლების არარსებობაზე მიუთითებს. სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენისას სასამართლო შეცდომის დაშვების შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია. საჭიროა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამატებით შეფასება იმ მოსამართლის მიერ, რომელიც არ იყო შემთხვევის თვითმხილველი და ნაკლებად შეიძლება იყოს დამცველის ემოციური ქმედების შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეული. ამიტომ, სასამართლო შეცდომისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების გამოსარიცხად, აუცილებელია, ერთჯერადად მაინც, ადვოკატის დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, რასაც გამორიცხავს სადავო ნორმები.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. სწორედ (უფლების სასამართლოში დაცვის) აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს გარანტიას. ზოგადად, პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობების შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამდენად, სადავო ნორმით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა. (გადაწყვეტილება №2/2/558 2014 წლის 27 თებერვალი ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის. სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩარევის ინტენსივობას. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებითა და გასაჩივრების უფლებით. ამასთანავე, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ, შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებული პროცედურული გარანტიები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირის უფლებრივი მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების მინიმალურ სტანდარტებს. მართალია, სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო სამართლის პროცესს შორის არის სხვაობა რამდენადაც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია პირის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი და სიმძიმე, თუმცა კანონმდებელი ნებისმიერ შემთხევვაში ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი, რათა არ მოხდეს პირის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). „იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება _ შეზღუდვა გაუმართლებელია. მხოლოდ ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში გადადის სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ საფეხურზე: დაცულია თუ არა პროპორციულობა ინდივიდის უფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). ამგვარად, შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიად ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობაა. უფლების დაცვის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის არსებობის გარეშე, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. “შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს თავად იმ უფლების უგულებელყოფის საფრთხეს, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. (ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილება №2/2/558 2014 წლის 27 თებერვალი). იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა,რომ განსახილველ შემთხვევაში პირის გაძევების/დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრების უფლება ვერ გამოიწვევს საქმეზე ძირითადი პროცესის გაჭიანურებას, ვერ შექმნის დაბრკოლებას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. გასაჩივრების შემთხვევაში, განკარგულების კანონიერების ან/და დასაბუთებულობის გადამოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე სასამართლო წარმოების ფარგლებში. ამდენად, პირისათვის პროცესუალური დაცვის შესაძლებლობების მინიჭება უარყოფითად ვერ აისახება თავად გამოყენებული ღონისძიების მიზნებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება პროცესის მონაწილისა და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრების დაუშვებლობას, ლოგიკურად არ უკავშირდება არც მოპასუხის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზნებს. 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაში საქმეზე “ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (აღნიშნული საქმე ეხებოდა აღკვეთის ღონისძიების სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრების საკითხს, რაც გამარტივებული პროცესის ნაირსახეობას წარმოადგენს) საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც. აღნიშნული მუხლი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გარანტიას წარმოადგენს. სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების ნებისმიერ შეზღუდვას, მათ შორის კანონიერი საფუძვლების არსებობის დროსაც, უნდა დაუპირისპირდეს ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება”. ჩვენს მიერ სადავოდ ქცეულ ნორმებში მითითებული სამართალდარღვევა არ ექვემდებარება გასაჩივრებას. გარდა იმისა, რომ სასამართლო ჯარიმას აკისრებს ადვოკატს, მას კანონი უკრძალავს გასაჩივრების უფლებას და ტოვებს საკუთარი დარღვეული უფლებების დაცვის შესაძლებლობის გარეშე, ნიშნავს, რომ კანონით წახალისებულია მოსამართლის მიერ დაუსაბუთებელი და უსამართლო დაჯარიმების გამოყენება და მოსამართლის მიერ განხორციელებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქმედება ან მისი დაუფიქრებლობით გამოწვეული შეცდომა ვეღარ გამოსწორდება. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ვახტანგ მაუსრაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირებისას აღნიშნა: ,,გასაჩივრების უფლება სამართალწარმოებაში დაშვებული შესაძლო შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა.” ადვოკატს, რომელსაც აჯარიმებს სასამართლო, არა აქვს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. ამიტომ ზედა ინსტანციამ სანქცირებული ადვოკატის მოსაზრების მოსმენის გზით ქვედა ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების ფუნქციაც უნდა იკისროს.
რა თქმა უნდა, გასაჩივრებისათვის უნდა არსებობდეს შემჭიდროებული ვადები და საკითხიც დროულად უნდა იქნას განხილული, თუმცა ვერაფერი დასაბუთებაა გასაჩივრების აკრძალვისთვის ის, რომ განკარგულების გასაჩივრება სასამართლოს რესურსის დახარჯვას გამოიწვევს მაშინ, როცა საკითხი ეხება პირის უფლებას, მისი დასწრების გარეშე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებით, მიეცეს დასაბუთებულად თავის მართლებისა და არგუმენტაციის წარდგენის უფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ გასაჩივრების მექანიზმის არსებობა, პროცესის მონაწილეს შესაძლებლობას მისცემს მისი საკითხი გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლომ. მთავარი გაცემული განკარგულების გაუქმება კი არა, პროცესის მონაწილისთვის გასაჩივრების უფლების ქონაა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,ზოგადი ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გასაჩივრების შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის საფუძველი.”(,,უნისერვისი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-2 პარაგრაფი) საკონსტიტუციო სასამართლო იქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას. რომელმაც უნდა განსაზღვროს და დააწესოს გასაჩივრების ისეთი მექანიზმი, რაც, ერთი მხრივ, არ დაარღვევს მართლმსაჯულების განხორციელების ძირითად პრინციპებს, ხოლო, მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაიცავს პირის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. როგორც აღვნიშნეთ, სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენისას სასამართლო შეცდომის დაშვების შესაძლებლობა საკამაოდ მაღალია. ამიტომ სასამართლო შეცდომისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების გამოსარიცხად, აუცილებელია ერთჯერადად მაინც ადვოკატის დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულების გასაჩივრება, რასაც გამორიცხავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო წინადადებები. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, მნიშვნელოვანია ნორმის განმარტება მოხდეს არა მხოლოდ გრამატიკული, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური განმარტების ხერხებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით 1-ლი ნაწილის მიხედვით -პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმა ზიანის ანაზღაურების წინაპირობად მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონო. სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების უკანონობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. არც სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განმხილველი სასამართლო არ არის უფლებამოსილი უკანონოდ სცნოს სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მიღებული ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება. ხოლო თუ არ იქება გადაწყვეტილება ცნობილი უკანონოდ, არ მოხდება მოთხოვნის დასაშვებად ცნობა და მითუმეტეს ზიანის ანაზღაურება. რასაც მოწმობს ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი ზიანის ააზღაურების მოთხოვნაზე, რაზეც სასამართლომ უარი გვითხრა, განკარგულების უკანონდ ცნობის მოთხოვნის დასაშვებობის თაობაზე. სასამართლოს ქმედება კანონიერი იყო, რადგან მას არ ჰქონდა უფლება გადაესინჯა სისხლის სამართლის პროცესზე მოსამართლის მიერ მიღებული განკარგულება. აქედან გამომდინარე არ არსებობს დარღვეული უფლების დაცვის არანაირი შესაძლებლობა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მართალია, საქართველოს სსსკ-ის 91-ე მუხლი მოქცელია საპროცესო ვადებისა და ხარჯების ტავსი, მაგრამ აღნიშნული ნორმის დაცვის ობიექტი საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლის მსგავსად არის სასამართლოსადმი პატივისცემა და საპროცესო ვადების დაცვა. აღნიშნულს მიუთითებს ნორმის ისტორიული განმარტება. კერძოდ, 2009 წალმდე მოქმედ სსსკ-ის 207-ე მუხლი მოქცელი იყო - პასუხისმგებლობა წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევის თავში , რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნორმის დავის ობიექტს. ხოლო დღეს მოქმედი კოდექსის არასისტემურობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ თითქმის იდენტური დისპოზიციის მქონე ორი სხვადასხვა ნორმა მოქცელია კოდექსის სხვადასხვა თავში. სადავო ნორმები მოთავსებულია მე-12 (საპროცესო ვადები და ხარჯები) და 23-ე (საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში) თავებში, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესის ჩატარება გაჭიანურების გარეშე, მაგრამ სადავო ნორმებით პირის დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრება ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოიწვევს პროცესის არათანაზომიერ გაჭიანურებას. ამ დროს უმრავლეს შემთხვევაში ფაქტია, რომ შესაძლოა საკითხის შეფასებისას – გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიო იყო თუ არა – მოსამართლემ დაუშვას შეცდომა, განზრახ ან უნებლიედ ბოროტად გამოიყენოს უფლებამოსილება, რაზე რეაგირების შესაძლებლობაც უსაფუძლოდ დაჯარიმებულ პირს უნდა ჰქონდეს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა